ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2024


გადასახლება

ძველებურად  ვარ.
კვლავ ჩემს  ქოხში  ვარ,
მოხშირდა  ცივი და უსასოო
დღეები .
ვფანტავ ფიქრის  ოხშივარს ,
ვის  შევაჩეჩო , 
ვის ვუსახსოვრო
ეს მკვდარი გული ?
ვინმემ დამარხოს,
დამარხოს სადმე  სოფლის  ღარიბულ
სასაფლაოზე ,სადაც მუდმივი
ქარებია და ფეხქვეშ- ტალახი .
აქამდეც ,
ბევრჯერ ,
როგორც ბუმბული,
გავუფრენივარ , გადავუგდივარ
ცხოვრებას .
მინდა ვიყო უგულო,
სენტიმენტებით  აღარ ვუნდივარ -
არც ბავშვს ,არც უფროსს,
არც ღმერთს ,არც არვის ...
ჰო,სამწუხაროდ,ასე დალაგდა.
სასაცილოა ჩემი  საუფლო,
ჩემი  ღიმილი ,ჩემი ცანცარი .
მე ვეღარ შევძლებ , ვფიქრობ ,არადა ,
მაქვს  სიჯიუტე, თითქოს, რიკიშის,
რომ ვეღარასდროს  ვეღარ  ჩავიდენ
დაუფიქრებლად  რამე  სიგიჟეს.
რადგან დავმთავრდი ,როგორც ტკივილი -
როგორც პოეტი ,უტკივილებო .
მე შევუშვირე სახე ბუმერანგს ,
და რიყეს  შერჩნენ ჩემი კბილები .
ერთი ,ეგ არის , ცოტა  ფული მაქვს ,
ვიყიდი ბილეთს , სადმე გასაფრენს.
თუ  ვერ  დავსახლდი ჩემ  სამშობლოში ,
ჩემი სამშობლო  გადამასახლებს .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები