ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
13 მარტი, 2009


თავი 14. განა ეს სიყვარულია?... ("გაცვლა")

თბილისში ჩამოსვლამდე, მატარებელშივე დათქვეს სტუდენტებმა, რომ სექტემბრის მეორე შაბათს შეხვდებოდნენ ერთმანეთს უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში.

დილიდანვე გაფაციცებით ემზადებოდა თეონა. ახალი კაბა ჩაიცვა, ლამაზად დაივარცხნა თმა, კაბის შესაფერი სამაგრებით დაიმაგრა და წავიდა.
ზუსტად დათქმულ დროს მივიდა ადგილზე...
ციალა, ზორო და დათო თსუ I კორპუსის ეზოში დახვდნენ. თეონას თითქმის კუდში მიყვნენ ლია, დალი და თამაზი.
- რეზიკოც მოვა, - თქვა თამაზმა და საათს დახედა.
- ავთო და ფრიდონი ვერ მოვლენ, მათი ჯგუფელის დაბადების დღეზე მიდიან, - დანანებით თქვა თეონამ...
- უიიი, ესე იგი ვერ იმღერებთ?
- მოვახერხებ რამეს!.... – პაწაწინა ეშმაკუნები აუთამაშდა თეონას თვალებში.

მხოლოდ ჯაბა იგვიანებდა.
ყველანაირად ცდილობდა თეონა, რომ არ შეემჩნია ნერვიულობა, მაგრამ... მის თვალებში ჩაწოლილმა სევდამ გასცა თეონა.
- მე ახლავე მოვალ, - თქვა თამაზმა და ტელეფონის ჯიხურისკენ გაემართა.
- აი, მოვიდნენ... – წამოიძახა ციალამ და ვიღაცას ხელი დაუქნია.

ციალა თეონას მხარსუკან მისჩერებოდა მომსვლელებს.
- ჯაბა მოვიდა? - სახე გაუბრწყინდა თეონას და სწრაფად შებრუნდა ციალას მზერის მიმართულებით.
- არა, რეზიკო და ზურა მოვიდნენ... უი, მამუკაც... რა კარგია, ბევრნი ვართ!

თეონას სახის გამომეტყველება არ შეცვლია, მხიარულად შეეგება ახალმოსულთ.
- 15 წუთში ჯაბაც აქ იქნება და წავიდეთ, - მოიტანა ამბავი თამაზმა.
- ჯაბასთან დარეკე? რა, დაავიწყდა? – მხრები აიჩეჩა დათომ.
- არა, დედა გაუცილებია სვანეთში. ჯაბას მოსვლამდე, ასე ხომ არ ვიდგებით?
- მოდი, ბაღში დავსხდეთ... თან გადავწყვიტოთ, სად წავალთ.
- ფუნიკულიორზე რომ ავიდეთ? თბილი დღეა! საბაგიროთი უცებ ავალთ...
- აუუუ, შეხედეთ, როლანდიც მოვიდა!
- ჯიგარი კაცია! მოკლედ, რამდენი ვართ სულ?
- ციალა, ლია, დალი, ზორო, დათო, თამაზი, რეზიკო, ზურა, მამუკა, როლანდი, ჯაბა და მე... სულ 12, - უცებ გადათვალა თეონამ, - მოკლედ, სად მივდივართ?
- ჯაბაც მოვიდეს ბარემ და ერთად შევთანხმდეთ!
- აი, მოვიდა კიდეც... სად ხარ, ბიჭო, ამდენ ხანს?!
- ბოდიშს გიხდით... დედა გავაცილე ავტოსადგურში.
- რას გვირჩევ, სად წავიდეთ? ჩვენ ფუნიკულიორს ვფიქრობთ...
- ჩემთან რომ წავიდეთ? ბაზართანვე ვცხოვრობ... სამწვადე ვიყიდოთ, კიტრი, პამიდორი, ყველი... ჭამა ხომ არ არის მთავარი? გემრიელად დავსხდებით...
- გაიხარე, ძმაო!
- მართალია, რაც იქ უნდა დაგვეხარჯა, ორი იმდენს ვიყიდით ნახევარ ფასად!
- გოგონებიც მოგვეხმარებიან!...

ერთ საათში ბაზარიც მოვლილი ჰქონდათ და ოთხივე გოგონა ხელებაკაპიწებული ფუსფუსებდა სამზარეულოში.
დალიმ ხაჭაპურების გამოცხობა ითავა და ცომის ზელას შეუდგა...
ლია – ჭადებს აცხობდა და, პარალელურად, ბადრიჯანს წვავდა.
ციალამ კიტრითა და პამიდვრით სალათა გააკეთა, ბოლოკი, მწვანე ხახვი და მწვანილი დარეცხა... კარტოფილი გათალა და შესაწვავად დადგა...
თეონა დამხმარედ დაიყენეს, - ხაჭაპურისთვის ყველი დაფშვნა, ბადრიჯნისთვის – ნიგოზი გადაარჩია და გაატარა, სუფრაზე მისატანი ყველი და ძეხვი დაჭრა... ჯონჯოლი ზეთით შეკმაზა...

ჯაბა თბილისურ ეზოში ცხოვრობდა, აი, იტალიურს რომ ეძახიან, რატომღაც.
მეორე სართულზე, ფართო აივანზე ბიჭებმა მაყალში ცეცხლი დაანთეს. შემდეგ - სამწვადე გაამზადეს, შამფურებზე წამოაგეს ხორცი. ამასობაში ცეცხლიც მინავლდა და წითლად აღუებულ ნაკვერჩხლებზე შამფურები შემოაწყვეს.
მალე საოცარი სურნელი დატრიალდა მთელ ეზოში.

დათომ და თამაზმა საჭაშნიკედან მოიტანეს ცივი ღვინო.
რეზიკომ და ზორომ – ბორჯომი და ლიმონათები ამოიტანეს მაღაზიიდან.
შემდეგ ძველებური ოვალური მაგიდა გაშალეს.
თეონამ სუფრის გაშლა ითავა.
ჯაბა ეხმარებოდა.
ყოველ წუთს ისმოდა თეონას შეკითხვები:
- ჯაბა, თეფშები სად არის?...
- დანები და ჩანგლები, ჯაბა?....
- ჭიქები საიდან გამოვიღო?.... და ხელსახოცები?
- გოგო, ბარემ მე გავშლიდი სუფრას... – გაეცინა ჯაბას.
- აბა რა ვქნა? მე რა ვიცი, სად რა გიწყვიათ? – ალალად გაუკვირდა თეონას.
- ხო, ესეც მართალია! კარგი, ამ ერთხელ მოგეხმარები... მერე შენით უნდა ისწავლო.
- ნაღდი სვანი ხარ, რააა, – გაეცინა ოთახში შემოსულ თამაზს, რომელიც მათ საუბარს შეესწრო, – ჯაბა, ღვინო რაში ჩამოვასხათ?
- აჰა, ახლა ამან დაიწყო, – გაეცინა ჯაბასაც.
- აბა რა ვქნა, შე ჩე... ბიჭო?! - გაახსენდა თამაზს, რომ გოგონაც უსმენდა და სიტყვა შუაზე გაწყვიტა, - პირველად ვარ აქ... სხვა დროს აღარაფერს გკითხავ.
- წადით, დასხედით... მწვადებს მე მივხედავ, - თქვა ზურამ და შამფურები გადაატრიალა.

საოცარი დრო გაატარეს.
თეონას პიანინოს ახლოს მიუჩინეს ადგილი. ჯაბა გვერდით დაუჯდა. აღმოჩნდა, რომ ჯაბა მშვენივრად მღეროდა.

თუ მღეროდა – მღეროდა, თუ არა და, სადღაც, შორს მიფრინავდა ჯაბას გონება... ფიქრებში იძირებოდა. არავინ იცოდა, რაზე ფიქრობდა... მერე სუფრასთან “ბრუნდებოდა” და... ძალიან დიდხანს, თვალმოუცილებლად შეჰყურებდა-ხოლმე თეონას.  გული და გონება ებრძოდა ერთმანეთს... და გრძნობათა სასწორის ვერცერთმა პინამ ვერ გადაწონა...
ჯაბამ თავი ჩაღუნა.

- თეონა, წამოხვალ დინამოს სტადიონის გახსნაზე? – იკითხა რეზიკომ, რომელიც მოპირდაპირე მხარეს იჯდა და თვალს არ აშორებდა თეონას.
- როდის იხსნება?
- რეზიკო, მხოლოდ თეონას ეპატიჟები? – ჰკითხა ციალამ.
- არა, რატომ?... 26 სექტემბერს იხსნება... თუ ვიშოვეთ მოსაწვევები, ყველა წავიდეთ. მე მხოლოდ ერთი ზედმეტი მოსაწვევი მაქვს... მთელი საქართველო აქ იქნება!
- საინტერესო იქნება! დიდი სიამოვნებით წავიდოდი... მაგრამ ეს მოსაწვევი – მხოლოდ თეონასთვის ყოფილა და... – გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა ციალამ.
- მე დიდად არ მიყვარს ფეხბურთი... და არც სტადიონის გახსნაზე ვერწასვლისთვის გადავიხსნი ვენებს... ციალა, შენ წადი... – შესთავაზა თეონამ და ისევ პიანინოს მიუბრუნდა.

საღამოს 9 საათზე დაიშალნენ, საოცრად ბედნიერები, ლაღები.

* * *
გავიდა 4-5 დღე.
უნივერსიტეტის კლუბში საიუბილეო საღამო ტარდებოდა.
ლამაზ ზღვისფერ კაბაში გამოწყობილი თეონა დარბაზში შევიდა.
800-კაციანი დარბაზი გადაჭედილი იყო. უცებ გუდაუთის ბანაკში გაცნობილ თემურს მოჰკრა თვალი. მანაც დაინახა თეონა და ხელი დაუქნია, “მოდი, ადგილი მაქვსო”...

არაჩვეულებრივ ადგილას მოუწია დაჯდომა, მეორე რიგის ცენტრში... სცენა ხელისგულივით ჩანდა.
საღამოს პირველი ოფიციალური ნაწილი მალე დამთავრდა.
15 წუთიანი შესვენება გამოაცხადეს სცენის მოსაწყობად.
კონცერტი ჯერ არ დაწყებულიყო.
თემურმა წვრილად გაიხსენა გუდაუთაში გატარებული დღეები... თეონას შესახებ მას ისეთი წვრილმანები ახსოვდა, რომ თეონას გაუკვირდა კიდეც.
უცებ კულისებთან ვაჟას მოჰკრა თვალი.
- თემურ, ვიდრე კონცერტი დაწყებულა, წავალ, ჩემს მეგობრებს ვნახავ... აქ არავინ დასვა.
- დროზე მოდი... შენთან საქმე მაქვს...

თეონა კულისებში შევიდა და...
გიას პირისპირ აღმოჩნდა.
- მოხვედი?... მეგონა, არასოდეს მაპატიებდი... – გიამ ხელები გაშალა, რომ თეონას გადახვეოდა, მაგრამ თეონა უკან გადგა.
- მე რა უნდა გაპატიო?! შენს თავს აპატიე! მაგრამ... ნაწყენი კი – ძალიან ვარ!
- საქმე გამომიჩნდა, თეონა... ხომ მაშინვე გითხარი?
- არა, გია... არაფერი გითქვამს... მე ვიცოდი, რომ დედა გყავდა ავად... ტყუილი ყოფილა! ამ ტყუილს ვერ გაპატიებ ვერასოდეს... მეგობრები ვიქნებით, მაგრამ... მეტი არაფერი!
- თეონა, მისმინე...
- არ გინდა, გია! იცი, რატომ არ გებუტები? იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი ხალხი გავიცანი იქ... ძალიან კარგები!... და დიდი მადლობა ამისთვის! შენ რომ არ აგეტეხა, “წამოდიო”, მე ხომ გუდაუთაში ვერ მოვხვდებოდი?...

- თეონა, შენ აქ საიდან გაჩნდი? – კულისებში შემოსული ვაჟა თეონას გადაეხვია, - გულმა გიგრძნო, ცავ, რომ მჭირდებოდი?
- რა ხდება, ვაჟა?
- რა ხდება და სოლისტი არ მოვიდა ერთი... მანანა... პირველი ხმაა ზუსტად... ჩაცმულიც კი ხარ, პირდაპირ სასცენოდ...
- გადაირიე? ასე, რეპეტიციის გარეშე?
- პირველი ნომერი კი არ იქნები? სადღაც მეშვიდე ან მერვე... გაგიშვებთ აგერ, შენ და გიას და... არ გამომჭრა ყელი, ცავ!
- მაგიჟებ, ვაჟა!
- მორჩა, დრო არ ითმენს... გია, მოკიდე ხელი თეონას და ჩაიყვანე დაბლა! ორჯერ თუ მოასწარით გამღერება, ისიც კარგია... თუ არა და, ჩაჯდება ისეც!
- მაგიჟებენ... ან თვითონ არიან გიჟები... – გაეცინა თეონას და პირველ სართულზე ჩაჰყვა გიას.

აღმოჩნდა, რომ თეონას 3 სიმღერით მოუწევდა გამოსვლა:
სოლო სიმღერა – თავისი სოლო სიმღერით შეცვალა... დუეტი – გიასთან ერთად უნდა ემღერა და ერთიც – კვარტეტში...
კონცერტი დაიწყო და თემური სულ ტყუილად ელოდა თეონას დაბრუნებას.
და როდესაც თემურმა სცენაზე გამოსული თეონა დაინახა, გაოცებისგან თვალები შუბლზე აუცოცდა.

არანაკლებ გაოცებული იყო ვაჟაც, როცა თეონას ნამღერი მოისმინა: თეონამ ისე იმღერა სამივე სიმღერა, თითქოს მთელი კვირა გადიოდა რეპეტიციებს...
კონცერტის დამთავრებამდე აირბინა ვაჟამ კულისებში და თეონას გადაეხვია:
- ყოჩაღ, ცავ... მასე ძაან კაი ხანია არ მომწონებია შენი ნამღერი!...
- მოვინდომე, რომ არ შემერცხვინე, ვაჟა! მაგრამ, მოიცა, მოიცა... როდის არ მოგწონდა-ხოლმე ჩემი ნამღერი? – გაეცინა თეონას.

კონცერტი დამთავრდა.
დარბაზი თითქმის დაიცალა ხალხისგან.
თემური კარებთან დახვდა თეონას.
- თეონა, საქმე მაქვს შენთან... მოდი, ცოტა გავიაროთ?!
- თემურ, გვიანია უკვე... რა საქმე გაქვს? აქვე მითხარი... სადღა უნდა წავიდეთ?!
- ასე ვერ გეტყვი... შენი სახლისკენ წავიდეთ... 2-3 გაჩერება გავიაროთ სულ....
- კაი, ბატონო...

ჭავჭავაძის გამზირს გაუყვნენ.
თემური ორიოდე წუთი ჩუმად მიყვებოდა თეონას გვერდით, მაგრამ მერე ენა ამოიდგა და... 
ახლა თეონა შეჰყურებდა გაოცებული...
- თემურ, ხვდები, რას ამბობ?
- როგორ არ ვხვდები? 24 დღე გაკვირდებოდი და მივხვდი, რომ სრულიად შეესაბამები ჩემს წარმოსახვაში არსებულ “ცოლს”... ზუსტად შენნაირი ცოლი მინდა!
- სხვა არაფერი გინდა?
- ჯერ არაფერი... მერე, ალბათ, კი...
- იცი, მშურს შენი!... “მინდა შენნაირი ცოლი”... ფანტასტიურია!
- მეც ასე ვფიქრობ.
- და რომ არ მიყვარხარ?
- მე შენზე ყველაფერი ვიცი: შენ ჯერ არავინ გიყვარს...
- და ეს რას ცვლის? ხომ არც შენ მიყვარხარ?!
- ვიღაც ხომ უნდა შეიყვარო? ხოდა, ბარემ მე შემიყვარებ!... ვიცი, გრძელი ცხვირი მაქვს, მაგრამ... მხოლოდ ცხვირის გამო ხომ არ უნდა დამიწუნო?!
- ცხვირი რა შუაშია, თემურ? არც უცხვიროდ მიყვარხარ, არც გრძელი ცხვირით... საერთოდ არ მიყვარხარ!
- რატო მერე? შენს ღირსად არ ჩამთვალე?
- არ მომიქცევია შენთვის ყურადღება! არც კი გიცნობ...
- იტყუები... გუდაუთაში, ხელი რომ მოვიტეხე, შენ მკითხე, “ძალიან გტკივაო?” მერე კი ისეთი თვალებით შემომხედე, რომ შეგეცოდე...
- მერე? – გაოგნებისგან თეონას პირი გაუშრა... ხმას ვეღარ იღებდა.
- მერე? რომ ვერ შეგენიშნე, არც მაგას მკითხავდი და საერთოდაც ვერ გაიგებდი, ხელი რომ მოვიტეხე...
- ღმერთო ჩემო! გავგიჟდები!
- ვიცი, რატომ იკავებ თავს, რატომ არ მთანხმდები!
- მაინც?
- იმიტომ, რომ გგონია ჯაბას შეიყვარებ! არა და, ჯაბას საცოლე ჰყავს...

თეონას თითქოს მიწა გამოაცალეს ფეხქვეშ. შებარბაცდა და, მექანიკურად, თემურს ჩამოეყრდნო ხელზე...
- ადრევე მეთქვა, რააა?! მოდი, მე მოგკიდებ ხელს, - თემურმა ხელკავი გამოსდო თეონას.

ელდანაკრავივით შეხტა თეონა. ზღვისფერ თვალებში ბრაზი ჩაუდგა! ასე უცერემონიოდ, უემოციოდ, უსიყვარულოდ სთხოვდა ხელს “ცხვირა” (როგორც მას ბიჭები ეძახდნენ გუდაუთაში)... ცოლობას სთხოვდა და რა არგუმენტით? – “ცოლის” სტატუსს კარგად მოერგებიო?!

- თემურ, ხელი გამიშვი... და საერთოდ, აღარ გაბედო რამის თქმა... არც მიყვარხარ და არც არასოდეს შემიყვარდები. თავი დამანებე...
- აბა რატომ მომკიდე ხელი?!
- შენ ვერ ხარ შენს მოტორზე, ხომ იცი?! წავედი! კარგად ბრძანდებოდე!
- თეონა...
- ჩემი სახელი აღარ ახსენო! და არც გამოყოლა გაბედო!
- იცოდე, ჯაბა საცოლეს არ მიატოვებს!
- არც მიფიქრია, რომ მიატოვებდა! რა ხელი მაქვს ჯაბასთან და მის საცოლესთან?!
- იცოდი, რომ საცოლე ჰყავდა და მაინც ის მოგწონს?
- აუ, დამანებე, რა თავი? რასაც გეუბნები, იმის გაგება არ გინდა და...

თეონამ მოახლოებული ავტობუსი დაინახა და გაჩერებისკენ გაიქცა.


* * *

მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა თეონამ. წრიალებდა.
თვალღია - ცრემლების მიღმა ვერ ხედავდა ვერაფერს...
თვალს დახუჭავდა და...  კადრი კადრს ენაცვლებოდა:

აი, ჯაბამ ადგილი დაუთმო ავტობუსში... შემდეგ მის სკამზე იჯდა თეონასთან ხელგადახვეული.

ჯაბას უბეში შეიყუჟა თეონა... ოოო, რა სითბო მოდიოდა მისგან!

ჯაბამ გულწასული თეონა კარავში ხელში აყვანილი ამოიყვანა...

ჯაბამ ბურთი გაიტანა გაგრის დინამოს სტადიონზე...

ჯაბამ თეონა და რეზიკო მანქანის დაჯახებიდან იხსნა...

აი, ჯაბა და თეონა ერთად დაცურავენ ზღვაში...
“ზღვა გინდა გადაცურო? არაფერი გამოგივა, თეონა! საზღვრის იქით აღარ გადაგიშვებ... მერე – სულ დაგკარგავ!”

ჯაბამ თავისი ჯემპრი ჩააცვა თეონას... თბილი, ჯაბასსხეულისსუნიანი ჯემპრი

ჯაბამ....
ჯაბამ....
ჯაბამმმმმმმ.......

“ღმერთო, მომეცი ძალა, არ გავგიჟდე! ჯაბა მიყვარს? განა ეს არის სიყვარული? სად ხარ, ღმერთოოოო?!
და ჯაბას საცოლე ყავს?!...
“შენ შეგეშინდებოდა საქმროსი, რომელსაც უკვე ყავდა საცოლე?!...”
ოოჰ, ჯაბააა!
მე რატომ უნდა შემშინებოდა შენი საცოლის? არა, საცოლის კი არა, იმის, რომ საცოლე გყავს?!
ან, იქნებ, უნდა შემშინებოდა კიდეც?
არ ვიცი... არ ვიცი, ღმერთოოოოო!”

და უცებ თეონას მოეჩვენა, რომ ვიღაცამ თავზე გადაუსვა ხელი...
ხელიდან საოცარი სითბო და სიმშვიდე მოდიოდა...
შემდეგ თეონა ხელში აიყვანეს და პატარა ბავშვივით გულზე მიხუტებული დაარწიეს...
და ეს ყველაფერი მოხდა ისე, რომ თეონა საწოლიდან არც კი  წამოწეულა, - ისევ ლოგინში იწვა, მხოლოდ უკვე საოცრად დამშვიდებული...
ასე ჩაეძინა კიდეც...

სიზმარში ნახა, სადღაც ულამაზესი ბაღის ერთ-ერთი ხის ქვეშ მწვანე მდელოზე იყო წამოწოლილი და ჩიტების საოცარი ჭიკჭიკი ესმოდა. შემდეგ მდინარის თუ ნაკადულის რაკრაკის ხმა მისწვდა მის ყურს...
ყველაფერი იყო საოცრად ნაცნობი, ახლობელი, მშობლიური და თან – შორეული და მიუწვდომელი... მაგრამ სიმშვიდის მომტანი!

დილას, რომ გაეღვიძა, პირველი ფიქრი, რამაც გონებაში გაუელვა, იყო: “მე ახლა სამოთხეში ვიყავი!”


(გაგრძელება იქნება)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები