ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
28 აგვისტო, 2023


მარიამს

" მე წრეს არ ვურტყავ ეკლესიას
არც მის კუთხეებს ვკოცნი
არც ვეფერები....
არც ხატებს, არ ვემთხვევი ( არ ვაბინძურებ ჩემი პირით - ამ დილით მძღოლს რომ შევაჩვენებდი უშნოდ ხტომისთვის).
არ და ვერ ვკითხულობ ფსალმუნებს ( თავს და ბოლოს ვერ ვიგებ და ჩემი ბაგეთგან ლანძღვასავით ამოდინდება)
ვერც დედის ლოცვას, რომელიც ისე გულმხურვალედ ვიკითხე ერთ დროს რომ რაღაც უკუღმართად შეისმინა ჩემმა უკუღმართმა ღმერთმა და შვილი წამართვა - უფალმა ანგელოზად წაიყვანაო,
უფალს კარგები თავისთან მიჰყავსო,
უფალმა უკეთ იცოდა ვისთვის რა სჯობიაო
- ამდენ გულსაკლავ სიაკარაკეს მმოძღვრავდნენ და მიშორებდნენ მოძღვრები
ნაცვლად იმისა, ჩუმად მოესმინათ ჩემი გადამშრალი ცრემლებისათვის.
აღარც თავს ვიბურავ ეკლესიაში
ვუბრაზდები უფალს
უფრო მეტიც, უფრო მეტიც, უფრო მეტიც...
მაგრამ გულწრფელი ვარ და არ ვმლიქვნელობ
ამ დროს ყველაზე მართალი ვარ
დედამიწის ზურგზე
და მხოლოდ შენ, მხოლოდ შენ თუ გამიგებ
მხოლოდ შენ თუ მანუგეშებ, ღვთისმშობელო!
დღეს შენი დღეა - დღე შვილთან გამთლიანების - დღე ბედნიერი.
მხოლოდ შენ იცი რამდენს იწონის
ჩემი ჩამომშრალი ცრემლი
მხოლოდ შენ იცი, რა დრო სჭირდება უფერო ღამის გათენებას
მხოლოდ შენ ხედავ ღიმილის უკან ტანჯვას და ტკივილს
მხოლოდ შენ გრძნობ ხორცის წვის სიმწვავეს, ყოველ დილით, როცა აცნობიერებ რომ ცოცხალი ხარ.
შენ გესმის ჩემი უხმო ჩურჩულიც
შეისმინე და მომმადლე შენი მიტევების უნარი წმინდაო მარიამ
რომ საკუთარ თავს ვაპატიო ცოცხლად დარჩენა
რომ სამყაროს ვაპატიო ჩემი დაბადება
რომ უფალს ვაპატიო...
რომ მივუტევო სრულად და გულწრფელად.

მე არ ვარტყავ წრეს ეკლესიას
წრეზე სიარული მე არ მჩვევია.
მხოლოდ შიგნით შემოვიპარები -
უფალს აღარ,
შენ გეძებ და ისიც ამაოდ.
მინდა გავიგო აზრი ამ ყველაფერში
რადგან უაზროდ მართლაც
ყველაფერს ეკარგება აზრი.

მე არ ვემთხვევი შენს ხატებს
იქ შენ არ ხარ
მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში ხარ
და ძალიან თუ დავიძაბე
ვგრძნობ როგორ მწვავს შენი ცრემლი
კიდევ უფრო მწვავე ყოფილა ცრემლის გამიზეზება და მიზეზობა.
ნუღარ იტირებ, მხოლოდ ილოცე - იქნებ შენი ლოცვა მაინც შეისმინონ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს