ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
22 ნოემბერი, 2023


ფაილი, როგორც დედანი ( რევიუ რაულ ჩილაჩავას ახალი წიგნისთვის ,,ორი მე”

#ლიტმცოდნეობითი_ოპუსები
Raul Chilachava

ნინო დარბაისელი სტრონი

ფაილი, როგორც დედანი
(რევიუ რაულ ჩილაჩავას ახალი პოეტური კრებულისათვის ,,ორი მე“)

  გავხსენი პირადი ფოსტა და წერილია ფაილით!
    როგორ მიხარია,  ეს ლექსები ხომ  თითქმის ჩემ თვალწინ იქმნებოდა, ყოველ შემთხვევაში,  შემიძლია ვთქვა, რომ ფეისბუქის წყალობით, მე ვიყავი მათი პირველი ვირტუალური მკითხველი, ანუ ჩემს თვალწინ იქცეოდა რაღაც, ლექსისფორმიანი, ლექსისგრაფიკიანი ტექსტი -  პოეზიად… უფრო ზუსტად, ავტორის მიერ პოეზიად ჩაფიქრებული ჩემთან, როგორც მკითხველთან იხსნებოდა, და დეკოდირდებოდა, როგორც პოეტური შეტყობინება.
    პრინციპში, ნებისმიერი მკითხველი ვირტუალში არ იქცევა მკითხველად? -  ისეთი ბედნიერ გამონაკლისსაც რომ შეესწროს, როცა ავტორი იქვეა, იმ რეალურ სივრცეში და ხმამაღლა თვითონვე კითხულობს ლექსს.
ვატყობ, ზოგისთვის დამაბნეველ რაღაცას ვამბობ და შევეცდები, უკეთ, უფრო სადად და მარტივად ავხსნა:
    დღეში შეიძლება,  ათასამდე ლექსის წაკითხვა მოგიხდეს, მაგრამ წაიკითხო თვალით,  გულგარეთ, საკუთარ არსებაში გაუხმოვანებლად. არც სახეობრივად/ წარმოსახობრივად „არ შეუშვა საკუთარ ვირტუალში“, მეტიც, საკუთარი ლექსების კითხვაც გამოდის ამ წესით, როცა მაგალითად, საქმეს სჭირდება და  საჭიროა,  ქმნილებად კი არ აღიქვამდე მას,  კი არ განიცდიდე, გაუუცხოვდე.
კითხულობ  საკუთარ დედანს კორექტორის „არა-მაზონდირებელი თვალით“.გულდასმით, ასო-ასო, მარცხნიდან მარჯვნივ და პირუკუ, მარჯვნიდან-მარცხნივ,
რამდენი ავტორი გაიხსენებდა ჩვენში წიგნის გამოცემისას მეგობრისადმი წრფელ თხოვნას, რაღაც ასეთს, მე უკვე თვალი მისრიალებს ტექსტზე  და ერთი, შენი ჭირიმე, ეს დედანი მტრულად წამიკითხეო.
      უცხოეთში, ამსიშორეზე მყოფისთვის მართლა დიდი, ამაღელვებელი საჩუქარია, მეგობარი-ავტორები როცა დანაპირებს შეუსრულებენ და წიგნის ელვერსიას გადაუდგებენ.  განა რა უნდა, ერთი წამის საქმეა ღილაკზე ხელის დაჭერა და გამოშვება, მაგრამ მე მაინც ქართულ გულმავიწყობას ვაბრალებ...
    გვეყო წუწუნი, ახლა ვისიამოვნოთ და რაულ ჩილაჩავას მიერ ახალ კრებულში შეტანილი ლექსები გავიხსენოთ… მაგრამ, მოდით, წინასწარ ვთქვათ ორი სიტყვა მის ხასიათზე.
    აქ შესული ლექსები ძირითადად ლირიკაა. ამ გაგებით, რაღაცნაირად, კეთილად აცდენილია ჩვენი თანამედროვე პოეზიის მოდას -ნარატიულობას. ადრე ვწერდი, რომ თანამედროვე ქართულ პოეზიაში ლირიკისათვის სულ უფრო და უფრო მცირე სივრცე რჩება. თავისუფალ ლექსსაც სდებს ამაში ბრალს ზოგი ავტორი. ლირიკა =სიმღერის შვილია, სიმღერას - გამართული რიტმი სჭირდება,  ხოლო თანამედროვე თავისუფალი ლექსი ვეღარ იმღერება, მისი რიტმული არათანაზომიერების გამო. 
    ნაცნობი კომპოზიტორები მუდმივად წუწუნებენ, რომ სასიმღერო ლექსებს ვერ პოულობენ თანამედროვე ავტორებთან და გამოსავალს იმაში პოულობენ, რომ უკვე შეთხზულ მელოდიას პირობითი ტექსტებით, კლიშეებით ავსებენ. მათ ვურჩევდი რაულ ჩილაჩავას ამ კრებულში მოეძიებინათ ლექსები. აქ რიტმული მონოტონია, უკვე ხმარებისგან გაცვეთილ გაცრეცილი ლოგაედური ათმარცვლედი ( 5/5) , ოთარ ჭილაძემ რომ ინტონაციურად უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა და ეპიგონების უზარმაზარი არმია შემოიჯარა ისე, რომ დღეს ლამის ყველა ეპიგონი, ორიგინალის ავტორზე მეტადაც გაიწაფა ამ საქმეში, მე ვიტყოდი, მინიმალურად არის წარმოდგენილი, სამაგიეროდ, კონვენციური ლექსის შესაძლებლობანი, მოდერნიზებულად, მრავალფეროვნადაა გაშლილი გამომსახველობის სხვადასხვა დონეზე.
    ბარემ აქვე, თემატიკაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა და მერე ჩემს ახლობელ ფრაგმენტებს გაგაცნობთ. ანოტაცია გადავათვალიერე და მოხაზულია მასში ეს ყველაფერი, ოღონდ იქ, სადაც ფილოსოფიურობა მიეთითება, მე რომ დამეწერა, ალბათ შოპენჰაუერის ცნობილი, მკითხველებში ყველაზე პოპულარული წიგნის სათაურს გავათამაშებდი.
იმიტომ, რომ ეს არ არის წმინდად ფილოსოფიური ლირიკა, ანუ არ წამოჭრის ფილოსოფიური მეცნიერების პრობლემათა არეალიდან ამ მეცნიერების რომელიმე სფეროს კუთვნილ რაიმე, საკუთრივ პრობლემას და არ გვთავაზობს მის პოეტურ ექსპლიცირებას.
    ფილოსოფიურობაზე აქ იმ პირობითი გაგებით შეიძლება მსჯელობა, რომ ესაა ‘ყოფითი სიბრძნის ფილოსოფია’.
    წიგნის სათაური ‘’ორი მე” ’უთუოდ იმას უნდა მიგვანიშნებდეს, რომ ამ ლექსებში ხდება ავტორისეული სულიერ-მენტალური და ყოფითი გამოცდილების ხელახალი პოეტური გადააზრება, თავისებური რე- პროდუცირება.
    კიდევ მინდა რამდენიმე სიტყვის დამატება: შესაშური ცოდნა ქართული ენისა, მის ნიუანსთა ახლებური, მოდერნისტული ინტერპრეტირების წარმატებული ცდები, პლიუს თამაშური ირონია და თვითირონია ეს ყველაფერი ელის ამ წიგნთან შეხვედრილ მკითხველს.
    ფორმის სიმძიმე ჩვენი თანამედროვე პოეზიის ნაკლთაგანია. აკაკის მერე (საიდუმლო ბარათო’) გალაკტიონმა წარმატებით სცადა ამ სიმსუბუქის მიღწევა ( “გახსოვს ხარაგაულის სევდიანი სადგური”) ვისაც არ ესმის ფორმის სიმსუბუქის არსი, მხოლოდ მისთვის განვმარტავ, რომ ამ სახეობის ქართულ ლირიკულ ლექსში დიდად სევდიანი სათქმელი თითქოს ტექსტგარედან, კონტექსტიდან მუშაობს, უშუალოდ ტექსტში მასზე არაფერია ნათქვამი. ეს სათქმელი შესაძლოა, მხოლოდ ავტორის პირად-ინდივიდუალურ გამოცდილებაზე იყოს დაფუძნებული და შესაძლოა, ავტორისა და „განდობილი ‘ ან გარეშე მკითხველის ეთნო თუ ეროვნულ გამოცდილებას მოიცავდეს, ოღონდ აუცილებლად იმ ენობრივ გარემოში, რომელშიც ლექსია შექმნილი, ხოლო თარგმანის შემთხვევაში ვრცელი კომენტარებიც რომ დაერთოს, გაჭირდება მისი სრულად გაგება. რაღაცით დაემგვანება ეგზოტიკური ხაზის სუნამოში მაინცა და მაინც იმ სურნელოვანი ყვავილის ამოცნობას, ოდესღაც რომ გიხილავს. ეს ჩემი ასოციაციები შესაძლოა იმითაც იყოს გამოწვეული, რომ ამ ლექსს სწორედ ყვავილის სახელი ჰქვია ‘’არაუკარია“ და აფხაზეთის თემაზეა:

სოხუმის სანაპიროზე
მაისის თბილი ქარია,
ანუ ის დროა, როდესაც
ჰყვავის არაუკარია
მას თან მოჰყვება კვალდაკვალ
ბიგარადია , ანონა,
თთქოს ამგვარი სამება
ბუნებამ დააკანონა.

ერთიც, მსუბუქად ნაქსოვი ტექსტურებიდან:

მახსენდება გამოჩენა
იმ ბორნის და იმ ბორნის
ბანოვანთა სიკეკლუცე
მამაკაცთა ამბორნი.

საერთოდ,  რაულ ჩილაჩავა რითმაუხვი პოეტია, უამრავ სიახლეს მოიძიებს ამ კრებულში ახალ რითმათა მოყვარული მკითხველი.
    ჩემი საყვარლები კი მაინც ეს მინიატურული ლექსებია, ირონიულ პაროდიული სათქმელითა და ინტონაციებით გაჯერებული:

ნატვრა

სულ  ერთი წელი მაცოცხლე,
ღმერთო,
ერთი -სინათლის წელიწადი!

      ან ეს:

ანტიკური ანატომიის ტრიადა

სოკრატეს შუბლი...
მილოსელის მკლავები...
აქილევსის ქუსლი...

    ზემოთ ლირიკის სიმღერული ძირები ვახსენე, ერთ-ერთი მაგალითი  ეს იყოს საილუსტრაციოდ, აკუსტიკური გიტარისათვის:

ჩაივლიან ცხენები და ჩაივლიან ხარები,
მერე ცხვრები, მერე თხები, ბატკნები და ციკნები,
ბევრჯერ ნამტირალევი და ბევრჯერ ნამწუხარები,
მოიწყენენ თაროებზე წაკითხული წიგნები.
ცას ვარსკვლავნი მოსწყდებიან ოცნებების მტევნებად,
ვით კუნძულის მარტოკაცი ხელს დაგიქნევ შორიდან,
შენ წახვალ და ჩემი მზერა უკან დაგედევნება,
ჩემო ბელა, ჩემო დონა, ჩემო სენიორიტა!

      ამ რევიუსათვის მე განგებ ავარჩიე დასაჭაშნიკებლად მსუბუქფორმიანი, მცირეზომიანი ლექსები, რომ პატივცემული მკითხველის ყურადღება წინასწარ მეტისმეტად არ დამეტვირთა, დანარჩენი  - დაე,  ამ კრებულში თავად მოიძიოს და იამოს!
    ჩემთვის კი  ეს წიგნი ერთგვარად ნოსტალგიურად აღიქმება. ვგრძნობ ამ ნოსტალგიას არა მხოლოდ მშობლიური ქართული გარემოსადმი, არამედ იმ კონვენციური პოეტური სივრცისადმი, რომელიც უფრო და უფრო გვშორდება და იქნებ სწორედ ეს წიგნია ის ბოლო ნიშნული  მაღალი,  სახელიანი მთასავით, მიმავლებს მისი სახება კარგა მანძილზე  რომ გაგვყვება და სევდით გვივსებს გულს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები