 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 4 ივნისი, 2023 |
ხვალინდელ დღეზე ვისაუბროთ ანდაც გუშინდელ, საღამოს პირის ემოციებს ავხადოთ ფარდა, მწიფე შუადღე გრძნობებს ალმურს ისე უკიდებს, ეს ნაჩრდილევი მონატრებაც შიშველი გახდა. ყველა ოცნება კრიალოსნის მძივად ცახცახებს, სურვილი ფეთქავს გამჭვირვალე კაბის ღილივით, დღეს, როგორც ჩვილი, გადავიხსნი შეკრულ არტახებს და ყველა გამვლელს შენზე ვეტყვი მე შეშლილივით. ვეტყვი რა მქონდა, ვინ ვიყავი, ვინა ვარ ახლა, ამოუხეთქავ სიტყვებს ვაქცევ სეტყვის დინებად, გადავშლი დარდებს გაყვითლებულ ფურცლების მსგავსად, ღიმილს გამოვფენ, თამამ ღიმილს უცვლელ იმედად, მოვყვები ცრემლში დაბადებულ ფერმკრთალ მთვარეზეც, ბარბაცით მავალ შუაღამის გულწრფელ ლოცვაზე, სულ სათითაოდ გამოვიტან დღეს ასპარეზზე იმ წამებს, მე რომ მაქეზებდნენ შენთან ყოფნაზე. მერე კი მსუბუქ სევდას ისევ მოვისხამ მხრებზე, (ოდნავი სევდა... ჰო, უხდება სიყვარულს გვიანს) აჭრიალდება კვლავ ნუგეში დასიცხულ მკერდზე და შეეცვლება გეგმა დილას მერყევს, თან მზიანს... ხვალინდელ დღეზე ვისაუბროთ, ხვალინდელ გზაზე, საღამოს პირის საუბრები ვაქციოთ ჩვევად, შუადღეს მწიფე ოცნებები გავკიდოთ ცაზე, მონატრება კი... მონატრება დარჩეს უცვლელად.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ნიჭიერი და საინტერესო ავტორი❤️ ნიჭიერი და საინტერესო ავტორი❤️
2. უკვე აყვავდა ნუში... შეგსრულებოდეს ოცნებები. უკვე აყვავდა ნუში... შეგსრულებოდეს ოცნებები.
1. მშვენირია, კარგი წყობით მშვენირია, კარგი წყობით
|
|
მონაცემები არ არის |
|
|