ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
8 მარტი, 2009


თავი 13. დაბრუნება ("გაცვლა")

დადგა 23 აგვისტო.
სტუდენტებმა ჯერ კიდევ წინა დღეს შენიშნეს ბანაკში ვიღაც ორი კაცი, რომელიც გამუდმებით ტრიალებდა ტერიტორიაზე და განსაკუთრებით – ჭიშკრის სიახლოვეს.
23-ში დილიდან ის ორი კაცი – სხვა ორმა შეცვალა.
ჯაბა მაშინვე მიხვდა, რომ ესენი – მილიციონერები იყვნენ, მაგრამ სამოქალაქო ტანსაცმლით, რათა გარშემომყოფთა ყურადღება არ მიეპყროთ. თენგიზთან გადაამოწმა თავისი ეჭვი და მანაც დაუდასტურა, თან კი სთხოვა, - ნურავისთან იტყვი, ბავშვები არ შეშინდნენო.

სულ ერთი დღე-ღა რჩებოდათ ბანაკში გასატარებლად, - 24 აგვისტოს იხურებოდა სტუდენტური ბანაკი “ოქროს ნაპირი”...
მატარებელი საღამოს 9 საათზე გადიოდა გუდაუთიდან....
მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ მთელი 36 საათი იყო!

მიუხედავად იმისა, რომ გუდაუთის მილიციის მთელი განყოფილება იყო მობილიზებული, ბანაკის ადმინისტრაციას მაინც ეშინოდა გამგზავრების დღისა. გუდაუთის მილიციის უფროსის იდეა, ფეხბურთელებისა და რეგბისტების ადრე გამგზავრება, მაშინვე აიტაცეს თენგიზებმა.

ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ფეხბურთელების დიდი ნაწილი – 23 აგვისტოს, საღამოს რეისით მიფრინავდა, მცირე ნაწილი კი – მეორე დილას, 24-ში...  რეგბისტებს, თითქმის ყველას, 24-ში დილის რეისზე ჰქონდა ბილეთი. მხოლოდ ოთხნი რჩებოდნენ ბოლომდე: ჯაბა, თამაზი და კიდევ 2 ბიჭი.

თვითმფრინავი სოხუმიდან დღის 14 საათზე მიფრინავდა.
ავტობუსი დილის 9-ზე ბიჭებს სოხუმში წაიყვანდა და უკან დაბრუნდებოდა.

23-ში საღამოს სახელდახელო კონცერტი ჩაატარეს ბანაკში...
თეონამ, ავთომ, ფრიდონმა, არმაზმა და კიდევ რამდენიმე სტუდენტმა იმდენი იმღერეს, ყელის ძარღვები სტკიოდათ. აქაო და ბოლო ღამეაო, თითქმის დილის 4 საათზე დაწვნენ დასაძინებლად...

თეონამ თენგიზის ხმა გაიგო. ჯაბას და თამაზს ეძახდა. ორივენი ერთ კარავში იყვნენ და თენგიზს არ გასჭირვებია მათი ერთდროულად გამოხმობა კარვიდან.
- ბიჭებო, ძალიან არის დაძაბული სიტუაცია! ეს თხოვნა შემისრულეთ, ხვალ დილას თქვენც წადით ბანაკიდან. ჯაბა, შენ – განსაკუთრებით... გაგრის თამაშის შემდეგ – ყველა გცნობს... ნეტა იმ გაზეთში სურათი მაინც არ დაებეჭდათ შენი...
- თენგიზ მასწ... წასვლით კი წავალ, მაგრამ... თეონას და ციალას – ვერ დავტოვებ...
- გოგონებს – არაფერს დაუშავებენ...
- ვერა... ან ამათაც წავიყვან და ან ჩვენც აქ დავრჩებით... – მტკიცედ თქვა ჯაბამ.
- ხო, თენგიზ მასწ... მე – ლიას ვერ დავტოვებ აქ... 17 ხომ ჩვენ ვართ? 4 გოგოსაც დავიმატებთ და 21-ნი წავალთ, – ჯაბას მხარი აუბა თამაზმა.
- გასვლა რომელზეა? – იკითხა ისევ ჯაბამ.
- დილას, ალბათ 7-ზე...

თეონა საწოლში მოიკუნტა... შეეშინდა, თუმცა კი თავს არ უტყდებოდა!
“წავიდე სოხუმში თუ დავრჩე აქ? თენგიზა კი დაგვიცავს... თან მთელი გუდაუთის მილიციაც აქ იქნება...  რა უნდა იყოს საშიში? მაგრამ... ჯაბამ რატომ თქვა, აქ არ დავტოვებ ამათო? იქნებ და, მართლაც საშიშია?!... 4 საათია უკვე... უუფ,  რა ცოტა დრო მაქვს დასაძინებლად?! დავიძინებ”.. – თეონამ თვალები დახუჭა და მაშინვე ჩაეძინა.

სულ რაღაც ნახევარი საათის შემდეგ თენგიზმა ჯაბა გააღვიძა:
- ზუსტად 5-ზე გადიხართ! არ იხმაუროთ... ვერავინ უნდა გაიგოს თქვენი წასვლა. გააღვიძე წამსვლელები! მე ფეხბურთელებს გავაღვიძებ...
- არ უნდათ გაღვიძება, თენგიზ... გავაღვიძე უკვე, - კარვიდან გამოვიდა როლანდი, ფეხბურთელების მწვრთნელი, - ეს ნერვიულობა მინდოდა ახლა? ნეტა ეს დღეც მშვიდობით ჩათავდებოდეს და...
- აბა?...

ჯაბამ სწრაფად ჩაიცვა ტანზე და საათს დახედა, - ხუთს 25 წუთი აკლდა.
ჯაბას – თამაზი და ზურა გამოყვნენ გარეთ.

თეონა კარვის კალთაზე უცნაურმა ფხაჭუნმა გამოაღვიძა. ვიღაც ბადის ჩაკეტილი ფანჯრის ახსნას ცდილობდა. კარვის კალთა ასწია და ქვემოდან გახედა: ჯაბა იდგა და თან ფანჯარაზე აფხაჭუნებდა და თან ძალიან ჩუმად ჩურჩულებდა:
- თეონააა! თეეეე! გაიღვიძე, თეონაააა!
- რა მოხდა ჯაბა? გათენდა?
- არა, თეონა, 5-ზე გავდივართ! მე ძალით მიშვებენ და თქვენ აქ არ დაგტოვებთ!
- მოხდა რამე?
- არაფერი ვიცი... სულ 15-17 წუთი გაქვთ! სწრაფად!

თეონამ ციალაც გააღვიძა და 15 წუთში ორივე ავტობუსში იჯდა.
- რა არის, რააა?! მეძინება... – ბუზღუნებდა ციალა.
- მოდი, ჩემთან დაჯექი... თავი მხარზე ჩამომადე და დაიძინე, - შესთავაზა ზორომ.
ციალამ მეორედ აღარც ათქმევინა, მაშინვე გვერდით მიუჯდა და სულ რაღაც 10 წუთის შემდეგ, ავტობუსის გასვლის დროს უკვე გემრიელად ეძინა.

ჯაბამ თეონა ფანჯრის მხარეს დასვა, თავად გვერდით მიუჯდა და მასაც შესთავაზა დაძინება, მაგრამ თეონამ უარი უთხრა. ავტობუსი მალე შეივსო და ზუსტად 5-ზე ადგილიდან დაიძრა.


დილის შვიდის ნახევარზე – სოხუმში იყვნენ.
პირდაპირ ვაგზლის შენობას მიაკითხეს, ბარგი შემნახველ საკანში მიაბარეს და სანაპიროზე გავიდნენ.
მგზავრობამ ყველა მოაშია.
ყველამ თითო მანეთი დადო (მეტი აღარც ჰქონდათ!) და სანაპიროზე კაფეს მიაკითხეს, მაგრამ...
ნურას უკაცრავად, - კაფე დილის ცხრა საათზე იღებოდა.
ცხრამდე – სანაპიროზე სეირნობდნენ... შემდეგ - კაფეში შევიდნენ.

საუზმე – “მდიდრული” ჰქონდათ.
თითოეულზე გათვალისწინებული იყო:
ჩაი ან კაკაო...
ხილფაფიანი ან ზევიდან შაქარმოყრილი ფუნთუშა “სლოიკა”...
1/2 ქილა არაჟანი....
1 მოხარშული კვერცხი.
ეს უნდა ყოფილიყო მათი საუზმეც, სადილიც, სამხარიც და ვახშამიც...

ვინც მიფრინავდა, მათ თავი ქუდში ჰქონდათ, 4-5 საათზე სახლებში იქნებოდნენ... სოხუმში ვინც რჩებოდა, - ისინი იყვნენ ცოდონი, გუდაუთიდან გამოსული მატარებელი მხოლოდ ღამის 3 საათზე ჩამოდგებოდა სოხუმში.

ათის ნახევარზე საუზმეც ნაჭამი ჰქონდათ.
დრო კი... ოოო, რა ნელა მიიზლაზნებოდა დრო!
კინოში შესვლა გადაწყვიტეს.
დილის სეანსზე ბილეთი 20 კაპიკი ღირდა, ამდენად ოცდაერთმა სტუდენტმა კულტ.მასობრივი სვლა მოაწყო კინოთეატრში.... დასაძინებლად!
დარბაზში, მათ გარდა, ფაქტიურად, მხოლოდ 4-5 ადამიანი იჯდა.
თეონა დათოსა და ზოროს შორის აღმოჩნდა.
ციალამ ისევ ზოროს მხარს ჩამოაყრდნო თავი და მაშინვე დაეძინა.
თეონამ – დათოს მხარზე გადაწყვიტა დაძინება, მაგრამ... ვერა... ვერ მოეწყო ისე, რომ დაძინებოდა.
ავტობუსი გაახსენდა, გუდაუთიდან გაგრამდე ჯაბას უბეში შეყუჟულს რომ ეძინა და შეფარვით გახედა.
ჯაბა თეონას უყურებდა.
- ვერ იძინებ? – გადმოუჩურჩლა ჯაბამ.
თეონამ თავი გაიქნია უარის ნიშნად და გაუღიმა. ჯაბამ ბეჭებზე მოსხმული ნაქსოვი ჯემპრი შემოიხსნა და თეონას გადმოაწოდა.
თეონამ ჯემპრი დაკეცა და, დათოს მხარზე თავჩამოდებულმა, ბალიშივით მოიმარჯვა.
ჯემპრს რაღაც ძალიან ნაცნობი და სასიამოვნო სურნელი ჰქონდა. ღრმად შეისუნთქა ეს სურნელი და მიხვდა, რომ ეს თავად ჯაბას სხეულის სუნი იყო. ამ სურნელში საბანივით გაეხვია და თვალები მილულა. შემდეგ კარგად ჩაყო ცხვირი ნაქსოვში და... ტკბილად დაიძინა.

მხოლოდ მაშინ გაეღვიძათ, როცა დარბაზში სინათლე აინთო.
კინოთეატრიდან რომ გამოვიდნენ, ის დრო იყო, რომ ბიჭები აეროპორტში უნდა წასულიყვნენ.
- ჯაბა, რას იზამთ ახლა მთელი დღე? გოგონებს გაუფრთხილდი, რა?!...
- დათო, ხვდები, რომ ტყუილად მელაპარაკები ახლა? აბა რას ვიზამ? ცივ ნიავს არ მივაკარებ არცერთს!
- კარგი, წავედით...

ბიჭებმა სათითაოდ გადაკოცნეს თეონა, ციალა, ლია და დალი, შემდეგ ტაქსებში ჩასხდნენ და აეროპორტში გაემგზავრნენ.
ავტოსადგურში 7 სტუდენტი დარჩა.
მხოლოდ მაშინ დააფიქსირეს, რომ მათთან ერთად დარჩა როლანდიც.
გადაწყვიტეს, რომ 2 ჯგუფად გაიყოფოდნენ: ლია, დალი, თამაზი და გოგი – ლიას ნათესავთან წავიდოდნენ... თეონა, ციალა და ჯაბა კი – სანაპიროზე ისეირნებდნენ. როლანდმაც მათთან ერთად გადაწყვიტა სანაპიროზე დარჩენა.
ციალამ თეონა გვერდით გაიყვანა და უთხრა, რომ მას გადანახული 3 მანეთი ჰქონდა.
ასე გადანახული ჰქონდა თეონასაც, მხოლოდ 10 მანეთი.
ჯაბას, გაოცებისაგან, თვალები შუბლზე ააცოცდა, როცა გოგონებმა თავისი 13 მანეთი მიაწოდეს და უთხრეს: “დღეს საღამოს გვიკავალრეო”...

დღის 3 საათი იყო.
კაფე “ამრაში” შევიდნენ.
ყავა, ნაყინი და ნამცხვრები აიღეს.
როლანდმა 1 დიდი მეგრული ხაჭაპური და 1 ბოთლი შუშხუნა ღვინო მოიტანა.
ასე გემრიელად, ვგონებ, არასოდეს უსადილ-უვახშმიათ.
ეს ერთი ბოთლი შუშხუნა ღვინო ღამის 11 საათამდე წრუპეს.
დამატებით - მხოლოდ ყავა და შოკოლადის 2 ფილა დაიმატეს.
საღამოს 6 საათი ხდებოდა, როცა თეონამ ციალას ყავის ჭიქა აიღო ხელში და ლაპარაკი დაიწყო. კარგა ხანს ლაპარკობდა ისე, რომ ჭიქიდან თვალი არ მოუშორებია.
- თეონა, ნუ გამაგიჟე... ვინ მოგიყვა ჩემი ისტორია ასე დეტალებში?
- არავინ, ციალა... ასე ვხედავ.
- მერე? სად იყავი აქამდე?
- ჩვენც ჩაგვიხედავ ჭიქაში? – იკითხა როლანდმა.
- რა თქმა უნდა?! აბა ამ დროს რა გაიყვანს?!

ციალას შემდეგ – როლანდის ჭიქა აიღო ხელში.
ახლა როლანდი აღფრთოვანდა თეონას ამ უნარით!
სულ ბოლოს ჯაბას ჭიქა ამოატრიალა. ჩახედა და...
- ჯაბა, ცუდი დალეულია! რაღაც უცნაურობებს ვხედავ!
- თავიდან მოვატანინებ, თეონა... თქვენც დალევთ, ხო? – ჯაბა მაშინვე წამოდგა და ოფიციანტს უხმო, - 4 ყავა...

თეონამ ყველა წესის დაცვით დაალევინა ყავა ჯაბას და ფინჯანი ჩაამხო. სულ რაღაც 5 წუთის შემდეგ კი...
- ჯაბა, ისევ იმ უცნაურ რაღაცას ვხედავ...
- მაინც?
- სამი გოგო ენაცვლება ერთმანეთს... სამივე შენს საფეხურზე დგას, მაგრამ... იცი როგორ? მეორე რომ ამოდის, პირველი მაშინ ჩადის...  მეორე ჩადის და მესამე მაშინვე ამოდის... ანუ, ცარიელი არასოდეს გრჩება საფეხური...
- ეს რას ნიშნავს, თეონა? – დაინტერესდა ციალა.
- ჯაბა თუ მომცემს გაშიფვრის უფლებას, - კი ბატონო!
- მეც დამაინტერესა, თეეე... რა საფეხურებზე მეუბნები?
- ჯაბა, სამი საცოლე გიჩანს! და სამივესთვის ყიდულობ საქორწინო ბეჭედს, მაგრამ ერთდროულად – არა!
- სამი?... ბევრი ხომ არ არის ერთი ადამიანისთვის? – გაეცინა ჯაბას, მაგრამ თეონას თვალს არ გამოპარვია ჯაბას თვალებში გაელვებული შიში.
- ჰა, ხომ არ შეგეშინდა, ჯაბა? ქვრივობა არ გიჩანს, ნუ გეშინია!
- არა... არ მეშინია!... შენ შეგეშინდებოდა?
- რისი? სამი საქმროსი? – გადაიკისკისა თეონამ.
- არა, საქმროსი, რომელსაც უკვე ყავდა საცოლე...
- თეონასი არ ვიცი, და... მე სათოფეზე არ გავეკარებოდი ასეთ ბიჭს... - თქვა ციალამ და როლანდს მიუბრუნდა, - როლანდ, არ ვარ მართალი?
- მართალი ხარ, ციალა...
- ჯაბა, ხელი მაჩვენე?! – თეონამ დიდხანს ათვალიერა ჯაბას ხელი, - აქაც სამნი არიან!... პირველი – კვალს არ ტოვებს... მესამესთან – ბოლომდე რჩები... მეორე კი... მეორე შენი დიდი ტკივილი იქნება, ჯაბა! და მას ვერასოდეს ამოირეცხავ გულიდან!
- და როდის მოხდება ეს? – მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი ჯაბამ.
- 25-29 წლის ასაკში მოხდება ყველაფერი!
- სადღეგრძელოს გთავაზობთ, - ჭიქა ასწია როლანდმა, - თქვენს მომავალს დავლოცავ, ბავშვებო!
- დიდი მადლობა, როლანდ!... რა მაგის პასუხია და, საკმაოდ აგრილდა... – თქვა თეონამ.
- სად გაქვს ჟაკეტი? – ჰკითხა ციალამ.
- ჩემოდანში... ჩემოდანი კი – შემსაკანში... ვერ გავითვალისწინე, რომ საღამოს აცივდებოდა.
- ჯაბას მიუცუცქდი... ხელს გადაგხვევს და აღარ შეგცივდება, – გაეცინა ციალას, - აბა რა გიყოთ?..

ჯაბამ ჯემპრი გაიხადა და თეონას ჩამოაცვა კისერზე:
- ჩაიცვი... არ გაცივდე.
- მერე შენ?
- მე არ მინდა... ჩაიცვი, ჩაიცვი!

“ღმერთო, ამ ჯემპრს აქვს ასეთი საოცარი სითბო თუ იმიტომ არის თბილი, ჯაბასი როა?”
გათბა თეონა.
მხოლოდ სხეული კი არა, გულიც გაუთბა და სულმაც წაიღიღინა...

თვალები დახუჭა და საკუთარ გულში ჩაიხედა: ორად დახვდა გული გაპობილი.

გულის ერთ ნახევარში – გია იპოვა, კუთხეში ჩუმად მიმჯდარი, ცრემლიანი თვალებით.
თავი ააწევინა და სცადა, მის თვალებში ჩაეხედა, - ვერ შესძლო... გია თვალს არიდებდა!
თავადაც ცრემლებით დაენამა თვალები.

გულის მეორე ნახევარში გადაინაცვლა. სიმღერა შემოესმა საკუთარი გულიდან. კუთხე-კუნჭული მოათვალიერა, მაგრამ ვერავინ იპოვა... მხოლოდ სიმღერის ხმა ისმოდა გარკვევით. ხმა ჯაბასი იყო... მაგრამ სად იყო თავად ჯაბა?!
“ჯაბა, სად ხარ?”- ჩაილაპარაკა და აქაც ცრემლებით აევსო თვალები.

- აქ ვარ, თეონა... თვალი გაახილე... – ჯაბამ თეონას წინ ჩაიმუხლა, ხელი მოჰკიდა თეონას და ოდნავ შეარხია.

თეონამ თვალი გაახილა და ჯაბა რომ დაინახა, სიხარულისგან კისერზე მოხვია ხელები.
- აქ ხარ? ვეღარ დაგინახე და შემეშინდა!..
- სულელო გოგო... აბა სად წავიდოდი? ჩათვლიმე ალბათ. ადექი, მივდივართ... სადგურის მოსაცდელში დაველოდოთ დანარჩენებს...
- ციალა და როლანდი სად არიან?
- აქ არიან ისინიც... აიიიი, გასასვლელისკენ მიდიან. წავიდეთ....

ნელ-ნელა, ტაატით მიდიოდნენ სადგურისკენ. ან რა ეჩქარებოდათ? 11 საათზე გამოვიდნენ კაფე “ამრადან”. ყველაზე ბევრი, 12-ზე სადგურში იქნებოდნენ... მატარებელი კი მხოლოდ ღამის 3-ზე ჩამოდგებოდა სოხუმში.

სადგურში მისვლისთანავე გამოიტანა თეონამ თავის ჩემოდანი შემსაკნიდან და თავისი ჟაკეტი ამოიღო, ჯაბას კი – საკუთარი ჯემპრი დაუბრუნა.
- როგორ გაგითბია ჯემპრი, თეონა?! საოცარი სითბო აქვს... ასეთი თბილი ეს ჯემპრი არასოდეს ყოფილა!
- ასე დაგვეძინება... მოდი, დავსხდეთ და რამე ვითამაშოთ... კარტი მაქვს ჩანთაში! – თქვა როლანდმა.
- ხო, მოდი, ჯოკერი ვითამაშოთ?! მე და როლანდი და შენ და თეონა... ჯაბა, ითამაშებ, ხო?

თამაში დაიწყეს.
გრძნობს თეონა, რომ ეძინება, მაგრამ უარს ვერ ეუბნება მეგობრებს... არა და, თვალები თავისით ეხუჭება.
ჯაბა შეჰყურებს თეონას მიბნედილ თვალებს, მაგრამ ვერც ის ამბობს რამეს, არ უნდა ციალას აწყენინოს.

მალე თამაზი, გოგა, ლია და დალიც მოვიდნენ.
- ჩვენც გვათამაშეთ, რა?
- აი, დავამთავრებთ ამ ხელს და... – ციალამ წინადადების დამთავრებაც ვერ მოასწრო, რომ ჯაბამ თავისი კარტი – თამაზს გადასცა, თეონამ კი – ლიას.
- მეძინება, რააა... – საბრალო სახით თქვა თეონამ და ხის სკამის საზურგეს მიაყრდნო თავი.
- ცოდოა ეს ბავშვი... დააძინეთ ვინმემ... 17 წლისაა ჯერ, მეტის კი არა?! – გამოვიდა სიტყვით თამაზი.

ჯაბა გვერდით მიუჯდა თეონას. შეფარვით გახედა.
თეონას მაშინვე ჩაეძინა, თუმცა საშინლად არაკომფორტულად იჯდა. თავი საცოდავად გადაუვარდა გვერდზე... ჯაბა ახლოს მიიწია, მისკენ გადაიხარა და თეონას თავი მხარზე ჩამოიდო. “რბილი” ბალიში რომ შეიგრძნო, თეონა ჯაბასკენ გადაიწია და ისევე გემრიელად მოეწყო, როგორც გაგრის გზაზე.
თითქმის ორი საათი ეძინა.

ჯაბაც უძინარი იყო და... მასაც ჩაეძინა, თეონას თავზე თავმიდებულს.
თამაზმა კარტის თამაშს თავი დაანება, თავისი სამგზავრო ჩანთიდან პირსახოცის დიდი ხალათი ამოიღო და თეონას მიაფარა, შემდეგ კი – თამაში განაგრძო.

- კარგი გოგოა თეონა, ამ ბავშვს რომ ვუყურებ, ასე მგონია, საუკუნეა, რაც ვიცნობ... - თქვა თამაზმა.
- ხო... მართლა კარგი ბავშვია! – დაეთანხმა როლანდი.
- თქვენ დედამისი უნდა ნახოთ, რა ქალია! მასეთი ქალი – უნივერსიტეტში არ დადის! – საუბარში ჩაერთო ციალაც.
- ისე გემრიელად სძინავთ, ცოდოა მათი გაღვიძება, მაგრამ... ნახევარ საათში მატარებელი შემოვა. ჯაბა, გაიღვიძე, დროა...
- რამდენ ხანში ჩამოდგება მატარებელი? – იკითხა ჯაბამ და თეონას დახედა.
- ნახევარ საათში.
- ცოდოა, ეძინოს კიდევ 10-15 წუთი...

ამ ლაპარაკზე თეონას გაეღვიძა, მაგრამ არ შეიმჩნია. თბილად და მყუდროდ გრძნობდა თავს.

10 წუთის შემდეგ ჯაბამ ძალიან ფრთხილად გააღვიძა თეონა. ცოტა ხანში – ბაქანზეც გადაინაცვლეს და... მატარებელმაც მოაკივლა სადგურს.




(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები