ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ძველმანდო
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2024


ვან გოგის ძაღლები

უცნაურია
ძაღლების არ ისმის ხმები
არც ყეფა
ეზოში სასწრაფოს მანქანა.
ვიღაც ნებდება
იქნებ სიცოცხლეს იგონებს ახალს
ვინ იცის...

ფხიზლდება ღამე - გამოდის ბუნაგიდან
თავიდან იწყება კვლავაც
ღმერთო, მერამდენედ!
უფერო ფურცლებიდან.
ლამპიონები უსმენენ ყანჩელს და ქალაქს
შენ კი - პირნათელს
უდარდელს
საშინლად მშვიდს
არ გძინავს ვიცი.
სასწრაფოს მანქანა გვტოვებს და მიდის
სერაფიმებიც.
ზამთარი ქუჩებში ჯერ კიდევ ზის...

მე-6 სართულზე ოთახში შუქი
საწოლი - ჯერ ისევ ცივი
ანთია.
და ჩაის დაღლილი ჭიქა
თებერვლის ქარი კი ხაზზეა
ბრიზი.
მთვარე სარკმლიდან
სულ რაღაც მეტრებშია
ვაღებ.
სახეში სუსხი - მცემს და მაფხიზლებს
ცივა
და ვხურავ.
სადმე სიცილი ასკდება ფანჯრებს...

გადაწყდა.
იძინებს ღამე - სცენიდან გადის
მე ვრჩები - და ცაც.
ვიგონებ ვან გოგს:
ფერებით - არა
ხეტიალით - არა
შიმშილით - არა
აბსენტით - არა
(არც უსიყვარულობით)
ყველაფრით დაღლილს
და შეშლილს
და დაჭრილს
და მარტოს.
საკვირველია
ძაღლების არ ისმის ყეფა
და გნატრობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები