ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
22 მაისი, 2022


ლექსო პაპა - ხევსურეთის მამა

#მემორია
#მთას_ვიყავ

ნინო დარბაისელი სტრონი

ლექსო პაპა - “ხევსურეთის მამა”

    ლექსო პაპას, იმავე  ლეკოთ წიქას, იმავე ალექსი ჭინჭარაულს ბალღობისას ცალ ყურში ისარი ჰქონდა მოხვედრილი და არ ესმოდა.
  ძნელია წარმოიდგინო, მით უმეტეს დღეს, ბევრი ადამიანი, მასსავით თავისი სამუშაოს, პოეზიის, ლიტერატურისა და მშობლიური კუთხის, ზოგადად სამშობლოს მეტი  - მართლა არაფერი რომ არ აინტერესებდეს.
  ძალიან უნდა მოენდომებინა ვინმეს, მაგალითად, ოჯახის წევრს, რომ მისი ყურადღება ირგვლივ, რეალური ყოფისთვის მიეპყრო. აი, სხვების პირადი ამბები ხომ არა და არ იზიდავდა არანაირად…
    ადამიანი - კრისტალი!
  საბურთალოს ბოლოში ვცხოვრობდით, თითქმის ბოლო გაჩერებასთან. ენათმეცნიერების ინსტიტუტამდე ტროლეიბუსს ან ავტობუსს ორმოც წუთამდე  მაინც სჭირდებოდა. იცოდა, აუცილებლად ვინმე აემგზავრებოდა, ამიტომ რომ ავიდოდა ცარიელ ტრანსპორტში, მუდამ  ისეთ ადგილს ირჩევდა დასაჯდომად, რომ  კარგი ყური ფანჯრისკენ ჰქონოდა, ამგზავრებული ყვებოდა და ყვებოდა  რაიმე პირადს ან ჭორს, ყრუყურმიპყრობილ პაპას -  ამ დროს არაფერი ესმოდა, შიგა და შიგ უღიმოდა და თავს უკანტურებდა, ფიქრით კი ვეფხისტყაოსნის ეტიმოლოგიებზე ფიქრობდა ან რამე ასეთზე.

და სწორედ ასეთ კაცს ხან ფშავ- ხევსურეთიდან, ხან ნორიო-გამარჯვებიდან  (სადაც კომუნისტებმა ჩაასახლეს მთიდან ჩამოყვანილი ხევსურები) ვინმე ორი მოდავე გვარის წარმომადგენელი, ორი  მეზობელი,  ხან  ვიღაცის ოჯახის წევრები მოადგებოდნენ ხოლმე, დავა გვაქვს და სამართალი გაგვიჩინეო.

***
  პაპა საშინელი წინააღმდეგი იყო ხევსურეთში რკინიგზის გაყვანისა, მთელ ეკოლოგიურ სისტემას დაანგრევსო, იტყოდა ხოლმე,  ,,ჯერ ისინი ჩამოვიდნენ მთიდანო”, მერე “მთას დაუბრუნდა მთიელიო” - ვერ გაიგეს ამ კომუნისტებმა, რომ მთას ძალიან ფრთხილად უნდა მოპყრობა, ერთ, პატარა შეცდომას  ძვირად დაგისვამსო.
  მოინდომეს კომუნისტებმა მოსკოვის - ცენტრის გადაწყვეტილებით,  ფშავ- ხევსურეთში რკინიგზის გაყვანა. “გლასნოსტის” პერიოდი იყო და რაღაც ასეთი შიდა პოლიტიკა ტარდებოდა: ჯერ ვითომ მოსახლეობაში უნდა გაჩენილიყო აზრი და სურვილი, რკინიგზა გვჭირდებაო, უნდა მიემართა კოლექტიური წერილით ზემდგომი პარტიული ორგანიზაციისთვის, ამ ორგანიზაციას - უფრო ზემოთ, უფრო ზემოთას - მოსკოვისთვის, ადგილობრივი მკვიდრები დახმარებას გვთხოვენო. პერიფერიებზე მზრუნველი გულკეთილი ცენტრი სახსრებს გამოყოფდა, მშენებლებს გამოგზავნიდა, გახურდებოდა მუშაობა, მთელი თანმხლები კომუნისტური რიტორიკით და ასე შემდეგ.
დაიწყო ხევსურთა ,,კოლექტიური ინიციატივების” განხილვები, როგორც მახსოვს, მეცნიერებათა აკადემიაში.
როგორც იცოდნენ, მალ-მალე რაღაც სხდომებს მართავდნენ.
ალექსის  ჯერ მოგვარე (ოღონდ  სხვა ფრატრიიდან) -  უნივერსიტეტელი პარტ. ისტორიის ახალგაზრდა პროფესორი დაუპირისპირეს. სულ დიდი ჩანთით დადიოდა, ჰალსტუხი ეკეთა და ულვაშებიც ბარაქიანად ჰქონდა დაყენებული, ვიცნობდი.
სხდომაზე  მან ჭკვიანური სახით, რიხიანად განაცხადა -
შირაქის საძოვრებიდან
ხევსურეთამდე ცხვარი ოთხ თვეს ხომ ანდომებს ასვლას, ამდენი დრო ტყუილად იკარგება, მატარებლით კი ერთ დღეში  გადავიყვანთ და მეცხოველეობა ინტენსიურად განვითარდებაო.
    მახსოვს, ის ბეცი კარიერისტი პაპამ ადვილად დასვა ადგილზე, უპასუხა:
- ხევსურეთი - ალპური ზონაა და შირაქიდან - სუბტროპიკებიდან ფარა  ადრე გაზაფხულიდან სვლას რომ დაიწყებს, ცხვარი ბალახის ამოსვლას მისდევს. ოთხ თვეს კი  იმიტომ ანდომებს, თან გზაში ადაპტაციას გადის, კლიმატს თანდათანობით ეჩვევა.
  იმ ცხვარს  შირაქის საძოვრებიდან პირდაპირ ხევსურეთის ცივ კლიმატში და ბალახამოუსვლელ საძოვრებზე რომ ჩაყრი ვაგონებიდან, ხომ მთელი ფარა ამოგიწყდებაო.
  კარგი, ის -  გაჩუმდა, მაგრამ კომუნისტებმა ახლა მოსახლეობაში შეგზავნილი თავისი აგენტები გაააქტიურეს:
- ხალხნო, აქაურობა იმიტომ იცლება, ბარში იმიტომ მიდიხართ, რომ მთაში სამუშაო არა გაქვთ, აი, აშენდება რკინიგზა, დასაქმდებით, ფული გექნებათ, გარემო განვითარდება… (ინფრასტრუქტურაო- ხომ არ ეტყოდნენ, ხალხს თავის გასაგებ ენაზე უნდა ელაპარაკო!) წასულებიც დაბრუნდებიან, სახლები, სკოლები, მაღაზიები, საავადმყოფოები, გზები - ყველაფერი აშენდება და მთა აღორძინდებაო.
  ხომ კარგად ჟღერს, არა?
    ლამის მთელი ფშავ-ხევსურეთი გადაჰკიდეს პაპას, მთავრობას უნდა, დაგეხმაროთ და  აგაღორძინოთ და ალექსი ჭინჭარაულს - არაო. ხელს ეგ გვიშლისო.
    ერთი მართლა ძალიან ნიჭიერი ჟურნალისტი არსებობდა იმ დროს -  ა.ს.  -
(კომუნისტები  და კაგებე სულელები კი არ იყვნენ, სათანამშრომლოდ ყოველთვის ნიჭიერებით გამორჩეულ პირებს არჩევდნენ).
    ინფორმაციულ ომს პაპას წინააღმდეგ ის ხელმძღვანელობდა.
    ბარისახოში მოაგროვა მთავრობის მხარდამჭერი ხალხი,  იპოვა ორი დაქოქილი ქალი, რას დაჰპირდა ან რა მისცა სანაცვლოდ, არ ვიცი და მთელი გადაცემა კი მიუძღვნეს პაპას ლანძღვას. ერთი ამბობს:
  - შენ, ალექსი ჭინჭარაულო, ხევსურეთის მამავ, გრცხვენოდეს, რომ შენი ხალხის წინააღმდეგ მიდიხარო.
  დამთავრდა გადაცემა.
  პაპას თვალში კურცხალი შევნიშნე, მერე მაგიდას მუშტი დაჰკრა და უხმოდ  ზის,
ჩვენც ჩუმად ვართ და ზედმეტი მზერითაც არ ვაწუხებთ. უცებ მომიტრიალდა  და მაინც და მაინც მე მეკითხება, რას ფიქრობო.
  მე ვეუბნები:
    - მაგ ჩერჩეტ ქალებს მეტი არ ესმით. რაც დაავალეს, იმას იმეორებენ, სხვამხრივ კი ნამდვილად მოსალოცი ამბავია, პაპა, “ხევსურეთის მამის” წოდებას უკვე ოფიციალურად გამოჰკარით  ხელი-მეთქი…
  კი ვიხუმრე, როგორც შემეძლო, მაგრამ ხელი ჩაიქნია და უხმოდ თავის ოთახში გავიდა.

P.S.
სიზუსტისათვის, იმ საბჭოთა პროექტს ერქვა ,,ტრანსკავკასიური რკინიგზა”.

    ხალხს მარტო იმით კი არ აგიჟებდნენ, ცხვარი რომ მოდის ოთხი თვე,  ძეძვებზე დიდძალი მატყლი იკარგება გზადაგზაო , ზოგან იმასაც ეუბნებოდნენ, მატარებლებზე სულ რუსი პრავადნიცები იქნებიანო.
მოყვანილებში ერთი კაცი ენას ძლივს ატრიალებდა, ….ეს ლექსი მაშინ გამოვუთქვი, მაგრამ ყველანი მიწისფერები ისხდნენ დიდ ოთახში და ხმამაღლა რა მათქმევინებდა!
მე ალბათ იმიტომ მომიტრიალდა პაპა, რას ფიქრობო, რომ შედარებით ცოცხალს ვგავდი.
ტექსტი ზუსტად ასე იყო თუ არა, თავს ვერ დავდებ,  მაშინ კი ჩავიწერე ჩემთვის, დღიურში, გადათვალიერებისას მხვდებოდა  და ახლა  მეხსიერებით ძლივს აღვიდგინე.
***
მაკვირვებს ტელეზვეზდების ამდენი ფიცი- მტკიცები,
ერთიან აკნავლებულან, როგორც რო მარტის ციცები,
მოუნდათ ბარისახოში ვოტკა და პრავადნიცები,
დიაც რაად გინდ, ბედშაო, დახვალ, ძლივთ დაიბრიცები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები