5. მკვლელობა კაპიტანმა გამოუცხადათ, რომ ნავსადგურის ხელმძღვანელობა და ბათუმის პოლიცია ითხოვს გემის უკან დაბრუნებას. ეს კი შეუძლებელია, რადგან გამოვლილ მონაკვეთში შტორმი გაძლიერდა და მიბრუნებისას შეიძლება მეტი უბედურება მოხდეს. გემი კი შედარებით სუსტად გამოკვეტილი შტორმული მოვლენების მონაკვეთში შევიდა და მალე სრულიად გასცდება სახიფათო ზონას. ამ დროს გემი ისევ მძლავრად შეაქანა, მაგრამ მალევე შესუსტდა რყევა. – ჯერ ვერ დავბრუნდებით, აი, როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგვეცემა, მაშინვე წავალთ უკან.
ლაშა ვერ ისვენებდა, ყველას აკვირდებოდა. ბათუმში, თავის ოფისში, რამდენიმე მგზავრის მონაცემები გადასცა და მათზე არსებული ინფორმაცია მოითხოვა. ეს დღე უღიმღამოდ გავიდა. სამხრობის შემდეგ მგზავრები, ჩვეულებისამებრ, გემბანზე, აუზთან შეიკრიბნენ. თვალი ყველას თამარის ქოლგისკენ და შეზლონგისკენ გაურბოდა. აუზში წყალი არ ესხა. ის სათანადო ხსნარებით გაწმინდეს, გაასუფთავეს და გადაწყვიტეს, რომ წყალს ხვალ გამოუშვებდნენ. სევდიანი დღე იყო. თან რატომღაც ყველას ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა. ივახშმეს და ვეღარც სალონში შეიკრიბნენ. უხასიათოდ იყვნენ, დიდ ფიზიკურ და ემოციურ დაღლილობას გრძნობდნენ. კაიუტებში გადანაწილდნენ და დილამდე დასვენება არჩიეს. ყველაფრისგან გადაქანცულმა მგზავრებმა გვიანობამდე ძილი მოითხოვეს, საუზმე გააუქმეს და პირდაპირ სამხარზე გასვლა გადაწყვიტეს. მაგრამ ვინ აცალათ ძილი? ღამე ძაღლის წკავწკავმა შეაწუხა მგზავრები, შემდეგ ნატაშენკას შემზარავი კივილი გაისმა. ლაშა ძლივს გამოფხიზლდა და ჩვეულ ტემპში გავარდა. პირველი, რაც დაინახა, დორას კაიუტასთან შეგროვილი კაპიტანი და მეზღვაურები იყვნენ, ჩოჩქოლებდნენ. გემის ექიმი კაიუტაში იყო და დორას დასტრიალებდა თავს, თან ლაშას გამოჩენას ელოდა. კაიუტაში შესულს ასეთი სურათი დახვდა. საღამურში გამოწყობილი და ღამის ჩაჩით თავდამშვენებული დორა წამომჯდარივით იწვა ლოგინში, საბნიდან კი სამზარეულოს დანის ტარი აღმართულიყო. დანა, სავარაუდოდ გულში იყო დარტყმული. – მკვდარია, – უთხრა გემის ექიმმა. – ახლა დანამდვილებით ვიცი, რომ თამარიც მოკლულია, – თქვა ლაშამ, გაშეშებულ კნეინა დორას სურათები გადაუღო, სამედიცინო ხელთათმანები გაიკეთა, ექიმის თანდასწრებით ამოაცალა მიცვალებულს დანა და სუფთად მოათავსა პოლიეთილენის პარკში. შემდეგ ყველას კაიუტიდან გასვლა სთხოვა, თან დაინტერესდა ხელი ხომ არაფერს ახლეს, დაკვირვებით შეუდგა კაიუტის დათვალიერებას და დამატებითი სურათებიც გადაიღო. ამ დროს დემნა შემოვარდა, დედის დანახვაზე დაიღრიალა, მუხლებზე დაეცა და ცხედარს გადაემხო. ცხარე ცრემლებით ტიროდა და იმეორებდა: – როგორ გაწყენინე, დედა! როგორ გაწყენინე .... ბოლოს ძალაგამოცლილი წამოაყენეს მეზღვაურებმა და კაიუტიდან გაყვანა დაუპირეს, დემნამ ძალა მოიკრიბა, განთავისუფლდა მათგან და იქვე სავარძელში ჩაესვენა. მეზღვაურები გავიდნენ. დემნა გადასვენებული იჯდა, ტიროდა და ლაშას ქმედებებს აკვირდებოდა. ძალიან შეცვლილიყო ამ დღეებში, გამხდარი და დაღლილი ჩანდა. მის სქელ და ლამაზ თმაში ვერცხლის ძაფები კიაფობდნენ შუქზე, განსაკუთრებით საფეთქლებთან. სიტუაციას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდიდა მიმის გაუთავებელი წკავწკავი და ნატაშენკას მოთქმა. ის ისტერიულად ტიროდა და იმეორებდა: – საცოდავი. საცოდავი კნიაგინია. მე რა ქნას? მე რა ქნას? კნიაგინიამ წამოიღო რუსეთიდან, მე რა ქნას? ....... ცდილობდნენ მის დაწყნარებას, მაგრამ უშედეგოდ. ამ დროს გივი გამოვიდა კაიუტიდან, მშვიდად მიუახლოვდა ნატაშენკას, მის დანახვაზე მიმიმაც დაცქვიტა ყურები და შეაჩერდა გივის, ახალგაზრდამ ხელმკლავი შესთავაზა გოგონას. – წამოდით, ნატა, სალონში, იქ მე მოგემსახურებით. წყალი დალიეთ, დამშვიდდით. ნუ გეშინიათ, თქვენ ძალიან კეთილშობილ ხალხში ხართ, არ მიგატოვებენ. აუცილებლად სამყოფზე მეტსაც შეგახვედრებენ. დრო სჭირდებათ გონს მოსასვლელად, ასეთი ტრაგედიები დატრიალდა. დაწყნარდით, ქუჩაში არ აღმოჩნდებით. ყველას წინაშე გაძლევთ პირობას, რომ, თუ სასწაული მოხდა, და თქვენ არავინ მოგხედათ, მე გიპატრონებთ. წამომყევით, ნატა, სალონში. ნატაშენკამ მადლიერებით გაუკეთა ხელკავი და თქვა: – დიდი მადლობა, ლამაზია „ნატა“, დედა ეძახდა ასე. – და გაუღიმა. მიმიც დამშვიდდა, წკავწკავი შეწყვიტა და კალათაში მოკალათდა. ამ სიტყვების გაგონებაზე, დემნა, თავად გაუბედურებული, წამოხტა სავარძლიდან, წამოეწია ნატაშას, თმაზე გადაუსვა ხელი და დაუყვავა: – ნუ გეშინია, ნატაშენკა. მე ვიზრუნებ შენზე. რუსეთში ახლობლებთან გაგაგზავნი, თუ ვერ იცხოვრებ მათთან, პატარა ბინას გიყიდი, რამდენიმე წლის სამყოფ თანხასაც გამოგიყოფ. გამზითვება დავარქვათ ამ საქმეს. მიმის თან წაიყვან, ალბათ. ახლა კი მშვიდად იყავი, შედი შენს კაიუტაში. – მიმის თან წაიყვან, კი. მარა ვერ შედის კაიუტაში. – კარგი, თუ გირჩევნია, გივის გაყევი, ძალიან კარგი ადამიანია, ამ მძიმე წუთებში მარტო არ იქნები. სამივე, გივი, ნატაშენკა და მიმი, სალონისკენ წავიდნენ. თითქოს მიმიმაც გაიგო მამაკაცების სიტყვები, იგრძნო მათი ყურადღება და აღარ უტირია.. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ მოგზაურობის დროს ნამდვილი სასწაული მოხდა და გივი, სრულიად გარდაიქმნა. იგი ძალიან სიმპატიური 24 წლის ახალგაზრდა აღმოჩნდა, მშვიდი და გონიერი. ყველა მგზავრის კეთილგანწყობა დაიმსახურა. როცა მათ მცირე დახმარება, ან რაღაც საკითხის გარკვევა სჭირდებოდათ, აუცილებლად გივის მიმართავდნენ. ასე იქცეოდა ყველა განურჩევლად, აწ გარდაცვლილი თამარი, კნეინა დორა და უცხოელებიც კი. სალონში გივიმ ნატაშენკა მაგიდასთან დასვა და მისთვის სასურველი ხილის გამაგრილებელი კოქტეილი მიართვა. უცხოელები კაპიტნისგან ხმელეთთან დაკავშირებას და კატარღის გამოგზავნას ითხოვდნენ, მათ ერთი წუთითაც აღარ სურდათ გემბანზე ყოფნა. ტყუპი დებიც შფოთავდნენ და უცხოელებთან ერთად გამგზავრებას გეგმავდნენ. კაპიტანმა უპასუხა, რომ ეს შეუძლებელია და თან ისეთი ამბები მოხდა, სასურველია ყველა მგზავრის ერთად ყოფნა. დასამშვიდებლად მათაც სალონში წასვლა ურჩია, რადგან ამ მკვლელობასთან დაკავშირებით ისევ ჩატარდებოდა დაკითხვები. მომხდარით შეძრული მგზავრები მორიგეობით იხედებოდნენ კაიუტაში. მათეს მხარზე დაყრდნობილი ელენე სევდიანი სახით იდგა ისე, რომ თვალმოუშორებლად უყურებდა დორას. ამასობაში სადილობის დრო მოახლოვდა და კაპიტანმა ხმის გამაძლიერებლით მოუხმო მგზავრებს: – მეგობრებო, მობრძანდით რესტორანში. ნუ დაგვავიწყდებათ კვება. ლაშას და დემნას გარდა ყველა რესტორნისკენ დაიძრა. კაპიტანმა მათაც შეახსენა სადილობის დრო. ლაშას დორას კაიუტის გასაღებები და ყველაფრის ხელშეუხებლობის გარანტია მისცა. ლაშამ გადაკეტა ნატაშენკასკენ გამავალი კარი. გამოატარა დემნა და დორას კაიუტის კარის გადაკეტვისას აღმოაჩინა, რომ საკეტი, თითქოს, კი იკეტება, მაგრამ გარედან სახელურის ერთგვარი გადატრიალებით ადვილად იღება. შემდეგ კაიუტაში შევიდა, ჩაკეტა კარი და დემნას სთხოვა გარედან გაეღო. ცოტა კი იწვალა დემნამ, მაგრამ გააღო კარი. მეორედ ჩაატარეს იგივე ექსპერიმენტი. ლაშამ შიგნიდან ჩაკეტა კაიუტის კარი გასაღებით და დემნას სთხოვა გარედან გაღება. ამჯერად უფრო ადვილად გახსნა დემნამ. მესამე ცდისას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უცებ გახსნა დემნამ კარი. ამის შემდეგ ორივე რესტორნისკენ გაემართა.
რესტორანში ყველა თავის მაგიდას მიუჯდა. მათეს და ელენეს მშობლები ძლივძლივობით შემოლასლასდნენ, მიუახლოვდნენ თავიანთ მაგიდას და ერთმანეთის დახმარებით ფრთხილად დასხდნენ. ელენე მათ არავითარ ყურადღებას აღარ აქცევდათ, შეიძლება ითქვას ძაღლადაც არ აგდებათ. მედიდური გახდა, დორასავით წელგამართული დადიოდა და იჯდა. ზურგი ეჭირა. ყველა მგზავრი დაძაბული იყო. რესტორანში სრული სიჩუმე იდგა, მხოლოდ ჭურჭლის და დანა–ჩანგლის წკარაწკური ისმოდა. მგზავრები ეჭვით ათვალიერებდნენ თანამგზავრებს. აი, ნიკო და ელენე კი არ კარგავდნენ დროს და დაჟინებით უყურებდნენ ერთმანეთს.
დაკითხვაზე ნატაშენკა მიმისთან ერთად შემოვიდა, მიმი ყურებდაცქვეტილი იჯდა კალათში და ეჭვით უყურებდა ლაშას. ლაშა ადგა, მგზავრების დასაკითხად გამზადებულ სკამებს ერთი ბარის სკამიც მიუდგა მიმისთვის, მიუბრუნდა ნატაშენკას და ალერსიანად უთხრა: – დაჯექი. ნატაშენკამ მიმი ბარის სკამზე მოათავსა, თვითონაც დაჯდა და შეშინებულმა ორჯერ გაიმეორა: – მე არაფერი იცი, მე არაფერი იცი, – ნუ გეშინია, – უთხრა ლაშამ, – მე დაგისვამ კითხვებს და შენ მიპასუხე. ვინ სტუმრობდა კაიუტაში კნეინას? – დემნა, მაგრა რო იჩხუბეს სალონი, მერე არა. ელენა და პრინცესები, ერთხელ გივი. ლაშა თავისთვის რაღაცეებს ინიშნავდა. – თქვენი კაიუტების კარებები კარგად იკეტება. – ჩემი კარგად, ჩემი და კნიაგინას ერთი კარგად. კნიაგინას კარები ორი დღე კარგად, მერე რაღაცა ნახეთ პლიონკასავით, ფილმის პლიონკსავით, უფრო სიმსხო ეგდო და კარები ცუდად იკეტება. კნიაჟნა არ ეშინია, ეს გემი და კაპიტანი კარგად იცნობს და хотела сказать капитану, но не успела. როგორ გეცოდება, როგორ გეცოდება, – და ნატაშენკა ატირდა. – ჩემთვის ვითომ ბებია, ეგრე ზრუნავს. როგორ გეცოდება. არავის აწყენინა, რატომ მკვდარია? რატომ? – ის პლიონკა ხომ არ შემოგრჩათ სადმე. – მე არ ვიცი, კნიაგინა ეჭირა. – იმ საღამოს, როცა ეს მოხდა, ვინ იყო ქალბატონ დორასთან სტუმრად? – ჯერ გივი, კახალდები შრიალობს. მერე ელენაც. სამი ერთად კახალდებით. მერე გივი და ელენა წავიდა. მერე სიჩუმე. მერე სამი პრინცესები მოვიდა და იცინა ბევრი. მერე წავიდა და კნიაჟნა მეძახა, მე მიხმარება ძილის მზადება და დაწვა. მე კნიაჟნას კარი ჩაკეტა, მაგრამ ცუდად ჩაკეტა Я не виновата, не закрывалась дверь. მერე მე წავიდა და ერთი კარი ჩაკეტა. მერე ჩემი კარი ჩაკეტა, დაწვა, დაიძინა. ღამე მიმი ზკმუტუნი და მე მეშინია ყველა გაღვიძება, მაგრა მიმი არ ჩერდება, უფრო ტირილი. Я удивилась, что княгиня не проснулась и не зовёт меня. სულ მალე ფხიზელი იყო. გააღე ერთი კარი და შეიხედე. ბნელოდა, ნაჩნიკი აანთე და როგორ ეცოდება ... როგორ ეცოდებაააააა – გააბა ნატაშენკამ და გულამოსკვნილი ატირდა. მიმი შიშჩამდგარი თვალებით უყურებდა. ლაშამ აცადა ტირილი და გონს მოსვლა. ასეთი სანახაობა ვისაც გინდა, იმას შეაშინებდა. – კარგი, ნატაშენკა, დაწყნარდი. რა ვქნათ, ასე მოხდა. – მე შიში გაქვს, შიში გაქვს. – ჰო, მესმის. მკვლელი გემზე იმყოფება. ნუ გეშინია, შენ რატომ უნდა გეშინოდეს? – ვინ ვიცის? – კარგი წადი და შეეცადე დამშვიდდე.
– შემოდი, გივი, დაჯექი! თავს უფლებას ვაძლევ ახალგაზრდებს შენობით მოგმართოთ, იმდენი რამ გადავიტანეთ ერთად, რომ ამას, მგონი, ფუთი მარილის ჭამა ჰქვია. – გაიღიმა – რასაკვირველია. – კარგი. ჩემი კითხვები არ იცვლება. რამე ხომ არ იცით მკვლელობის საღამოს ან სხვა დროს მომხდარის შესახებ, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ის, რაც იცით, უმნიშვნელოა, ან მომხდარ ფაქტებთან არ აქვს პირდაპირი კავშირი, მაინც ყველაფერი მიამბეთ. – მკვლელობის დღეს, გვიან საღამოს დერეფანში გამოვედი და შორიდან ერთ–ერთი და დავინახე, აი ის, საშუალო ტონალობის კაბები რომ აცვია, მგონი ნინა ჰქვია, არა? ის, ზურგით იყო, თითქოს დაბნეული მიდიოდა. გამომხედა, ნაძალადევად გამიღიმა და თავის კაიუტაში სწრაფად შევიდა. – ძალიან დაკვირვებული ყოფილხართ და კაბების ფერების ტონალობებით დების განსხვავებას უმალ მიმხვდარხართ. დარწმუნებული ვარ. ვერცერთი სხვა მგზავრი ამას ვერ იტყვის. ჰო, საიდან მოდიოდა, ან გამოვიდა ნინა, ხომ არ დაგინახავთ? რომელი საათი იქნებოდა. – არა! არ დამინახავს. დაკვირვებას რაც შეეხება, მართალია თქვენი შენიშვნა, ძალიან დაკვირვებული ვარ. კაბების ფერით უშეცდომოდ გეტყვით, სამივე დის სახელს. თუ, რასაკვირველია, მიზანმიმართულად არ შეიცვლიან კაბებს. საათი? ასე, დაახლოებით საღამოს ათი საათი იქნებოდა, ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები.. – ისე საოცარია, რომ ყოველი დანაშაულის საღამოს თქვენ დერეფანში ხართ და სხვებსაც ხედავთ? – რას ვიზამ, ასეა. მარტო ვარ და ხშირად გავდივარ სალონში. იქ მირჩევნია ყოფნა. – ამ ოჯახთანაც ბევრი რამ გაკავშირებთ. – დიახ, მე შევადგინე დორას ანდერძი მისი ქონების ელენეზე გადაცემის შესახებ და, როგორც ნახეთ, დემნას ქონებაც მე გავაფორმე ელენეზე. იურიდიულ საკითხებში ამ ოჯახის მრჩეველი ვარ. – ბევრი რამ იცით მათ შესახებ. იქნებ, ისეთი რამეც იცით, რაც თქვენ გახეირებთ მათი სიკვდილის შემთხვევაში? თან მკვლელობის საღამოს კნეინასთან ყოფილხართ და საბუთებს აშრიალებდით. – დიახ, ვიყავი მასთან, შემდეგ ელენეც მოვიხმეთ, რაღაც საკითხი იყო შესათანხმებელი, კლიენტების პირად თემებზე არ ვსაუბრობ, კონფიდენციალურია. ჩვენ მალევე დავიშალეთ. მათი გარდაცვალების შემთხვევაში კი ძალიან მდიდარ კლიენტებს დავკარგავ და შემოსავალი შემიმცირდება – კი, ერთი შეხედვით ასეა. მაგრამ ჩვენ არ ვიცნობთ შიდა სამზარეულოს. იქნებ თქვენ გვიამბოთ. რა ინტერესი და რა გამორჩენა შეიძლება გქონდეთ და რა გელით მათი გარდაცვალებისას? – ამ კითხვაზე უკვე გიპასუხეთ. და ისე, როდის იყო ეჭვმიტანილი თვითონ ყვებოდა თავის თავზე, – გაიცინა გივიმ. – თქვენ ხართ გამომძიებელი და გამოიძიეთ! – როგორ? თქვენ უკვე ეჭვმიტანილი ხართ? – თქვენი კითხვებიდან გამომდინარე, დიახ! ისე აქ ყველა ეჭვმიტანილები ვართ, ჩვენ არავის შიდა სამზარეულოს არ ვიცნობთ. ასე რომ თქვენც ეჭვმიტანილი ხართ, ლაშა. – ო, მე თქვენნაირ გონებაგახსნილ თანამშრომელს ვისურვებდი. – გაიცინა ლაშამ. – კარგი, დაკითხვა დამთავრებულია. – ტყუილად ხომ არა ვარ ყველა ცნობილი და მდიდარი ოჯახის ნოტარიუსი, თან ასეთ ახალგაზრდა ასაკში? – თქვა გივიმ, გაიცინა და გავიდა.
შემდეგ დემნა შემოვიდა, სრულიად გაუბედურებული იყო, ტირილისგან დასიებული თვალებით უსიცოცხლოდ იყურებოდა. - იგივე კითხვა უნდა დაგისვათ. რაიმე საეჭვო ხომ არ გინახავთ, ან მოგისმენიათ? თუნდაც სულ მცირე რამ. - არა. - თქვენი აზრით ვინ ჩაიდინა ეს მკვლელობა? ვინმეზე ხომ არ გაქვთ ეჭვი? - ეს მკვლელობაც მე ჩავიდინე, მე მოვუკალი დედაჩემს გული. მე გავანადგურე. - თქვენს გარდა არავისზე ეჭვობთ? - არა. - კარგი, დღეისთვის საკმარისია. ფრთხილად იყავით, დემნა, ანდერძი უკვე დაწერილი გაქვთ. დემნა შეიშმუშნა, მოწკურა თვალები, ლაშას დააკვირდა, ჩაფიქრებული გავიდა და მაშინვე გივი მოიხმო.
დემნა ნიკომ შეცვალა. - რას მეტყვით მომხდარის შესახებ? რამე ხომ არ შეგინიშნავთ? - გაოგნებული ვარ, სევდიანი. საეჭვოს ვერაფერს ვიხსენებ. - დაფიქრდით და თუ რამეს გაიხსენებთ გამაგებინეთ.
ნიკო გავიდა. ელენეს და მათეს მშობლები შემოვიდნენ. ქალები ჩუმად ტიროდნენ. - თავ-ბედს ვიწყევლით, რომ წამოვედით, - თქვა მათეს მამამ - გული ცუდს მეუბნება, მაგრამ მკვლელებს ვერ ვხედავ. ვერ წარმომიდგენია, ვის უნდა მოეკლა კნეინა დორა. - ვერც მე ვეჭვობ ვერავისზე, - თქვა ელენეს მამამ, - შეკრული წრეა. თითქოს შიშმა შემიპყრო. ამ ხნის კაცი ვარ და ასე არასოდეს მიგრძვნია თავი.
გერმანელმა ტურისტებმა უარი თქვეს დაკითხვაზე. შიშისგან გაფართოებული თვალებით და ჩურჩულით სასწრაფოდ ხმელეთზე დაბრუნებას ითხოვდნენ.
ელენე და მათე ფრთხილად შემოვიდნენ და დასხდნენ. - ელენე, შენ რას იტყვი კნეინას მკვლელობასთან დაკავშირებით? - ვერაფერსაც ვერ ვიტყვი. - მათე, იქნებ შენ გვითხრა, რა ხდება? - წარმოდგენა არა მაქვს. ისე ფილმის ნახვის შემდეგ კნეინას გული ცუდს უგრძნობდა. ძალიან შემეცოდა. - შენ, ელენე, შეგეცოდა ბებია? - რა კითხვაა? ჩემი გრძნობები ჩემი გრძნობებია და არავის საქმე არ არის. - შენ ყველაზე მოგებული ხარ კნეინა დორას სიკვდილით. - მე მისი სიცოცხლითაც და სიკვდილითაც ერთნაირად მოგებული ვარ. წავიდეთ, - უთხრა მათეს და გავიდნენ.
ტყუპი დები აღშფოთებულები და შეურაცხყოფილები იყვნენ დაკითხვაზე გამოძახებით. - ჩვენ ვითხოვთ გერმანელ ტურისტებთან ერთად კატარღებით დაგვაბრუნოთ ხმელეთზე. გამოიძახეთ კატარღები! - თითქმის ერთხმად ითხოვდნენ დები. - ეს შეუძლებელია. ყველას აქ ყოფნა მოგვიწევს. დამშვიდდით. აფორიაქებული მგზავრები კაიუტებში განლაგდნენ. ავისმომასწავლებელმა სიჩუმემ დაისადგურა. ლაშა ვერ ისვენებდა. გადაღებულ სურათებს ათვალიერებდა. ყველა დეტალს და წვრილმანს აკვირდებოდა. გაგონილს და ნანახს აანალიზებდა. რა სასტიკი მკვლელობაა. მამაკაცის ჩადენილს ჰგავს, განა ქალს შეეძლო ასეთი სისასტიკით მოეკლა? თუმცა ვინ იცის .... ეჭვმიტანილთა წრე გააფართოვა, გერმანელი ტურისტებისა და თავადის ქალების გარდა ყველაზე გამოითხოვა დაწვრილებითი ინფორმაცია.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. დედექტივი ნაწარმოებების მოყვარული ვარ, მაგრამ ...
დასარული იქნება ალბად საინტერესო! დედექტივი ნაწარმოებების მოყვარული ვარ, მაგრამ ...
დასარული იქნება ალბად საინტერესო!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|