ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
18 მაისი, 2023


დავით აღმაშენებელსა და დანარჩენ მამულიშვილებზე

ახალგაზრდა ქართველმა კაცმა - ალიკა მერებაშვილმა დავით აღმაშენებლის ეპოქაზე წიგნი დაწერა, რომელსაც ,,დავითფერული“ დაარქვა.

წიგნის გამოცემამდე, ავტორის სურვილითა და ინიციატივით ისტორიული რომანის პდფ ვერსიას გავეცანი, ათ ეპიზოდს. ჩემი აზრი აინტერესებდა ავტორს. იცის რომ მიყვარს ისტორიული რომანების კითხვა და ისტორიული შინაარსის ლექსების წერა.

გულდასმით წავიკითხე ,,დავითფერულის“ ათივე ეპიზოდი. ძალიან მომეწონა. ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღე. განსაკუთრებით აღმაფრთოვანა შიოლა ღუდუშაურის პიროვნებამ, როგორ წვრთნიდა დავითს, როგორ ასწავლიდა ფარიკაობას, საბრძოლო ხელოვნებას. ასევე აღმაფრთოვანა კოლა ჯვარიძემ. მეფის შესაფერისი ხმალი გამოჭედა. დავითს რომ შეეფერება, დიდგორმოგებულ ერს რომ შეეფერება, ისეთი რომანია. აქამდე მხოლოდ კონსტანტინე გამსახურდიას ,,დავით აღმაშენებელი“ მქონდა წაკითხული. გამსახურდიას რომანის შემდეგ, ასე ძალიან ისტორიული რომანი არ მომწონებია დავითის ეპოქაზე, როგორც ,,დავითფერული“.

ბავშვობიდან მიყვარს ისტორია, ისტორიულ გმირებზე წიგნების კითხვა და ფილმების ყურება.

ჩემს მშობლებზე რომ აღარაფერი ვთქვა, ისტორიისადმი სიყვარული ჩემმა პედაგოგებმაც ჩამინერგეს გულში. ჩემი პედაგოგები მე და ჩემს თანაკლასელებს აღფრთოვანებით გვიყვებოდნენ გმირებზე, ქართველ მეფეებზე. განსაკუთრებით აღფრთოვანებით ჰყვებოდნენ დავით აღმაშენებელზე, რომელმაც დიდგორის ომი მოიგო.

ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ერთგულმა თანამებრძოლმა, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერმა მამულიშვილმა - ბიმურზა დადეშქელიანმა „ქართველების მეორე დიდგორი 1991 წლის 9 აპრილი არისო, დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება“.

დიდგორზე ყოველთვის მერაბ კოსტავას სიტყვები მახსენდება: „საქართველოს თავისუფლების გზა დიდგორზე გადის! დიდგორის დროშას გაუმარჯოს!“

გმირების მაგალითებზე ვარ აღზრდილი, ჩემი საყვარელი პოლიტიკოსი ზვიად გამსახურდიაა. ნათელში ამყოფოს უფალმა შეწირული მამულიშვილების სულები.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

ჩემთვის გმირია ბერი თევდორე,
ვაქებ ცოტნეს და ბაგრატიონებს,
ვარ იმ გმირების თანამედროვე,
აფხაზეთში რომ მაგრად იომეს.

ჩემთვის გმირია მერაბ კოსტავა,
სამშობლოსათვის ნამსახურია,
ზვიადს მამულის მადლი მოსავდა,
ნათელში იყოს გამსახურდია.

ახლა შარტავაც უნდა ვახსენო
და მასთან ერთად გაბესკირიაც,
მათ სანთლებს ვუნთებ, სანამ ვარსებობ,
წყალობას შევსთხოვ: ნანას, მირიანს.

დედა ქეთევანს - კახთა დედოფალს
ვუქებ სიმტკიცეს, რწმენას, მოდგმასაც,
წრფელი მადლობა ყველა ეპოქას,
გუბაზს, ფარნავაზს, ვახტანგ გორგასალს.

მე მოწამეთას მიწაზე ვდგევარ,
სული ტრიალებს არგვეთელ ძმების,
მათ არ სჩვევიათ უკან დახევა
და ქარქაშებში ჩაგება ხმლების.

იყო შინდისი, ცხრა აპრილი და
იყო წლების წინ ბრძოლა ტამიშის,
დღეს ჩემშიც ცოცხლობს ყველა გმირი და
ქვეყნის სიყვარულს ვერვინ დამიშლის.

ფეხზე ვუდგები სამას არაგველს,
მარაბდის ველზე დაცემულ ცხრა ძმას,
დედა ღვთისმშობლის კალთა ჰფარავდეს
ამ საქართველოს - სალოცავ ტაძარს.

არ შემიძლია - მეც არ ვახსენო
სააკაძეთა გვარი, ბუნება,
ჩვენი ქვეყანა დღეს რომ არსებობს,
არის იმათი დამსახურებაც.

ქართველი თუ ხარ, არ გქონდეს შიში,
შეინარჩუნე შენი ზნეობა,
დღემდე მაოცებს მხარგრძელთა ჯიში,
ახალციხელთა მხიბლავს მხნეობა.

მტკივა ობლობა ვაჟას შვლის ნუკრის,
წყაროს წყალს ვასმევთ ქორბუდა ირმებს...
ვიდრე ჩაქრება თვალებში შუქი,
თავს ვხრი და ვამბობ: დიდება გმირებს!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები