ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
20 ნოემბერი, 2023


ბიოგრაფია ანუ მანძილი პოეტად დაბადებიდან - პოეტად ქცევამდე

გალაკტიონოლოგიური ოპუსები

1. ბიოგრაფია ანუ მანძილი პოეტად დაბადებიდან - პოეტად ქცევამდე

ამ ბოლო დროს რაღაცნაირად ამეკვიატა ფიქრი ვ. ხოდასევიჩის წიგნზე ''ნეკროპოლისი''.
ამ მემუარულ წიგნში რუს სიმბოლისტთა შესახებ მას ნათქვამი აქვს: ''ზოგმა მათგანმა ირჩია სიმბოლისტი ყოფილიყო პოეზიაში, ზოგმა პირიქით, გადაწყვიტა, ეცხოვრა სიმბოლისტად და საბოლოოდ თითოეულ მათგანს სწორედ იმ გზაზე მოუხდა დამარცხება ბედისწერასთან, რომელსაც თავად დაადგა.''
ნაღვლიანი სიტყვებია!
მე კი ფიქრს განვაგრძობ: რა დამოკიდებულება შეიძლება არსებობდეს პოეტი-ავტორის ბიოგრაფიასა და მის შემოქმედებას შორის?
მომიწევს აქ გარკვეულ თეორიულ გამარტივებაზე წასვლა!
თუ მაგალითად სიმბოლიზმის ისტორიას ავიღებთ,გამოჩნდება, რომ თითოეული პოეტის ბიოგრაფია აქ მართლაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ოღონდ ეს ბიოგრაფია სახე-სიმბოლოებად ტრანსფორმირებული, გარდაქმნილია ნაწარმოებში.
პოეზიას, მეტადრე ლირიკას ხომ ისედაც ახასიათებს საკუთარი ცხოვრებისეულითუ მენტალურ-სულიერი გამოცდილების მასალად გამოყენება.
ეს იმდენად ნიშნეული მხარეა პოეზიისა, რომ მკითხველს არცთუ იშვიათად უჭირს, ერთმანეთისგან განასხვაოს ლექსში ავტორისა და აქტორის, ტრადიციული ტერმინოლოგიით, ლირიკული გმირის ინსტანციები.
ქართულ ენაში დაბნეულობის საფუძვლად შეიძლება კიდევ ერთი რამ - გრამატიკული სქესის უქონლობაც ექცეს შემოქმედს.
მაგალითად , როცა გალაკტიონი წერს ,, მას გახელილი დარჩა თვალებიო”, უცხო ენაზე სქესს მაინც გავიგებდით გარდაცვლილისა, ქართულად კი ინტერპრეტირების ამოცანა გვიორმაგდება. თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა, საკითხს დავუბრუნდეთ!
სიმბოლისტები საკუთარ ცხოვრებას შემოქმედების ნაწილად, მის სფეროდ მიიჩნევდნენ, ''ამითებდნენ'' მას და ამ მხრივ, რომანტიკოსთა მემკვიდრეები იყვნენ.
ხომ დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ გალაკტიონის სწავლის დროს თბილისის სასულიერო სემინარიაში ''მოდაში იყო'' თვითმკვლელობა საწამლავით, მაგალითად კარბოლიუმის მჟავით. ამ საბედისწერო მოდას გალაკტიონი სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა სცადა კი ,აი,მისი კერპი და მეგობარი, დემონი (ქუჩუ ქავთარაძე) ამ შემთხვევიდან ხუთი თვის შემდეგ დაიღუპა.
მისი გადარჩენა ვეღარ შესძლეს!
გარკვევით შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ გალაკტიონს უახლოესი სულიერი მეგობარი-პოეტი აღარც ჰყოლია, თუმცა რეალურად, ერთგული მეგობრები არ აკლდა. ორ და მრავალგულა მტრების რიცხვს მათი რაოდენობა ცხადია, ვერ გაუტოლდებოდა. მაგრამ ასე არ არის ზოგადად ცხოცრებაში?
ყველა ჩვენგანს მტერი - გაცილებით მეტი გვყავს. მეგობარი -თან იმგვარი, მთელი ცხოვრება ასეთად რომ დაგრჩება, ფედია ჩუდეცკივით, სულ რამდენიმე გვეძლევა.
მინდოდა ცივი გონებით მემსჯელა პოეტის ბიოგრაფიისა და შემოქმედების ურთიერთმიმართებაზე და მაინც ვერ დავეხსენი ამ სევდიან მოსაგონარს!
ახლიდან ვცდი:
ავტორის ბიოგრაფია მის შემოქმედებასთან ძირითადად სამგვარ დამოკიდებულებას ამჟღავნებს:
1. ავტორი ახდენს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების ზედაპირულ პოეტურ ტრანსფორმაციას, პოეტიზაციას, ანუ მის ''წაკითხვას'' სიტყვიერი ხელოვნების იმ ენაზე, რომელიც პრევალირებს მის დროს.
(ამ მიმესისურ, ანუ მიბაძვით მიდგომაში ცხადია, არ გამოირიცხება გამონაგონის ან გამოცდილების სუბიექტური ინტერპრეტირების როლიც);
2. ავტორი ფანტაზიის წყალობით ქმნის ახალ მხატვრულ რეალობას, როგორც სინთეზს, სადაც მონაწილეობს მისი ბიოგრაფიული რეალიებიც .თუმცა ამას წარმმართველი როლი არ ეკისრება, ასე ვთქვათ,, კადრს მიღმიდან მუშაობს”. წარმმართველი კი პოეტური ფანტაზიაა.
3. ავტორი პრინციპულად გარიდებულია საკუთარი ბიოგრაფიის რაიმე ფორმით დაფიქსირების მცდელობას.''იუცხოებს'' პოეტურ გამონაგონსაც. დისტანცირდება თითქოს არც კი მონაწილეობს საკუთარ პოეტურ ტექსტში (ეს ძალზე უახლოვდება იმას,რასაც ობიექტურ ლირიკას უწოდებენ, თუმცა არ ემთხვევა მას)
შესაძლებელია, ერთი და იგივე ავტორი სხვადასხვა ქმნილებაში სხვადასხვაგვარად ავლენდეს საკუთარი ბიოგრაფიისადმი დამოკიდებულებას. შესაძლოა, სამივე გზას იყენებდეს მონაცვლეობით , შესაძლოა, მხოლოდ ერთს - მუდმივად.
      რაც შეეხება  საკუთრივ გალაკტიონს, ჩემი ჩამონათვალიდან მეორეში მოვუძებნიდი ადგილს. ზოგადად უნდა ითქვას , რომ მის შემოქმედებასა და რეალურ ცხოვრებას დიდი წყალგამყოფი აცალკევებს. არც მისი შემოქმედება იძლევა ბიოგრაფიის  თუნდაც ზოგად ხაზებში რეპროდუცირების გასაქანს და არც  ჩვენთვის ცნობილი მისი ბიოგრაფია თვისი რეალიებით, გვეხმარება დიდად შემოქმედებით საიდუმლოებათა ამოხსნაში.(ამ მხრივ  რამდენიმე შემთხვევა გვაქვს სულ, წარმატებულ კვლევას რომ დაედო საფუძვლად) ამ გაგებით, მას მართლა შეეძლო ეთქვა ‘’სინამდვილეს არ ვემდური, არ ყოფილა თითქმის, არყოფილზე სამდურავი არასოდეს ითქმისო.’...და თან საუბარი გვაქვს ქართული ლირიკის ერთ მწვერვალთაგანზე!
        „თითქმის’ სიტყვა, რომელიც საქმეში ჩაუხედავ ადამიანს ტაეპის ბოლოში, სარითმო წყვილის ცალად შერჩეულ სიტყვადაც  მოეჩვენება (თითქმის/ითქმის), შესაძლოა მივიჩნიოთ თავისებურ მენზურის სულ ქვემოთა დანაყოფად,    გალაკტიონის, როგორც ავტორის დამოკიდებულებისა  საკუთარი ყოფითი ბიოგრაფიისადმი.
      მესამე ტიპისთვის  უმეტესად დამახასიათებელია არა პირველ ან მეორე, არამედ მესამე პირის ფორმების გამოყენება. ანუ თავისებურად ფიქციური  დისტანცირება  ავტორისა აქტორისაგან. რაკი გალაკტინის სივრცეში ვტრიალებთ, მისგანვე მოვიხმოთ ერთი იშვიათ მაგალითთაგანი:

      ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;
მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,
მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.
იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა,
გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი.
წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,
სიამოვნება ამ გრილი ღრუბლით.
თითქმის არ გრძნობდა სახლებს და კედლებს,
ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს.
ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს,
როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.
როგორ, საიდან... არ იცის თვითონ.
ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი.
მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,
ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი.

      ჩვენს პოეზიაში ამ სამი სახესხვაობიდან დღეს ძირითადად პირველია აქტუალიზებული, განსაკუთრებით უახლეს ახალგაზრდულ პოეზიაში.
მეორე და მესამე შედარებით ძნელი მისაღწევია...თუმცა რამდენიმე კარგი მაგალითი მართლაც მეგულება.
      იმედია, ამ ეტიუდის წამკითხავებიც შემომაშველებენ იმ ავტორთა სახელებსა და ნაწარმოებებს, სადაც ბოლო ორი სახესხვაობის მაგალითებია.
რაკი დასაწყისი მინორული გამომივიდა, დასარულ შევეცდები, რამდენადმე მაჯორული ჟღერადობა შევურიო:
ბესიკ ხარანაული ერთ ლექსში მიმართავს დედას:
ეს შენ დამბადე მე პოეტად
და რა ძნელია,
იმად იქცე,
რისთვისაც გაჩნდი, რისთვისაც ხარ ამ ქვეყანაზე''
და მართლაც, იმისათვის რომ იყო პოეტი, აუცილებელია, ჯერ დაიბადო პოეტად, მაგრამ ესეც არ კმარა, საჭიროა, პოეტად დაბადებული გაიზარდო კიდეც პოეტად. ანუ იქცე იმად, რადაც დაიბადე.
მთავარი კი მაინც ის არის, რომ ბოლომდე გაძლო პოეტად!
გალაკტიონმა გაძლო!
გაძლო თითქმის სამოცდაათი წელი - 1959 წლის ავბედით, 17 მარტამდე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები