ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2022


სარაბანდა

ნინო დარბაისელი

სარაბანდა*
(ციკლიდან - ,, ეტიუდები”)

ერთ ლამაზ ქალს  ერთ სოფლად სდევდა მთელი ბანდა,
მაგრამ გული  იმ ქალმა ქალაქს დააბანდა,
ბოზად არ დადიოდა ის უბან-უბან და
ბინიან კაცს ყვარობდა. ამბავს ვამბობ, ანდა
ჭორს გიამბობთ. ჩასული კარგად დაიბანდა,

მერე ჩანთას გახსნიდა, სავსეს სასმელებით,
სოფლის ნობათს ელოდა კაცი გამალებით
და თვრებოდნენ სიტყვებით, გულში ნამალებით,
ბულბულებით, მტრედებით, ცისკენ ფრთამალებით…
განა ინტიმს  ასეთ დროს ვინმე ვემალებით?

კაცს  ელაგა საქალოდ წვრილი საჩუქრები:
პომადები, ფანქრები, ლურჯი მინანქრები…
რად ვერ სჯაბნის უფიქრალს ასჯერ ნაფიქრები,
თუკი სიყვარული ხარ, ასე რატომ ქრები,
ბოლოს თუკი მწარდები, რაღად  გვეშაქრები!

რას კარგავდა რომელი? იადვილეს ყოფა.
მერე კაცი გაცივდა და იავადმყოფა,
წამით არ უფიქრია ქალის უარყოფა,
მაგრამ შვილმა მიხედა. შვილებს რა ეყოფა,
ანდა წილი იმათი ვისთან გაიყოფა!
 
ქალმა  მალე ამ ყოფით ვეღარ იბიბინა.
ბიჭიც წამოეზარდა და  დასჭირდა ბინა,
დახმარების სათხოვად კაცთან მოირბინა,
შეახსენა, თუკი რამ ფიცი ადებინა,
კაცმა  - შვილის გეგმები გადაადებინა…

ქალი სადღაც წავიდა,  გზა იპოვა მან და
აი, ასე დასრულდა ჩვენი სარაბანდა!

- - -
*სარაბანდა - გენეტიკურად, ესპანური ჩქარი ,  წყვილის ეროტიკული ცეკვის სახეობაა. 
ევროპაში მრავალჯერ აკრძალეს. მეჩვიდმეტე- მეთვრამეტე საუკუნეში გადავიდა  მუსიკაში და შენელდა.  (ბახი) იქცა კლასიკურ მუსიკალურ ჟანრად. გვხვდება სხვა ჟანრის ნაწარმოებებშიც , მაგ. სუიტაში -  “ჩანართის” სახით.
    მუსიკაში იგი თანდათან დაშორდა ცეკვას - როგორც პირველწყაროს. სრულიად იცვალა ტემპორიტმი.
    ბოლო ნიმუშებიდან აღსანიშნავია სტრავინსკის “სარაბანდა”.
    ლექსი შეთხზულია აეროპორტის მოსაცდელში, დროის გასაყვანად. შინაარსი - პირობითია.  ბოლო დროს გაგონილ ჭორს ეყრდნობა.
ფორმა - აგებულია  მეხსიერებაში შემორჩენილი ერთი სარაბანდას რიტმული  წყობის მიხედვით.
  ჯერ ჩამოვწერე ხუთ- ხუთი ერთეულისგან  შედგენილი ზუსტი რითმები, მერე შინაარსის შეწყობასა და აწყობას შევუდექი.
ხუთი ხუთტაეპიანი მონორაიმული სტროფი ფინალში რეზიუმირდება ორტაეპედით, რადგან ჩვენს რეისში ჩასხდომის დრომაც მოაწია.

შეიძლება ჩაითვალოს ჩემს შექმნილ ფორმად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები