ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტინნე
ჟანრი: პროზა
16 იანვარი, 2023


ოცნება: ავსტრალია ( 12. პერთი )

  კონტინენტის ერთერთი უდიდესი ქალაქის, პერთის ცხოვრება ჩემს თვალწინ გადაიშალა. ის დასავლეთ ავსტრალიის  შტატის დედაქალაქი და სიდიდით მეოთხე იყო, სიდნეის, მელბურნისა და ბრიზბენის შემდეგ. ცხოვრებისათვის ყველაზე ხელსაყრელ ქალაქებს შორის შედიოდა მსოფლიო ათეულში და მე მივხვდი, აქ მანქანის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი. მიღებული გადაწყვეტილება, რომ ის სადმე ახლოს მიმეტოვებინა და გზა ფეხით გამეგრძელებინა ცოტახნით გადავდე.
  ირგვლივ სიცოცხლე ჩქეფდა. ამ ქალაქში მოსახლეობის უმეტესობა ახალგაზრდაა და ალბათ სწორედ ამიტომ, ცხოვრების თავბრუდამხვევი ტემპი ვიგრძენი. მწვანე, კეთილმოწყობილი პარკებიც მრავლად შევნიშნე. მანქანის გარეშე ქუჩაში გათენება თუ მომიწევდა, ერთ-ერთი უახლოესი გამომადგებოდა.
  ბიძია ტომასის მეგობრების შესახებ, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა რომ მეკითხა მაინც. მხოლოდ ფაშფაშა და კეთილგანწყობილი ლუსის სახელი შემოენახა მეხსიერებას. ესაც რომ არ ყოფილიყო, ქალაქის მასშტაბიდან გამომდინარე, კონკრეტული მისამართის გარეშე მათი პოვნა შეუძლებელი იქნებოდა. ფერმა განაპირას მახსოვდა, მაგრამ ვერაფრით გავერკვიე რომელ გზას უნდა დავდგომოდი. უმისამართო სიარულში აშკარად მხარი მეცვალა. რამდენჯერმე ბედი მაინც ვცადე და ვიკითხე კიდეც რანჩო, რომლის დიასახლისსაც ლუსი ერქვა, მაგრამ პასუხად უცნაური მზერა მივიღე. ამ კონტინენტის განურჩევლად ყველა მკვიდრი, ერთმანეთისა და მითუმეტეს ტურისტების მიმართ ძალიან კეთილგანწყობილია. საკმარისია რაიმე იკითხო, თუნდაც მისამართი, რომ შეუძლიათ ბოლომდე უანგაროდ მიგაცილონ. მათი ასეთი რეაქცია გასაკვირი არც იყო, ჩემს ამჟამინდელ გარეგნობას თუ გავითვალისწინებდი, ტურისტს ნამდვილად არ ვგავდი და ჩემი ჩამოუყალიბებელი შეკითხვა, ვინმე ლუსისა და მისი ფერმის შესახებ, ქალაქის მაცხოვრებლებს უნდობლობას უღძრავდა. ისევ საკუთარ თავს მივენდე და ქუჩებში სიარული გავაგრძელე. დროს ვკარგავდი მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა. გზად პოლიციის შენობასაც ჩავუარე, შესვლა და დახმარების თხოვნა არც კი მიფიქრია. გარეუბნებში უნდა მოვხვედრილიყავი, იქნებ გარემო მაინც მეცნო. ამ მხრივ თავს არ ვუჩიოდი. ჩემს მხედველობით  მეხსიერებას, ცხოვრების მანძილზე, ბევრჯერ გაუწევია დიდი სამსახური. ვიცოდი, არც ამჯერად მიმტყუნებდა...
  ცას თანდათან ბინდი ეპარებოდა, მე კი ისევ უშედეგოდ ვკეცავდი მანძილს. დაღლილობა შემომეპარა, შიმშილმაც შემახსენა საკუთარი არსებობა მაგრამ დანებებას არ ვაპირებდი. იქამდე გავაგრძელებდი ძებნას, სანამ არ ვიპოვიდი ან საწვავი გამომელეოდა, თუმცა არსებობდა კიდევ ერთი რამ... ეს აქამდე აზრად რომ არ მომივიდა, საკუთარ თავზე უზომოდ გავბრაზდი.  არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მანქანას სატელიტური მონიტორინგი არ ექნებოდა და ჩემს აქამდე განვლილ მანძილს, უტყუარად არ გადასცემდა გამტაცებელთ. ვინ იცის, იქნებ ამ დრომდე ირონიული ღიმილით ადევნებდნენ თვალს ჩემი გადაადგილების დეტალურ ისტორიას და კვალდაკვალ მომყვებოდნენ. ავტომობილი სასწრაფოდ, ორი ქუჩის მოშორებით, ღრმა ჩიხში მივატოვე და გზის გაკვლევა ფეხით ვცადე. შეძლებისდაგვარად შორს უნდა გავცლოდი, ჩვენს შორის დისტანცია მაქსიმალურად უნდა გამეზარდა. წამოსვლამდე მისი შიგთავსი გულდასმით დავათვალიერე, იქნებ ისეთი რამ მეპოვა რაც გამომადგებოდა. სალონის სათავსო საიმედოს არაფერს იძლეოდა, თუმცა საბარგულში მომცრო სამგზავრო ჩანთა ვიპოვე წყლით სავსე ბოთლით, რამდენიმე სიგარეტის კოლოფითა და თხელი საზაფხულო პლედით. თამბაქოს კოლოფები იქვე წამოვყარე და ჩანთას ხელი დავავლე, მაგრამ სულმა წამძლია და ერთი შეკვრა ავიღე. მოწევის სურვილი არასდროს გამჩენია, ახლა კი შემოჩენილ  ეშმაკს წინააღმდეგობა ვერ გავუწიე. ამ სიტუაციაში ჩემი მდგომარეობა ოდნავ მაინც იძლეოდა ამის გამართლებას. არგუმენტი ნამდვილად უსუსური იყო...
  ჩანთა მხარზე მოვიგდე და ლამპიონებით გაკაშკაშებულ, წვრილი ქვებით მოკირწყლულ ქუჩას, უკვე მბჟუტავი იმედით გავუყევი. წყალი მეგულებოდა, შიმშილზე ფიქრი კი როგორღაც  უნდა დამებლოკა. მხიარულად მომავალ წყვილს გარეუბნისკენ მიმავალი გზა ვკითხე. ისე მიმასწავლეს წესიერად არ შემოუხედავთ. გაცვლილი მზერა ცხადად მეტყველებდა, რომ ერთმანეთის გარდა სამყაროში არაფერი აინტერესებდათ. მათ შემხედვარეს ღიმილი მეც გამეპარა სახეზე და თვალი ბოლომდე მივადევნე, სანამ ხალხში არ ჩაიკარგნენ. მიმართულებას მივყევი და უზარმაზარ შენობასთან აღმოვჩნდი. ფასადი ღია ყვითელი პროჟექტორებით ისე გაენათებინათ, რომ არარეალური გეგონებოდა და თვალს ვერ მოწყვეტდი. შეყვარებულების მიერ ჩამოთვლილი პირველი ნიშნული ნაპოვნი იყო.  შემდეგ პარკი იწყებოდა, რომელიც საკმაოდ დიდი ჩანდა საიმისოდ, რომ მისი გადაკვეთა დაღამებამდე მომესწრო და მითითებულ გარეუბნამდე მიმეღწია. ღამე აქ უნდა გამეთია. ვიმედოვნებდი, რომ ამ ღამით ნაკლებად შემცივდებოდა რადგან ამჯერად პლედი მქონდა. პატარა მაგრამ აშკარა უპირატესობა იყო. დაბურულ ტერიტორიაზე ღრმად არ შევედი. არ ვიცოდი რამდენად უსაფრთხო იქნებოდა და ორ გაბარდულ ბუჩქს შორის მდგარ, ხის გრძელ სკამზე მოვთავსდი, ლამპიონისგან შედარებით მიუწვდომელ ადგილას. სკამის მდებარეობა, ბუჩქების მიუხედავად, მიდამოს კონტროლის საშუალებას მაძლევდა. ჩანთა მოვიხსენი, თავქვეშ დავიდე, პლედი ფეხებზე მივიფარე და უხეშ სკამზე მივწექი. გადაღლილი გონება დასვენების საშუალებას თუ მომცემდა, ჯობდა მალევე დამეძინა და როგორც კი ინათებდა, ძებნა გამეგრძელებინა. ბაღისა და მის მიმდებარე ქუჩაზე ხმაური ჯერჯერობით არ წყდებოდა და ტვინის გათიშვას ვერ ვახერხებდი. შემდეგ რა იქნებოდა, ვეღარაფერს ვფიქრობდი. გეგმის დასახვას მერეც მოვასწრებდი, მთავარია ლუსი მეპოვა. ვიცოდი, ისინიც პოლიციის ჩარევას მირჩევდნენ მაგრამ ამოუხსნელი ინსტინქტი მკარნახობდა, ფონს მათ გარეშე უნდა გავსულიყავი. არ გამოვრიცხავდი რომ ვცდებოდი მაგრამ ვთვლიდი, რაც უფრო ნაკლებ ადამიანს ეცოდინებოდა სად ვიქნებოდი, მით მეტი შანსი მექნებოდა გადარჩენის. ავსტრალიამ დედამიწაზე თავისი ადგილმდებარეობასავით ამოაყირავა ჩემი ცხოვრებაც. როგორც მას უწოდებდნენ თავდაყირა კონტინენტს, პლანეტის ქვედა ნაწილში დაკავებული სივრცის გამო, მეც სრული მნიშვნელობით იგივე დამემართა.
  სიზმარმა სახლში, თბილისში გამიტაცა. ნანახი იმდენად რეალური იყო, რომ ლიმნიანი ჩაისა და ახალგამომცხვარი მაჭკატების სურნელმა თავბრუ დამახვია. ხელში წიგნი მეკავა და ფანჯარასთან მიმდგარ ღრმა სავარძელში მჯდარი, მთლიანად მისი შინაარსით ვიყავი გატაცებული. მდგომარეობა, რომელიც ცხოვრებაში ყველაზე მეტად მანიჭებდა სულიერ სიმშვიდეს, განაწამებ გულზე მალამოდ დამედო. რეალობას სრულიად მოვწყდი და მორფეუსის სამყაროში თავფეხიანად გადავეშვი...
  ჩიტების საოცარმა ჭიკჭიკმა გამომაღვიძა. რამდენიმე წამით თვალები არ გამიხელია და მომენტით ვტკბებოდი. ვგრძნობდი ადრიანი დილა იყო, სუსხი ჯერ ისევ მძლავრობდა და შემაცია. წამოვდექი და ჩანთა მოვქექე. სიგარეტის კოლოფი მუჭში მოვიქციე და ირგვლივ მიმოვიხედე, ასანთი მჭირდებოდა. იქნებ ამით შიმშილის გრძნობა ოდნავ მაინც გამექრო. არავინ ჩანდა ვინც ამაში დამეხმარებოდა, ამიტომ ჩემი მწირი ბარგი ავკრიფე და პარკის სიღრმისკენ მიმავალ, საველოსიპედო ბილიკს გავუყევი. პლედი ზურგზე მოვიგდე, შინაგან კანკალს ვერაფერს ვუხერხებდი და ცოტას გამათბობდა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად გამოვიძინე, თავს დასვენებულად არ ვგრძნობდი. თითქოს სრული სიმძიმით დამაწვა მხრებზე განცდილი და ჩემდაუნებურად მოვიხარე, მივლასლასებდი. ეს განწყობა, თავადაც ვიცოდი, კარგს არაფერს მიქადდა მაგრამ ენერგიამ იღბალივით მიმატოვა და ხელში გამოფიტული სხეული შემრჩა. ყველანაირი გამამხნევებელი შეძახილი, რომლითაც ცხოვრების რთულ მომენტებში მინუგეშებია თავი, უსარგებლო გახდა. ჩემი ნიჭი, გასაჭირის დროს საკუთარი განწყობა პოზიტივისკენ მიმემართა, დილის ნისლივით გადნა ჰაერში.
  არ ვიცი რამდენხანს ვიარე, მანძილი საოცრად გაიწელა თუ მე მქონდა ასეთი შეგრძნება, ვერ ვიტყოდი. ორიოდე ჩემნაირი გზააბნეულის მეტი არავინ შემხვედრია. ისინიც აქა-იქ მიწოლილიყვნენ და ასანთს კი არა, ალბათ იმასაც ვერ გაიხსენებდნენ თუ სად იმყოფებოდნენ.
  მზე უკვე გვარიანად იყო ამოსული, როდესაც პარკი მოულოდნელად დასრულდა. უკანასკნელი ხის მერხი უკან მოვიტოვე და ტროტუარზე აღმოვჩნდი. მარჯვნივ ქალაქის მოძრავი და მჩქეფარე ნაწილი მოჩანდა, ამიტომ მარცხნივ ავიღე გეზი. თითქოს უფრო უსიცოცხლო მომეჩვენა და იმედი მომეცა რომ გარეუბანთან ახლოს მივედი. გადადგმული ნაბიჯების პარალელურად, ეს ფიქრი უფრო განმიმტკიცდა. დაბალი შენობების და მოზრდილი ეზოების რაოდენობამ იმატა. ალაგ-ალაგ საჩეხეებიც შევნიშნე და ცხოველთა ხმები იავნანასავით ტკბილად ჩამესმა. თუმცა განვლილი მანძილი საიმედოს არაფერს მეუბნებოდა, რადგან გარემო საერთოდ არ მეცნობოდა. მიუხედავად ამისა, გულის კუნჭულში აკიაფებულ პაწაწინა იმედს ჩავებღაუჭე და სვლა ჯიუტად გავაგრძელე. ლუსი უნდა მეპოვა. ახლა მისი თურაშაულივით წითელი ლოყების დანახვა, სამოთხის კარის შეხსნის ტოლფასი იქნებოდა.
  ჩამოცხა... სველი შუბლი მაჯით შევიმშრალე და მოულოდნელად დასრულებული ხის ღობის კუთხეში შევდექი. ქუჩა სამად იყოფოდა და ზუსტად ჩემს წინ, ძალიან ნაცნობი სახლი იდგა... სიხარულის ყიჟინა ჩემდაუნებურად აღმომხდა და პირზე ხელი სწრაფად  ავიფარე. ქუჩა სირბილით გადავჭერი და რკინის მოჩუქურთმებული, ვიწრო კარი ჭრიალით შევხსენი. ფილაქნიან ბილიკს გავუყევი და შენობის უკან გავედი, მწვანე მოლზე ფუმფულა ლუსი ზურგით იდგა და გაქათქათებულ თეთრეულს, ეზოში გაბმულ თოკზე ღიღინით ფენდა.
  ცოლ-ქმარმა ბოლომდე ისე მომისმინა, ერთხელაც არ გაუწყვეტინებიათ. მხოლოდ რამდენჯერმე დაირტყა ლუსიმ მარჯვენა მტევანი მუხლზე და თვალზე მომდგარი ცრემლი, ხელის ზურგით შეიმშრალა. ვთხოვე, ჩემი აქ ყოფნის ამბავი არავისთვის შეეტყობინებინათ. ოჯახის უფროსი შემპირდა, რომ გასამგზავრებლად ყველაფერს ის უზრუნველყოფდა. მის შემოთავაზებაში პოლიციის გამოძახებაც შედიოდა. არ დავეთანხმე, ვგრძნობდი ვრისკავდი აქ კიდევ რამდენიმე დღის გატარებით, მაგრამ რისკს მისი წინადადებაც შეიცავდა.
  ლუსიმ ოთახი მაჩვენა სადაც დასვენებას შევძლებდი. ადამიანური პირობებისა და საწოლის დანახვამ, გული ამიჩუყა და ცრემლმა თვალები ამიწვა. საკუთარი კაბა და ალბათ ოთხი ზომით დიდი მაისური მომცა, თან მზერით თითქოს მომიბოდიშა მათი გიგანტური ზომების გამო. ნუ ღელავ, რაიმეს მოვუფიქრებ მეთქი, გავუღიმე. შუბლზე ჭრილობა დამიმუშავა და მარტო დამტოვა. თითქმის შეხორცებული იარა აღარ მტკიოდა. მხრის ტრავმა კი აღარც მახსოვდა. თავზე ცხელ ნაკადად გადმოღვრილმა წყალმა, ამქვეყნიური სიამენი ერთბაშად გამახსენა. გამოსვლა აღარ მინდოდა, სანამ კანი მთლად არ დამინაოჭდა. სასწაულად დარბილებული თმა ნაჩქარევად შევიმშრალე, საწოლზე დავეცი და მთელი ღამის გამოძინების მიუხედავად, მყისიერად გავითიშე.
  სასიამოვნო შეგრძნებით გამეღვიძა. შევამჩნიე, რომ ავსტრალიაში მოხვედრის შემდეგ, ყოველი მოპოვებული სიმყუდროვე საოცარ სიმშვიდეს მანიჭებდა.  წვრილმანი დეტალები ახლა უფრო მეტად დავაფასე. ადგომა არ მინდოდა, იმდენად კარგად ვგრძნობდი სუფთა თეთრეულში თავს. ჩემს ყნოსვას ყავის სუსტი არომატი მისწვდა და ამჯერად ვინებე წამოდგომა. ლუსის უზარმაზარი მაისური მუცელთან გამოვნასკვე, ბოლოკაბაც ამდაგვარად დავამაგრე და ფეხი ჩემს მაღალყელიან კონვერსებში ჩავდგი. გასვლისას საკუთარ ანარეკლს სარკეში მოვკარი თვალი. სამოსის გაბარიტებს თუ გავითვალისწინებდი, არცთუ ისე ცუდად გამოვიყურებოდი. მხოლოდ ჩემს თმასა და თვალებს დაეკარგა სხივი. სახეს კი უზომოდ დაღლილი გამომეტყველება ჰქონდა.
  დიასახლისს სამზარეულოში მივაგენი. გაზქურასთან ჯარასავით ტრიალებდა და ირგვლივ საოცარ სურნელს აფრქვევდა. ჩანდა რომ ტერიტორია საქმის ჯადოქარს ეპყრა. გვერდით ოხშივარავარდნილი ყავის ფინჯანი მოედგა და კვლავ ხმადაბლა ღიღინებდა. როგორც მივხვდი, ის იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა რომლებიც, ნეგატივის მიუხედავად მაინც დადებით განწყობას ინარჩუნებენ და ამას გარშემომყოფებსაც გადასცემენ. მეც ასე დამემართა. მივესალმე და ფანჯარასთან მიდგმულ მაგიდასთან, ფეხმორთხმით მოვიკალათე. ლუსიმ მაშინვე ყავის მადუღარა შემოდგა ქურაზე და გვერდით მომიჯდა. ჩემს მდგომარეობაზე კორექტულად აღარაფერი უკითხავს, მხოლოდ ზოგადი თემებით შემოვიფარგლეთ. ცხენები მოვიკითხე. თავდაპირველად ჩემი თვალი და გული რომ მიიტაცა, მაგრამ მათთან მიახლოების დრო არ მომეცა. ლუსის სახე გაუბრწყინდა, მითხრა რომ მათით ძალიან ამაყობდნენ და განსაკუთრებულად უვლიდნენ. ცოტა მოგვიანებით, სადილის მზადებას რომ მორჩებოდა, გასეირნება შემომთავაზა. რა თქმა უნდა სიხარულით დავთანხმდი.
  კერძი ის-ის იყო დასრულდა, რომ პიეტროც შემოვიდა. ჩემს წინ დაჯდა და მითხრა რომ ტომასთან დარეკა. სავარაუდოდ ხვალ ელოდა. კმაყოფილმა, ისიც მომახარა რომ ტომასი მარკოსთან  დაკავშირებასა და მისი ასავალ-დასავალის გარკვევას ეცდებოდა. მოსმენილმა გული შემიქანა. სადმე დარეკვა ჩემს გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა. ერთის მხრივ, მარკოს ამბავი მეც ძალიან მაინტერესებდა. მეორე მხრივ, არ ვიცოდი ვინ უთვალთვალებდა ან ისმენდა მის ტელეფონს. და თუ ეს მართლაც ასე იქნებოდა, ვიცოდი რაც მელოდა. თუმცა, ახლა უკვე ვეღარაფერს შევცვლიდი და ხმა აღარ ამომიღია. მასპინძელს სიხარულის განცდა, რომ მეხმარებოდა, აღარ ჩავუმწარე. ჩანს, კარგად ვერ აღიქვამდა რამდენად სახიფათო სიტუაციაში ვიმყოფებოდით.
  საჯინიბოს თივის სუნმა და ცხენების ფრთქვინვამ, რეალობას მომწყვიტა. ლუსი კმაყოფილი უყურებდა ჩემს გაბრწყინებულ სახეს და საუკეთესო ბედაური თავისი ხელით შემიკაზმა. გრძელი და წელიდანვე გაშლილი ქვედაბოლო ჯირითში ხელს არ შემიშლიდა, ამიტომ აღარ შევყოვნებულვარ და შოლტივით მოზიდულ, დაკუნთულ ,,ულურუს`` ზურგზე მოვექეცი. მაშინვე ის გავიფიქრე, სახელი ალბათ, ავსტრალიის ყველაზე ცნობილი მთის საპატივსაცემოდ დაარქვეს მეთქი და გადავწყვიტე საღამოს, უკან დაბრუნებისას ლუსისთვის ჩემი უბადლო ბედაურის ისტორია მეკითხა.
  ქუსლები ფერდებზე ოდნავ შევახე. თითქოს იუკადრისაო, სხეული მძლავრად შეარხია და დაიძრა. ირგვლივ მიმოვიხედე, მტკიცედ შემოსაზღვრული ღობის მიღმა თვალუწვდენელი, მწვანე მინდვრები და ალაგ-ალაგ მაღალი ნაძვები თავდავიწყებისკენ მიხმობდნენ. რამდენიმე ნაბიჯში ვიგრძენი რომ ვენდობოდი და ხმამაღლა შევუძახე. კისერი მოიღერა, დაიჭიხვინა და გაფრინდა. სახეში დაძგერებულმა ქარმაც კი ვერ შემაფხიზლა, თითქოს ჩემს სხეულს ხელი დაავლო და ყველა ის საშინელება რაც გავიარე, ძირფესვიანად მომგლიჯა. ცხენს მუხლებით ფერდებზე მაგრად მივეკარი და აღვირს ხელი გააზრებულად გავუშვი. ნამდვილად მივფრინავდი... სრული თავისუფლებისა და აღმაფრენის შეგრძნებამ, მეწყერივით წამლეკა. მისი ულამაზესი, აბრეშუმივით სხივილა ფაფარი და ჩემი ჯერ კიდევ სველი თმა, ზღვაში გაშლილი მეკობრის შავი დროშასავით ჰაერში გამოეკიდა. არცერთი წამით იმ საფრთხეზე არ მიფიქრია, რასაც გადმოვარდნა და დამტვრევა მიქადდა. მთელი არსებით მივენდე. დარწმუნებით ვიტყოდი რომ ბედაურმაც იგრძნო ჩემი განწყობა, სხეული ქვასავით გაამაგრა და ჰორიზონტისკენ გამაქანა. არ ვიცი ეს თავბრუდამხვევი რბოლა რამდენ ხანს გაგრძელდა, მაგრამ თავიდან დავიბადე. ასეთი ბედნიერების შეგრძნება, საკუთარი ქალაქის იპოდრომზე ჭენებისასაც კი არ მქონია. ყველანაირმა უარყოფითმა დამტოვა და მხოლოდ თავისუფლების უნაპირო განცდა დამიტოვა. მტკივნეული და საზღვრებიანი თავისუფლების...
  თანდათან ქროლვამ იკლო, ჭკვიანმა არსებამ განვლილი მანძილი თავად განსაზღვრა. მიმოვიხედე, მწვანე მინდვრებს ნელნელა უდაბნო ერეოდა. უკან დაბრუნების დრო დამდგარიყო. ჩამოვქვეითდი, აღვირი ხელში დავიკავე და ნელი ნაბიჯით ფერმისკენ შემოვბრუნდი. მარცხენა ხელით მის გრძელ, აბრეშუმივით ფაფარს ვეფერებოდი და ხმადაბლა ველაპარაკებოდი.  ულურუმ რამდენჯერმე გადმომხედა. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რამხელა სიამოვნება მომანიჭა... შეიძლება ხვდებოდა კიდეც...
  ბინდი მძლავრობდა როცა დავბრუნდით. დიდი მანძილის ფეხით გამოვლამაც ვერ გაანელა ჩემი შეგრძნებები. ცხენების ჭიხვინმა შემაფხიზლა. მეგობრის მოსვლა იგრძნეს ალბათ და ეგებებოდნენ. დიასახლისი მათთან ფუსფუსებდა და ჩვეულებისამებრ ღიღინებდა. აღვირი უსიტყვოდ გადავეცი. ულურუს მადლობის ნიშნად, კისერზე სანატრელი მამაკაცივით მოვეხვიე და იქვე კუნძზე ჩამოვჯექი. ვუყურებდი როგორ მზრუნველად მოხსნა ლუსიმ უნაგირი. მიეფერა, ჯილდოდ საკვები უბოძა და დააბინავა. შემდეგ ასევე უთქმელად მომიჯდა გვერდით, საუბრის დაწყებას არ ჩქარობდა. მეც ჩუმად ვიჯექი, ჯერ ისევ განცდილი სიამოვნების ტყვეობაში. ჩემს წინ ჩამწკრივებულ სადგომებს ვათვალიერებდი და საჯინიბოში დატრიალებულ თივის სუნს ხარბად ვიყნოსავდი. ერთმანეთზე უკეთესი ბედაურები ჩანდნენ, კარგი პატრონის ხელიც აშკარად ეტყობოდათ. მაგრამ ურულუ მათ შორის უდაოდ ლიდერი იყო, თავისი მოსხლეტილი აღნაგობითა და ჭკვიანი თვალებით. ვუყურებდი და ვფიქრობდი რომ ისინი, სადგომებში გამოკეტილებიც კი, ჩემზე თავისუფლები იყვნენ.
  - ის ნამდვილად საუკეთესოა და არა მხოლოდ ამათ შორის! - თითქოს ჩემს ფიქრს გამოელაპარაკაო, ისე დაიწყო ლუსიმ. უსიტყვოდ ავხედე და ვაგრძნობინე რომ გაეგრძელებინა საუბარი. - რამდენიმე ტურნირი აშკარა უპირატესობით აქვს მოგებული და ჩემი აზრით, მას ამაში თავისი თანდაყოლილი ალღო ეხმარება. უტყუარად გრძნობს მხედრის გრძნობებსა და სურვილებს, ცდილობს მათ მოერგოს და საკუთარ სიძლიერესთან ერთად, წარმატებად გარდაქმნას. პირველივე დღიდან ვზრდი და ასე მგონია, ჩემი გულის წვერსაა  უხილავად გამობმული.
  - და მისი სახელი, ალბათ...
  - მთა ულურუს პატივსაცემად ჰქვია. - დაასრულა ჩემი სიტყვა და გაიღიმა. - გეცოდინება ამ მთის შესახებ, მზის ჩასვლისას უცნაურ მოცეცხლო-მოწითალო ფერს იღებს, ჩვენი ბედაურივით.
  რა თქმა უნდა ვიცოდი ამ უზარმაზარი და უცნაური ქვიშაქვის ფორმაციის შესახებ. ის ასევე აიერს-როკის სახელითაა ცნობილი. ექვსასი მილიონი წლის, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, მნახველებში უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა. სამი კილომეტრი სიგრძის გაბრტყელებული მთა, თითქოს არსაიდან ამომართულიყო შუაგულ უდაბნოში და დღის სხვადასხვა მონაკვეთში თუ ამინდის ცვალებადობისას, სასწაულად იცვლიდა ფერს. საღამო ხანს ოქროსფერი ედებოდა, მზის ჩასვლისას-წითელი, შემდეგ-იასამნისფერი, ხოლო ღრუბლიან ამინდში-ნაცრისფერი. ადგილობრივი ანანგუს ხალხისთვის  ულურუ წმინდა ადგილია და სახელწოდებაც სწორედ აბორიგენთა ენიდან მომდინარეობს.  ის ჩემს ტურისტულ მარშრუტში შედიოდა. რა თქმა უნდა ვიცოდი, თუმცა მისი ნახვა ვერ შევძელი. ისევე როგორც, ყველა სხვა დანარჩენის...
  - შვილები არ გვეყოლა, ვეცადეთ... ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ჩვენს ძალ-ღონეს არ აღემატებოდა. რამდენიმე ქვეყნის სხვადასხვა კლინიკაში ვიყავით. არათუ ექიმი, ექიმბაშიც კი არ დამიტოვებია, რომ არ მივსულიყავი. მათი პასუხები წყლის წვეთებივით ჰგავდა ერთმანეთს, თითქოს შეთანხმებულნი იყვნენ... ყველაფერი წესრიგში გაქვთ, მხოლოდ დროა საჭიროვო და ბოლოს, როცა ყველაფერი ამოვწურეთ, უბრალოდ შევჩერდით და ცდა დავიწყეთ. პიეტრომ შვილის აყვანაზე კატეგორიული უარი განმიცხადა და ამაზე საუბარიც კი ამიკრძალა. სხვა რა შემეძლო?! მეც შევწყვიტე საუბარი, მაგრამ ფიქრებს ვერაფერი მოვუხერხე. დღემდე მესიზმრება თეთრ პერანგში გახვეული დიდლოყება ახალშობილი. თავიდან მართლა მჯეროდა რომ ეს სიზმრები წინასწარმეტყველური იყო. დროთა განმავლობაში კი მივხვდი, ეს მხოლოდ ჩემი მდიდარი ფანტაზიის და დიდი სურვილის გამოძახილი შეიძლებოდა ყოფილიყო. მრავალი გაცრუებული თვისა და შემდეგ უკვე წლის ბოლოს, თავის ხელში აყვანა შევძელი და ოცნება შევწყვიტე. სიზმრად ნანახი ბავშვი კი იმდენად ცხადადაა ჩემს მეხსიერებაში აღბეჭდილი, რომ მისი სახე ალბათ სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება. წლების გასვლასთან ერთად ჩემი ცხოვრება უფროდაუფრო უმიზნო ხდებოდა. დეპრესია მომეძალა და ჩემი ფსიქოლოგის რჩევით, ქალაქში ბინა გავყიდეთ და ეს ფერმა შევიძინეთ. რამდენიმე წვრილფეხა ცხოველსა და ფრინველს, მალე ცხენები შეემატა და მე ისინი მთელი გულით, შვილებივით შევიყვარე. ჩემმა სიცოცხლემ დანიშნულება შეიძინა და მეც გავხალისდი. როცა მათ ჩემი ხელიდან ვაჭმევდი, ამაზე ბედნიერი წუთები ვეღარც წარმომედგინა. ცხენები გახდნენ ჩემი შვილები, მათი კვიცები კი-ჩემი შვილიშვილები. როცა პიეტრომ ხელახლა გაღიმებული დამინახა, ისე ღრმად ამოისუნთქა, მეგონა უზარმაზარი ტვირთი მოიხსნა მხრებიდან. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რამდენად აწუხებდა ჩვენი პრობლემა და ამის დაფარვას რამხელა ძალისხმევით ცდილობდა.
  სახლისკენ მიმავალ გატკეპნილ ბილიკს ნელა გავუყევით. ვიცოდი, კარგად დამეძინებოდა და ეს ულურუს დამსახურება იყო. კიდურები სასიამოვნოდ მიბჟუოდა, მაცოცხლებელი ჟანგბადით ხელახლა შევსებული ფილტვები კი ღრმად სუნთქავდნენ. ლუსი, უკვე შემშრალ სარეცხთან, ჩამოსახსნელად შეჩერდა. მე ჩაიდნის ქურაზე დადგმა მთხოვა. კიბის მოაჯირთან აფეთქებულ ვარდს ერთი კოკორი წავატეხე და ოთახის კარი შევხსენი. რაც ჩემმა თვალებმა დაინახა, მეხსიერებამაც სამუდამოდ აღბეჭდა... სკამზე პირაკრული პიეტრო იჯდა, ნაწამები და შოკირებული სახე პირდაპირ ჩემსკენ მოემართა. უაზრო გამომეტყველებაში სიცოცხლის სხივი დაშრეტოდა და ფრჩხილებდაცლილი, დაბმული მტევნები სკამის სახელურებზე დაკრუნჩხვოდა. საკივლელად პირის გაღება ვერ მოვასწარი, რომ ცხვირზე აფარებულმა მწვავე სუნმა, სასუნთქ გზებამდე უსწრაფესად მიაღწია. გონებამ, სრულ გათიშვამდე, მოპირდაპირე კედელზე დაკიდულ სარკეში არეკლილი პოლიციელის ფორმა, მომენტალურად აღიქვა.


  ძველი იაპონური ლეგენდა გვიამბობს: როცა ადამიანი ცაში გაფრინდება, უფალი მას სარკმელს ჩუქნის, საიდანაც მისი ნათესავები და ახლობლები ჩანან. ამ სარკმლის რაფაზე ყვავილი დგას და ტოტზე ზანზალაკი ჰკიდია. როდესაც ამ ადამიანს ახსენებენ, ზანზალაკი რეკს; როცა კარგად ახსენებენ - მზე ანათებს, როცა ტირიან - წვიმა მოდის. ყვავილი იზრდება და ადამიანის სულს ახარებს სასუფეველში. თავიდან ზანზალაკი ხშირად რეკს. ხან მზე გამოანათებს, ხან წვიმა მოდის და ხარობს ყვავილი. მერე  ნელ-ნელა იკლებს მისი წკარუნი და ყვავილიც ნელ-ნელა ჭკნება...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები