ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: საბავშვო
13 მარტი, 2009


ცა ცრემლებად იღვრებოდა

    ზამთრის ცივი და მოქუფრული დღე იყო, ცა ცრემლებად იღვრებოდა.  ირაკლი ფანჯარასთან იდგა და გასცქეროდა ბუნებას. თვალწინ ერთი ანგელოზი ედგა. ანგელოზი, რომელიც წლებია აღარ ენახა...
  ალექსანდრა მისი კლასელი იყო, ულამაზესი და უსაყვარლესი ბავშვი, მაგრამ ხშირად აბრაზებდა. თვითონაც არ იცოდა რატომ, თუმცა ყოველთვის ცდილობდა გაემწარებინა. ბიჭები გოგოებს ხშირად აწვალებენ, ალბათ ისიც ამიტომ...
    ერთხელ ლამაზი, ბრჭყვიალა თმისამაგრი ეკეთა. ახალი იყო და უხაროდა.  ირაკლიმ შეამჩნია, მოაძრო და გაიქცა.  აბა, რას დაეწეოდა?!  ცუდი ბიჭი ხარ, ბოროტიო - მიაძახა. ირაკლი გაბრაზდა, ბოროტი თუ ვარ, ეხლა გაჩვენებო. აიღო, ძირს დააგდო და ფეხით დაამტვრია...
    გოგონა გაშეშებული იდგა და უყურებდა, ხმას ვერ იღებდა, მხოლოდ თვალებიდან წამოსული ცრემლები გადმოსცემდნენ უხმო ტკივილს. მისი ცრემლები ისეთივე გამჭვირვალე და წმინდა იყო, როგორც თვითონ ალექსანდრა. ირაკლიც დაბნეული უყურებდა ფეხებთან დაყრილ ნამსხვრევებს, მაგრამ  იხტიბარი არ გაიტეხა, უკან გავბრუნდა და კლასში შევიდა.
  ერთ ბავშვს დაენახა და დამრიგებლისთვის  მოეყოლა ყველაფერი. მასწავლებელი მკაცრი იყო. ჯოხი აიღო საცემად და  დაუყვირა: "ეხლა გასწავლი გოგოებთან მოქცევას".
  ამ დროს კლასში ალექსანდრა შევარდა, მასწავლებელთან მივიდა და აღელვებულმა დაიტიტინა: "ამისი ბრალი არ არის, მე დამივარდა და დააბიჯა, ვერ დაინახა, არ დასაჯოთ."
    ალბათ ჯოხის დარტყმა არ გამოიწვევდა იმხელა ტკივილს, რაც გოგონას სიტყვებმა განაცდევინა  ირაკლის. ახლა მასაც ცრემლები მოსდიოდა სირცხვილისგან და სინანულისგან. სულ კანკალებდა.
    დასვენებაზე ყველა გარეთ გავიდა მის გარდა, თავდახრილი იჯდა და მომხადრზე ფიქრობდა. უცებ ნაბიჯების ხმა მოესმა, თვალი გააპარა და დაინახა როგორ უახლოვდებოდა პატარა ანგელოზი.
    - დაჯექი! - თავაუწევლად უთხრა სევდანარევი, მაგრამ მაინც მტკიცე ხმით.
    უხმოდ დაემორჩილა და ბიჭის გვერდით ჩამოჯდა.
    - ასე რატომ მოიქეცი?  რატომ არ დაასჯევინე ჩემი თავი მასწავლებელს?
    - იმიტომ რომ მაინც არაფერი შეიცვლებოდა, ტყუილად რატომ უნდა ეცემე - უპასუხა წკრიალა ხმით, ისეთით, როგორიც მხოლოდ მას ჰქონდა.
    - მაპატიებ? - უთხრა და თითქოს ლოდი მოეხსნაო გულიდან.
    - რა თქმა უნდა - მიუგო და გადაეხვია.
      ორივე  ტიროდა.
      ერთი წლის შემდეგ გოგონა სხვა სკოლაში გადავიდა და უკვე რამდენი წელია რაც არ უნახავს. არც მას უძებნია, არც - ალექსანდრას.  ახლა კი დგას და ფიქრობს, თუ როგორია ან სად არის ის პატარა ანგელოზი, ბავშობის მოგონებიდან.
    ფიქრებიდან  წვიმის წვეთის ფანჯარაზე დაცემამ გამოარკვია.
    ცა ცრემლებად იღვრებოდა.
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები