ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2023


დიდება გმირებს!

როგორც ყველა პოეტს და პოეზიის მოყვარულს, მეც მაქვს საყვარელი ლექსი. ჩემი საყვარელი ლექსი ლადო ასათიანის ,,სალაღობო“-ა, ჩემებიდან კი ამ ლექსს გამოვარჩევდი:

ჩემთვის გმირია ბერი თევდორე,
ვაქებ ცოტნეს და ბაგრატიონებს,
ვარ იმ გმირების თანამედროვე,
აფხაზეთში რომ მაგრად იომეს.

ჩემთვის გმირია მერაბ კოსტავა,
სამშობლოსათვის ნამსახურია,
ზვიადს მამულის მადლი მოსავდა,
ნათელში იყოს გამსახურდია.

ახლა შარტავაც უნდა ვახსენო
და მასთან ერთად გაბესკირიაც,
მათ სანთლებს ვუნთებ, სანამ ვარსებობ,
წყალობას შევსთხოვ: ნანას, მირიანს.

დედა ქეთევანს - კახთა დედოფალს
ვუქებ სიმტკიცეს, რწმენას, მოდგმასაც,
წრფელი მადლობა ყველა ეპოქას,
გუბაზს, ფარნავაზს, ვახტანგ გორგასალს.

მე მოწამეთას მიწაზე ვდგევარ,
სული ტრიალებს არგვეთელ ძმების,
მათ არ სჩვევიათ უკან დახევა
და ქარქაშებში ჩაგება ხმლების.

იყო შინდისი, ცხრა აპრილი და
იყო წლების წინ ბრძოლა ტამიშის,
დღეს ჩემშიც ცოცხლობს ყველა გმირი და
ქვეყნის სიყვარულს ვერვინ დამიშლის.

ფეხზე ვუდგები სამას არაგველს,
მარაბდის ველზე დაცემულ ცხრა ძმას,
დედა ღვთისმშობლის კალთა ჰფარავდეს
ამ საქართველოს - სალოცავ ტაძარს.

არ შემიძლია - მეც არ ვახსენო
სააკაძეთა გვარი, ბუნება,
ჩვენი ქვეყანა დღეს რომ არსებობს,
არის იმათი დამსახურებაც.

ქართველი თუ ხარ, არ გქონდეს შიში,
შეინარჩუნე შენი ზნეობა,
დღემდე მაოცებს მხარგრძელთა ჯიში,
ახალციხელთა მხიბლავს მხნეობა.

მტკივა ობლობა ვაჟას შვლის ნუკრის,
წყაროს წყალს ვასმევთ ქორბუდა ირმებს...
ვიდრე ჩაქრება თვალებში შუქი,
თავს ვხრი და ვამბობ: დიდება გმირებს!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები