ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2022


არ შეურიგდე!

ნინო დარბაისელი

არ შეურიგდე!

როცა დავშორდი პირველ სიყვარულს
უცებ ვიგრძენი,
რომ დედამიწა დაბარბაცდა და სიმძიმის ცენტრი დაკარგა
და რომ  სიცოცხლე ამ სამყაროში ფეხს ვერა და ვერ იკიდებდა.
გათენებული -  არ ღამდებოდა,
დაღამებული - არ თენდებოდა.
სულ ცოტა ხანში
მე დავიღალე და მოვდუნდი,
მე შევეჩვიე,
ბედს შევურიგდი
და  გავიფიქრე შეგუებაში გამოწაფულმა,
რომ ყველაფერი უბრალოდ, დროის ამბავია.

როცა დავშორდი ჩემს სამშობლოს,
უცებ ვიგრძენი,
რომ დედამიწა დაბარბაცდა და სიმძიმის ცენტრი დაკარგა
და რომ  სიცოცხლე ამ სამყაროში ფეხს ვერა და ვერ იკიდებდა.
გათენებული -  არ ღამდებოდა,
დაღამებული - არ თენდებოდა.
სულ ცოტა ხანში
მე დავიღალე და მოვდუნდი,
მე შევეჩვიე,
ბედს შევურიგდი
და  გავიფიქრე შეგუებაში გამოწაფულმა,
რომ ყველაფერი უბრალოდ, დროის ამბავია.

უკრაინაში როცა პირველად ომი დაიწყო
უცებ ვიგრძენი,
რომ დედამიწა დაბარბაცდა და სიმძიმის ცენტრი დაკარგა
და რომ  სიცოცხლე ამ სამყაროში ფეხს ვერა და ვერ იკიდებდა.
გათენებული -  არ ღამდებოდა,
დაღამებული - არ თენდებოდა.
სულ ცოტა ხანში
მე დავიღალე და მოვდუნდი,
მე შევეჩვიე,
ბედს შევურიგდი
და  გავიფიქრე შეგუებაში გამოწაფულმა,
რომ ყველაფერი უბრალოდ, დროის ამბავია.

სხვა რა გზა რჩება სუსტისათვის?
ერთს  გაიბრძოლებ
და თუ მორევა არ შეგიძლია,
რაც არის არის, შეურიგდები… 
მაგრამ მსოფლიოვ,
ყოველწამიერ დროს იმდენი სიკვდილი მოაქვს,
მტერს კი ვერაფერს შეაგონებ, რადგან გონიდან გადასულია.
გესმის, მსოფლიოვ?
შენ ძლიერი ხარ,
მსოფლიოვ, დავდგეთ ყველა
ერთად:
თვით უსუსტესიც,
სუსტიც,
ძლიერიც,
უძლიერესიც,
ვიბრძოლოთ ერთად, ვისაც რითი შეგვიძლია,
ნუ დავიღლებით,
ნუ მოვდუნდებით,
ნუ შევეჩვევით,
და ნურასოდეს შევურიგდებით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები