ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
8 მაისი, 2008


თავი 11. ერთ ჭერქვეშ ("მაგდა")

მაგდამ დიდი წვალებით აითრია ტანი და საწოლზე წამოჯდა. ხალათი მოისხა. ძალა არ ჰყოფნიდა, მაგრამ მაინც წამოდგა ფეხზე. ოთახს თვალი მოავლო, - მისი ტანსაცმელი ვერ ნახა.
- ნოდარ!
მაშინვე შემოვიდა ნოდარი, თითქოს კართან იდგაო, და მაგდას მიუახლოვდა.
- რას მიბრძანებ, ჩემო პაწაწინა მბრძანებელო, ჩემო პაწაწინა მეუღლე?! – გაღიმება სცადა ნოდარმა.
- ჩემი ტანსაცმელი მომიტანე! – ეს უკვე ბრძანება იყო და არა თხოვნა.
ნოდარმა, უარის ნიშნად, უხმოდ გაიქნია თავი.
- მომიტანე ჩემი ტანსაცმელი! – მკაცრი ხმით გაიმეორა მაგდამ.
- ვერა, მაგდა... მანამდე ვერ მიიღებ ტანსაცმელს, სანამ ჩემს წინადადებაზე არ დამთანხმდები... შენ აქ ვერავინ მოგაგნებს. ჩემი ბიჭები მუნჯებივით იქნებიან, ასე რომ შენ ერთადერთი არჩევანი გაქვს, უფრო სწორად, აქედან წასასვლელი ერთადერთი გზა: ჩემს სახლში, ჩემი მეუღლის სახით. შენ ჩემი ცოლი ხარ... დღეიდან და სამუდამოდ!
- მე შენი  ც ო ლ ი  არც ვარ და არც არასოდეს ვიქნები. შენ, ალბათ, ციხის გეშინია, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, არა? ნუ გეშინია... ოღონდ აქედან გამიშვი და ვიტყვი, რომ მე თავად წავყევი-მეთქი... – ეს სიტყვები ისეთი ხმით და ტონით იყო ნათქვამი, რომ ნოდარს ტანში გააჟრჟოლა, მიხვდა, რომ მაგდა არასოდეს გახდებოდა მისი ცოლი.

ნოდარს ხმა აღარ ამოუღია, თავი ჩაღუნა და ოთახიდან გავიდა...

მაგდა იდგა და ელოდა, ლოდინით დაიღალა... რამდენჯერმე გასძახა ნოდარს, მაგრამ პასუხი არავინ გასცა. ირგვლივ მიმოიხედა, ფანჯარას მიუახლოვდა, ეზოს გადახედა... "არსაიდან ხმა"... არც სახლში, არც ეზოში ჩამი ჩუმი არ ისმოდა. მხოლოდ სადღაც, ეზოში გაბმულად ჭრიჭინებდა ჭრიჭინობელა. შიშმა აიტანა. სწრაფად გამოაღო ოთახის კარი და მისთვის უკვე ნაცნობ უზარმაზარ ოთახში აღმოჩნდა. არც აქ არავინ იყო.
- ნოდარ! - გაუბედავად დაიძახა მაგდამ.
არავინ გამოპასუხებია.
- ნოდარ! - ახლა უკვე ხმამაღლა დაიძახა მაგდამ და შიშჩამდგარი თვალები ცრემლებით აევსო....

ოთახში შემომავალი ერთ-ერთი კარი გაიღო და სწრაფი ნაბიჯით შემოვიდა ნოდარი. ხალათის ნაცვლად ახლა ცისფერი ჯინსები და ლურჯი მაისური ეცვა.
- ნოდარ... – ამოისლუკუნა მაგდამ, სახეზე აიფარა ხელები და ატირდა.

ნოდარი მაშინვე მასთან მიიჭრა, ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა.
- რატომ ტირი, პატარა?! შეგეშინდა? მე ხომ აქ ვიყავი?!... სუ, ნუ ტირი, ჩემო გოგო!
- ჰო, შემეშინდა... ტანსაცმელი მომეცი, ნოდარ!
ნოდარი მეზობელ ოთახში გავიდა და ტანსაცმელი გამოუტანა.
მაგდამ უხმოდ ჩამოართვა ტანსაცმელი და საძინებელ ოთახში გავიდა. სწრაფად ჩაიცვა, დიდ ოთახში შებრუნდა, სავარძელში მჯდარ ნოდარს ზურგის მხრიდან მიუახლოვდა და მხარზე დაადო ხელი.
ნოდარმა მისი ხელი დაიჭირა და ლოყაზე მიიკრა.
- მშვიდობით, ნოდარ! - მაგდამ ხელი გამოაცალა.
- მაგდა, შენ რა... - ფეხზე წამოიჭრა ნოდარი, - მაინც მიდიხარ? კი, მაგრამ...
- მაპატიე, ნოდარ... მე ვერასოდეს გავხდები შენი ცოლი!

ნოდარს ხმა არ ამოუღია, მოცელილივით ჩაჯდა სავარძელში, შემდეგ ისე ამოიკვნესა, გეგონება გულიც თან ამოაყოლაო და თავი ხელებში ჩამალა.

მაგდამ კარი გააღო და კიბეებზე დაეშვა.

რამდენიმე წუთი თავი არ აუწევია ნოდარს, შემდეგ ფანჯრებს გახედა, - ღია ფანჯრებში ზაფხულია ღამე იყურებოდა.
უცებ მოეგო გონს, საათს შეხედა, - 2 საათი სრულდებოდა.

- ვაიმე, მაგდა! - შესძახა ნოდარმა, სწრაფად ჩაირბინა კიბეზე, ეზო გადაჭრა და ქუჩაში გავარდა.
- მააა-გდაააა! მაააა-გდაააა! - ყვირილით მირბოდა იგი, მაგრამ ქუჩაში არავინ იყო. ქუჩის ბოლომდე ირბინა
"ალბათ პირველივე მანქანას გაჰყვაო", იფიქრა და დაღონებული დაბრუნდა სახლში.
ეზოსთან ვიღაცის ლანდს მოჰკრა თვალი. ახლოს მივიდა და...

ღობესთან მაგდა იდგა და უხმოდ ყლაპავდა ცრემლებს.
- შემეშინდა ღამე მარტო წასვლის, - ჩურჩულით ამოისლუკუნა მაგდამ, თითქოს ბოდიშს იხდისო ამ წაუსვლელობისთვის, მაგრამ იმ წუთას ნოდარზე ბედნიერი არავინ იყო დედამიწის ზურგზე.

ნოდარმა ხელი მოჰკიდა მაგდას და სახლში შეიყვანა.

- მაგდა, ჩემი მაგდა! შენ ვერ წარმოიდგენ, როგორ მიყვარხარ! ოღონდ ნუ წახვალ, ოღონდ ნუ მიმატოვებ... - ჩურჩულებდა სავარძელში მჯდარი მაგდას წინ მუხლებზე ჩაჩოქილი ნოდარი თვალებით ჭამდა მაგდას, - შენ ჩემი ცოლი ხარ! გესმის? მე არავის დავუთმობ შენს თავს!....
- ნოდარ, რა გვარი ხარ? - კარგა ხნის დუმილის შემდეგ პირველად ამოიღო ხმა მაგდამ.
- რა გვარი?! როგორ, მაგდა, შენ ჩემი გვარიც კი არ იცი? ნუთუ სულ არ გაინტერესებდი, რომ გვარი მაინც გაგეგო ჩემი? ნუთუ შენთვის ამდენად არაფერს წარმოვადგენ? - ბუტბუტებდა გაოგნებული ნოდარი, - ერისთავი ვარ, მაგდა, ნოდარ ერისთავი, ექიმი, უფრო ზუსტად – ქირურგი... მყავს დედა, მამა, უმცროსი და (თუმცა ისიც შენზე უფროსია), რომლებიც ყველანი ექიმები არიან მედიცინის სხვადასხვა დარგში... ვარ მე, რომელსაც ძალიან უყვარხარ და... რომელიც შენც უნდა შეიყვარო, მაგდა! გთხოვ, ოდნავ მაინც დამიქნიე თავი, ოდნავი იმედი მაინც მომეცი!
- რისი იმედი, ნოდარ, რომ შეგიყვარებ? - მაგდამ მწარედ ამოიკვნესა, - მე მაგის პირობას ვერ მოგცემ. მე მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ ერთის სიყვარული შემიძლია... და შენ ამ ჩემი ერთადერთი სიყვარულისკენ სავალი გზა მომიჭერი... თან არც უკან დასახევი გზა დამიტოვე. შენ მე ერთ ადგილას გამყინე და მე არ ვიცი, როგორი იქნება ჩემი მომავალი. ან მექნება კი ეს "მომავალი" საერთოდ?! მე ვიცი, თავის მოკვლა სისულელეა...
- რას ამბობ, მაგდა?! რა სისულელეზე ფიქრობ?!
- არა, მე არ მოვიკლავ თავს. არა აქვთ შენდობა იმათ, ვისაც საკუთარი სიცოცხლე არაფრად უღირს... მოხდეს, რაც მოსახდენია! მე ვიცოცხლებ... მაგრამ ვიცოცხლებ შენგან შორს!... შეიძლება იმავე ქალაქშიც, მაგრამ მაინც შორს, რადგან შენ მე ვეღარ მნახავ, ვერასოდეს!... - ამას რომ ამბობდა, მაგდა სადღაც შორს იყურებოდა და ნოდარმა კვლავ ის სიცივე დაინახა მის თვალებში. მაგდას ზღვისფერ თვალებს ყინული გადაჰკვროდა თითქოს და ნოდარს შეეშინდა... თავადაც არ იცოდა, რისი.
- მაგდა, რა მოგდის?! ნუ გეშინია, ხელს არ გახლებ!... წადი, დაიძინე, მე აქ ვიჯდები... წადი, ნუ გეშინია!
- მეშინია? მე უკვე აღარაფრის აღარ მეშინია... - ამოიჩურჩულ-ამოიკვნესა მაგდამ, - არ მინდა დაწოლა... რომ დავწვე, მაინც არ დამეძინება. მეც აქ ვიჯდები. ნუ ხარ ჩაჩოქილი, დაჯექი... ჩვენ ახლა ერთ ბედ ქვეშ მყოფი ორი უბედური ადამიანი ვართ.
- რატომ, მაგდა! რატომ ვართ "ორი უბედური ადამიანი"?! - კი არ თქვა, ამოიყვირა ნოდარმა და განაწამები სახით შეხედა მაგდას.
- რატომ?... შენ რომ გიყვარვარ და მე არ მიყვარხარ, - ამით შენ ხარ უბედური, ნოდარ... და მე იმიტომ ვარ უბედური, რომ ვინც მე მიყვარს, ის ვერასოდეს გახდება ჩემი ქმარი, რადგან მე თავად აღარ დავუშვებ ამას!... სად ვართ, ის მაინც მითხარი... ვის სახლში ჩაეყარა საფუძველი ჩემს უბედურებას? - მაგდას ცრემლები გადმოსცვივდა.
- ნუ, მაგდა! ნუ ამბობ ამ საშინელ სიტყვას! შენ ბედნიერი უნდა იყო! მე ყველაფერს გავაკეთებ შენი ბედნიერებისთვის, ოღონდ დამიჯერე... ოღონდ ნუ მიმატოვებ!... აქ რასაც ხედავ, სულ ჩვენია, მაგდა, შენი და ჩემი!
- ესე იგი, შენი... აქ არაფერი არ არის "ჩემი", ნოდარ! - მაგდა წამით გაყუჩდა, შემდეგ კი თვალებში შეხედა და გაკვირვებული სახით ჰკითხა, - კი, მაგრამ, შენს სახლში რომ მოგყავდი, არ შეგეშინდა? რომ მომძებნონ, ხომ მაშინვე გვიპოვიდნენ?! ამის არ შეგეშინდა?
- არა, მაგდა! არ შემშინებია!... კაცი, რომელიც ცოლს სხვის სახლში მიიყვანს, ის კაცი არ არის! მე  ც ო ლ ი  მოვიყვანე და ჩვენი პირველი ღამე ჩვენს სახლში უნდა გაგვეთენებინა! ერისთავებს შიში არ გვჩვევია. ის, რაც მოხდა, არ შეიძლებოდა, არ მომხდარიყო! შენ ჩემი ცოლი ხარ და, კიდევ გიმეორებ, მე ჩემს ცოლს არავის დავუთმობ... თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დამიჯდეს... - ნოდარი კვლავ მუხლებზე იდგა მაგდას წინ. შემდეგ მან ცოტა წინ წაიწია და მაგდას მუხლებში ჩამალა თავი.

მაგდამ შიშით ოდნავ უკან დაიხია, მაგრამ სავარძლის საზურგემ მეტად აღარ გაუშვა და, წამოდგომაც რომ ვეღარ მოახერხა, ადგილზე დარჩა. უეცრად მაგდამ ნოდარის მხრების ცახცახი იგრძნო. ნოდარს თავზე მოჰკიდა ხელები და ძალით აახედა მისკენ: თაფლისფერ, სიყვარულით სავსე თვალებში ცრემლი ბრწყინავდა.
- ნუ ტირი, ნოდარ! მე ვთქვი, რომ ჩემს თავს დავაბრალებ-მეთქი და ეს ასე იქნება...
მე არ ვეცდები შენს ციხეში ჩასმას... სიყვარულისთვის ციხეში არ სვამენ... პატივს ვცემ შენს სიყვარულს ჩემდამი, მაგრამ... ვერ თანაგიგრძნობ! მაპატიე!
- ოჰ, მაგდა, მაგდა! ან საერთოდ არ მენახე არასოდეს, ან ასე ძალიან არ მიყვარდე! ვეკითხები ჩემს თავს, "რატომ მიყვარს"-მეთქი და პასუხს კი ვერ ვპოულობ!... მიყვარხარ!... მიყვარხარ და მორჩა! - ნოდარმა სახე კვლავ მაგდას კალთაში ჩამალა და მაგდამ პირველად იგრძნო, რომ ებრალებოდა ნოდარი... ერთი პირობა ისიც კი უნდოდა, რამე მანუგეშებელი ეთქვა, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა და ისევ ჩუმად ჯდომა არჩია...

დიდხანს ისხდნენ ასე...


თვალი რომ გაახილა, ნახა, რომ ნოდარს კვლავ მის კალთაში ედო თავი და მშვიდი და უშფოთველი ძილით ეძინა. მიხვდა მაგდა, რომ მასაც ჩასძინებოდა.

მაგდამ ოთახს მოავლო თვალი.
"ამ ერთი ოთახის ხელა, ალბათ, მთელი ჩვენი სახლი არ იქნება" – გაიფიქრა და ოთახის თვალიერება დაიწყო.
ოთახი ნახევარწრის ფორმის ღია ვერანდაზე გადიოდა.
მის მოპირდაპირე კედელში ორი კარი იყო დატანებული. აქედან ერთ-ერთი მაგდასთვის კარგად ნაცნობ საძინებელში გადიოდა, მეორე კი...  ეს აღარ იცოდა მაგდამ... კარებს შორის დიდი ოვალური ფორმის საათი ეკიდა.
მესამე კედელზე სამი დიდი ფანჯარა იყო, საიდანაც უხვად იჭრებოდა დილის მზის სხივები. ფანჯრებს შორის კედლებზე ორი ძვირფასი სურათი ეკიდა.
ფანჯრების მოპირდაპირე კედელშიც ორი კარი იყო. ერთერთიდან გამოვიდა წუხელ ნოდარი. ეზოში ჩასასვლელად კიბე  ვერანდიდან ეშვებოდა.

ოთახი იმდენად დიდი იყო, რომ მის ორ, დიაგონალზე მდებარე კუთხეში თითო დიდი დივანი იდგა, ორ-ორ სავარძელთან ერთად, თავისი ჟურნალების მაგიდით. მუქი ფერის მოჩუქურთმებული ავეჯი ღია ფერის ხითა და სადაფით იყო ინკრუსტირებული.
ოთახის შუაგულში უზარმაზარ რბილ ხალიჩაზე ოვალური ფორმის, ძალიან დიდი მაგიდა იდგა თავისი 12 სკამით.  კედელთან ორ სხვადასხვა ადგილას იდგა ძვირფასი ჭურჭლით სავსე ვიტრინა. მათ გვერდით კი – დესაოები, რომელზეც გემოვნებით შერჩეული ანტიკვარული ფაიფურის სტატუეტები და ულამაზესი ლარნაკები ეწყო..
ოთახის ერთ-ერთ კუთხეში თავს იწონებდა ძვირფასი თეთრი როიალი, მის ახლოს კი მაღალ ფაიფურის ლარნაკში სისხლივით წითელი ვარდები ყელყელაობდნენ და ოთახს საოცარი სურნელით ავსებდნენ.
იმ სამეულთან ახლოს, რომელზეც ახლა მაგდა იჯდა, სპეციალურ კარადაზე იდგა დიდი ტელევიზორი, კარადაში კი – მუსიკალური ცენტრი.
მაგდას პირდაპირ მდგარ სავარძელში მჯდარი დიდი გერმანული თოჯინა ეშმაკური თვალებით იყურებოდა და მაგდას "უღიმოდა"...
და მაგდასაც გაეღიმა ამ ლამაზი თოჯინის ღიმილზე.
კისერი დაეღალა თავის აქეთ-იქით ტრიალით.
თავადაც ვერ აეხსნა, რატომ უფრთხილდებოდა ასე მის კალთაში თავჩარგული მძინარე ნოდარის ძილს... არ ჩქარობდა მის გაღვიძებას.

მაგდამ საზურგეს დააყრდნო თავი და ზევით აიხედა.
ოთახის ცენტრში თორმეტსანთლიანი ბროლის ძვირფასი ჭაღი ეკიდა. ორივე დივანის უკან, კედელზე, ჭაღისავე გაფორმების, ორ-ორი ბრა იყო დამაგრებული.

სიმდიდრესთან ერთად მთელ სახლს გემოვნებიანი პატრონის ხელი ეტყობოდა.

მაგდამ საათს გახედა, - შვიდი საათი სრულდებოდა.
დააპირა, გაეღვიძებინა ნოდარი, - ისევ შეებრალა...

თუმცა დიდხანს ლოდინი არც დასჭირვებია, - სულ რაღაც ათიოდ წუთში ნოდარმა თვალი გაახილა და მაგდას გაუღიმა.

- გაიღვიძე? ისე ტკბილად გეძინა, რომ აღარ გაგაღვიძე.
- მართალი ხარ! ასე ტკბილად ჩემს სიცოცხლეში არ მძინებია. არც კი მახსოვს, როდის ჩამეძინა... შენ? შენ თუ გეძინა? – ნოდარს იმედის ნოტი შეეპარა სევდიან ხმაში.
- მეც ჩამძინებია... - დაღლილი ხმით თქვა მაგდამ, შემდეგ კალთაში ჩაიწყო ხელები, თავი სავარძლის საზურგეს მიაყრდნო და თვალები დახუჭა.

ხელისგულზე ცხელი სუნთქვა იგრძნო, შემდეგ კი – რბილი ულვაშების შეხება, - ნოდარმა ხელისგულზე აკოცა მაგდას.
შეშინებულმა გაახილა თვალები და ხელი გამოსტაცა იატაკზე ჩაკეცილ ნოდარს.

სევდიანად ჩაიცინა ნოდარმა, ფეხზე წამოდგა და უთხრა:
- ნუ გეშინია, ხელს არ გახლებ!...  მაგდა, მოდი, ვისაუზმოთ... იცი, როგორ მომშივდა? ჩვენ ხომ გუშინ დილის შემდეგ არაფერი გვიჭამია?!...

მაგდამ ნერწყვი გადაყლაპა. ეს არ გამოპარვია ნოდარს და უფრო "შინაურული" ხმით გააგრძელა:
- შენც ხომ გშია? ძალიან გთხოვ, უარი არ მითხრა...… შენ ხომ აღარ გეშინია ჩემი? მითხარი!
- არა, ნოდარ, აღარ მეშინია... თავადაც არ ვიცი, რატომ, მაგრამ... მჯერა შენი!... იცი, მე გუშინ დილითაც არაფერი მიჭამია. გამოცდის წინ ვერაფერს ვჭამ, - გაეღიმა მაგდას.
- ჰოდა, მითუმეტეს... აქ იყავი, მე ახლავე მოვალ... მაგდა, იცი, როგორ გიხდება ღიმილი? საოცრება ხარ!

ნოდარი გავიდა. მალევე დაბრუნდა და თან ბორბლებიანი ლანგარი შემოაგორა.
ლანგარზე საუზმე ეწყო, - სათალი, ხიზილალა, კარაქი, რძიანი სულგუნი, თხლად დაჭრილი ფინური ძეხვი "სალიამი", საზამთროს მურაბა მაღალფეხიან ლარნაკში, ნამცხვრები, ცხელი ყავა ყავადნით და ორი ფინჯანი. საპურეში ლამაზად დაჭრილი პური ეწყო.
ნოდარმა კარადიდან გამოიღო პატარა სუფრა და ჟურნალების მაგიდას გადააფარა, შემდეგ კი ისე სწრაფად და ლამაზად გააწყო სუფრა, თითქოს მთელი სიცოცხლე სუფრის გაშლის მეტი არაფერი უკეთებიაო.

ორივეს მართლა ძალიან შიოდა და ისე გემრიელად ისაუზმეს, თითქოს მათ შორის არაფერი მომხდარა... ან თუ მოხდა, თითქოს მართლაც ბედნიერი ცოლ-ქმრობის პირველი დილა გათენებოდეთ და სულ რაღაც ერთ საათში მაგდას არ უნდა დაეტოვებინა ეს სახლი,… ვინ იცის, იქნებ – სამუდამოდაც...


(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები