| ავტორი: თემური57 ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 7 სექტემბერი, 2022 |
კვლეა ,,გრაკლიანი გორაზე“ აღმოჩენილი უძველესი ქართული წარწერის დეშიფრირებისათვის პირველი საფეხური პირობითად ორი ანბანური დამწერლობით შესრულებული წარწერა, რომელიც ,,გრაკლიანი გორაზე“ წარმოებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩნდა, დაზუსტებული დათარიღებით დადგენილია, რომ განეკუთვნება ძვ.წ. XI-X საუკუნეებს, ანბანური (დამწერლობის ,,მატრიცად“ დღემდე ითვლება ფინიკიური დამწერლობა, რომელმაც დასაბამი მისცა სხვა ანბანურ დამწერლობებს, მაგრამ ,,გრაკლიანის წარწერამ“ (შემდგ. ასე ვუწოდოთ ამ წარწერას) ნათლად აჩვენა, რომ ის უხნესი თუ არა, ფინიკიურის თანატოლია (ყველაზე უძველესი ფინიკიური წარწერა ძვ.წ. მე-10 საუკუნეს განეკუთვნება), ხოლო დაახლოებით ასი-ასორმოცდაათი წლით უფროსი ბერძნულ დამწერლობაზე. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ კაცობრიობის უძველეს ცივილიზაციათა შორის, ჩვენ, ქართველები, ერთ-ერთი მოწინავენი ვიყავით და ჩვენს გარშემოც ბრუნავდა სამყარო (აღნიშნულ გამონათქვამს ნუ ჩამითვლით ,,ფობიურ“ გამონათქვამად).
ეს მცირე ექსკურსი წარსულში, რადგან ჩვენი ინტერესის საგანი არ გახლავთ სხვა დამწერლობათა ძირეული კვლევა, საჭირო იყო მხოლოდ იმისთვის, რომ წარმოგვეჩინა ,,გრაკლიანის წარწერის“ უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა.
ხოლო, ახლა, რაც შეეხება თვითონ ამ უძველეს წარწერას (საკურთხევლის ქვემოთ შესრულებული წარწერა), ჩემი გაოცება გამოიწვია ზოგიერთი მკვლევარის მისდამი არათანაზომიერმა დამოკიდებულებამ. ერთნი თვლიან, რომ იგი არამეულის მსგავსია, სხვანი მას სემიტურს ადარებენ და ა.შ. და არავინ ეწინააღმდეგება ამ გამონათქვამებში დაშვებულ უზუსტობებს.
როგორ შეიძლება გვიან შობილი ბავშვი, ადრე შობილის წინაპარი იყოს? ... რა არამეული, სემიტური ან ლათინური? ქართული წარწერა მათზე უხნესია და მისგან წარმოიშვა სხვა დამწერლობები. ისინი ჰგავან ჩვენს უძველეს დამწერლობას.
ჩვენი კვლევის კონცეფციაც (აღნიშნულ საკითხს ერთად ვიკვლევთ მე და ჩემი შვილი), სწორედ ამ მთავარ მოსაზრებას დაეფუძნა და ალგორითმიც შესაბამისი შედგა. ,,გრაკლიანის წარწერაში“ მოცემული ასოების მოძიება დავიწყეთ სხვა, უფრო გვიან შექმნილ დამწერლობებში. აღმოჩნდა, რომ ჩვენი აზრით, ამ ასოებს შეესაბამებიან ქართული ასომთავრული, ფინიკიური და ა.შ. ანბანური ნიშნები.
აღნიშნული მოსაზრება მართლაც გაამყარა ასეთმა შედარებებმა. ,,გრაკლიანის წარწერის“ პირველი ასო მივამსგავსეთ ქართული ასომთავრულის ,,ქ“ ასო-ნიშანს, თუმცა ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ის არის თანამედროვე ,,ჯ“ ასო.
ჩვენ, მათ მიმართ საწინააღმდეგო არაფერი გაგვაჩნია, ყველას თავისი მიმართულება აქვს, მიჰყვება ,,საკუთარ გზას“. დრო განსჯის ჩვენს შორის მართალს. ამიტომ არც აქ და არც ქვემოთ, ჩვენ არ დავიწყებთ მათ კრიტიკას და საწინააღმდეგოს მტკიცებას, მითუმეტეს, რომ ჩვენ ვიცით, სად გადის ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი და ამ სფეროში რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, ისე, როგორც სხვა შემთხვევებშიც, თუმცა ანბანურ ხელნაწერთა და უძველეს წარწერათა გარკვეული რაოდენობის გაშიფვრა, სწორედ არასპეციალისტებზე და შემთხვევითობაზე მოდის.
ვიდრე თხრობას განვაგრძობთ, აუცილებლად მიგვაჩნია იმის აღნიშვნა, რომ ,,გრაკლიანის წარწერის“ ფოტოასლები კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ კარგით, ერთიხელისგაწვდენაზე გვაქვს ამის შესაძლებლობა, რამდენიმე ათეული კილომეტრის დაფარვა ან ასეულისა მოგვიწევს და ,,ნატურალურად ვიხილავთ“ ამ წარწერებს, თანაც საავტომობილი გზიდან სრულიად ახლოს განთავსებულ აგორაკზე, მაგრამ რა ქნან იმ მეცნიერებმა, რომლებიც ,,ჩრდილოეთ პოლუსზე“ ცხოვრობენ ან თავდაყირა დგანან მოპირდაპირეზე და ამ წარწერებს იკვლევენ?
არცერთი ფოტო არ არის გადაღებული შესაფერისი რაკურსით. აღარაფერს ვამბობთ სრულ ზომაზე (ფორმატზე). გვხვდება ყველანაირი, მაგრამ, რომ რომელიმე ფოტოგრაფი მუხლებზე მაინც დამდგარიყო და წარწერა ერთი, პირდაპირი რაკურსით (სიბრტყით) გადაეღო, არა! ანდაც წამოწოლილიყო და თეთრი პერანგის დასვრას არ მორიდებოდა ... ღმერთმა გვაცილოს! ეს წარწერები ხვალ რომ დაზიანდეს, კარგი ფოტო, ნატვრალური ზომისა და მაღალი ხარისხისა, ხომ უნდა შემოვუნახოთ მომავალ თაობებს? ამას ისიც ემატება, რომ ..გრაკლიანის წარწერის“ გრაფიკული გამოსახულებაც უზუსტობებს შეიცავს. ერთ-ერთში ასეთიც კი ვნახეთ, წარწერის დასაწყისის ქვის კუთხე, ,,კირილიცის ანბანის“ ,,გ“ ასოდ მიიჩნიეს. აგრეთვე, საერთოდ ამოღებულია ე.წ. მზის სიმბოლოს ნიშანი (მას ქვემოთ დავუბრუნდებით) და მიჩნეულია რაღაც ასო-ნიშნად. ერთი სიტყვით, რამდენი თვალიცაა, იმდენია გამოსახულებაც.
ამასთან, გვიდა დავძინოთ ისიც, რომ კვლევის სხვადასხვა საფეხურზე, ჩვენ გავაკეთებთ გარკვეულ დასკვნებს, მაგრამ ჩვენს მიერ შემუშავებული ალგორითმის გამო, შეიძლება მოგვიწიოს მათი უარყოფა, რაღაცის დამატება ან გამოკლება, ანდაც სრულიად ახალი დასკვნის ჩამოყალიბება. ამას განაპირობებს სხვადასხვა გარემოება, რაზეც ქვემოთ, მსჯელობისას აუცილებლად გავამახვილებთ ყურადღებას.
წარწერის მეორე და მესამე ასო-ნიშანი ჩვენი აზრით არის თანამედროვე ,,ა“ და ,,ი“. ეს ნიშნები (ასოები) ისეა დაწერილი (გამოკვეთილი), რომ რომელიღაც ასოს ერთიან იმიტაციას ქმნიან. თითქოს თანამედროვე ,,ყ“ ასოსას, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არამარტო ძველ ქართულ, ბერძნულ და ა.შ. დამწერლობებში გვხვდებოდა წერისათვის დამახასიათებელი ე.წ. ლიგატურა, ანუ წინა ასოს გვერდი, ფეხი ან სხვა ნაწილი გამოიყენებოდა მომდევნო ასოს ფეხად, გვერდად და ა.შ. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ თანამედროვე ,,ყ“-ს მაგვარი ნიშანი არის ასო ,,ა“-სა და ასო ,,ი“-ს ლიგატურა. თანაც იყო ასეთი წერის ე.წ. სტილიც, ერთი ასო, მეორის თავზეც იწერებოდა.
მაშასადამე, წარწერის პირველი სამი ასოა ,, ქ,“, ,, ა“ და ,,ი“ - ,,ქაი“. თუმცა ასო ,,ა“ ამ შემთხვევაში თანამედროვე ,,ა“-ს ვიზუალურად მსგავსია, მაშინ, როცა ასომთავრულში ის შებრუნებული სახით იწერებოდა.
ამას თავისი ახსნა გააჩნია. ვფიქრობთ, რომ ასო ,,ა“ ,,გრაკლიანის წარწერაში“ იმ გამოსახულებით გვხვდებოდა, როგორითაც ის თანამედროვე ქართულში გვხვდება. წლების, საუკუნეების მანძილზე გადამწერები ხშირად უშვებდნენ შეცდომებს და არა მხოლოდ ასოებს უცვლიდნენ მდგომარეობას, მათ რაღაც-რაღაცეებს ამატებდნენ კიდეც. ძვ.წ. მე-10 საუკუნის დასაწყისიდან, ვიდრე ამავე წელთაღრიცხვის მესამე საუკუნემდე, როცა შეიქმნა ასომთავრული დამწეროლა (ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით ძვ.წ. მე-5 საუკუნე), ასო ,,ა“ თანამედროვე სახით იწერებოდა, ხოლო შემდეგ ის ჰორიზონტალურ სიბრტყეზე სიმეტრიულად აისახა.
ის, რომ ასომთავრული ანბანი ,,ინახავს“ ,,გრაკლიანის წარწერის“ საიდუმლოს ამოხსნის გასაღებს, ესეც, ჩვენ არ გვეჩვენება რაღაც დიდ სასწაულად. ამ დამწერლობათა შორის სხვაობა სულ რაღაც შვიდასი-ხუთასი წელია. ეს კი არც ისე დიდი დროა იმისათვის, რომ ერთის ზეგავლენა, მეორეში სრულიად გამქრალიყო და მათ შორის კავშირი, ანდაც ასო-ნიშანთა მსგავსება, ვერ დადგენილიყო. ასევეა სხვა დამწერლობებთან მიმართებითაც, რომელთა მიხედვითაც ჩვენ რამდენიმე ასო დავადგინეთ.
მეოთხე ასო ჩვენი თვალთახედვით არის თანამედროვე ,,მ“. მეხუთე ისევ ,,ი“ და მეექვსე ,,ნ“. ამრიგად, მზის სიმბოლომდე მოცემული ასოთა წყობა შეგვიძლია წავიკითხოთ, როგორც ,,ქაიმინ“.
ჩვენ არ ვიცით, იმ ეპოქაში რას ნიშნავდა აღნიშნული სიტყვა. შესაძლებელია ის დაკავშირებული იყო ,,დაბადებაში“ გადმოცემულ, წარღვნისშემდგომდროინდელ, კაცობრიობის განსახლებისა და ამა თუ იმ ერის წარმომავლობის პროცესებთან. ქამსა (ქაიმინ) და მის შთამომავლობასთან, თუმცა ჩვენ, ქართველები მივეკუთვნებით იაფეტურ მოდგმათა ერს.
როგორც მოგეხსენებათ, პირველი ბიბლიური ჩანაწერები განეკუთვნებოდა ძვ.წ. XVII – XVI საუკუნეებს და სრულიად შესაძლებელია, რომ ეს სწავლება, ჩვენი წინაპრებისთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო. მითუმეტეს, რომ ნოე და მისი შვილები, არარატის მთიდან, სწორედ იმ მიმართულებით წავიდნენ, სადაც ხარობდა ვაზი, რომლისგანაც ნოემ ღვინო დაწურა და დააგემოვნა კიდეც ... ვაზი სად ხარობდა? არარატის მთიდან სულ რაღაც ორას-სამას კილომეტრში, ჩრდილოეთით, სანამდეც მისვლა ნოესა და მის შთამომავლებს სულაც არ გაუჭირდებოდათ. ისინი ხომ შემდგომ მთელს ,,ძველ სამყაროში“ განსახლდნენ? სიტყვა ,,ქაიმინ“ - ის შემდეგ ,,გრაკლიანის წარწერაში“ გამოსახულია, ჩვენი აზრით მზის სიმბოლო (წრეწირის არასრული ფორმა), ზემოთ დატანილი თითებისმაგვარი ანაბეჭდებით, რომლებიც წააგავს სხივებს.
სავარაუდოდ ან მზეს უწოდებდნენ ჩვენი წინაპრები ქაიმინს ან ეს იყო სიტყვა, რომლეიც წარმოადგენდა ერთგვარ სადიდებელ მიმართვას ღვთაება მზისადმი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცოტათი უფრო ადრე (ძვ. წ. XIII - XII ს.ს.), ბერძნები იმყოფებოდნენ კოლხეთში და ,,ოქროს საწმისი“ მზის ძეს - აიეტს წარსტაცეს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენი წინაპრები ღვთაება მზეს ნამდვილად სცემდნენ თაყვანს. ხოლო ,,გრაკლიანი გორა“, სადაც ქართველური ტომები სახლობდნენ, პირდაპირ ებჯინებოდა ძველი კოლხეთის სამეფოს და შესაძლებელია მის შემადგენლობაშიც შედიოდა.
ეს გახლავთ ჩვენი კვლევის შედეგების პირველი საფეხური. კვლევას ვაგრძელებთ, მაგრამ შეიძლება მომდევნო დასკვნებმა რაღაც შეხედულება შეგვაცვლევინოს, ან გაგვაღრმავებინოს, თუმცა ფაქტი ერთია. ამ წარწერის აღმოჩენაში ზეციური ხელი ნაღდად ურევია, რადგან ღვთისმშობლის წილნაყარმა ქვეყანამ, თავისი კუთვნილი ადგილი დაიმკვიდროს, უფრო სწორად აღიდგინოს, კაცობრიობის ისტორიაში.
,,გრაკლიანის წარწერა“ საქართველოს შუაგულში აღმოჩნდა. არც დასავლეთ საზღვართან ან აღმოსავლეთით, თუნდაც ჩრდილოეთით, ანდაც სამხრეთით ... შუაგულ საქართველოში, რითაც სრულიად გამოირიცხა პრედენდენტთა ინტერესები - ,,წარწერა საზღვრისპირა რეგიონშია აღმოჩენილი და შეიძლება ის ჩვენც გვეკუთვნოდესო“! ... არა! აგრე არ იმართება შემოქმედის მიერ შექმნილი სამყარო!
კვლევის მეორე საფეხური
კვლევის ამ ეტაპზეც არ ჩავთვალეთ საჭიროდ კონცეფციის ცვლილება და შემუშავებული ალგორითმით მივყევით ,,ფანტაზიის დინებას“, ოღონდ იმ მკაცრი დათქმით, რომ ყველა მოსაზრება და ინფორმაცია გაგვემყარებინა თანამედროვე არქეოლოგიური ან ისტორიული ფაქტებით.
,,გრაკლიანის წარწერა“ უდავოა, რომ ძალიან რთული გასაშიფრია. ,,ტექსტი“ არ არის მოცულობითი და არცერთი ასო-ნიშანი, ჩვენი ვარაუდით არ მეორდება. იმასაც კი ვერ ვამტკიცებთ გადაჭრით, რომ აღნიშნული წარწერა ნამდვილად ანბანური დამწერლობითაა შესრულებული, რადგან ვიდრე იგი არ გაიშიფრება, ამის მტკიცება მხოლოდ პირობითი იქნება.
ერთი სიტყვით, ციყვივით წრეზე მოგვიწევს სირბილი მანამდე, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ ან ჩვენ, ანდაც სხვები. ღმერთმა ქნას ამის გაკეთება ჩვენზე ადრე შეძლოს ვინმემ. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ,,ჭირსაც წაუღია“ სხვა ყველაფერი - დაფნის მწვანე თუ ოქროსფერი ფოთლებისაგან დაწნული გვირგვინი, სიამაყე და ა.შ. თუ ვინმეს რამეში შევეხიდებით ან წყვდიადში მოკიაფე სანთლის შუქი ვიქნებით, ჩვენთვის ესეც საკმარისია. პირველ შემთხვევაში, ტექსტში, ჩვენ ე.წ. მზის გამოსახულებამდე არსებული წარწერა გავშიფრეთ, როგორც ,,ქაიმინ“, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ვარიანტია. მკითხველს მოეხსენება, რომ (ამის შესახებ ზემოთაც ვისაუბრეთ) ანბანური და სხვა ნებისმიერი დამწერლობისთვის ერთი ან ზოგჯერ რამდენიმე ათასწლეული ისეთი უსაშველო დრო არ არის, რომ არ დადგინდეს ,,ნათესაური კავშირი“ მასსა და ,,მშობელს“ შორის, რადგან ამ შემთხვევაშიც, როგორც ადამიანთან დაკავშირებით, არსებობს ერთგვარი დნმ -ის ე.წ. სპირალი, რომელშიც შენახულია, თანაც უპირობოდ, მისი (ანბანის) წარმოშობის, ნათესაური კავშირის, სტრუქტურისა და ა.შ. ინფორმაციები. მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ვერ დაადგინოთ ,,წინაპარი“ (წინარე) ანბანი, მაგრამ დაადგენთ ,,შთამომავალს“. ზოგ შემთხვევაში კი, ანბანი საუკუნეების მანძილზე ისე გამოიყენებოდა, რომ მხოლოდ მცირე ცვლილებას განიცდიდა. მაგალითად: ქართული მხედრული ანბანი შექმნილია დაახლოებით ა.წ. მე-10 საუკუნეში და მას დღემდე ვიყენებთ, თუმცა ჩვენი ვარაუდით, მისი ასო-ნიშნები აღებული უნდა იყოს რომელიმე წინარე ანბანიდან, ნაწილობრივ მაინც და შევსებული, შეიძლება ფინიკიურიდან ანდაც არამეულიდან, პირობითად, და ა.შ. როგორც არსებობდა ერთი პრაენა, ასევე უნდა არსებულიყო ერთი პრაანბანი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სეგმენტირდა, მაგრამ ასოთა მოხაზულობა და ურთიერთმსგავსება ასე თუ ისე შეინარჩუნა.
,,გრაკლიანის წარწერასთან“ მიმართებით, სწორედ ასეთი შემთხვევა გვაქვს. მართალია, ჯერ-ჯერობით არ არის დადგენილი მისი წინარე ანბანი (თუკი ასეთი არსებობდა და ის თვითონ არ არის ,,წინარე“), მაგრამ შეგვიძლია დავადგინოთ მისი გავლენა სხვა ანბანურ დამწერლობებზე. ბევრ ანბანში მისი ასო-ნიშნები პირდაპირაა გადატანილი ან მცირედით სახეცვლილია, ანდაც მისადაგებულია სხვა ბგერითი მნიშვნელობა. ამიტომ ჩვენ, ქვემოთ წარმოგიდგენთ ,,გრაკლიანის წარწერის“ პირველი სიტყვის სხვაგვარად წაკითხულ ფორმასაც.
ამასთან, აქვე დავძენთ, რომ დაახლოებით სამასი წლით ადრე, კოლხეთში იმყოფებოდნენ არგონავტები. სამწუხაროდ ესეც ხაზგასასმელია, რომ ,,ჩვენი მკვლევარები ვერ გაცდნენ ,,ოქროს საწმისს“ ისიც ლეგენდის დონეზე, არც ევრიპიდე და არც ესქილე მათ ნაწარმოებებში არ აჟღერებენ ანბანური დამწერლობის შესახებ ინფორმაციას, რაც ჩვენი აზრით იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ,,გრაკლიანის წარწერა“ სხვა ანბანიდან არ არის შექმნილი ან დაასლებული და ის ე.წ. წინარე ანბანია. ყოველ შემთხვევაში ქართულენოვანი ხალხისთვის.
როგორც წინა კვლევისას, წარწერის პირველი ასო-ნიშანი ისევ მივიჩნიეთ ასო ,,ქ“-დ. მეორე კი, ლიგატურის გამოყენებით დაწერილ ორ ასო-ნიშნად: ,,ა“-დ და ,,ი“-დ, მაგრამ ასო ,,ი“ -ს, ასომთავრულში, მის ფორმას, როგორაც ის არის დაწერილი არამეულში, მიესადაგება ასო ,,რ“. რა შუაშია აქ არამეული? ... ჩვენ ხომ ავხსენით ზემოთ? ,,გრაკლიანის წარწერის“ ასო-ნიშნები შეიძლება გაბნეული იყოს სხვადასხვა უძველეს ანბანებში და წარმოადგენდნენ ტექსტის დეშიფრირების გასაღებს. კარგით, სხვა მტკიცებულება გჭირდებათ? ... ასომთავრულში ასო ,,რ“ (კვლევაში ასოები ასეთი სახით იმიტომ გვაქვს წარმოდგენილი, რომ არ აგვერიოს ისინი მათ ანბანურ დასახელებაში და არავინ იფიქროს, რომ რამდენიმე ბგერას შეიცავს. მაგალითად: ,,ანი“) იწერება იმგვარად, რომ მას წააგავს არამეული, ოღონდ შემდეგი განსხვავებით: ასომთავრულის ,,რ“ ასოს ქვედა ფეხი მორგვალებულია და იმეორებს ასო ,,ა“-ს ქვედა ნაწილს, მაგრამ მას არ აქვს მარცხენა მხარეს, თავში ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც ვეტრიკალურ ხაზთან მართ კუთხეს ქმნის. თუმცა ხელი მარჯვენა მხარესაა დატანილი, დაახლოებით შუ ნაწილში და ,,მოხრილია“ ასევე მართი კუთხით ქვედა მიმართულებით. აქაც კარგად ჩანს ლიგატურის გამოყენების კვალი. უფრო აშკარად, ვიდრე არამეული ,,რ“-ს შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ არამეული ავიღეთ ზუსტი მსგავსების გამო, თუმცა ისევ შეგახსენებთ, რომ უძველეს ანბანურ დამწერლობებში გვხვდებოდა ერთნაირი, მსგავსიც და განსხვავებული ასოებიც, ოღონდ სხვადასხვა ან იდენტური ბგერითი გამოთქმით.
მაშასადამე, პირველი სამი ასოა ,,ქარ“ და შემდეგ არის, ასევე ასომთავრულის გამოყენებით, ოღონდ მცირედი სახეცვლილებით დაწერილი ასო ,,თ“. ე.ი. გვაქვს სიტყვა ,,ქართ“-ი.
შემდეგი ასო ჩვენი აზრით არის ასო ,,ვ“. ,,გრაკლიანის წარწერაში“ ეს ასო წარმოდგენილია ცენტრალური ვერტიკალური ხაზით, რომელსაც აქვს ე.წ. მოხრილი მკლავები. მარჯვენა ზემოთ მიმართული და მარცხენა კი წვერის გაგრძელება, რომელიც ვერტიკალურ ხაზთან ქმნის მართ კუთხეს.
ეს ნიშანი ასომთავრულში თითქმის იდენტურია, მხოლოდ მარჯვენა მკლავი დახრილია ქვემოთ, მართი კუთხით, ნაცვლად ზემოთა მიმართულებისა. ამიტომ შეგვიძლია პირველი სიტყვა წავიკითხოთ როგორც ,,ქართვ“-ი.
,,ვ“ ასოს შემდეგ მოსდევს ლათინური H-ის მაგვარი პატარა ასო, რომელიც დაწერილია ,,ვ“-ს ქვემოთ, ოდნავ მარჯვნივ და მერე მზის სიმბოლო (ჩვენ ჯერ ვერ დავადგინეთ ეს რა ასოა).
წარწერაში გამოყენებული ,,მკლავებიანი ასო“ ასევე ძალიან ჰგავს ქალდევურ ,,ნ“-ს, ოღონდ მას არ აქვს მარცხენა ზედა მკლავი და ცენტრალური ვერტიკალური ხაზი დახრილია მარჯვენა მიმართულებით. მაშინ ჩვენ გვექნება სიტყვა ,,ქართნ“ -ი.
ახლა, რაც შეეხება კვლევის პირველ საფეხურში წარმოდგენილ ,,ა“ ასოს, რომელიც მხედრულია. ამგვარი ასო მოვიძიეთ ე.წ. ენოხურ დამწერლობაშიც და ის აღნიშნავდა ასო ,,დ“-ს.
მაშასადამე, ზემოთ ჩვენ ამიტომ გამოვთქვით ის მოსაზრება, რომ სხვადასხვა დამწერლობაში წინაპარი ანბანიდან გადასული ასოები შეიძლება დაიწეროს სახეცვლილებით, იდენტურად ანდაც მისადაგებული ჰქონდეთ სხვა ბგერები.
კვლევის ამ საფეხურზე ჩვენ ვივარაუდეთ შემდეგი: პირველი სიტყვა არის ,,ქართვ“ ან ,,ქართნ“ მერე მზის სიმბოლო და შემდეგ კიდევ რაღაც სიტყვა, რომელზეც ჯერ მუშაობა არ დაგვიწყია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ტექსტი უნდა შეეხებოდეს ,,გრაკლიანი გორის“ ტერიტორიაზე მცხოვრებ ტომს, რომლებიც ღვთაება მზეს ევედრებოდნენ თავიანთ კეთილდღეობას. მ,აგალითად, თანამდეროვე გამოთქმით ასე: ,,ქართვ ან ქართნ, მზეო, დაიფარე!
ის ფაქტი, რომ იბერიის სახელწიფო მოგვიანებით შეიქმნა და ქართებიც იმ პერიოდში მხოლოდ ,,ფეხს იდგამდნენ“, არ ნიშნავს მათ არარსებობას. მაგალითად: ძვ.წ. მე-18 საუკუნის ლურსმულ წარწერაში მოხსენიებული არიან დაქირავებული კოლხი მეომრები, მაგრამ იმ ეპოქაში, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით ასეა მიღებული, მათ სახელმწიფო არ გააჩნდათ.
ახლა ვიკვლევთ ასო ,,თ“ -ს სხვა მნიშვნელობასაც და ვფიქრობთ, რომ ის შეიძლება ერთ-ერთი ანბანის მიხედვით იყოს ასო ,,მ“. მაშინ გვექნება ,,ქარმვ“ ან ,,ქარმნ“ სიტყვები, რაც მართალია ,,ყურს“ ცუდად ხვდება, მაგრამ დამახასიათებელია იმ ეპოქისთვის. თანხმოვანთა ამგვარი თანმიმდევრობა, სულაც არ იყო უცხო უძველესი ხალხისათვის.. მაგალითად: ფინილიურ დამწერლობაში, ოცი (ზოგიერთი ოცდაორი) ასო-ნიშნიდან არცერთი არ იყო ხმოვანი.
კვლევის მესამე საფეხური
ამ შემთხვევაში ჩვენ პირველი ხუთი ასო-ნიშანი, პირობითად მზის სიმბოლომდე, ასე თუ ისე გავარკვიეთ, მაგრამ კვლევის მესამე საფეხურზე დავიწყეთ ტექსტის უფრო სიღრმისეული შესწავლა. ამიტომ, მეხუთე ასო-ნიშანი, რომელიც ჩვენ წინა შემთხვევაში ჩავთვალეთ, რომ იყო ან ,,ვ“, ასო ან ,,ნ“ ასო, შევცვალეთ და მივიჩნიეთ - cuphique ცხრილის მიხედვით, ასო ,,ო“-დ ან გრძელ ,,ო-ო“-დ. მაშინ გვექნება ,,ქაიმო“ ან ,,ქაიმოო“, ხოლო, მეორე შემთხვევით, როცა მესამე ასო ,,ი“ მივიჩნიეთ ასო ,,რ“-დ და მეოთხე ასო ,,მ“ (ზემოთ ამის შესახებ გვაქვს მონაცემები) ასო ,,თ“-დ გამოვიდა სიტყვა ,,ქართო, შესაბამისად ,,ქართოო“.
ამის შემდეგ ჩვენ მივადექით ე.წ. მზის სიმბოლოს. დიდი ხნის დაკვირვებისა და კვლევის შედეგად დავასკვენით, რომ ეს მონახაზი წარმოადგენდა ასო-ნიშანთა გარკვეულ სიმბოლოებს. კერძოდ: ის შედგებოდა სამი ასო-ნიშნისაგან და ჩვენი აზრით, იყო ასოთაწყობა - შინ.
ასო ,,შ“ ავიღეთ ანბანური ცხრილიდან Vai syllabary savaraudod afrikuli anbani. ამავე ცხრიოლში, ოდნავ სახესხვაობით ეს ასო აღნიშნავს ასო ,,ს“-საც. შემდეგი ასო ,,ი“ ნიშანი კი აღებულია მხედრულიდან, რომელიც აღნიშნავდა ე.წ იოტას და იგი იწერებოდა სიტყვის ბოლოში. მაგალითად: „მატიანე ქართლისაჲ“. ამ შემთხვევაში იწერებოდა ასო იოტა და თუ ასო ,,ი“ გვხვდებოდა სიტყვის სხვა ბაწილში, იწერებოდა ჩვეულებრივი ,,ი“ ასოთი და არა იოტითი.
რაც შეეხება მხედრულ დამწერლობას, კიდევ ერთხელ განვმეორდებით: მიგვაჩნია, რომ ის არ შექმნილა ე.წ. ჰაერიდან. ვთვლით, რომ ეს ასოები აღებული უნდა იყოს სხვადასხვა ან ერთი წინამორბედი ანბანიდან.
ამის შემდეგ მოდის ასო-ნიშანი, რომელიც ჩვენი აზრით არის ასო ,,ნ“ აღებულია ასომთავრულიუდან და ჩვენი ვარაუდით არ ეკუთვნის ,,შინ“-ს. ის უნდა ეკუთვნოდეს მომდევნო სიტყვას (წარმოადგენდეს მის პირველ ასოს), რადგან ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ასო იოტა იწერებოდა სიტყვის ბოლოში. მაშინ გგვექნება სიტყვა ,,ქართოში“. ამასთან ,,ნ“ ასო, რომ არ ეკუთვნის სიტყვა ქართოში -ს, იმითაც უნდა ვივარაუდოთ, რომ ძველ ანბანურ დამწერლობებში არ გაოიყენებოდა სასვენი ნიშნები და ასოები ებმოდა ერთმანეთს.
ამრიგად, კვლევის ამ ეტაპზე, ჩვენ მიღებული გვაქვს შემდეგი სიტყვები: ,,ქაიმო(ო)ში“, ,,ქართვში“, ,,ქართოში“ ... ღმერთო ჩემო! თუ ბოლო სიტყვაში ასო-ნიშან ,,შ“-ს შევცვლით ასო-ნიშნით ,,ს“-თი მივიღებთ შემდეგ სიტყვას: ,,ქართოსი“ ანუ ქართ(ლ)ოსი ... რა თქმა უნდა, ღმერთო ჩემო! ...ქართოს! ... რამდენი ვიწვალეთ, ბედნიერების ზენიტში ვართ, მეცხრე ცაზე. ყველაფერი გენიალური მართლაც რა მარტივი ყოფილა. გვსურს ვიყვიროთ, მთელს ქვეყანას გვინდა ვამცნოთ: ,,აქ წერია ქართოს“! ...
მარგამ, თუ დავუშვებთ იმას, რომ ასო იოტა არ გამოიყენებოდა იმ სახით, რაზეც ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ, რადგან ეს წესი მოგვიანებით ამოქმედდა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ შემდეგი:
ასო იოტა არ ებმის სიტყვა ,,ქართოს“ -ს და ის წარმოადგენს შემდეგი სიტყვის დასაწყისს, ანუ ,,ნ“ ასო-ნიშნის წინა ასო-ნიშანს. ამ შემთხვევაში კი გვექნება ამგვარი მოცემულობა:
,,ქართოს ინ“ ... და მომდევნო ასოები, რომლებიც მეორე სიტყვის გაგრძელება უნდა იყოს, თუმცა ჯერ ჩვენ მათ დეშიფრირებაზე არ გვიმუშავია.
რატომ ქართოსი და არა ქართლოსი? ჩვენი ვარაუდით ძველქართულად ეს სიტყვა ქართლოსი, ალბათ გამოითქმებოდა ქართოსად, რადგან ამ სიტყვის წარმომავლობის ეთნიკურ ჯგუფს თუ ხალხს ერქვათ ქართები და არა ქართლები. ე.ი. ჩვენი ვარაუდი არის ქართოსი, თუმცა არამარტო ჩვენი.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ იმ ეპოქაში ქართების სახელმწიფოს არარსებობა, სულაც არ ნიშნავდა ქართების ან სხვა ქართველური ტომების არასებობას. ხოლო, ეს ეთნიკური ჯგუფი თუ ხალხი, სწორედ სამხრეთ საქართველოში ცხოვრობდა და სავარაუდოდ საკვლევ ეპოქაში სახლობდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზეც. ამასთან, თუ დავეყრდნობით ბიბლიურ ჩანაწერებს ქართოსი (ქართლოსი) იყო თარგამოსის ძე, ნოეს შვილის იაფეთის შთამომავალი. თარგამოსის ძე ქართლოსი დანარჩენ ექვს ძმასთან ერთად დასახლდა კიდობნის გაჩერების ადგილიდან, ჩრდილოეთით მდებარე მიწებზე.
ლეონტი მროველი გადმოგვცემს: ,,ქართლოსს უხუცესი და მთავარი მათი მოვიდა, სად ერთვის მტკვარს არაგვი: აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თვისი ქალაქსა მას ქართლოს, (რომლის გამო ეწოდა ქვეყანასა ამას ქართლი)“.
ან სულაც ეს ეთნოსი წარმოადგენდა იბერიული წარმოშობის ხალხს, რომლებივ, თავიანთ წინაპრად ბიბლიურ ქართლოსს (ქართოსს) მიიჩნევდნენ და ამის შესახებ ინფორმაციას ისინი ფლობდნენ.
სადაც მტკვარი ერთვის არაგვს იმ ადგილიდან დაახლოებით ოც-ოცდაათ კილომეტრშია ,,გრაკლიანი გორა“. ამასთან, ეს ქალაქი მცხეთა რომ არ არის, იმითაც მტკიცდება, რომ იგი დააარსა ქართლოსის შვილმა მცხეთოსმა, დაბლობ ადგილზე, ხოლო: ,,ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი. და პირველადშექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისა თჳსისა ქართლი“.
ამ გორაზე აღმოჩენილია ,,გრაკლიანის წარწერაზე“ გაცილებით უხნესი თიხის საბეჭდი და სულ ეს არქეოლოგიური შრე შეიცავს რამდენიმე კულტურულ ფენას. ალბათ ქალაქი ქართოსი იყო რომელიმე ქვედა ფენაში, რომლის ზემოთა ერთ-ერთში აღმოჩნდა ,,გრაკლიანის წარწერა“.
აქ ნახსენები არმაზი, ჩვენი აზრით შეიძლება იყო თხოთის მთაზე აღმართული ღვთაება ან სულაც სხვა. ,,გრაკლიანი გორის“ მიმდებარედ აღმართული, რომლის კულტიც მოგვიანებით აიღეს მცხეთელებმა და ეთაყვანებოდნენ. მანამდე კი მათ, მემატიანის ცნობით:, „მას ჟამსა (მცხეთის მამასახლისის დროს) დაივიწყეს დამბადებელი ღმერთი და ექმნეს მსახურ მზისა, მთოვარისა და ვარსკვლავთა ხუთთა, ხოლო მტკიცე და უფროსი საფიცარი მათი იყო საფლავი ქართლოსისა“, რომელიც არმაზში (ქართლში) დაკრძალეს. ამრიგად, ასტრალური კულტის, კერპთაყვანისცემის შორეულ ჟამს ქართველთა დიდ მითურ წინაპარს თაყვანს სცემდნენ, როგორც ჰეროსს და ღვთაებას“.
მცხეთის ქალაქად ფორმირება მოხდა დაახლოებით ძვ.წ. VIII საუკუნეში, ანუ ქრონოლოგიურად ,,გრაკლიანის წარწერის“ ასაკთან მიმართებით, დაახლოებით ორი საუკუნით გვიან.
,,ქართლის ცხოვრებაში“ ასევე“ გადმოცემულია, რომ: ,,უფლოს დარჩა საყოფელსა მამისა მათისა მცხეთოსისსა მცხეთას. და ეპყრა ქუეყანა არაგჳთგან და ტფილისითგან ვიდრე ტასისკარამდე და ფანავრადმე. და ამან აღაშენა უფლისციხე, ურბნისი, კასპი, არაგჳთგან და არმაზითგან ვიდრე ტასისკარითამდე უწოდა ამას ქუეყანასა ზენას-სოფლისა, რომელსა აწ ჰქჳან შიდა ქართლი“.
უფლისციხის მშენებლობის პერიოდი განეკუთვნება ძვ.წ. VII-IV საუკუნეებს, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ის თითქმის ხუთასი წლით გვიანდელია ,,გრაკლიანის წარწერაზე“. ანუ ქალაქი ქართ(ლ)ოსი მასზე უხნესია, რაც აგრეთვე ჩვენთვის ქრონოლოგიურად თავსებადი თარიღია.
მაშასადამე, თუ არსებობდა ქალაქები: მცხეთა და უფლოსი (უფლისციხე), აუცილებლად უნდა არსებულიყო ქალაქი ქართ(ლ)ოსიც. მითუმეტეს, საერთო საარსებო სივრცით არეალში.
და კიდევ, რამდენიმე მცირე შტრიხი: ,,გრაკლიანის წარწერაში“ ასო ,თ“-სა და ,,იოტას“ თავზე დატანილია მცირე სიგრძის ჰორიზონტალური ხაზები, რაც ჩვენი აზრით ამ ასოთა შემადგენელი ნაწილია და ისინი ცალკე რაიმე მნიშვნელობას არ შეიცავენ. მაგალითად; კვიპროსულ-მინოსური კულტურის დამწერლობაში ასო ,,ნი“-ს სწორედ ამგვარი ჰორიზონტალური ხაზი გააჩნია, და ის მისი შემადგენელი ნაწილია . ეს კულტურა დაახლოებით ,,გრაკლიანის კულტურის” თანატოლია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კიდევ გაგვაჩნია ერთი მოსაზრებაც. რადგან ქართ(ლ)ოსი ადრე- ანტიკურ საქართველოში აღიარებული იყო ღვთაებად, მისი სახელი წარმოითქმებოდა დანაწევრებულად. ვთქვათ: ქარ-თოს-ინ, ისე, როგორც შუმერთა ღვთაების ინ-ან-ას სახელი.
ჰორიზონტალური ხაზები, ანუ დეფიზები, ,,გრაკლიანის წარწერაში“ სწორედ ამ მარცვლებს ემთხვევა. ისინი დატანილია ასო,,თ“-ს თან და ასო იოტასთან. ალბათ ეს მათი ერთგვარი მართლწერის ფორმა იყო. ე.ი. არა მარცვლებს შორის დეფიზის დასმა, არამედ მარცვლების საწყის ასოსთა თავზე, ჰორიზონტალური ხაზის დატანა.
ალბათ, არ არის საჭირო იმის მტკიცება, რომ შუმერთა კულტურას რაღაც გავლენა, აუცილებლად ექნებოდა იმ ეპოქის ქართულ კულტურაზე, თუმცა შესაძლებელია ეს პირიქითაც ყოფილიყო, იმის გათვალისწინებით, რომ შუამდინარეთის ტერიტორიაზე შუმერები მისული ხალხი გახლდათ. ხოლო, რაც შეეხება ,,ინ“ დაბოლოებას თუ ცალკე აღებულ სიტყვას, ამგვარი დაბოლოების ფორმა გვხვდებოდა ქრისტიანული საქართველოს ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებსა და ლოცვებში. მაგალითად: ,,მოვედ-ინ სუფევა შენი“...
ოღონდ ეს იყო ზმნის ფორმა, თუმცა შესაძლებელია ,,გრაკლიანის წარწერის“ პერიოდის და უფრო ადრინდელის საქართველოში, აღნიშნული დაბოლოება ,,ინ“ გამოიყენებოდა არსებითი სახელის შემთხვევაშიც.
ჩვენ, ზემოთ, რამდენიმე დასკვნა თუ მოსაზრება ერთდროულად იმიტომ შემოგთავაზეთ, რომ ერთგვარად საქმე გავუადვილოთ შესაბამისი დარგების სპეციალისტებს. მათ, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი იციან ჩვენზე და შესაძლებელია აღნიშნული საკითხებიდან ,,სიმართლის მარცვალი“ გამოარჩიონ, თუმცა ჩვენს შემთხვევაში, ზოგადი აზრის შექმნისათვის, ამას ალბათ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა კითხვას, დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ პასუხი ვეღარასოდეს გაეცემა. დრომ თავისი გასაკეთებელი უკვე გააკეთა.
ამით ვასრულებთ კვლევის მესამე საფეხურს და გადავდივართ მეოთხეზე, ვნახოთ, რას შევძლებთ. რაღაც მოსაზრებები ამ ეტაპისთვის ჩამოყალიბებული კი გვაქვს, მაგრამ სჭირდება გადამოწმება.
კვლევის მეოთხე საფეხური
გამოსაკვლევი დაგვრჩა სავარაუდოდ სამი ასო-ნიშანი. პირველია ვერტიკალური ხაზი, რომელიც ასო ,,ნ“-ის შემდეგაა დატანილი ტექსტში და მისი სიგრძე დაახლოებით ერთიმესამედია სხვა ასო-ნიშნებთან შედარებით. შემდეგ მოდის ლათინური ,,A“ ასოს მსგავსი ნიშანი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ,,გრაკლიანის წარწერაში“ ის თავშეუკრავია, ანუ ზედა ნაწილში მთლიანი ხაზით არ არის შეკრული და ამობრუნებულია. ხოლო ტექსტს აბოლოებს უცნაური გამოსახულება - შეიძლება ხის ან ფრინველის ფიგურა. ამის იქით, უკვე, აღარ ჩანს არცერთი ასო-ნიშანი, არ ვიცით დაზიანებისა თუ სიტყვის დასრულების გამო.
დავიწყოთ თითოეული ასო-ნიშნის განხილვა, მაგრამ მანამდე კი დავადგინოთ მეორე სიტყვის - ,,ინ“-ის მნიშვნელობა. ის, რომ ორი ასოსაგან შემდგარი ეს სიტყვა ეკუთვნის თუ არა ,,ქართოს“ -ს, თუ წარმოადგენს ცალკე აღებულ სიტყვას.
ამ შემთხვევაში, ჩვენ დავუშვით ორი ვარიანტი. პირველი: ,,ინ“ ეკუთვნის სიტყვა ,,ქართოს“-ს , ე.ი. გამოითქმის ერთიანად, როგორც ,,ქართოსინ“ და წარმოადგენს ,,ქართოს“-ის ერთგვარ დაბოლოების, შეიძლება ბრუნვის ნიშანს, ანუ უნდა წავიკითხოთ როგორც თანამედროვე ქართ(ლ)ოსიანნი, თუმცა აქვე გავიხსენოთ ისიც, რომ ბრუნვის ნიშნები და ფორმები ძვ.წ. XI-X საუკუნეებში, თანამედროვე დაშვებით, არ არსებობდა.
მეორე ვარიანტით ,,ინ“ არის ცალკე აღებული სიტყვა და ჩვენი ვარაუდით, უნდა ნიშნავდეს ერს. თუ რატომ, ამას მოგვიანებით ავხსნით, რადგან იგი უნდა წავიკითხოთ დანარჩენი საკვლევი ასო-ნიშნების ერთიან კონტექსტში.
ახლა კი დავუბრუნდეთ ზემოთ დაწყებულ მსჯელობას. ,,ვერტიკალური ხაზი“ ჩვენი აზრით არის პირველი სიტყვის - ,,ქართოს“ -,,ინ“-ისა და შემდეგი გამოსახულებების გამყოფი ნიშანი. ეს ხაზი აღნიშნავს ტექსტში სიტყვის დაბოლოებას და გვითითებს იმაზე, რომ შემდეგი ასო-ნიშნები უკვე არ წარმოადგენენ ანბანურ დამწერლობას და იეროგლიფური (პიქტოგრაფული) გამოსახულებებია.
ამობრუნებული ლათინური ,,A“-ს მსგავსი ნიშანი, რადგან ის თავგახსნილია, ჩვენი აზრით არის ხარის თავის გამოსახულება. ზუსტად მისი მსგავსი გამოსახულება გვხვდება ეგვიპტურ იეროგლიფურ დამწერლობაში, იმ სიზუსტითაც კი, რომ ე.წ. რქებს ქვემოთა მარცხენა წრიული მოხაზულობა, უფრო მომრგვალებულ-წაგრძელებულია, ვიდრე მარჯვენა ნაწილისა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მარცხენა მხარის მოხაზულობა წარმოადგენდა ე.წ. გვერდხედს, დრუნჩის მხრიდან. (ადრეულ ეგვიპტურ იეროგლიფურ ჩანაწერებში შეინიშნება აღნიშნული შტრიხი), ხოლო მარჯვენა კი კისრის მხარეს. ამ ნიშნით იწყებოდა უძველეს ანბანთა უმრავლესობა და ის თავისი სიმბოლური დატვირთვით უტოლდებოდა მხედრული ანბანის ასო ,,ანი“-ს (უძველესი ანბანური გამოთქმით ალაფ) ... ,,ანი“ და ,,ჰოე“, დასაბამი და დასასრული.
დროთა განმავლობაში ეს ნიშანი ვერტიკალურად ამობრუნდა და მიიღო ლათინური ანბანის ასო ,, A“-ს სახე (ზოგიერთ ანბანში ამ ასოს ე.წ. ფეხები მარჯვნივ და მარცხნივაც კი აქვს მიმართული). მაგრამ ეს ნიშანი არ შეიძლება იყოს ხმოვანი ასო ,,ა“, რადგან ჩვენ ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ფინიკიურ, ეგვიპტურ და თვით შუმერულ დამწერლობებშიც ხმოვანი ასოები თითქმის არ არსებობდა. ეს ასოები გამოითქმებოდა, უკეთესს ვერ შემოგთავაზებთ, უფრო მოგუდულად, ხორხისმიერი ბგერებით.
მაშასადამე, ,,ხარის თავი“ არ არის ასო ,,ა“ და ის ტექსტში წარმოადგენს იეროგლიფურ ნიშანს ან პიქტოგრაფულს, თანაც იმ დატვირთვით, რომ, რადგან ამ ნიშნით იწყებოდა, როგორც იეროგლიფური, ასევე კუთხოვან-მრგლოვანი დამწერლობის ყველა ანბანი, იგი ნიშნავდა საწყისს - ,,ანი“-ს (ვფიქრობთ, რომ,,გრაკლიანის წარწერის“ ანბანის პირველი ასო ,,ხარის თავი“ უნდა ყოფილიყო და შემდეგ ის სხვა ანბანებშიც გავრცელდა). ამასთან, მართალია ,,ხარის თავით“ კი იწყებოდა სხვადასხვა უძველესი ანბანური დამწერლობები, მაგრამ ის ასო ,,ა“-ს ყოველთვის არ ნიშნავდა.
შეგვიძლია კიდევ ერთი არგუმენტის მოტანაც: ხარის კულტი საქართველოში უხსოვარი დროიდან გამოიყენებოდა. მას ჯერ კიდევ ძვ.წ. IV-III ათასწლეულებიდან მოყოლებული, ერთობლიობაში გამოსახავდნენ მცენარესთან ერთად და ითვლებოდა სიკვდილისა და სიცოცხლის სიმბოლოდ. ჩვენ, ქვემოთ სწორედ ამიტომ ვივარაუდეთ ის, რომ ,,გრაკლიანის წარწერაში ,,ხარის თავთან“ ერთად გამოსახულია მცენარე (ხე) და არა ფრინველი და ასო-ნიშანი ,,ალაფი“ - ხარის თავია, რადგან იგი მცენარესთან ერთად არის გამოსახული.
ამასთან, უძველეს იეროგლიფებას და პიქტოგრამებში ფრინველებსა და ცხოველებს გვერდხედით და არა წინხედით, გამოსახავდნენ. კიდევ ამიტომაც მიგვაჩნია ბოლო ფიგურა მცენარედ და არა ფრინველად. მაშინ (ამ შემთხვევაში), ,,ხარის თავის“ გამოსახულების ჩათვლით, ჩვენი ვარაუდით, ტექსტი წაიკითხება ასე: ,,ქართოს-ინ შენ ხარ ღვთაება, ერის ახალი სიცოცხლის საწყისი“...
მომდევნო ნიშანი ძალიან ჰგავს ხის და ასევე ფრინველის გამოსახულებას (იეროგლიფს). თუ ამ გამოსახულებას ხედ (მცენარედ) მივიჩნევთ, მაშინ, სავარაუდოდ ის აღნიშნავდა სიცოცხლეს, ხოლო თუ ფრინველად (კონკრეტულად ყორანი), მაშინ კაცობრიობის გადარჩენის სიმბოლოს, რადგან ვიდრე ბიბლიაში აღწერდნენ ,,წარღვნის სცენას“ - ნოეს მიერ მტრედის გაშვებას, მანამდე ეს მოვლენა ადამიანმა აღწერა შუმერულ ეპოსში.
აქ მოვიყვან ამონარიდს ჩემი წიგნიდან ,,ცხოვნების ფილოსოფია“ და ჩვენს ვარაუდს ამგვარად გავამყარებ: ,,1872 წელს ჯორჯ სმიტმა დაიწყო ორმუზდ რასამის მიერ მუზეუმისთვის გამოგზავნილი თიხის ფირფიტების გაშიფვრა და მიაკვლია ერთ ,,ფირფიტაში“ წარღვნის შესახებ მეტად საინტერესო იმფორმაციას. გაირკვა, რომ ამ ნაწარმოებს ბოლო ნაწილი აკლდა. მაშინ ჯორჯმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ჩასულიყო შუამდინარეთში და თავად ეპოვნა ეპოსის დარჩენილი ნაწილი.
ის მართლაც ჩავიდა გათხრების ადგილზე და მრავალი კულტურული ფენის შემცველ უზარმაზარ ბორცვში აღმოაჩინა ის, რასაც ეძებდა. ჯორჯმა ინგლისში ჩაიტანა 384, მათ შორის წარღვნის ეპოსის ბოლო ნაწილის შემცველი თიხის ფირფიტაც. ეჭვს არ იწვევდა ის გარემოება, რომ მასში მოთხრობილი იყო ,,წყლით ღვრნის“ გლობალურ კატასტროფაზე, ოღონდ ეპოსის პერსონაჟს (გმირს) ნოეს ნაცვლად უთანაფიშთი ერქვა:
ავზიდე ხომალდზე რაც გამაჩნდა, თესლი ყოველი სულდგმულისა, ავსვი ხომალდზე ოჯახი ჩემი და ნათესავები. ჯოგი შინაური და ჯოგი ველური და ხელოსნები უკლებლივ ავსვი ... შევედი ხომალდში დავგმანე კარები, ოდეს განთიადმა მტრედისფრად ინათა, დაიძრა ცის კიდედან ბნელი ღრუბლები. მოყვასი ვერ ხედავდა მოყვასს. ცის ქვეშეთში არ ჩანდა ხალხი, ექვს დღესა და შვიდ ღამეს მიმოდიოდა წარღვნის ქარიშხალი და გრიგალი ხმელეთის დამქცევი. ხოლო მეშვიდე დღის დადგომისას, წარღვნის ქარიშხალმა შეწყვიტა ომი, რომ იბრძოდა ვითარცა ლაშქარი. ზღვა დაწყნარდა, ქარიშხალი ჩადგა, წარღვნა შეწყდა. სარკმელი გავაღე, სახეზე დამეცა სხივი. მუხლი მოვიყარე და ავტირდი, ღაწვებზე ცრემლები მდიოდა. გავხედე კიდეებს საზღვრამდე ზღვისას, ვნახე ჩამდგარიყო გრიგალი, დამკვიდრებულიყო მდუმარება, მოდგმა კაცისა მიწად ქცეულიყო, გადარეცხილიყო მთელი ჭალები, თორმეტი მხარე ამოზიდულიყო, ნიცირიის ქვეყანას მიადგა ხომალდი, არ დაანება მოძრაობა, ხოლო მეშვიდე დღის დადგომისას, ამოვსვი და გავუშვი მტრედი, წავიდა მტრედი და ისევ უკან დაბრუნდა: არ ჩანდა სადგური უკან მოტრიალდა, ამოვსვი და გავუშვი მერცხალი, წავიდა მერცხალი და უკან მობრუნდა, არ ჩანდა სადგური უკან მოტრიალდა. ამოვსვი და გავუშვი ყორანი, წავიდა ყორანი და წყლების დაშრობა დაინახა, ჭამდა ისვრებოდა ლამში და ჩხაოდა. აღარ მოტრიალდა ყორანი“.
და ყველაზე მთავარი: რატომ გვხვდება ერთად ,,გრაკლიანის წარწერაში“ ანბანურ-იეროგლიფური დამწერლობა? ... რადგან ყველაფერი მარტივი არ არის გენიალური და პირიქითაა, ჩვენც ჩავთვალეთ, რომ საქმე გვქონდა მნიშვნელოვან წინაღობასთან, რომელიც, როგორ გადაგველახა არ ვიცოდით. თუმცა გვქონდა ალგორითმი, რომელმაც სავარაუდოდ მთელი ტექსტი გაგვაშიფრინა.
ბევრი ძიებისა და ურთიერთშედარების, აგრეთვე სჯა-ბაასის შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ,,გრაკლიანის წარწერის“ ეპოქა ერთგვარი გარდამავალი პერიოდი უნდა ყოფილიყო იეროგლიფურსა და ანბანურ დამწერლობათა შორის. პირველს ნელ-ნელა ანაცვლებდა მეორე. ამიტომ საკვლევ ტექსტშიც ეს პროცესი სრულფასოვნად აისახა.
ამის თქმის შესაძლებლობას ისიც გვაძლევს, რომ ,,გრაკლიანი გორაზე“ აღმოჩენილი ,,მეორე წარწერა“ არ ჰგავს ანბანურ დამწერლობას და ის უფრო იეროგლიფურისკენ ან პიქტოგრაფულისკენ იხრება.
ერთი თვალის შევლებით, თითქოს დახატულია ერთგვარი ლაბირინთი, მაგრამ ვიზუალური დაკვირვებით შევძელით გამოგვერჩია ირმის, ცხენისა თუ ცხვრის მოხაზულობები, მზე, თუმცა მოდით, აქ შევჩერდეთ.
,,მეორე წარწერა“ საჭიროებს კვლევას და არა ვარაუდების გამოთქმას, მაგრამ ერთს მაინც დავძენთ: შესაძლებელია, ,,მეორე წარწერა“ წარმოადგენდა იმდროინდელი მმართველის (მეფის) ერთგვარ ხელრთვას (დადასტურებას, ე.წ. ფაქსიმილს), რომელიც გამოსახული იყო მის ბეჭედზე და ,,გრაკლიანი გორის“ საკულტო ნაგებობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოახდინა მისი ,,დაბეჭვდა“, ანუ სახელმწიფოებრივი აღიარება ...გვაქვს კიდევ ერთი საყურადღებო ვერსიაც.
ჯერ, მხოლოდ ვფიქრობთ, ერთი კი გადაწყვეტილი გვაქვს, აუცილებლად შევუდგებით მის დეშიფრირებასაც.
მაშ,. ასე: ,,გრაკლიანი გორაზე“ აღმოჩენილი უძველესი ქართული წარწერის სრული ვერსია ასეთია: ქართოს-ინ! შენ ხარ ერის ეთნარქი, სიკვდილის შემდეგ აღიარებული ღვთაება (ხარის თავის გამოსახულება), სიცოცხლის გაგრძელება(ხის ან ფრინველის გამოსახულება).
საბოლოო მინაწერი: ჩვენ არ გვინდა მ დასკვნებით შემოვიფარგლოთ, კვლევას აუცილებლად განვაგრძობთ, იქნებ მომავალში კიდევ მეტი არგუმენტი აღმოვაჩინოთ და ჩვენი კვლევა კიდევ უფრო გავამყაროთ.
ამ კვლევას აუცილებლად სჭირდება არქეოლოგიური არტე-ფაქტებითა და წერილობითი წყაროების ინფორმაციებით გამყარება, მასალა მეტად მოცულობითია, თუ რომელიმე მეცნიერი ხელს მოჰკიდებს ამ საქმეს, დარწმუნებული ვართ, ის მნიშვნელოვან დასკვნებს დადებს და საპატიო ადგილს დაიჭერს ,,ოლიმპოზე“.
უცნობი ტექსტების დეშიფრირების მიმართულებით სვლამ, ჩვენ გარკვეული გამოცდილება უკვე შეგვძინა, რასაც მომავალში აუცილებლად გამოვიყენებთ სხვა კვლევებისთვის.
პირველი შეხება იდუმალ ტექსტთან, ,,ვოინიჩის მანუსკრიპტის“ მეშვეობით განვახორციელეთ. შევძელით შვიდი ასოს, რამდენიმე სიტყვისა და წინადადების დეშიფრირება. სწორედ ამ ერთგვარმა წარმატებამ მოგვცა ბიძგი, ,,გრაკლიანის წარწერისთვისაც“ მოგვეკიდა ხელი. ეს იმდენად მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, რომ ,,ვოინიჩი“ გვერდზე გადავდეთ, მაგრამ ახლა უკვე შეგვიძლია ამ მიმართულებით კვლევა ისევ განვაგრძოთ.
P.S. გვესმის, რომ ჩვენს კვლევას შეიძლება პირობითად მიენიჭოს ეს სამეცნიერო ტერმინი, რადგან ჩვენ არ ვართ პროფესიონალი სწავლულები, თუმცა აზრისა და სათქმელის გადმოცემა შევძელით.
ბოდიშს ვუხდით სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს ამის გამო და ვთხოვთ, მიტევებას. ჩვენ ვთქვით ის, რისი თქმის შესაძლებლობაც უფალმა შეგვაძლებინა, აწი ჯერი სწავლულებზეა, პროფესიონალ ენათმეცნიერებზე და არქეოლოგებზე. თუ ჩვენს კვლევაში სიმართლის მარცვალი დევს, გაგვიხარდება, სხვა შემთხვევაში, არ გვეწყინება, არც იმ დროს მივიჩნევთ დაკარგულად, რომელიც ,,გრაკლიანის წარწერის“ გაშიფვრას შევალიეთ, რადგან იმდენი ახალი რამ შევიტყვეთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე, საამაყოდ ესეც გვეყოფა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან საინტერესო კვლევაა. მადლობა ასეთი შრომისთვის
5 ძალიან საინტერესო კვლევაა. მადლობა ასეთი შრომისთვის
5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|