ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანათა 1
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2023


)

მე მოვალ
ერთხელ
თეთრი
მახვილით
და ჩემი სისხლის
გამოძახილი
მიწას აუხელს თვალებს,
განადგურდება ყველა სამხილი
და ეს თვალებიც შენს წინ დახრილი
მტვრით აივსება მალე.
ხმები დადიან
რომ
დავარი ვარ
მთის მდინარეში ვიშვი,
ჩემთან ერგული
მკვდრები არიან,
სულ მკვდრებს
ვნახულობ
ძილში.
მუდამ ორმხრივი
ცივი  ქარია,
და ქარის შიგნით შიში.
მიშლის
სიმშვიდეს
რაც კი ვაშენე
დღევანდელი დღე ანგრევს,
დიდი ხანია კარგად გაჩვენებ
თავს
და ვიღვიძებ ადრე.
სანამ თვალები ამინდს არჩევენ
იქნებ მზე დამხვდეს სადმე.
გარეთ დეკემბრის
ცივი მწუხრია
ოხრავს
ნაწვიმი ქუჩა,
ქუჩა ყოველთვის ხალხით უხვია
ქაოსს ატარებს უჩვევს.
რა მშობლიური ცივი სუსხია
როგორ მიგრილებს ტუჩებს...
გამყინავია
ფერი ქალაქის
ვხედავ
ცარიელ თვალებს..
_ ერთი პური და ერთი კარაქი,
ესეც წინა თვის ვალი..
ასეთ ცხოვრებას რა არ დავარქვი
მექცა სიტყვები ჩალად.
შენ კი კარგად ხარ
ხმასაც არ იღებ
"ჭამ,
მრავლდები და კვდები".
მე მსურს მდინარის წყალი აიმღვრეს
წყალმა წაიღოს ქვები,
სანამ თევზივით მე ხმას არ ვიღებ
ხმაურს ბედავენ სხვები.
სხვენში
დამტვერილ
ომის
ალბომებს
ათას გამოცლილ მასრას
ვინახავ
მამას რაც კი მაგონებს
და ფაქტობრივად რაც ვარ!
ვინახავ
დედის დაკარგულ ხელებს
ვერგადარჩენილ ჩიტებს
და როგორც სოფლის
პატარა ღელე
სოფლის სამყოფ წყალს ვიტევ.
მე მოვალ
ერთხელ
თეთრი მახვილით
და ჩემი სისხლის გამოძახილი
ათასს აუხელს თვალებს..
განადგურდება ყველა სამხილი
და ეს თვალებიც შენს წინ დახრილი
მტვრით აივსება მალე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები