ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ-ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
20 მაისი, 2023


George Gordon Byron - Fare Thee Well

ჯორჯ გორდონ ბაირონი - გემშვიდობები

მშვიდობით! თუკი ვეღარ შევხვდებით,
სამარადისოდ გემშვიდობები!
არ მოგექცევი გულგამეხებით,
არც გაგიხდები ავის მდომები!

ჩემი გულმკერდი იყო ნიადაგ
თავსასთუმალი შენი ნარჩევი,
თავის დადება სადაც გიყვარდა,
თვლემა, განცხრომა შემონაჩვევი.

თუკი შეძლებდი მზერით  დანახვას
მკერდის სათუთი ხვაშიადების,
არ გექნებოდა წასვლის განზრახვაც 
და სათუთ გრძნობებს ადიადებდი.

თუმც ბრბოს ეამა ჩვენი გაყოფა,
ნიშნი მომიგო ყველამ სათქმელით,
შენ უნდა გრძნობდე შეურაცხყოფას,
ხოტბა შეგასხეს სხვისი გაქელვით.

ვიცი, შევცოდე ვნების ძახილით,
ცოდვამ შელახა სულის მხნეობა,
რად გამიყარა გულში მახვილი
მკლავმა, წადილით რომ მეხვეოდა? 

თავს ნუ იტყუებ, რადგან არშიყთა
გულაცრუება დიდხანს მწიფდება,
მახლობელ გულთა უცებ გარიყვა
განრისხებას არ ხელეწიფება.

შენი გული ძგერს ისევ ჩვეულად,
სისხლი ადინა ჩემს გულს შეცდომამ
და მწარე ფიქრიც ემტკივნეულა -
არ გვიწერია როსმე შეხვდომა. 

გავიზიარებთ იმგვარ სიმწარეს,
რასაც წარმოშობს მკვდარზე გოდება,
ვიცოცხლებთ, მაგრამ ყოველ ცისმარე
ქვრივები რომ ვართ, მოგვაგონდება.

როცა ჩაიკრავ ჩვენს შვილს უბეში,
ინებებ წართქვას „მამა“ ყმაწვილმა,
ვით გაამხნევებ მაშინ ნუგეშით,
თუკი მამობრივ ზრუნვას ჩაწიხლავ.

ციცქნა ხელს როცა მოგითათუნებს,
გადმოიხრება შენკენ საკოცნად,
იფიქრე მასზე, ვინც ეს საუნჯე
წარუხოცელი ტრფობით დალოცა!

გაგახსენდება მისი ნაკვთებით
იერი შენი ყოფილ მეუღლის
და ჩაგეღვრება გულში ნათელი,
აფანცქალდება ჩემი ერთგული.

მიწყრები ცოდვით განაოცები,
შევრცხვი წარწყმედის გზაზე შემდგარი,
აგედევნები მაინც ოცნებით
ყველგან, ამაოდ ნაიმედარიც.

თავზარი დამცა ცოდვის სიცბილმა,
გზნება წაერთვა ამაყ შემზერას,
თაყვანს ვცემ მას, ვინც ჩამომიცილა,
თვით ჩემი სულიც გადამემტერა.

უსარგებლოა უკვე ლაყაფი
და ბედისწერას ნება მინებდა,
არ შემიძლია მოვდო აყაფი
დამამწუხრებელ ფიქრთა დინებას. 

მშვიდობით, შენგან განაპირებას
ვერ ავირიდებ თავგამოდებით,
სნეულ გულს ლხენა აღარ სჭირდება,
ამაზე მეტად ვეღარ მოვკვდები.

20 მაისი, 2023 წ.

ორიგინალი იხილეთ აქ: https://kalliope.org/en/text/byron2020041901

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები