ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი სადღობელაშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
22 აგვისტო, 2023


კბილმოკვეთილთა საკითხავი

ბებერი მუხის ტანმსხვილ სხეულში
იმდენი ლურსმანი დავთვალე,
რამდენჯერაც ჩემი სევდანარევი გული,
ჯერ კიდევ დასაბადებელი, შეკოწიწებულა.
გალიფლიფებული დედაჩემი,
მეხუთედ გუნებანაქცევი,
ამჯერად ჩემზე,
თვალჟიჟმატა, ცხარე დიდედას,
ხელებაკარწახებულს,
ქვა და ლურსმანჩაბღუჯულს,
მავანზე გაწიწმატებულს,
ემუდარება, წყველა არ ჩააჭედოს
ბებერი მუხის ტანმსხვილ სხეულში.
გუნებანაქცევ დედაჩემს და
ოდის კუწუბზე წამომჯდარ მზეს
ზუსტად ერთნაირად ეწვით სახე.
ბებერი მუხის ტანმსხვილ სხეულში
თავკომბალა წყევლა ლურსმნად ერჭობა.
დიდედა კმაყოფილია,
დედა-ნაადრევად მუცელწამოტკივებული.

დედას თავიდან უვარდება
გვირილებიანი ყვავილწნული.
დიდედა უფალს უჯავრდება,
მეხუთე გოგონა დამიწუნა.
წყევლამოყვარული, თვალჟიჟმატა
დიდედა გამიმეტებს ჭირკოდილას.
მე კი ბევრ თებერვალს გავიმარტებ,
გამოვიზოგავ და ვიმყოფინებ.

ვერასდროს ნანახ შვილის სევდას,
ვითომ შვილმკვდარი დედაჩემი
გადაყვება და დაილევა.
და მე, ბევრგაზაფხულგამოვლილი,
და მე, ბევრზამთარნამცივნები,
უსახელო დედის საფლავმაძიებელი,
როცა ნასახლარ ეზოს სუნით ამოვიცნობ,
როცა მოლოდინადქცეულ ბებერ მუხას ჩავეხუტები,
ჩაჯანგებულ ლურსმნებს - ვადაგასულ წყველებს
თითო-თითოდ ამოვაცლი
და ბებერსევდიანები,
თითო-თითოდ განვიკურნებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები