ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი სადღობელაშვილი
ჟანრი: პროზა
24 იანვარი, 2024


ავგუსტინო

დემოგრაფიული კატასტროფა, როგორც ვატყობ, დედამიწის ყველა ბინადარს ემუქრება. ადამიანები ამ მხრივ გამორჩეულად დიდი საფრთხის წინაშე დგანან. დოხთარე, რომელმაც დაბადებიდანვე მიშვილა, ჯერჯერობით სულაც არ აპირებს საზოგადოებრივ კრიზისში პოზიტიური წვლილის შეტანას.
არადა, მართლა გადარჯულდა ბუნება. დოხთარე მხოლოდშობილად იმ მიზეზით დარჩა, რომ დედამისი გათხოვდა ძალზე გვიან და მეტის გაჩენა ვერ მოასწრო. ჩემი დედისერთობის გამო კი დედაჩემი ნამდვილად დაისჯებოდა უზენაესი კანონით, ქათამი რომ არ ყოფილიყო.
დედაჩემი... მეტად უცნაური ქათამია დედაჩემი, თავისნათქვამა და ბაქია. დოხთარეს დედას მწარედ გაუცრუვდა იმედი, საბუდარში იაქესავით რომ მიპოვა გალაყებულ კვერცხებს შორის.
ეჰ, დედაჩემი... გაჩენისთანავე მომისროლა ბუდიდან. ის კი არა, ჩემს ამქვეყნად მოვლინებაში ნისკარტიც არ გაუნძრევია. სიმწრით გამოვტეხე ჩემი სამკვირიანი სამყოფელის ზღუდე და აგვისტოს ცისფერი ზეცა დავინახე.
ჩემი გაჩენისათვის სამზადისს დედაჩემი ივლისის თაკარა დღეს შეუდგა. პატრონმა თავიდანვე ეჭვის თვალით შეხედა აფხორილ და დედობისათვის თავგადადებულ კრუხს, მაგრამ ყოყმანს სძლია და დიდი რუდუნებით შეუწყო ჩვიდმეტი კვერცხი, ისიც ღამით, რომ არავის დაენახა და გაეთვალა. მაგრამ ამ სიფრთხილემაც ვერაფერი არგო ჩემს არგამოჩეკილ და-ძმას, თექვსმეტივე ჩანასახში მოკლა დედაჩემმა, რადგან სიცხისაგან თავმოძულებული ხშირად ტოვებდა საბუდარს და გასაგრილებლად გულმოდგინედ ქექავდა წყლის ამომშრალ გუბურებს.
ასეა თუ ისე, დავიბადე, აგვისტოს მცხუნვარე მზეს მივუშვირე ჩემი ჯერაც სველი ბუმბული და ისე დავიწყე არსებობისათვის ბრძოლა, რომ დედის ფრთის ქვეშ შეყუჟვა მენატრებოდა.
დოხთარეს დედამ წარბები შეუყარა უვარგის კრუხს: “შე კისერწასაცლელო, ამ ერთი ჭირიანი წიწილის გამო გამიფუჭე ამდენი კვერცხიო”, დაიხარა და ხელში ამიყვანა, დოხთარეს გავახარებო, გაიფიქრა.
სამზარეულოს მაგიდა, რომელზეც პირველად დავდგი ფეხი (უფრო სწორად, დამსვეს), საოცრად ჰგავდა ჩემი ბუმბულის ფერს. იმდენად ჰგავდა, რომ დოხთარემ კინაღამ თეფშის ქვეშ მომაქცია. თუმცა მახვილმა თვალმა მეყსეულად გაარჩია სუფრაზე მობუზული ნაცარა წიწილა და შეიცხადა: “უი, ჩემსავით დედისერთა მწვევია, კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა.”- მომიახლოვდა და ძალიან, ძალიან ნაზად მაკოცა კვერცხისგულისფერ ნისკარტზე. დოხთარემ დამაპურა და საგანგებოდ ჩემთვის მომზადებულ ხის დაწნულ კალათაში დამაბინავა. გოგონამ სახელიც შემირჩია, ავგუსტინო დამარქვა. იმის გამო, რომ არ იცოდა რომელი სქესის წარმომადგენელი ვიყავი, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად სახელები – ავგუსტინი და ავგუსტინა – უკუაგდო და გარდამავალი სახელი ამომირჩია. მეც თანხმობის ნიშნად კვერცხისგულისფერი ნისკარტი ავაწკაპუნე: “დაე, მქვიოდეს ავგუსტინო, მე ხომ ვიცი ვინც ვარ და...“
ნებიერი ცხოვრება ერთმა საღამომ თავდაყირა დამიყენა. ერთხელაც, როცა მოსაღამოვდა, ჩვეულებრივზე მეტხანს მომიწია საქათმის კარებთან ლოდინი, ხოლო როცა ჩამომაკითხეს, ზედაც კი არ შემომხედეს, ისე წამაბუნცულეს და ბურთივით მომისროლეს კალათაში. გაოცებული და კისერწაგრძელებული შევცქეროდი დოხთარეს, რომელიც თავის მხრივ, მოლაპარაკე ყუთს მიშტერებოდა და განუწყვეტლივ ტიროდა.
მყუდრო დღეები უძილო ღამეებმა შეცვალა, ან კი რა დამაძინებდა, როცა ჩემს ახალ ოჯახში, ვერ ვხვდებოდა- რა, მაგრამ ვხვდებოდი- კარგი არაფერი ხდებოდა, ეს ფერადი ყუთიც გაჩუმებას არ აპირებდა...
დღე ღამეზე დაძაბული აღმოჩნდა- ბინის ბიჭუნები, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ გოგონებს თოჯინების მორთვაში ეხმარებოდნენ, დღეს კისტის თოფებით დაგვერივნენ მე, დედაჩემს და საცოდავად აკრიახებულ ქათამ-ვარიებს, აქაოდა რუსინკები არიან და დავხოცოთო. ყველამ გადარჩენისათვის დავიწყეთ ლოცვა და კისრები ცისფერი ზეცისკენ წავიგრძელეთ. თითქოს პასუხად, ცაზე უცნაურად დიდმა რკინის ჩიტებმა დაიწყეს გადაფრენა და გამაყრუებელმა ხმამ სმენა ამოგვიქოლა. უფროსებმა დაზაფრული ონავრები სარდაფებში გადამალეს, ჩვენც ბალახებში გავისუსეთ.
გაუსაძლისი გახდა უბანში ყოფნა, ბავშვების ჟრიამული ავისმომასწავლებელმა სიჩუმემ შეცვალა. სარკმელდაგმანული და ჩაშავებული ბინებისთვის აღარ მინდოდა თვალის გასწორება, უფრო შემზარავი კი, იცით, რა გახდა?- სარკმელმოღიავებული ოჯახებიდან გამომავალი გოდება და მაინც რა ხდებოდა ნეტავ?.. რაღა მაინცდამაინც წიწილად გამაჩინა ბუნებამ (არ გეგონოთ ადამიანობას ვნატრობდე. პირიქით, ერთმა ამბავმა სრულიად დამაკარგვინა ადამიანად ყოფნის სურვილი და ამასაც უცილობლად გიამბობთ)...
ეტყობა ესეც საერთო სენია გონიერთა და უგნურთა, რომ მუდამ იმას ვნატრობთ, რაც არ გვაქვს. მე, მაგალითად, ფრენას ვნატრობ, რადგან მაინტერესებს რა ხდება ჩემს ზევით. ჩემს ცნობისწადილს იმით გამოვხატავ, რომ როცა წყალს ვსვამ, წამდაუწუმ ცისკენ ვიხედები. დოხთარე ახლა მშვიდობას ნატრობს; ომი რომ დამთავრდება, მერე ახალი ნატვრა გაუჩნდება ალბათ.
ისე, ადამიანები ზეცისკენ მხოლოდ მაშინ იხედებიან, როცა რკინის ჩიტები გადასერავენ ზღვისფერ ცას და დაზაფრულები ისახავენ პირჯვარს. ყოველდღიურ ცხოვრებაში თავჩაგრულებს ხშირად ავიწყდებათ დატკბნენ ცის სიმშვენიერით. ნუთუ მართლა საშიშია ზეცა? მე მხოლოდ მის სიცისფრეს ვამჩნევ და მშვიდად ვარ, ვიცი იქიდან ვერავინ დამინახავს, მინდვრის ბალახიც კი მაღალია ჩემზე.
როცა დოხთარე საღამოობით შინ ამიყვანს ხოლმე, გაუმჭვირვალი და მუქი ფარდებით ნიღბავს ფანჯრებს, რომ სინათლემ გარეთ არ გააღწიოს. მთელი უბანი ჩანაცრებულია ღამით, რომ რკინის ჩიტები შეცდომაში შეიყვანონ, აქაოდა აქ უკაცრიელი და დაუსახლებელი ადგილიაო.
სიმართლე გითხრათ, ჩემი თვალით არც მინახავს, როგორ კლავს ერთი ადამიანი მეორეს, მაგრამ სისხლისფერი სუნი მაინც იგრძნობა ყველგან. ბავშვებს სახლში ვეღარ აჩერებენ და ისინიც განუწყვეტლივ “ჟლეტენ” ერთმანეთს. უბნის მოცლილი და ჭორიკანა ქალებიც დადარდიანებულან. ეხლა ერთმანეთის საძაგებლად ვერ იცლიან, საერთო მტრის წინააღმდეგ დარაზმულან და ქოქოლას აყრიან დაუპატიჟებელ მომხვდურს (ცისფერი მაინც არ იყოს მათი ჩაფხუტი, რა ლამაზ ფერს აფუჭებენ).
ზვავივით ჩამოგორდა ქალაქში ჭორი- რუსინკები მოგვადგნენო. მთელი უბანი გარეთ გამოეფინა, გათითოკაცებულობის ყინული ზაფრანისფერმა შიშმა ერთბაშად გაადნო და თითოეულის ღაწვზე ააციმციმა (ნუთუ უბედურებაა საჭირო, ერთმანეთი რომ დავაფასოთ და გვიყვარდეს?!).
ერთად გავათენეთ ის ღამე ღია ცის ქვეშ დოხთარემ, დოხთარეს დედამ, დოხთარეს მეზობლებმა და მე, დოხთარეს მხარზე მოკალათებულმა და მისსავე თმებში შეყუჟულმა. მტერი არ მოვიდა ანუ გადავრჩით. ვიღაცის ხუმრობა მეორე დღეს მთელ ქალაქს მოედო: გადათხრილი ქალაქი რომ ნახეს, უფიქრიათ, ეს უკვე დაგვიბომბავსო და უკან გაბრუნებულანო. ვითომ? იმასაც ამბობდნენ, მავანი ბობოლა გაურიგდა მაპუტინოს, ეს ქალაქი ჩემია და ხელი არ ახლოო!... რაღას არ ამბობენ დოხთარეს უცნაური მეზობლები, ქვითკირივით რომ შეკრა საერთო ჭირმა.
დედაჩემი თითქმის აღარ მეკარება, ადამიანის სუნი აგდის, ადამიანივით ლაპარაკობ და სულაც შენს დოხთარესთან იყავიო. მეც რაღა დამრჩენია, ღამეს დოხთარეს საძინებელ ოთახში ვათენებ, დღისით კი მარტოდმარტო დავბალახობ ეზოში და ვისმენ ათას ჭორ-მართალს.
ამ ბოლო დროს უბნის ჭაბუკებს დავუმეგობრდი, უფრო სწორად, მათ ნასუფრალ საზამთროს ქერქებს შევეჩვიე, უხვად რომ ისვრიან გარდიგარდმო ქართული ყუმბარებივით და ზედ რუსინკულ არაყს აყოლებენ ჭიქებიანად (თანაც ამ პაპანაქებაში), აქაოდა საქართველოს და ომში წასულ დევებს გამოვექომაგოთ და სოლიდარობა გამოვუცხადოთო.
ერთ-ერთი ღრეობისას მართლაც დევივით ბიჭი წვიმით გაჟღენთილი ღრუბელივით მოიქუფრა: “მე ვარ კაცი? ჩემს მეგობრებს ბალახივით თიბავს მტერი, მე კი დედალივით დავკრიახობ, ჩემი დედა...” - შესაძლოა დედლის ძვალი ოდესმე ყელში გაეჩხირა, მაგრამ დედამისს მაინც რაღას ერჩოდა? აღარ მივკარებივარ ამის შემდეგ მათ საზამთროს, თითქოს ახლა მარტო დავინახე, ამ მრგვალ ნუგბარს წითელი შიგთავსი აქვს...
ძალზე შემზარდა წითელი ფერი ამ ბოლო დროს. ჩემი პაწაწინა წითელი ბიბილოებიც კი ნერვებს მიშლის. ვატყობ, დოხთარესაც ვაღიზიანებ: “ავგუსტინო, რა ცუდ ფეხზე დაიბადეო”- მომდგა და წითელი ლაქით შემიღება კლანჭები და ნისკარტი.
რა ჩემი ბრალია, ავგუსტინო რომ ვარ და აგვისტოში დავიბადე. ეტყობა მაპუტინო ოკულტისტია და სწორედ საქართველოს გადათხრილ ქალაქში დედისერთა წიწილის გამოჩეკას დაამთხვია დედისერთა ბიჭების ამოჟლეტა!
მგონი რაღაც გამომრჩა... ჩემთვის გაუგებარ ენაზე არაკრაკდა ამ დღეებში დოხთარე. ვიღაც სპარსელი გაიცნო ინტერნეტით და იმას ეტიტინება განუწყვეტლივ. როგორც გავიგე, მუჰამედ ზარეს (ასე ჰქვია პოტენციურ სასიძოს) წინაპრები ოდესღაც ქართველები ყოფილან და ახლა რასის განახლება მოესურვებინა. მიჭირს დოხთარეს არჩევანთან შეგუება. დოხთარეც ახლადამოწვერილ ბიბილოზე მეფერება და ცალყბად მეკითხება: “ავგუსტინო, რას იტყვი, ვაი-ქართველი უკეთესია თუ ყოფილი ქართველი?” “არც ერთი”- მინდა ვუპასუხო აფხორილმა (დედაჩემს ვგავარ), მაგრამ თავს ვიკავებ. მეშინია არ შემამჩნიოს, ავგუსტინო რომ არ ვარ. კარგად ვიცი, ქათამი რომ ვარ და უკვე იმაზე ვფიქრობ, როგორ ვიპოვო დოხთარეს შესაფერისი კანდიდატი. დედისმაგინებელი ბიჭები არ მომწონს, ომში წასულებზე ვერაფერს ვიტყვი, მხოლოდ უფალმა იცის, ვისი დედა გადაურჩება ძაძებს...
შესაფერისი კანდიდატის ძიებაში ძილმა მომაკითხა. მეც დოხთარეს საძინებელ ოთახში, სპარსულ ხალიჩაზე დადგმულ ხის კალათაში მოვკალათდი და ის იყო, დაძინებას ვაპირებდი, გამაყრუებელმა ხმამ კისერი კინაღამ წამაწყვიტა.
გაუმჭვირვალი ფარდების მიღმა სუდარისფერ ღამეში მტერი შემოგვეწყო-მეთქი, გავიფიქრე და დოხთარეზე ადრე აღმოვჩნდი გარეთ.
დიდი და პატარა გამოსულიყო საერთო ბინის ეზოში და გარს შემოხვეოდნენ მინებჩამსხვრეულ “ჟიგულის” მარკის მსუბუქ ავტომობილს. მძღოლს საკუთარ ღიპზე ჩამოედო თავი და ყურებამდე იღიმებოდა. მძღოლის ქალიშვილი (ბინის რძალი), ამაყად ჩამდგარიყო ბრბოში და ომიდან დაბრუნებული ქმრის გმირობის შესახებ გაუთავებლად ქაქანებდა, თან დედამთილს ელაქუცებოდა. ამბის გმირი კი თავაწეული იდგა და შინ მშვიდობით დაბრუნების მილოცვებს ღიმილით იღებდა.
დოხთარე გაოცებულ იდგა სადარბაზოს კარებთან, ჩემგან ორიოდე ნაბიჯის მოშორებით და ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო. მერე დავინახე, როგორ მივიდა სიყრმის მეგობართან, ხელი ჩამოართვა და ზედაც არ შეუხედავს, ისე უთხრა:
-სიცოცხლე ტკბილია, მაგრამ სიცოცხლესაც გააჩნია!- “გმირმა” იგრძნო დოხთარეს სიტყვების სუსხი და თავის მართლებას მოჰყვა:
-თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ცხინვალიც კი ავიღეთ, მაგრამ რუსინკებმა დესანტი გადმოსხეს და ცუდად წავიდა ჩვენი საქმე. ნარჩევი ბიჭები დაგვიხოცეს. მეთაურებმა გვიბრძანეს- თავს უშველეთო- და ჩვენც თავს ვუშველეთ.
- გამოიქეცით?- უკვე ტიროდა დოხთარე.
-ჰო, გამოვიქეცით. იარაღი ჩამოგვართვეს მეთაურებმა და ცხვრის ფარასავით გამოგვრეკეს.- ხმა იგივე იყო, მაგრამ ხმის პატრონი ვეღარ ვიცანი, სულ წაშლოდა სახე “გმირს”.
-გაუყიდიხართ, შვილო, მეთაურებს და ესაა! - თავში შემოიკრა ხელები გულიკომ, სამმაგად დაეკაწრა გული სამი შვილის დედას.
ასეთი გმირები მრავლად დაუბრუნდნენ ამ დღეებში ოჯახს. მე და დოხთარემ დავასკვენით, რომ ფარხმალდაყრილი და დამარცხებული ჩვენიანის მოსვლა უფრო ასატანი იყო, ვიდრე გამარჯვებული მტრის შემოსვლა.
დღე დღეს მისდევს. მე ისევ კალათაში ვიძინებ ხოლმე დოხთარეს საძინებელ ოთახში, ესაა, კალათაში ვეღარ ვეტევი. მგონი მალე დამეტყობა ავგუსტინი რომ ვარ. ნისკარტზე და კლანჭებზე რახანია მომშორდა ლაქი, თუმცა წითელი ფერი ისევ მაღიზიანებს. არც ჩემი ბიბილო მომწონს და თქვენ წარმოიდგინეთ, არც დოხთარეს წითელი ტუჩები, რომლითაც ხშირად მკოცნის კვერცხისგულისფერ ნისკარტზე. აბა, მე რა საკოცნელი ვარ, ერთი უბირი ყვინჩილა. უკვე რახანია გადავწყვიტე დოხთარე მუჰამედ ზარეს დავუთმო. ჩემს საჩუქარს- პირველ დაყივლებას- ქორწილის დღისთვის ვინახავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები