ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2022


ზვიადის კოცნა

#მემორია

ნინო დარბაისელი სტრონი

ზვიადის კოცნა

(ღია წერილი კონსტანტინე გამსახურდია უმცროსს)

ბატონო კონსტანტინე!
არ ვიცი, რა და როგორ არის შემორჩენილი ზვიად გამსახურდიას პირადი არქივიდან, მაგრამ თუ მისი ლაგებისას შემოგხვდათ ძველებური საბჭოური  ,,ავია-კონვერტი“, შიგ - ასანთის უბრალო  ღერზე  თხლად შემოხვეულ და მიწებებულ,  პატარა მუქშინდისფერ მართკუთხა ქსოვილზე თვალის ტუშითა და თეთრი, საბჭოური თხევადი კორექტორით ‘’დახატული’  ორი პარალელური მართკუთხედი, ანუ საქართველოს  დროშა და  პირველი თუ მეორე კლასის რვეულის ფურცელი,  ზედ დიდი ასოებით, დაწყებითების მოწაფის ხელით ნაწერი ეს ტექსტი, რომლის ავტორიც ძალიან დარწმუნებული იყო, რომ ეს საუკეთესო ლექსია, მინდა იცოდეთ, რომ ეს -  მამათქვენისადმი ჩემი შვილის საჩუქარია:

სისხლი იღვრება,
ხალხი ქვითინებს,
ცრემლით აივსო
მთელი დედამიწა,
ვაი, რა გველის,
არავინ იცის,
ჩვენ კი ვიღვრებით,
როგორც ცრემლები.

ამ ლექსის ავტორს ზვიად გამსახურდია პირადად  დაჰპირდა, რომ მის საჩუქარს კარგად შეინახავდა,
ისტორია კი ასეთი იყო:
    თქვენი მონა-მორჩილი ზვიადის რედაქტორი  გახლდათ გამომცემლობა ‘’მეცნიერებაში’. ოთხმოციანის ბოლოა ან ოთხმოცდაათიანის დასაწყისი.
    ზვიადი ხომ სწორედ მაშინ ძალიან იყო დაკავებული თავისი პოლიტიკური ამბებით,  რომელში მონაწილეობისთვისაც, ვაღიარებ, მე არ მეცალა.
        იგი, როგორც ავტორი,  უაღრესი პასუხისმგებლობით უდგებოდა საკუთარ ნააზრევს და დიდად აფასებდა რედაქტორის,  მხატვრის, კორექტორის თუ ტექრედაქტორის, სტამბის მუშების შრომასაც.  რაიმე ისეთი კორექტურა თუ იყო გაპარული, რომ ატანა შეიძლებოდა, ამბობდა, მოდით,  ნუღარ გავაწვალებთ იმ ადამიანებს, რაც არის, არისო. იმ დროს  აწყობა, ასოების ტყვიაში ჩამოსხმა  და გვერდების შეკვრა - ეს სულ ხელით სამუშაო იყო.
    არ მახსოვს, შეხვედრაზე შევთანხმებულიყავით და არ მოსულიყო.        მისი მოსვლა კი რაღაც, საგანგებო მოვლენად იქცეოდა ხოლმე სამსახურში.
    გამომცემლობის ქალების ძირითადი ნაწილი მისით  ხომ მუდამ აღფრთოვანებული იყო და
რომ იცოდნენ მოსვლის დრო, კუტუზოვის ქუჩიდან ლიფტამდე და მერეც დერეფანში, ენისა და ლიტერატურის განყოფილებამდე, საგანგებოდ  მორთულ-მოკაზმულები, ჩამწკრივებულები იყვნენ და  ისიც ღიმილზე ღიმილით პასუხობდა. ყოველ ჯერზე  “პარადის ჩაბარებასავით’ უწევდა სტუმარს, ვიდრე ოთახში შემოაღწევდა.
      ერთ დღესაც ისე მოხდა, რომ ჩემს ერთადერთ  შვილს, თეონა ჭინჭარაულს დავპირდი,  გამომცემლობაში წაგიყვან, ზვიადს გაგაცნობ და შენი ლექსი ლამაზად გადაწერე და ვაჩუქოთ-მეთქი.  ცხადია, მთელი წინა დღე იმის გადათეთრებას მოანდომა.
      დილით  ჩვეულებისამებრ,  ჯერ მას ჩავაცვი, საკუთარი ჩასაცმელი,  თეთრი ბლუზა და მუქი შინდისფერი  ქვედაბოლო,  გაუთავებული საწოლზე დავაფინე და გავედი მოსაწესრიგებლად.
      შემობრუნებულმა პირდაპირ ჩავიცვი საგარეო ტანსაცმელი, ქვედაბოლოს ჯიბეში ხელი ჩავიყავი და სადღაა ჯიბე!
თეონას მაკრატლით მოუჭრია, დროშა უნდა გავაკეთო და ზვიადს ვაჩუქოო, გაუკეთებია კიდეც, ზემოთ აღწერილი წესით .
    მე ვეღარაფერს ვეღარ ვასწრებდი, ყოფილი ჯიბის ადგილი  გადაბრუნებულზე, რაღაცნაირად ‘’ბულავკით’ დავიმაგრე და მოვასწარით მისვლა გამომცემლობაში.
    ზვიადი -  ზუსტად დათქმულ დროს მოვიდა. ოთახში ყველას მიესალმა.  ეს ლამაზი გოგონა ვინააო,  იკითხა.  თეონამაც პასუხი არ დაახანა, თეონა ჭინჭარაულიო. ქალებმა შემოაშველეს,  ეს ალექსი ჭინჭარაულის შვილიშვილიაო და რაღაც მომენტი დავიჭირე მის გამომეტყველებაში, ან მომეჩვენა, რომ დიდად არ ეამა.  მე კი ნამდვილად  შევცბი.
    საქმე ისაა, რომ მანამდე არც გამხსენებია,  ალექსის  ადრე, ჟურნალ “ცისკარში” ზვიადის  თარგმანის ენობრივი მხარე  რომ ჰქონდა მწარედ გაკრიტიკებული, თუ არ ვცდები, ჰომეროსი იყო.  ნახევარი საუკუნის წინანდელი ამბავია, თავს ვერ დავდებ.
    გრძელი სიტყვა - მოკლედ!
თეონამ ‘’ავიას’ კონვერტიდან ამოიღო ლექსი და დროშა, ეს - თქვენო!
ზვიადმა სთხოვა, აბა, შენ თვითონ წამიკითხეო.  ბავშვმა რომ დაამთავრა ლექსი, ზვიადმა შუბლზე აკოცა და თავისი ტელეფონის ნომერი  ჩააწერინა. ჩვენ  უკვე მეგობრები გავხდით და როცა გინდოდეს, დამირეკეო. თეონაც  - წლების მანძილზე, ვიდრე საქართველოში ცხოვრობდა,  ახალ ტელეფონების ბლოკნოტს დაიწყებდა თუ  არა, გ-ზე ჯერ ის ნომერი  შეჰქონდა შიგ,  მიუხედავად ზვიადის ტრაგიკული აღსასრულისა.  (თუ არ ვცდები,  27 ერია ციფრებში)
პირველსკოლელი თეონას  დროს სწავლა ადვილი არ იყო, არც ცხოვრებაში გზის გაკაფვა.  სკოლა დაეწვათ, სადღაც იყვნენ შეფარებულები, ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ჩვენც გარეუბნის სკოლაში მოგვიხდა სკოლის აღდგენამდე გადასვლა. 
    მართლაც, საუკეთესო მოწაფე იყო , მაგრამ  ჰქონდა მომენტები, როცა გამხნევება სჭირდებოდა და ასეთ დროს  სულ ვახსენებდი,  აუცილებლად გამოგივა! შენ ხომ იცი, შუბლით ვის კოცნას დაატარებ-მეთქი.
    რამე რომ კარგად გამოუვიდოდა, თვითონაც მეტყოდა ხოლმე, აბა, როგორ,  შუბლით ზვიადის კოცნას დავატარებო!
      მოდით, თავს შევიკავებ  შვილის მიღწევებით ბაქიბუქისგან და  მარტივად გეტყვით,  დღეს ის  ამერიკაში ძალიან წარმატებული, ორმოცი წლის ქალია.
და მე მჯერა, რომ ზვიად გამსახურდიას დამსახურებაცაა ამაში.
      ნათელი არ მოჰკლებოდეს  იქ,  ‘საცა მართალნი განისვენებენ“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები