მშვენიერია ეს შავი ,, რენჯი " ზღვის სანაპირო. გავუყრი პედალს და ღმუის ძრავი, სინდისი მქენჯნის, ალბათ, ვიღაცა მაგინებს დედას... ღამეა... ჩემი შველივით გოგო კისკისებს. მისი რუჯი, წვივები იუწყებიან, რომ არ ვიდარდო – აწი ღრუბლები თუ იწვიმებენ, ო, ღმერთო ჩემო, რა სულერთია ხვალის ამინდი, ხვალის განრიგი. მთავარი არის,მისი ღმერთი ვარ და როგორც მიწებს, ისე ვარიგებ კოცნებს. შორსა ვარ ჩემი სახლიდან, აღარც კი მახსოვს, მქონდა თუ არა ხის ძველი ოდა მდინარის პირას, ქარი ან სიო ქროდა თუ არა. აირეოდა იქ ამინდები. დედა მარტოა და ვენატრები. და, ალბათ, უკვე თეთრი ცინდლებიც დაჰქრიან, როგორც ლეოპარდები. ჩემი ჭრელი გზა ისე კაშკაშებს ლედნათურებით და ნეონებით – ვარ ნირვანაში და საგანგაშოდ არ მაჩვენებენ თავს დემონები. ოდესღაც ცის ქვეშ პატარა ბიჭი ასი ოცნებით, ცალი კალოშით – წარმოვიდგინო, ისიც კი მიჭირს, თავი ბრჭყვიალა მონტე კარლოში! ეს ცხადი არის, ამდენი ქალი... მე მეხვევიან თეთრი ნიმფები და ჩემი თავი, თრიაქით მთვრალი, გატენილია მძიმე ფიქრებით. გავა მთელი თვე, არ მახსენდება, როგორ ზის დედა ვაშლის ჩეროში და როგორ გლოვობს გვალვიან დღეებს დარდით მოთესილ საქართველოში. არ შემიძლია, ჩემი ხარხარით მზე გავარღვიო, ცა შევარხიო. ნეტავი ახლა, ზუსტად ამ ღამით, მისკენ მივქროდე თოვლის მარხილით –,,მოხვედი, დედა? შენ გენაცვალე!"– ( ჯერ ადრე იყო მისი თავშალი). ჩვილი ბავშვივით მიკოცნის თვალებს, ის მართალია, მე – დამნაშავე! ჩემი ეშმაკი მხარზე დამკივის, როდის დავეშვი ან ამ დონემდე? წვიმით მორწყული წმინდა მარტინის ბაღიც სავსეა იადონებით. დგანან წყვილები – ვნებააშლილნი, ღამეებს ისევ თეთრად ათევენ. მე რატომ ვტირი, ბაღის ბავშვივით , წყაროზე ჩამქრალ ციცინათელებს?.. იძინებ,დედა ? ეს მერამდენედ, ალბათ, ჩართული გრჩება რადიო. მე დღეს ამ ლექსით ვითხოვ შენდობას, შენთან არყოფნა რომ მაპატიო .
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მშვენიერი და სევდიანი მშვენიერი და სევდიანი
2. ძალიან კარგია. ფრიადი
ძალიან კარგია. ფრიადი
1. "მე რატომ ვტირი, ბაღის ბავშვივით , წყაროზე ჩამქრალ ციცინათელებს?.."- რამდენჯერ მიტირია ჩამქრალ ციცინათელებზე.
რა კარგი პოეტი ხარ, რა კარგი ადამიანი.
მიყვარს "ლექსების გამოფენის" მერე აქ შემოსვლა.
"მე რატომ ვტირი, ბაღის ბავშვივით , წყაროზე ჩამქრალ ციცინათელებს?.."- რამდენჯერ მიტირია ჩამქრალ ციცინათელებზე.
რა კარგი პოეტი ხარ, რა კარგი ადამიანი.
მიყვარს "ლექსების გამოფენის" მერე აქ შემოსვლა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|