ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
11 მაისი, 2022


ბოლო(?) მესიჯი გალაკტიონს

#ავდარიანა

ნინო დარბაისელი სტრონი

ბოლო(?) მესიჯი გალაკტიონს

  ამ წერილსაც თვითმფრინავიდან გწერ.
მახსოვს, ადრე გითხარი, როცა ამ სიმაღლეზე ვარ, თუნდაც საფრენი აპარატის წყალობით, კიდევ უფრო მეახლობლები-მეთქი.
    ახლა დავფიქრდი და ოც წელზე მეტიც გასულა, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გაყინულ შენობაში  შენმა თაყვანისმცემლებმა… არა,  ეს სიტყვა აზრს კი ზუსტად გამოხატავს, მაგრამ უსაშველოდ გაბანალურებულია, გაცვეთილი, … შენმა პატრიოტებმა… ჰო, მგონი, ასე სჯობს… ერთ პატარა, სხვებთან  შედარებით მყუდრო,  “ელექტროპლიტით” შემთბარ ოთახში  თავი მოიყარეს და გადაწყვიტეს, გალაკტიონის მემკვიდრეობის უკეთ, გაერთიანებული ძალით საპატრონოდ ,, გალაკტიონის კვლევის ცენტრი” დავაარსოთო.
  რა  მართლა ბედნიერნი ვიყავით ყველანი, მე მაინც მიწაზე ფეხის მოკიდება მიჭირდა. რაღაც დიდისა და დიადის მონაწილე ვხდებოდი და თან ვისთან ერთად!
    ყველაზე უკეთესი, რაც იმ დროს არსებობდა შენი,  აკადემიური თორმეტტომეული, გურამ ასათიანის უკვდავწერილიანი შენი ერთტომეული,
რამდენიმე საუკეთესო დისერტაცია და ცალკეული გამოკვლევები და წერილები იყო, კიდევ ორიოდე წიგნი, მათ შორის მთავარი - ,, უცნობის” მაშინდელი ვერსია…ახლა თვალი გადავავლე ამ აბზაცს და მომეჩვენა, რომ ცოტა სულაც არ ყოფილა, უფრო ზუსტად არ იქნებოდა,  რომელიმე სხვა პოეტზე რომ ვლაპარაკობდეთ…
    სამუშაო მართლა ბევრი იყო. ყველაფერი წინასწარგააზრებული გეგმის მიჰყავდა  თეიმურაზ დოიაშვილს.
    ამის წყალობითაა, რომ უკვე არსებობს წელიწდეული ,,გალაკტიონოლოგია”, შენი აკადემიური ხუთტომეული, რომელიც მე არ მინახავს, მანამდე ლიტერატურის მუზეუმმა იზა ორჯონიკიძის თაოსნობით შენი საარქივო მასალების ოცდახუთტომეული გამოსცა, ვახტანგ ჯავახაძის “უცნობი” - ლამის ორი იმხელა გამხდარა,  საიტიც არსებობს - “გალაკტიონი ჯი”, ინესა მერაბიშვილის ინგლისურენოვანი თარგმანებიც ხომ გამოიცა, შენი ძეგლებიც არ გვაკლია, ხიდსაც შენი სახელი ჰქვია, ინტერნეტი სავსეა შენი ლექსებით და ფოტოებით, შენზე გამოკვლევებით,  51-ე სკოლასაც დაუბრუნდა შენი სახელი…
    მოკლედ, ყველაფერი რომც გამახსენდეს,  ვერ დავატევ მესიჯში, ვერც  ჩამოვთვლი, ბიბლიოგრაფი ხომ არა ვარ, რომ მევალებოდეს, ერთი ამერიკელი პენსიონერი ქალი ვზივარ ეკონომკლასის  შუა სკამზე, ორივე მხრიდან მგზავრების იდაყვებშუა მოქცეული და რაღაცეებს ვწერ ტელეფონში.
  შენთვის ხომ დღესავით ნათელი იყო, რას იტყოდა შენზე შთამომავლობა და თქვა კიდეც…
    გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ შენ დღეს საქართველოში ყველაზე კარგად ნაპატრონები პოეტი ხარ!….
აი, დავწერე ეს და უცებ შევშინდი…
. მეტი რა უნდა გაკეთდეს! - ეროვნულ ლიტერატურულ მემკვიდრეობაში ღირსეული ადგილი უკვე გიჭირავს  და ამას იქით - ჩიხია!
    როგორ არა, კიდევ მრავალი კარგი გამოკვლევა დაიწერება შენზე, ლიტერატურული თუ სხვა ტექსტებიც შეიქმნება დოკუმენტური, ფიქციური თუ დოკუმენტურ- ფიქციური და ეს ყველაფერი
მაინც იმ ტრადიციულ ჩარჩოში ჩაჯდება, კლასიკოსს რომ არგებს კულტურა.
კულტურას კი რა ინახავს ცოცხლად?
    სენსაციაა საჭირო, ცოცხლად რომ გვყავდე, რაიმე, მაგალითად, უშვილო ხომ იყავი, უცებ უნდა აღმოჩნდეს პირი, რომელიც გამოაცხადებს, რომ შენი ბიოლოგიური შვილი იყო ბებიამისი ან ბაბუამისი და სასამართლოს წარუდგინოს
რაღაც საბუთები, ჩააბაროს დნმ-ტესტი,
ან …ან,  აგერ სულ ბოლოდროინდელი გამოცდილება გამოვიყენოთ, პაოლო იაშვილის ლექსები ელენე ბაქრაძეს რომ აჩუქა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ნოყიერად  კვებულმა ლაშა ბაქრაძემ და
კომპანიამ, ვინმე ახალგაზრდა მკვლევარმა შეისწავლოს შენი და ოლია ოკუჯავას მიმოწერა და ფაქტებით ნათელჰყოს, რომ ქალის ნაწერში უფრო მეტი პოეზიაა და შენი ქმნილებების მონახაზები, რომელსაც მერე შენ “აშალაშინებდი”.
    გამოჩნდება კიდევ ვინმე ფონდი, ამ ტიპის გენდერულ კვლევას კარგად რომ დააფინანსებს.
      გაჩნდება შენს ზურგსუკან დამალული დიდი პოეტი ქალის ოლია ოკუჯავას ბუკლეტები, სტენსილები თუ რა ჰქვია!
    ამოგზაურებენ შუაგულ ევროპაში, ილაპარაკებენ ამ ,,საუკუნის აღმოჩენაზე პრესითა და მასმედიით ყველა ენაზე;
      გაიხსნება იქვე, მუზეუმთან კაფე ,, ოლია” ან “ოლკინი”
    წლობით შეინარჩუნებ აქტუალობას.
აგერ  ფსევდო-ფემინისტი ,,ბაქრაძე- დარიანისტების” შექმნილმა კერპმა ათი წელი  გაქაჩა.
      მერე  ლოგიკურად, გამოჩნდება ვინმე ჩვენნაირიც  და ასე!
        ადრე ვიღაცამ მითხრა, მერე სხვებმაც გაიმეორეს, გალაკტიონს შვილი გოგო რომ ჰყოლოდა, შენზე უკეთესს ვერ ინატრებდაო.
ჰოდა, ამ ერთხელაც ხომ გამოგადექი ჩემი იდეით -  შვილად.
        ვიფიქროთ ამაზე!
          სხვა რაღაცის მოგონებაც შეიძლება.
      უი, ამასობაში თურმე თვითმფრინავიც ჯდება!
      მშვიდობით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები