ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
7 მაისი, 2008


თავი 10. ახდენილი სიზმარი ("მაგდა")

გავიდა თითქმის ორი კვირა. ნოდარი აღარ გამოჩენილა.
მაგდა ცდილობდა, აღარ ეფიქრა იმ უსიამოვნო საუბარზე, მაგრამ... ის ორი სიტყვა: "ნებით თუ ძალით..." – ყურებში უწიოდა, მოსვენებას უკარგავდა.
ფრთხილობდა მაგდა.

25 ივნისს მაგდას ბოლო გამოცდა ჰქონდა.
იმ დილით გიას წერილი მიიღო:

"ჩემო მაგდა, ჩემო "ცისფერი ფერია"!
რომ იცოდე, როგორ მომენატრე! რომ იცოდე, რა ძნელია შენგან ასე შორს ყოფნა! რომ შემეძლოს, ფეხით გამოვიქცეოდი შენამდე, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია.
მაგდა, იცი, წუხელ უცნაური სიზმარი ვნახე. ცოტა შემეშინდა კიდეც:
ვითომ რაღაც მაღალ მთაზე იდექი, საოცრად წმინდა, სუფთა... ჰაერიც რაღაც ზღაპრულად გამჭვირვალე იყო! ქალღმერთს ჰგავდი, მაგდა! რაღაც არამიწიერი, ღვთიური იყავი! თმა გქონდა გაშლილი და შენი ოქროსფერი თმის ანარეკლი შარავანდედად გადგა თავზე.
უეცრად დავინახე, როგორ დაიწყო მთამ ნგრევა... ინგრეოდა ძირიდან და მისგან ავარდნილი მტვერი ნელ-ნელა მოიწევდა მაღლა... ცოტაც და, ამ მტვერში გაუჩინარდი!...
ვყვიროდი: მაგდა, თავს უშველე, გაიქეცი-მეთქი, მაგრამ ჩემი ხმა არ გესმოდა, შორს ვიყავი შენგან!
როდის-როდის, მაგრამ მაინც მოვაღწიე შენამდე, უფრო სწორად, - იმ მთის ძირამდე, მაგრამ ავარდნილი მტვრის კორიანტელში ვეღარ დაგინახე.
მერე რაღაც ხმა გავიგე. იქით წავედი და... ჩვრებში გახვეულ ბავშვს წავაწყდი. ის ბავშვი – შენ იყავი თითქოს... შენი თვალები, შენი სახე... მხოლოდ ახალშობილი იყო... ტიროდა... ხელში ავიყვანე, მაინც ტიროდა...
უცებ შენმა ხმამ მოაღწია ჩემამდე, - სადღაც შორიდან მეძახდი "გიი-აა... გიიი-აააა"...
ბავშვი იქვე დავაწვინე, სადაც ვიპოვე და შენს ხმას გამოვყევი. მაინც ვერ გნახე... ისევ ბავშვთან დავბრუნდი და... ჰოი, საოცრებავ, ბავშვი ადგილზე აღარ დამხვდა.
შევამჩნიე, რომ მტვერი ნელ-ნელა იფანტებოდა. იმედი მომეცა, იქნებ ისევ მეპოვე...
და აი, დავინახე რაღაც მოძრავი საგანი, რომელიც თანდათან იღებდა ფორმას... ეს თეთრი ცხენი იყო! მამაკაცის ზურგი დავლანდე, ამ ცხენზე მჯდომი. მერე ეს ცხენი ოდნავ შემობრუნდა და... იმ ცხენზე სამნი ისხედით, მაგდა, ის მამაკაცი, შენ და პატარა ბავშვი, რომელიც მე მაშინ ვიპოვე. უკან გამოგეკიდეთ, გეძახდი, შენ კი ერთხელ გამომხედე მხოლოდ, ბავშვი მიიკარი მკერდზე და... წახვედით!
სამივეს ნათელი გედგათ თავზე, მაგდა! სამივე რაღაც არამიწიერნი იყავით, ღვთიურნი! ცხენი თანდათან მშორდებოდა, მერე – საერთოდ მიეფარა თვალს და...
გამეღვიძა!
მაგდა, ფრთხილად იყავი, გთხოვ! შენ რომ რამე დაგემართოს, თავს არ ვიცოცხლებ, იცოდე!
გკოცნი ძალიან, ძალიან ბევრს, შენი გია.                 
                                                                        20 ივნისი."

მაგდამ წერილი ჩანთაში ჩაიდო და გამოცდაზე წავიდა.

ფრიადებზე დახურა კურსი. არცერთი "ოთხი" არ მიუღია. მთელ კურსზე სამნი არიან ასეთები: მაგდა, ნათია და მათივე ჯგუფელი ლექსო.

გახარებული გამოვიდა მაგდა უნივერსიტეტიდან და... ნოდარი დაინახა.
ნოდარი ძველებურზე უფრო მორცხვად იდგა. გაუბედავად მიუახლოვდა მაგდას და ხელი გაუწოდა.
უხერხული სიტუაცია შეიქმნა: ხელგამოწვდილი ნოდარი, რომლის თვალებშიც მხოლოდ სევდა და მუდარა ჩანდა და მაგდა, რომელმაც არ იცოდა, რა მოემოქმედებინა.
- მაგდა, გამარჯობასაც არ მეტყვი?
- გაგიმარჯოს... – მაგდამ ყოყმანით ჩამოართვა ხელი.
- მაგდა, გაგაცილებ მხოლოდ... არაფერს გეტყვი ზედმეტს, კარგი? ამის უფლება მაინც მომეცი... მოდი, მანქანა გავაჩეროთ.
- არა, არავითარ შემთხვევაში!... - წამოიძახა მაგდამ, - მანქანით გაცილების უფლებას არ გაძლევთ!
- ნება შენია... ავტობუსით იყოს... ერთი თხოვნა შემისრულე, ერთი-ორი გაჩერება ფეხით წავიდეთ....

ნოდარის ხმაში ისეთი სასოწარკვეთა და მუდარა ისმოდა, რომ მაგდა ძალაუნებურად დათანხმდა.

სასიამოვნოდ თბილი დღე იყო. არ ცხელოდა...
ნოდარი აღარაფერს ეუბნებოდა მაგდას ისეთს, რითაც შეეძლო მისი გულისწყრომა გამოეწვია, რაღაც განზოგადებულ თემებზე ესაუბრებოდა.

ლაპარაკში ვერც კი შენიშნეს, როგორ გასცდნენ ავტობუსის გაჩერებას... შემდეგ  მეორეს... მაგდამ თავის გულში აღიარა, რომ ნოდარი მშვენიერი მოსაუბრე და საკმაოდ განათლებული პიროვნება ყოფილა.

გზაში თეთრი "ვოლგა" წამოეწიათ, ცოტა გადაუსწრო მათ და გაჩერდა. მაგდას წამით შიშმა დაურბინა სხეულში, მაგრამ ნოდარს არც კი გაუხედავს მანქანისკენ, გატაცებით ესაუბრებოდა რომელიღაც წიგნის შესახებ და მაგდასაც უმალ გადაუარა შიშმა.

მანქანას რომ გაუსწორდნენ, უეცრად კარი გაიღო, ნოდარმა მაგდას მანქანისკენ უბიძგა, მანქანიდან გამოწვდილმა ხელმა მაგდა სალონში შეათრია და პირზე ხელი ააფარა. ნოდარი სწრაფად მიუჯდა მაგდას გვერდით და მანქანა ადგილს მოსწყდა.

ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელად და სწრაფად მოხდა, მაგდა იმდენად დაიბნა, რომ პირველად დაყვირებაც ვერ მოახერხა. თანაც, მის გვერდით მჯდარ პიროვნებას ხელი მაგრად ჰქონდა აფარებული პირზე. მალე მოეგო გონს, გაიბრძოლა, თავი გაითავისუფლა და ყვირილი და კივილი დაიწყო, მაგრამ მას არავინ აქცევდა ყურადღებას. მანქანა შეუჩერებლად მიქროდა მცხეთისკენ.

მაგდამ ყვირილი შეწყვიტა და მუდარაზე გადავიდა:
- ნოდარ, გთხოვ, გემუდარები, თუ მართლა გიყვარვარ, დამაბრუნე თბილისში... მე ხომ არ მიყვარხარ, რა გინდა ჩემგან?! ნოდარ... - მაგდა ნოდარს ხელებში ჩააფრინდა.
- მე არასოდეს მითქვამს გოგოსთვის, "ჩემი ცოლი გახდები-მეთქი"! პირველი, ვისაც ეს ვუთხარი, შენა ხარ! და ეს ასეც იქნება, მაგდა! მეც გთხოვდი, ხელს ნუ მკრავ-მეთქი, მაგრამ არ შემიბრალე...
- გიააააა! გია, რა ვქნააააა! - ისტერიული ხმით იყვირა მაგდამ.
- შენ არ გიყვარვარ? სამაგიეროდ მე მიყვარხარ, მაგდა! და ვიდრე ვინმე შენს თავს წამართმევს, მე დავასწრებ სხვას! - თავადაც ვერ მიხვდა, ისე, ნოდარმა ხმას აუწია და ლამის ყვირილზე გადავიდა, - გაიგე, მაგდა, მე შენ გასართობად არ მინდიხარ! მე და შენ სულ ერთად უნდა ვიყოთ... მე არავინ მინდა შენს მეტი ცოლად... შენ შეგიძლია ამის გაგება?

მაგდას მშველელი აღარსაიდან ეგულებოდა და თავისი უმწეობის გამო მწარედ ატირდა.

- მაგდა, ნუ ტირი... გეხვეწები, ნუ ტირი... შენ არ იცი, მე შენ როგორ მიყვარხარ... - იმდენი სითბო იყო ნოდარის ხმაში, იმდენი მუდარა ისმოდა, რომ ქვასაც კი მოულბებოდა გული... მხოლოდ მაგდას გულს არ გაკარებია ნოდარის არცერთი სიტყვა.

არავინ იღებდა ხმას. მხოლოდ მაგდას მოთქმა-ტირილი არღვევდა სიჩუმეს.

ნოდარმა ერთხანს ითმინა მაგდას ტირილი, მაგრამ მერე ამდენს ვეღარ გაუძლო და "გააჩერეო" - ისტერიული ხმით იყვირა.
ეს იმდენად მოულოდნელი იყო ყველასთვის, რომ მაგდამ წუთით შეწყვიტა ტირილი და გაოცებულმა შეხედა ნოდარს, ხოლო მძღოლმა ისე უცებ დაამუხრუჭა, რომ წინა სკამზე მჯდომმა მანქანის საქარე მინას მიარტყა თავი, უკან მსხდომნი კი – წინა სკამებს მიაწყდნენ.

- რა მოხდა, ნოდარ? - თითქმის ერთდროულად დასვა ეს კითხვა ორივე თანამგზავრმა, ხოლო მძღოლმა გაბრაზებით შეუძახა:
- გაუბერე? კინაღამ მანქანა ამოვაყირავე!

მხოლოდ მაგდა იჯდა ჩუმად, შიშისგან ტირილიც კი შეწყვიტა და შიშჩამდგარი, ცრემლიანი თვალებით შეჰყურებდა ნოდარს, რომელსაც ყურებზე ხელი აეფარებინა, თავი საზურგეზე გადაეგდო და თვალები დაეხუჭა. უცებ, ამ დახუჭული თვალებიდან თითო-თითო ცრემლის წვეთი გადმოგორდა.

- იმ ვაჟკაცის დაღვრილ ცრემლებს გაუმარჯოს, რომელიც ყველანაირ გაჭირებას უცრემლოდ იტანს! - ეს მძღოლის ხმა იყო, - ნუ ტირი, ნოდარ, ეს შენ არ გახასიათებს... თუ ღირს მაინც ეს გოგო შენს ცრემლებად?!
- კარგი, ვახო, გაჩუმდი! ჩემი საქმისა მე ვიცი... მოაბრუნე მანქანა.
- არა, ნოდარ, არ მოვაბრუნებ... მერე ესეც მადლობელი იქნება თავის ბედისა... ქალს რომელს ჰქონია ჭკუა, თორემ... ახლა ეს სიხარულით უნდა ტიროდეს, შენი ცოლი თუ გახდება!

ვახომ როგორც მკვეთრად დაამუხრუჭა, ისე მკვეთრად დაძრა მანქანა ადგილიდან.
მაგდა ვეღარც ტიროდა, - ძალა აღარ ჰქონდა... იქ მანქანაში გამოიტირა თავისი მომავალი, თავისი გია...

როცა მანქანამ ტრასიდან გადაუხვია, შიშისა და დაძაბულობისაგან მაგდამ გონება დაკარგა.


*  *  *

თვალი რომ გაახილა, დაინახა, რომ ერთ ძალიან დიდ ოთახში დივანზე იწვა. ვიღაცას მზრუნველად გადაეფარებინა მისთვის ხაოიანი თხელი გადასაფარებელი.

ოთახში არავინ იყო.
უეცრად მანქანის ძრავის ამუშავების ხმა გაიგონა. ფეხზე წამოიჭრა და ფანჯარას მივარდა. ნოდარი თავის ძმაკაცებს აცილებდა. მალე მანქანა თვალს მიეფარა და მაგდა მარტო დარჩა ამ უზარმაზარ სახლში... ნოდართან ერთად!

ოთახში ნოდარი შემოვიდა.
მაგდა ისევ ფანჯარასთან იდგა. ფეხის ხმის გაგონებაზე არც კი შემობრუნებულა, მხოლოდ სახეზე აიფარა ხელები.

ნოდარი მაგდას მიუახლოვდა, მხრებში მოჰკიდა ხელი, თავისკენ შემოაბრუნა, ხელები ჩამოაშვებინა და... სხივჩამქრალი, ცივი, ყინულივით ცივი თვალები დაინახა! მაგდა სადღაც, ნოდარს მიღმა იყურებოდა...

- მაგდა! – დაუძახა ნოდარმა, მაგრამ მაგდას სახის არცერთი ნაკვთი არ შეტოკებია, მისი ზღვისფერი თვალები მინის მძივები გეგონებოდა...

ნოდარმა მკერდში ჩაიკრა მაგდა, კოცნა დაუწყო, - კვლავ არანაირი რეაქცია. ნოდარმა თავი ააწევინა, ტუჩებით შეეხო მაგდას ტუჩებს და გველნაკბენივით შეხტა, - მიცვალებულივით გაცივებული ტუჩები ჰქონდა მაგდას.
ნოდარმა ხელები გაუშვა მაგდას და სიმწრით მომუჭული დაუშვა დაბლა, რომ... მაგდა მოცელილივით ჩაიკეცა იატაკზე.

ბუმბულივით აიტაცა ნოდარმა გულწასული მაგდა და დივანზე დააწვინა, შემდეგ წყალი მოარბენინა, ყურები დაუზილა...
ცოტა ხანში მაგდამ თვალები გაახილა და ნოდარს შეხედა.
ამ თვალებში ნოდარმა ამოიკითხა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა, - ზიზღი. მაგრამ ეს მაინც უფრო უკეთესი იყო, ვიდრე ის მინის თვალები, რომელშიც სიცივე... თუ სიკვდილი ჩაბუდებულიყო.

- მაგდა, ნუ მიყურებ ასე. მე შენ მიყვარხარ და მინდა რომ შენც გიყვარდე... მე ხომ ბავშვი აღარ ვარ?! მალე 29 წლის გავხდები... მე მინდა, რომ ჩვენ ორივე ბედნიერი ვიყოთ, შენც და მეც...
- არასოდეს!...
- ეს იცოდე, რომ მე შენს თავს არავის დავუთმობ... და ძალის ხმარებაც რომ დამჭირდეს, შენ მაინც გახდები ჩემი ცოლი!
- შენ შეიძლება ძალა იხმარო, მაგრამ შენი  ც ო ლ ი  მე არასოდეს გავხდები...

ეს იყო მაგდას უკანასკნელი სიტყვები. ამის შემდეგ მაგდას აღარაფერი ახსოვს.


*  *  *

გონზე რომ მოვიდა, მაგდა ლოგინში იწვა. ოთახში მარტო იყო... ტანთ არაფერი ეცვა... მთელი სხეული მოთენთილი ჰქონდა. უნდოდა, წამომჯდარიყო, მაგრამ ძალა აღარ ეყო, უღონოდ მიწვა ბალიშებზე და ოთახს მოავლო თვალი: იმ პირველ ოთახთან შედარებით მომცრო, მაგრამ მაინც საკმაო სიდიდის საძინებელი ოთახი მდიდრულად იყო მოწყობილი. მაგდას მხოლოდ კინოში თუ ენახა ასეთი ფარდებიანი საწოლი. კედლებზე შპალერი აბრეშუმივით პრიალებდა. საწოლის მოპირდაპირე კედელზე მდიდრულ ჩარჩოში ჩასმული დიდი სარკე ეკიდა. ოთახში ფართო ფანჯრიდან მთვარის მკრთალი რძისფერი შუქი იღვრებოდა. მთვარის შუქზე რაღაც იდუმალი სილამაზე ემატებოდა ფანჯრის მოპირდაპირე კედელზე დაკიდებულ რაფაელის "სიქსტის მადონას".

ეს ყველაფერი იმდენად უჩვეულოდ მოეჩვენა მაგდას, რომ თვალებიც კი მოიფშვნიტა, "ხომ არ მეჩვენებაო", მაგრამ... არა, ეს ყველაფერი აბსოლუტური რეალობა იყო.

უეცრად კარი გაიღო და ხალათმოცმული ნოდარი შემოვიდა. ხელში ლანგარი ეჭირა, რომელზეც ყავადანი, ყავის ფინჯნები და თეფშით ნამცხვრები ეწყო.

საკმაოდ თბილი ღამე იყო. მაგდას ჩინური პირსახოცის გადასაფარებელი ეფარა.
ნოდარის შესვლაზე მაგდამ ინსტიქტურად აიფარა გადასაფარებელი შიშველ მხრებზე, მაგრამ ნოდარმა თვალი შეასწრო, როგორ გაკრთა მთვარის შუქზე მაგდას თოვლისფერი მკერდი. თხელი გადასაფარებელი ვერ ფარავდა მაგდას ჩამოსხმული ტან-ფეხის იდეალურ ხაზებს.
მაგდა შეშინებული თვალებით შეჰყურებდა ნოდარს და ხმას ვერ იღებდა.

ნოდარმა ლანგარი სარკის წინ მდგარ მომრგვალებულ მაგიდაზე დადგა და საწოლს მიუახლოვდა.
მაგდა, თითქოს ბალიშებს შეეზარდაო. ისეთი ძალით უჭერდა ხელებს შიშველ სხეულზე აფარებულ გადასაფარებელს, რომ თითები დაუბუჟდა.
- მაგდა, ჩემო პაწაწინა მეუღლე... ნუ მიყურებ ასეთი თვალებით. აი, ნახავ, შენ ყველაზე ბედნიერი ქალი იქნები, მხოლოდ გიყვარდე, მხოლოდ ჩემთან იყავი! – ნოდარმა ოქროსფერ თმაზე ჩამოუსვა ხელი და შემთხვევით მაგდას მხარს შეეხო.

მაგდას თვალებში გამოხატული სასოწარკვეთა მალე ცრემლის ტბაში ჩაიძირა. მაგრამ ასეთი მაგდა კიდევ უფრო საყვარელი და სასურველი იყო.

ნოდარს თვალები აემღვრა. ფრთხილად მოკიდა ხელი გადასაფარებელს და შეეცადა დაბლა დაეწია, მაგრამ მაგდას მაგრად ჰქონდა ჩაბღუჯული მისი ბოლოები.

ახლა ნოდარს ვეღარაფერი შეაჩერებდა. ცოტა მეტი ძალა და... მაგდას წელსზევით აღარაფერი ეფარა.

ნოდარი მონუსხულივით მიჩერებოდა მთვარის შუქზე არეკლილ თოვლისფერ სხეულს. ხელი ასწია და თითები ფრთხილად შემოაჭდო მაგდას ყელს.... რბილი კანი ჰქონდა მაგდას, სრიალა... ნელა ჩამოაცურა ხელი მკერდისკენ... აი, მაგდას ვარდისფერკერტიანი მკვრივი ძუძუ ნოდარის ძლიერ მუჭში ათრთოლდა... ნოდარმა ხელი ვეღარ გაუშვა ძვირფას საუნჯეს და ამიტომ მეორე ხელი შეუცურა მაგდას მუცელთან... ოოო, რა რბილი მუცელი ჰქონდა მაგდას.
შვლის ნუკრივით თრთოდა მაგდა, კანკალებდა, ყვირილი უნდოდა, მაგრამ მხოლოდ თევზივით აღებდა პირს...  ხმა კი, ხმა – სადღაც გაპარულიყო.

ნოდარმა მაგდას მუცელს მოაცილა ხელი და ხალათზე ქამარი შეიხსნა რომ...

- ნოდააააარ! - იკივლა მაგდამ.
მის სხეულში დაგუბებულმა ხმამ საგუბარი გამოარღვია და ნიაღვარივით ამოსკდა.

ამ არაადამიანურმა ხმამ გამოაფხიზლა ნოდარი, სწრაფად წამოდგა და ღია ფანჯარასთან მივიდა. ღრმად ჩაისუნთქა ზაფხულის ღამის სასიამოვნოდ გრილი, სუფთა ჰაერი.

- ტანსაცმელი მომეცი... – გაიგონა ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვები.

ნოდარი უხმოდ მივიდა კარადასთან, ძვირფასი აბრეშუმის ხალათი გამოიღო და მაგდას საწოლზე დაუდო.
ხალათი მუქი ზღვისფერი იყო, ოქროსფრად ამოქარგული დრაკონით.

- გადი, უნდა ჩავიცვა...

ჩუმად ჩაეღიმა ნოდარს და ოთახიდან გავიდა.


(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები