ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2023


ტრიპტიქი ძილის წინ

1
პირველად რომ გამიფრინდა ხელიდან პატარა ბეღურა,
დიდხანს ვუცდიდი.
დარაბებს ვაღებდი, ღიად ვტოვებდი ფანჯრებს და ვუცდიდი.
ატმის ხის კენწეროს შევსცქეროდი და ვუცდიდი.
ხან გალობით ვიხმობდი შინ, ხან სიზმრით.
და აი, კუჩხის განთიადს პირველმა სხივმა რომ გამოანათა,
შემოფრინდა პატარა ბეღურა ღია ფანჯარაში,
მხარზე დამაჯდა და აჭიკჭიკდა:
- მთელი ცა შემოვიფრინე და სადაც ცა მთავრდება, იქ ვიყავი.
როკაპია იქ, აკაციის სარზე გვარლით მიბმული,
სარი კი ღრმად მიწაშია დასობილი.
ამოაქვს სარი მიწიდან როკაპს
და როდესაც სარის ამოღებამდე მტკაველი დარჩება,
მივფრინავ როკაპთან, სარის კენწეროზე ვჯდები და
სარი ისევ ღმად ესობა მიწაში.
კუდიანებს ადამიანების გულები მოაქვთო როკაპთან,
განმრიგემ დასწყევლა როკაპი და მე თვალყური დამაკისრა.
პატარა საოცარო ბეღურავ, რატომ არის ცა ასეთი მაღალი?
-შევეკითხე მე.
- რატომ არ მოფრინავენ ზამთარში მერცხლები?
და ისევ აჭიკჭიკდდა პატარა ბეღურა:
-პირველად, როცა ზამთარში მოფრინდნენ მერცხლები,
რაგვები ააწყვეს სოფლის ბავშვებმა.
დაყარეს ფქვილი.
ბაწარი გააბეს ფანჯრიდან, სიცოცხლის ძაფივით და
მერცხლებს ჩაუსაფრდნენ.
ცა ჩამოიქცა. ზამთარში ხელისგაწვდენაზეა ცა.
ამოწყვიტეს ზამთრის მერცხლები სოფლის ბავშვებმა.
მხოლოდ ერთი ახალგაზრდა მერცხალი გადარჩა იმ ზამთარს,
მაგრამ დაჭრილი მაღლა რომ აფრინდა,
ცას შეასკდა და თოვლზე დაენარცხა.
იმის მერე გაზაფხულზე მოფრინავენ მერცხლები,
როდესაც მაღალია ცა.
როცა გამიფრინდება ხელიდან პატარა ბეღურა,
დავაღებ დარაბებს, ღიად დავტოვებ ფანჯრებს.
გალობით მოვიხმობ შინ.
შენ კი, თავზე ხელს გადამისვამ და
მეტყვი, რომ ბეღურებს არა აქვთ სახლი.
2
ხორბალმა მითხრა, პური გამოაცხვეო და პური გამოვაცხვე.
სიმინდმა მითხრა, წამიღე წისქვილში
და მეწისქვილის ტყუილებზე დამფქვი.
ჭვავს შევეკითხე- არაფერი თქვა ჭვავმა.
მაშინ, წყალში ჩავყარე ჭვავი და არაყი დადგა.
სახლი გადავხურე და მამალი დააჯდა ბირკულს.
ჭა გავთხარე და თიკნებმა მოიკლეს წყურვილი.
დავღონდი, მაგრამ სტუმარი მოადგა ჭიშკარს
- ომი დამთავრდაო!
რასაც ხელი მოვკიდე- ოქრო გახდა.
რასაც ვაკოცე -წყალი.
მაგრამ, ჩემთანაც მოვიდა სიბერე
და თვალები თოვლივით გამითეთრა.
ვისხედით მე და სიბერე სახლის წინ, ხის ჩეროში და ვიმეორებდით
- რა იყო ეს სიზმარი?!
რა იყო ეს სიზმარი?!
მდინარის პირას ჭრელ და კოპლებიან კრავებს შობდნენ ცხვრები
და ხალხი მოდიოდა სანახავად შორეული სოფლებიდან.
ჩვენ კი, ვისხედით სახლის წინ ხის ჩეროში და ვამბობდით,
რა დაგვრჩა ამქვეყნად უნახავი.
მერე მოფრინდა პეპელა და შემპირდა,
რომ ხვალაც მოფრინდებოდა.
შენ კი, თავზე მისმევდი ხელს და
მეუბნებოდი, რომ ერთი დღე ცხოვრობენ პეპლები.
3
ბუხრის საკვამურში ქარი ჩადგება და გამოჩნდება მხედარი.
ის იქნება, როგორც ფასკუნჯი, რომლის ირაოს თვალს ვერ მოწყვეტ,
რომლის ყივილს მთები პასუხობენ,
რომლის მზერას მინდვრის თაგვიც კი ვერ დაემალება.
ის იქნება როგორც ფასკუნჯი.
ქალაქში, ჯიხურებზე წვიმა რეცხავს აფიშებს იტალიური ფილმების
და ჩვენ აღარ გვახსოვს ჭორფლები და შოკოლადის ნაყინი.
გამოცდებს ცუდი პირი უჩანდა
და ზაფხულისთვის გეგმებს ვსახავდით.
და მე მეკავა შენი ზურგჩანთა
და ისე ახლო იყო სახლამდე.
ჩვენ აღარ გვახსოვს ტროლეიბუსები.
უმუშევარია ყველა ვატმანი ამ ქალაქში.
მე ვზივარ და ველოდები,
ნისლებიდან როდის გამოფრინდება ფასკუნჯი,
რომლის ირაოს თვალს ვერ მოწყვეტ,
რომლის ყივილს მთები პასუხობენ.
შენ კი, თავზე მისვამ ხელს და
მეუბნები, რომ არ არსებობენ ფასკუნჯები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები