ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
21 ივნისი, 2022


ლექსის გადამკითხველთათვის

#ოპუსები
#კრიტიკა_ლიტმცოდნეობა


ნინო დარბაისელი სტრონი

ლექსის გადამკითხველთათვის

რაც ყველაზე ნაკლებად იდება აგორაზე, ეს ალბათ ქართული პოეზიაა.
გარეშე ადამიანს ცოტა უცნაურადაც შეიძლება მოეჩვენოს - პოეტი და ლექსმცოდნე ქმნის და ხელმძღვანელობს დახურულ ჯგუფს, სადაც საერთოდ არ დებს არა მხოლოდ საკუთარ ლექსებს, არამედ იშვიათად დებს სხვა ავტორებსაც.
საქმე ის გახლავთ, რომ აგორაზე ჩვენ ისეთი  წევრები და მკითხველები გვყავს, რომ პირადად მე დიდად ვუფრთხილდები მათ დროს, ყურადღებასა და გემოვნებას.
ჩემი მხრით კი მუდამ მზად ვარ, არგუმენტირებულად განვმარტო, თუ რატომ შევარჩიე ესა თუ ის ნაწარმოები და რატომ ჩავთვალე მათი ყურადღების ღირსად.
და თუ ყოველ ჯერზე  პოსტის დადებისთანავე ასე არ ვიქცევი, ეს უდროობის ბრალია.

ამას წინათ ეს ლექსი დავდეთ. აღმოვაჩინე შემთხვევით, რომ გარეთ ხმაური მოჰყოლია. ვიდრე საკითხში ასე თუ ისე გავერკვეოდი, ჩავთვალე, რომ ავტორმა გადაწყვიტა ეპატაჟით მიეპყრო მკითხველი საზოგადოების ყურადღება და ტელევიზიის თანამშრომლები თუ კოლეგები ეხმარებოდნენ, როგორც შეეძლოთ.
გავიხსენოთ პირველი ქართული ლიტერატურულ კულტურული ეპატაჟი ას წელზე მეტი ხნისა შესრულდა და უკავშირდება პაოლო იაშვილის სახელს.
  “ოო, წმინდაო გულუბრყვილობავ!”
  ეს ჩემი მინი რეცენზიაა მომხდარის გამო.

მზია სალვარიძეს

რაღაც არასასიამოვნო ამბებმა მოაღწია ფეისბუქის წყალობით,  ოკეანის გაღმამდე,
მე არ ვიცი, რა ხდება თქვენს ტელევიზიაში და მართალი გითხრათ, არც მაინტერესებს.
რაც შეეხება ამ ლექსს, აგორაზე გვედო და შემიძლია, ვთქვა, რომ უჩვეულოდ დიდი რეიტინგი ჰქონდა.
  კონკრეტულად დაინტერესების შემთხვევაში,  შემიძლია ფოტო მოგაწოდოთ.
  ახლა საკუთრივ  ლექსზე:
  კომპოზიცია კარგადაა გააზრებული, გამართული.
ფინალური ტვისტი თუ პუანტი, რომელი ტერმინიც გინდათ,  გამოიყენეთ, ასევე, კარგად არის მომარჯვებული.
  სურვილების სფეროდან - მე ლექსის ექსპოზიციურ ნაწილს უფრო დავაკომპაქტებდი,
მაგრამ ეს სუბიექტური აზრია და მისი გაზიარება სავალდებულო სულაც არაა. ყველას თავისი გემოვნება აქვს.
  მომეჩვენა, მაგრამ იქნებ ვცდები, რომ მკითხველთა ერთ ნაწილს ბოლომდე არ წაუკითხავს ტექსტი და უთუოდ ამის გამო, ვერ მიმხვდარა, შიგ რა ხდება. ყველაფერი ხომ სწორედ ფინალში ,,იხსნება”.
ლექსის ნარატიული მონახაზი კი  ასეთია :
მოძალადე ქმრის ხელში, ძალადობრივ გარემოში მოქცეული ქალი წარმოსახვით საკუთარ  ,, მომავალში შეირბენს”. წარმოიდგენს, რა ტიპობრივ პერსპექტივასთან მოუხდება პირისპირ შეყრა, თუ ძალას მოიკრებს და ამ გარემოს ბავშვიანად გაექცევა.
დიახ, მისი გამწარებული ფიქრ-ოცნებები არეულ- დარეულია, ვერც მაინცა და მაინც მონასტრულ, სულიერებით გაცისკროვნებულ მომავალ ცხოვრებაზე  ეფიქრება.
გულწრფელი და შეულამაზებელია, ,, მოუპირკეთებელი” ავტორის მიერ გადმოცემული ქალური განცდები…
და  ბოლოს აღმოხდება.

,, პატიებას გთხოვ, უფალო, რომ ეს ყველაფერი ვერ შევიძელი”…
პროტესტი დამცხრალია. ქალმა შეგუების გზა ირჩია…
როგორც ათ  გათხოვილ ქალში  ხუთმა მაინც საქართველოში.
სიბერეს გულჩვილობა მოჰყვება. სწორედ ამ  ბოლო ორმა სტრიქონმა მომგვარა   
სევდა. გამახსენდა დიდი გალაკტიონი -
,, ჯვარს ეცვი თუ გინდა, საშველი არ არის”.

წარმატებებს გისურვებთ

ნინო დარბაისელი სტრონი

ესეც ლექსი, რომ გაგახსენდეთ

#სამი_მარაო

( სხვისი ჭირი ღობის ჩხირი როდემდე იყოს?! )

მსუბუქი ყოფაქცევის ქალი თქვენსკენ მოიკითხეთ.
მე თავისუფალი ქალი ვარ.
როცა თამამ ნაბიჯებს პირველად ვდგამდი,
მეც მეგონა რომ ბოზი ვიყავი.
არა უშავს, 
მაშინ  თქვენნაირად ვაზროვნებდი...
მეპატიება,
რადგან არასაკვირველს ვიკვირვებდი,
გრძნობები გარყვნილებაში მერეოდა,
ბუნებრივი მოთხოვნილება
მხოლოდ ტუალეტში მოსასაქმებელი მეგონა...
მხოლოდ მერე,
როცა თქვენი განვითარების ფაზებს გავცდი,
პეროგაყრილი უკანალების ნაცვლად
რეალური სამყაროს კანონზომიერების წიაღში მოვხვდი,
მივხვდი
რომ ე.წ. ტუალეტი
ჩემი ჩაცმულობისა  და მოკაზმულობის სარკეებიან მაგიდასაც წარმოადგენდა.
ამ მაგიდაზე კი,
ფერუმარილთან ერთად ,
ჩემი ცვედანი გრძნობების გასაფერთხ-გასანიავებელი  მარაოებიც ელაგა.

ყველა მარაოს თავისი ისტორია ჰქონდა.

პირველი მარაო ჩემს მიერ დალეწილი  ცოცხისგან შევკარი.
ეს ის ცოცხი იყო,
ჩემი კუდიანი დედამთილი,
ვითომ უნებურად,
მაგრამ ყოველთვის  ჩვენს საწოლზე მიყუდებულს რომ ტოვებდა ...
ჰოდა ერთხელაც,
როცა თავისი ქალიშვილი საგანგებოდ დაარიგა,
რომ საწოლზე ცოცხი არ მიაყუდო,
თორემ მასზე აბობღებული ეშმაკები
საწოლზე გადავლენ და ქმართან ურთიერთობა გაგიფუჭდებაო,
სიტყვის უთქმელად  გამოვიტანე ცოცხი ჩემი საძინებლიდან
და დედამთილის თვალწინ,
სიმწრით გაღიმებულმა
მუხლზე გადავიმტვრიე...

ამას ჩვენში კატის გახლეჩას ეძახიან.
მართლა კატას ხომ არ გავხლეჩდი?
მაგრამ მისახვედრი მივახვედრე და მერე,
როცა მის შვილს გავცილდი, 
დიდი ხანი იკვლევდა,
ეშმაკი თავიდან მყავდა შეჩენილი თუ თვითონ მომიჩინა საცდუნებლად...

ქმრიდან წამოსული
ისევ გამზრდელი ბებიის კარზე მივედი.
ბევრისგან განსხვავებით,
პირდაპირ არ გავსულვარ ქუჩაში.
ეს თქვენ გამაგდეთ გარეთ.
თქვენ მიბიძგეთ საძრახისი ქცევისკენ.
თქვენ ამომგლიჯეთ ნამუსის ძარღვი შუბლიდან ...
დიახ , თქვენ
ყოვლისმცოდნე და არაფრისმაქნისო ბიძიებო,
ყოველმხრივ უზრუნველყოფილო და არაფრისმომცემო მამიდებო,
განსწავლულო , თუმცა უმეცარო დეიდებო...
დიახ , თქვენ!
რადგან ობოლ და უპოვარ გოგოს
მდიდარი ქმრის მიტოვება არ მაპატიეთ.
რადგან არ გაუწვდინეთ ხელი ჩემს მიერ  უქმროდ  გაჩენილ შვილს...
ეგ კიდევ არაფერი,
ჩემი შემფარებელი ბებია მოიძულეთ,
უარყავით და ჩემი უკეთურობის წამქეზებლად მონათლეთ...

ბებია რომ მოკვდა,
თქვენს მიერ მის გასასვენებლად გამოგზავნილ ფულებზე
თქვენი სახელები დავაწერე,
ჯოხებზე წამოვაცვი და
ასე შევკარი მეორე მარაო.

ახლა თქვენზე ფიქრებს, როგორც თაროზე დადებულ მტვერს, ისე ვიფერთხავ გულიდან.

...და კიდევ,
ყოველ ღამე სათითაოდ ვკითხულობ თქვენს სახელებს და
ლოცვების ნაცვლად ,
წყევლებში მოგიხსენიებთ ...

რაც შეეხება ბებიაჩემს,
იგი საეჭვო გზით,
მაგრამ ჩემს მიერ გამომუშავებული ფულით გავასვენე.
თქვენი ფულისგან განსხვავებით,
დამადლებული მაინც არ იყო და მწამდა,
მას უფრო შეიწირავდა ღმერთი...

მე ხომ არასოდეს მიმრუშია ?
არც მეძავი ვყოფილვარ გათხოვებამდე.
უბრალოდ მას შემდეგ გავბოზდი,
როცა შიშველი ხელებითა და მშიერი კუჭით შემატიეთ ცხოვრებას.
ჰოდა თქვენ,
ვისაც ჭკუის გარდა არაფერი დაგირიგებიათ,
ჰოდა თქვენ,
ვისაც არასოდეს გამოგიწვდენიათ დახმარების ხელი,
ჰოდა თქვენ, ვისაც თავი ჩემს მიერ შერცხვენილად მოგაქვთ,
იცოდეთ,
რომ ეს მე ვარ თქვენგან შერცხვენილი..
ეს მე მრცხვენია
თქვენი დიდი ხნის დასანგრევი,
მაგრამ ,,ხალხი რას იტყვის " გამო დაუნგრეველი ოჯახების...
ეს მე მრცხვენია,
თქვენი შვილების გამო,
რომლებიც უსიტყვო მორჩილების  ,,ფუფუნებაში" იზრდებიან
და აზრად არ მოსდით მერე,
როცა თავადაც დაოჯახდებიან ,
გასაპროტესტებელი  გააპროტესტონ.

და ეს იმიტომ,
რომ თქვენ,
ქმრის ხელის შემყურე და უსიტყვოდ მორჩილო,
დედამთილის წინაშე თავდახრილო,
შვილებზე გადამკვდარო და მოსამსახურედ ქცეულო  დედებო,
თქვენი განწირული თუ შეწირული ცხოვრება
მაგალითად მოგყავთ შვილებისთვის
და ბრძოლის ნაცვლად,
მორჩილებისკენ მოუწოდებთ...

მერე ქმრები არიან დამნაშავე ცოლების მკვლელობაში...

მერე ცოლები არიან დამნაშავე
ქმრებზე  თავსლაფისდასხმაში და ა.შ.  დაუსრულებლად ...

ჩემი შვილი კი ,
ჩემი შვილი,
არავისგან დამადლებული ,
არავისგან კეთილმოწყობილი,
არავისგან გაწერილი ცხოვრებით ცხოვრობს.
შენი შვილისგან განსხვავებით,
მისი საძინებლის კედლის მიღმა
არ ტირის ნაღალატევი დედა ,
არც სხვის ცოლზე ატორღიალებული მამა სცემს ბოლთას,
ზოგჯერ ცოლსაც...
მისი სამყარო სუფთაა და თავისუფალი...

...და შენ,
ჩემი საყვარელი მამაკაცის ცოლო,
დაიმახსოვრე,
რომ ჩემს შვილს ვერასოდეს უწოდებ ბოზიშვილს!
ვინაიდან თუ კარგად გავარჩევთ,
მასეთი შენი შვილები უფრო გამოდიან.
...და იცი რატომ ?
იმიტომ რომ შენ,
მთელი ცხოვრება,
ბავშვობიდან დიდობამდე მოყოლებული,
გაფრთხილებდნენ,
რომ ერთი ადგილისთვის განსაკუთრებით უნდა მოგევლო...
გაფრთხილებდნენ და შთაგაგონებდნენ,
რომ შენი პატიოსნების ზღვარი
ჭიპზე გადიოდა,
ოღონდ არა ზემოდან ქვემოთ, არამედ პირიქით...
ჰოდა შენც ,
,,ჭკვიანურ" შეგონებებზე ჩაციკლულს,
გავიწყდებოდა კი არა,
აზრადაც არ მოგსვლია,
რომ კანონიერად,
მაგრამ უსიყვარულოდ ქმართან წოლა,
ღალატის მოთმენა შვილების ხათრით,
სხვისკენ თვალის გაქცევა და მაინც ქმართან დაწოლა
კანონზომიერება კი არა მრუშობაა...
მაგრამ შენ ამას  როგორ გაიაზრებ?
როგორ გაისიგრძეგანებ მაშინ,
როცა მხოლოდ ერთი ადგილის პატიოსნება დაგავალეს ?

მათ ხომ არ უთქვამთ,
რომ გულსაც უნდა მოუფრთხილდე,
რომ არავის უნდა აფათურებინო მასში ბინძური ხელი?
არც ის უთქვამთ,
რომ ნათელი გონებისთვის მშვიდი გარემო და ჭეშმარიტი სიყვარულია საჭირო ...
არ უთქვამთ,
არა...

ამიტომაც მე გეტყვი,
როცა შენ დაქალებთან ვერ ყვები პირად უბედურებებზე
რეპუტაციის შელახვის მიზნით...
როცა ბედნიერი ოჯახის ილუზიის შექმნის მოტივით  იგონებ ათას სისულელეს,
მაშინ,
ზუსტად მაშინ,
სხვებთან ერთად თავსაც იტყუებ და
ღვთისა და კაცის წინაშე
ისეთივე ცოდვილი ხარ,
როგორიც მე...
ოღონდ მე,
შენგან განსხვავებით,
ჩემი თავისუფლების სიდიადეზე  მხოლოდ იმიტომ ვერ ვყვები ,
რომ სხვებს  შურით გული  არ გავუხეთქო ...
წარმოუდგენლად დიდი ფუფუნებაა თავისუფლება ,
ნაღალატევო ცოლებო,
წარმოუდგენლად დიდი და
იცოდეთ,
რომ მესამე მარაო,
თქვენი ქმრების მიერ მოწერილი სასიყვარულო ბარათებით შევკარი , რადგან არც ერთი მათგანი ღირდა ჩემი თავისუფლების დაკარგვად ...

ახლა კი ვდგავარ და მათით თქვენზე ფიქრებს ვინიავებ...

განა , მე მსიამოვნებს იმაზე ფიქრი, რაზეც ახლა ვიბოდიალე ?
განა, ვერ ვხდები,
რომ ტყუილუბრალოდ  ვიგულიანებ თავს და დედამთილის შიშით
არათუ საწოლზე მიყუდებულ ცოცხს,
ასანთის ღერსაც  ვერ გადავტეხ ამ ჭკუით?
განა არ ვიცი,
ივლის ივლის და მაინც სახლში რომ მოვა ჩემი ქმარი?
განა ქმარზე გაცილებამდე არ უნდა ვიფიქრო იმაზე,
რომ არავის ვენდომები შვილებიანად ?
განა , რა მიხვედრა უნდა იმას,
რომ ჩემი ქმრის მიერ
საყვარლისთვის ნაყიდი ბროლის ბროში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია,
ვიდრე ჩემს არათითზე წამოცმული რგოლის ბეჭედი ? ...
ვიცი,
ყველაფერი ვიცი ...
ისიც კი,
რომ მომაკვდინებელი ცოდვაა ყველაფერი,
რაც ამ ფურცელზე დავწერე,
რაც გულში გავივლე და უნებლიედ დავუშვი...
რაც წარმოვიდგინე და შესაძლო გეგმად დავისახე
და
ამიტომაც,
მუხლებზე დაცემული პატიებას გთხოვ 
უფალო,
რომ ყველაფერ ამის გასაკეთებლად
ძალა არ შემწევს ...

მზია სალვარიძე

P.S
ჩემს პოსტს ბატონი სანდრო ბერიძე გამოეხმაურა და რაკი ჩემი პასუხი კვლავ ლექსის კომპოზიციას ეხება,
აქაც გადმომაქვს

ბატონო სანდრო, მადლობა კეთილი სიტყვისთვის, მაგრამ ახლაც, ისევე როგორც შემთხვევათა დიდ ნაწილში, როცა რაღაცას მინდა მივაპყრო მკითხველის ყურადღება, სულ არ მგონია საჭირო, ავტორიტეტის, რაღაც რენომეს გამო ვინმე ტვინგაუნძრევლად მენდოს. ჩავთვალოთ, რომ ლიტერატურასთან შეხება საერთოდ არა მაქვს
აგერ დევს ფაქტი, აგერ არის მკითხველი.

ჩემი რევიუ ძალიან მოკლეა. არ მქონია მიზნად გამოკვლევის წერა. უბრალოდ, ერთსაც დავამატებდი მკითხველის დასაკვალიანებლად.

არსებობს კლასიკური ინტერაქციული მოდელი:
აქცია - რე-აქცია

უცებ რომ გაერკვეს მკითხველი, რას ვგულისხმობ, მოვიყვან ტლანქ მაგალითს ცხოვრებიდან.

ერთ ზაფხულს ნათესავი ბავშვი მყავდა დასასვენებლად წაყვანილი და მეზობელი საყვედურით მოვიდა, ჩემი შვილი უცემიაო.
ბოდიში მოვუხადე და დავპირდი, რომ საქმის ვითარებას გავარკვევდი:
რატომ ცემეთ-მეთქი, თან ორმა ერთი და აბა, რა გვექნა, დედა შეგვაგინაო….და ასეთმა კარგმა აღზრდილმა ბავშვმა დედა რატომ შეგაგინათ- მეთქი?-
საგონებელში ჩავვარდი.
რატოო  და ხუმრობით ორივემ ხელფეხით ავწიეთ, ვითომ ნაგვის ბუნკერში ვაგდებდითო….

ლექსი იწყება არა აქციით, არამედ რე- აქციით.
პირველივე ფრაზა ტიპობრივი საოჯახო კონფლიქტის ლექსიკიდანაა:

“მსუბუქი ყოფაქცევის ქალები თქვენკენ მოიკითხეთ”
( ანუ საპირისპირო მხარემ უკვე რაღაც უწოდა)
ეს ფრაზა არის ლექსის გასაღები.
ნარატივის წინარე ვითარება - ანუ ახლად “დამთავრებული”  კონფლიქტი ასე მიგნებულად, ეფექტურად არის  შემოტანილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები