დიდება გმირებს!
ჩემთვის გმირია ბერი თევდორე, ვაქებ ცოტნეს და ბაგრატიონებს, ვარ იმ გმირების თანამედროვე, აფხაზეთში რომ მაგრად იომეს.
ჩემთვის გმირია მერაბ კოსტავა, სამშობლოსათვის ნამსახურია, ზვიადს მამულის მადლი მოსავდა, ნათელში იყოს გამსახურდია.
ახლა შარტავაც უნდა ვახსენო და მასთან ერთად გაბესკირიაც, მათ სანთლებს ვუნთებ, სანამ ვარსებობ, წყალობას შევსთხოვ: ნანას, მირიანს.
დედა ქეთევანს - კახთა დედოფალს ვუქებ სიმტკიცეს, რწმენას, მოდგმასაც, წრფელი მადლობა ყველა ეპოქას, გუბაზს, ფარნავაზს, ვახტანგ გორგასალს.
მე მოწამეთას მიწაზე ვდგევარ, სული ტრიალებს არგვეთელ ძმების, მათ არ სჩვევიათ უკან დახევა და ქარქაშებში ჩაგება ხმლების.
იყო შინდისი, ცხრა აპრილი და იყო წლების წინ ბრძოლა ტამიშის, დღეს ჩემშიც ცოცხლობს ყველა გმირი და ქვეყნის სიყვარულს ვერვინ დამიშლის.
ფეხზე ვუდგები სამას არაგველს, მარაბდის ველზე დაცემულ ცხრა ძმას, დედა ღვთისმშობლის კალთა ჰფარავდეს ამ საქართველოს - სალოცავ ტაძარს.
არ შემიძლია - მეც არ ვახსენო სააკაძეთა გვარი, ბუნება, ჩვენი ქვეყანა დღეს რომ არსებობს, არის იმათი დამსახურებაც.
ქართველი თუ ხარ, არ გქონდეს შიში, შეინარჩუნე შენი ზნეობა, დღემდე მაოცებს მხარგრძელთა ჯიში, ახალციხელთა მხიბლავს მხნეობა.
მტკივა ობლობა ვაჟას შვლის ნუკრის, წყაროს წყალს ვასმევთ ქორბუდა ირმებს... ვიდრე ჩაქრება თვალებში შუქი, თავს ვხრი და ვამბობ: დიდება გმირებს!
ოთარ რურუა
.................................................................................................................
ჩვენია...
ისევ მეწვია მუზა და შემომეწერა დარდიანს, გორგასალს ვუქებ მუზარადს, გმირობას - ცოტნე დადიანს.
ვლოცავ ბასიანს სოსლანის - თამარის თანამეცხედრის, სხვის მიწაში წევს მგოსანი - რუსთველი - შვილი მესხეთის.
თუმც არამხოლოდ მესხეთის, ის მთელი ქვეყნის შვილია, რეკენ ზარები დღეს მცხეთის, ამ მიწის გამოზრდილია
არსაკიძეც და შორენაც, მეფე გიორგიც, გირშელიც, განვიცდი მათ განშორებას, მხოლოდ სიმღერა მიშველის.
მსურს: არჩილ კერესელიძის ვიმღერო „სვეტიცხოველი“, მაოცებს ფერი ჩემი ცის, წყალობას ღვთისგან მოველი.
შეგვერგოს სადილ - სამხარი, ის მიყვარს, - რაც დაგვრჩენია, ჩვენია ვარდისახარიც, თარაშ ემხვარიც ჩვენია.
მე სიხარულის ცრემლებით მოვრწყე ჩემივე მინდორი, ვწერ სიამაყის შეგრძნებით, მეამაყება დიდგორი.
გავჩნდი... შუბლზე მცხეს მირონი, დამათვრეს საპოვნელათი, ბედიაც მაქვს და ილორიც, მაგრამ სულ სხვაა გელათი.
ვარ ისტორიის მქებელი, მომფერებელი ვაზისა, ამ ლექსში გამცოცხლებელი ქუჯის და ფარნავაზისა.
ვიხსენებ გამსახურდიას, კოსტავაც არ მავიწყდება, ორთავე ნამსახურია, არასდროს დამავიწყდება.
ასეა... ვამბობ სიმართლეს, ტყუილის თქმაც არ მჩვევია, ჩვენია ქვეყნის სინათლეც, ეს საქართველოც ჩვენია.
ოთარ რურუა
......................................................................................................................
საქართველოს
ლექსებს ვუწერ საქართველოს, სიზმრად ვხედავ ერთიანს! ღმერთმა დიდხანს აჯანმრთელოს, დედასავით ერთია!
მიყვარს ცოტნე დადიანი - თაფლწასმული ქართველი, მკერდქვეშ გული დარდიანი იწვის, როგორც სანთელი.
აქ - დავითის დიდგორია, შამქორია თამარის, ჩემთვის ჩვენი ისტორია არის მუდამ მთავარი.
გულმხურვალე ვისმენ ლოცვებს, მრევლსაც ვხედავ სევდიანს, მჯერა: ისევ მოვილოცებთ ქურმუხს, ილორს, ბედიას.
შორს არწივთა საბუდარს და ვხედავ ჯიხვთა ქარაფებს... მივალ ვაჟას ალუდასთან, მთებს კაფიას ვაჯახებ!
ლექსით ვთვრები, გრძნობებს ვამხელ, ეს არ არის არაკი... მართალს ვამბობ, მსურს მეც გავხდე შეწირული ზვარაკი!
ვიდრე ვცოცხლობ უფლის მადლით, მწვავს ჩემი მზის არილი... ვწევარ... მცხია ტანზე თაფლი ცოტნე დადიანივით.
მეც ვეტრფოდი ერთ კარგ გოგოს, ნეტავ კიდევ მაჩვენა! მისი დარდი მტკივა, როგორც მოკვეთილი მარჯვენა!
ვეფერები დედის სურათს, ვით შორენა - თავის შველს... გული შავად შენისლულა, მიწაც არსად არ მიშვებს.
გაუმარჯოს საქართველოს, სიზმრად ვხედავ ერთიანს! ღვთისმშობელმა აჯანმრთელოს, დედასავით ერთია!
მჯერა: ისევ ითამადებს, დაზრდის ლომებს, ავაზებს, იდავითებს, ითამარებს, კიდეც იფარნავაზებს.
ღვთის ნათელი მოსავს ციდან, ცხოვრობს რწმენით მომავლის... ერი - ნადიდგორალი და ერი - ნაშამქორალი!
ოთარ რურუა
...............................................................................................................
ოდა ტაო-კლარჯეთს
მიყვარხარ ტაო-კლარჯეთო, სიზმარში ხშირად გნახულობ, გული სიამით მევსება ჩემო ოშკო და ხახულო.
ისევ აოცებთ მნახველებს, მე ესეც მყოფნის საკვეხნად, დიდება იმათ სახელებს, ვინც აღგაშენათ ამქვეყნად.
ეს არის-რაც დაგვრჩენია, არც გვინატრია სხვა ბედი, ჩვენია... მხოლოდ ჩვენია იშხანიც, ხანძთაც, შატბერდიც.
მეც მხიბლავს ტაო-კლარჯეთი, თუნდაც სიზმარში ნახული, გვწყალობდეს სალოცავები და ღვთისმშობელი ხახულის.
ოთარ რურუა
...............................................................................................................................
სიზმრად ვნახე წუხელ ტაო
სიზმრად ვნახე წუხელ ტაო, ტაო - ჩვენი საქართველო, ჰოი, როგორ მინდა დაო ტკივილები გავამრთელოთ.
მტკივა, როგორც სამაჩაბლო, მტკივა, როგორც აფხაზეთი, ვცდილობ: არ გადავაჭარბო სათქმელს... შემწედ გვყავდეს ღმერთი.
რა რთულია ხვედრი ერის, ვართ ცრემლებით დანამული, მსურს ვიხილო ბედნიერი ჩვენი მიწა და მამული.
სიზმრად ვნახე წუხელ ბანა, ბანა - ძველი საქართველო, ზურგში ჩასცა ბედმა დანა, მინდა წყლული გავამრთელოთ.
დრო - დროს, დღე - დღეს, თვე - თვეს მისდევს, აღარ ხარობს ბაღში ნუში, თუმც მწამს: შეგვეწევა ქრისტე მშობლიურის სიყვარულში.
ოთარ რურუა
..................................................................................................................
მჭირს სიყვარული განუკურნელი
ტაო-კლარჯეთის მიწის სურნელი - არის სურნელი საქართველოსი, მჭირს სიყვარული განუკურნელი ბაგრატიონთა სამფლობელოსი.
დღეს აღარ რეკენ ოშკის ზარები, თუმც კვლავ აოცებს მნახველებს ოშკი, თითქოს ყველა დღე არის ზმანების, სიზმარში ვხედავ: ხუთჯვრიან დროშით
როგორ შევდივარ წმინდა ტაძარში და როგორ მლოცავს გრიგოლ ხანძთელი, ვხედავ დედოფალს - ქართულ კაბაში და მიხარია რომ ვარ ქართველი.
ჭოროხს გაღმაც ძგერს ქართული გული, იმ ლაზისტანსაც ვლოცავ ბერივით, შეინარჩუნეს ენა ქართული ფერეიდნელი ქართველებივით.
მინდა ამიხდეს ყველა სიზმარი, ცხადად ვიხილო ყველა ზმანება, ვიდრე მასველებს ჩემი ცის ნამი, იარები მაქვს სულში ბზარებად.
ტაო-კლარჯეთის მიწის სურნელი - არის სურნელი საქართველოსი, მჭირს სიყვარული განუკურნელი ბაგრატოვანთა სამფლობელოსი.
თუმც აღარ რეკენ ოშკის ზარები, დღესაც აოცებს ოშკი მნახველებს, გულით მიქებენ ლამაზმანები დიდ წინაპართა უკვდავ სახელებს.
დედამ ფიალა ღვინით ამივსო, მსურს ვნახო ერი-გამარჯვებული, ჩემი ფესვები სამარადისოდ ამ მიწაშია დამარჯნებული.
ოთარ რურუა
..............................................................................................................................
მე ეს თვალები სადღაც მინახავს
მე ეს თვალები სადღაც მინახავს, არ მავიწყდება ერთხელ ნახული, ნეტავ ასეთი რა ხარ, ვინა ხარ, მაოცებ, როგორც ოშკი, ხახული.
შენი თვალები ისე მიზიდავს, ვით იზიდავდა სოსლანს - თამარი... არსად წახვიდე შენი მიწიდან, თუ სამშობლოა შენთვის მთავარი.
მინდა მწედ ჰყავდე ამ საქართველოს და უერთგულო კუბოს კარამდის, ერს წარმოადგენ, ვიდრე ჯანმრთელობ, ერს - თვით ,,ვეფხვის და მოყმის ბალადის“.
მე ეს თვალები სადღაც მინახავს, არ მავიწყდება უკვე ნახული, სხვა გოგონებზე ბევრად წინა ხარ, მანცვიფრებ, როგორც ოშკი, ხახული.
შენი თვალები ისე მიზიდავს, ვით იზიდავდა სოსლანს - თამარი... არსად წახვიდე შენი მიწიდან, თუ სამშობლოა შენთვის მთავარი.
მუდამ გახსოვდეს ჩემი სიტყვები, მინდა კოცნებით კალთა აგივსო... წმინდა ქართულ გზას თუკი მიჰყვები, ჩვენში დარჩები სამარადისოდ!
ოთარ რურუა
..........................................................................................................................................
ჩვენ
ნათია სებისკვერაძეს
მინდა დავლიოთ ღვინო ყვარული, დავლოცოთ მათი შთამომავლობა, - ვინც რომ გვასწავლა ჩვენ სიყვარული, ყველას გულწრფელად ვუთხრათ მადლობა.
მინდა დავკოცნოთ ჩვენივე მიწა, მოგველის ტაო ხუთჯვრიან დროშით, პეშვებით შევსვამთ ფსოუს და რიწას, ეს დროც დადგება ამ სამყაროში.
ისევ ვიჯერე გული სიმღერით, მწამს: აგვიხდება ყველა ოცნება, ,,ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი, ტუჩმიუდებლად რომ იკოცნება“.
ეს გაუმარჯოს კაზმულ სიტყვის მადლს, მკითხველებისთვის ისევ დავშვრები, ჩვენ პოეზია ისე გვიზიდავს, როგორც სამყაროს ბავშვთა - ბავშვები.
ოთარ რურუა
.....................................................................................................................................
ქართველის მონოლოგი
,,მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია“.
ოთარ ჭილაძე
არ დამითმია ნებით ტაო და არ დამითმია ნებით ლაზეთი, თუ საქართველო უწინ ჰყვაოდა, ჩამოჭრილი აქვს დღეს აფხაზეთიც.
გული კვარივით ჩამოღვენთილა, სევდა მაწუხებს ყველა კილოსი, ტაო-კლარჯეთის ცრემლის წვეთი ვარ, სევდის სიმღერა საინგილოსი.
სამაჩაბლოდან მოტანილ მტრედის ისევ ვკითხულობ გულწრფელ ბარათებს, გულში ჩამესმის გოდება დედის, ჩვენთვის მნათობიც აღარ ანათებს.
საქართველოა - ეს ყველა მიწა, მოყვრები - მოყვრებს სანამ მითვლიან, ,,მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია“.
ოთარ რურუა
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიდი მადლობა მუხა. დიდი მადლობა მუხა.
1. ძალიან კარგი პატრიოტული ლექსებია. ძალიან კარგი პატრიოტული ლექსებია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|