ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
8 მარტი, 2009


საქართველო - ყველაზე ახლობელი და ყველაზე შორეული მხარე

    კითხვაზე: " რომელია თქვენი საოცნებო ქვეყანა? "  ზოგი პასუხობს რომ ეგვიპტე, ზოგი - საფრანგეთი, ესპანეთი, ინდოეთი და ა.შ. პირადად ჩემთვის ასეთი მხარე საქართველოა.
    რამდენია ისეთი ადგილი, ჩვენ რომ გვეკუთვნის და არ გვინახავს,  რამდენი ტერიტორია გვაქვს დაკარგული...
    თუნდაც აფხაზეთი ავიღოთ. ის ყველაზე ახლობელი და ამავე დროს - შორეულია. მიუწვდომელი და სანატრელი გაგვიხდა ჩვენივე ქვეყნის ნაწილი და რაც ყველაზე  საშინელებაა, იმასაც ვკარგავთ, რაც ჯერ კიდევ ჩვენ გვეკუთვნის.
    რატომ ვიოცნებო ალპების ნახვაზე, როცა კავკასიონი აქვე მაქვს, რატომ ვინატრო ბარსელონას ნახვა, როცა სოხუმიც საოცნებო გამიხდა. სხვაზე ფიქრებში ჩვენი დავკარგეთ და ახლა იძულებულები ვართ საკუთარზე ისე ვისაუბროთ, როგორც უცხოზე.
    რამდენი ადგილია, რომელიც არასდროს გვინახავს, მაგრამ გვენატრება... არაფერია იმაზე საშინელება, როცა ტერიტორიას გართმევენ, როდესაც იცი, რომ  იქ, სადღაც, დღეს უკვე მიუწვდომელ მხარეს ერთ დროს შენი ერქვა. მიწა ხომ მარტო მიწა არაა, ის სამშობლოა, სამშობლო, რომელშიც ჩვენი წინაპრების სისხლია ჩაღვრილი.
    მე ვერ ვინატრებ სხვას, სანამ ჩემი შორს იქნება...სიზმარივითაა ჩემი ქვეყნის ნაწილი, მიუწვდომელი და სასურველი.
    მინახავს, როგორ არა, ბევჯერ მინახავს ჩემს ოცნებებში და სიზმრებში, რამდენჯერ მისეირნია დაკარგულ მხარეს, რამდენჯერ დავმტკბარვარ მისი სილამაზით...მხოლოდ ოცნებით, ლამაზი წარმოსახვითა და მდიდარი ფანტაზიით შემიძლია შევიგრძნო საქართველოს ყველა მხარის სრული სილამაზე.
    მთელი მსოფლიოს ნახვა მინდა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩემსას გავიცნობ. ეს ჩემი ნაწილია და მტკივა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ტკივილი არ არის, ეს ქვეყნისა და ხალხის დარდია გაუქარვებელი, ის,  რაც დრო გადის, კიდევ უფრო მძაფრდება და ნელ-ნელა აუტანელი ხდება.
    ჩემი საოცნებო ქვეყანა - ყველაზე ახლობელი და ამავე დროს ყველაზე შორეული მხარეა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები