ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2022


მუსტანგი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

მუსტანგი

    (ამერიკაში ცხენი პირველად მაშინ ნახეს, ესპანელებმა რომ ჩამოიყვანეს. ნამსახურევი ცხენის თავისუფლად გაშვების ნაყოფია გაველურებული ცხენი - მუსტანგი. ამჟამად მათზე ნადირობა აკრძალულია,  კანონი იცავს, ადრე კი იჭერდნენ და გახედნილებს ისევ ცხენებად იყენებდნენ)

მუსტანგო პატარავ,
ოფლიან ქოჩორქვეშ გიჟურად გიელავს ავსული ალები,
რა ოფლის ბუღია,
ირგვლივ რომ ტრიალებს -
შარდული სიმყრალე და ნესტოებიდან ვნებურად  მქშინავი
ეგ ცხელი ნასუნთქი!
ტანი მოცახცახე,
ხელის შეხებაზე გვერდით რომ გახტები!

არ გინდა, მუსტანგო? -
ტანგოს მუსიკაზე
შენი სასურველი ყელგადაგდებული ზედ გეკიდებოდეს,
ალი ედებოდეს,
ოდეს მოფართხალე  სრიალით ლაჯქვეშ შემოძრომას ლამობდეს,
ზედვე გაკვდებოდეს?

დრო როცა განცხრომით  ატარე,
რეატა არის თუ რიატა,
უეცრად კისერზე  მოგედო,
ასე  დაგიჭირეს ლაზოთი,
ლაზათი შენსავით ვინ იცის ცისკარზე ჭენების!
ნებისად  ბალახის მძოველი ველად დალევ  ნამს და
ჯოგის დამკარგავი  ავად იარები
და არ უბრუნდები გადავლილს.
ვინ  იცის, ვისი ხარ ნადავლი!

აქ ძველი წესია ცხენების გაშვება,
შინაურ ცხოველთა გაგარეულება
და მერე გარეულ  რემათა
მიგნება.
ნება ნაშიერთა -
ერთად კი არა და მარტო ხეტიალი
და ბედი ტიალი,
ხიფათის ცემა და დაცემა  შენსავით!
ავით შენს გახედნას შეიძლებს ვერავინ
და ნელა გიჩვევენ,
ვიდრე ზურგს მიუშვერ ვერაგებს.

ო, შენი ძარღვები ვეება,
კუნთები - ნეკნების მომჭერი,
კისერი,
სერი კი  - ნაშანთი უცნაურ ნიშანთა!

მუსტანგო!
არ გინდა? -
დაგინდო  და ისევ
გაგიშვა თავნება,
ვნებათა ელვარე არე ვლე ჭენებით,
შვებაა!
როგორი შვებაა თავის გაბავშვება!
მე გიშვებ, მუსტანგო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები