ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2024


ინსომნია

წლების მიღმა ,წლების იქით  არ გიცნობდი ,ან აქეთა
ცხოვრებაში გაგიცანი ? -არა! ...ჩემო თვალგიშერა.
მაპატიე , ვერ  დაგიდგი იალბუზი  მალაქიტის ,
რომ არ გაფრენილიყავი , ერთი კოშკი აგიშენე!
გამოგკეტე !
...და მყოფნიდა  საძინებლად მკლავი  შენი ,
სანამ ბედმა, შუა  ტყეში , შაშვივით არ დამაფეთა .
ვარ ტალახში-ჩავარდნილი, უხმო, შავი კლავიშივით,
შერცხვენილი საქართველოს სოფლებთან და  ქალაქებთან !
ცხადად წახველ  ოთახიდან და  ამ წასლას  არ აკმარე
წასვლა  ჩემი სიზმრებიდან .სად არ გიხმობ,სად არ გეძებ:
ხან -სახლის  წინ ,ხან -ქუჩაში,ხან- ტბის  პირას  ,ქალაქ გარეთ ...
არსად არ ხარ , არსად  ჩანხარ ! მეჩვენება ,რომ ჩემს ბედზე
მთა იცინის, ცა  ხარხარებს  და წინწკლები  მღვრიე  სისხლის,
როგორც  კალმახს, მოსდებია მთელ ამ წყეულ დედამიწას.
თითქოს გული  დამიკბინა  გველმა - შავმა,მკლავისსიმსხომ .
ვერც ჭაღარა  დედაჩემის წრფელი ლოცვა  ვეღარ მიცავს .
ნუ  გაქრები ! ყოველ ღამით, ცივი კიბის საფეხურზე
ვზივარ , გულში  ღაპა-ღუპით  ჩამდის  ცრემლი . ავიხრჩოლე
სიგარეტის ნამწვავებით ოთახები, გაზაფხული...
შავ  მორევს  რომ გადავურჩე ,  უშენობით  დავიხრჩობი .
დავდივარ და ტყეში  ჩიტებს, ბზებს , იელებს  ვუზიარებ
გაუმხელელ დარდებს ,სევდას...სად არიან მეგობრები?
სად მოვკვდები ცრემლდამშრალი ,მოხრილი თუ კუზიანი -
აღარ  ვდარდობ !- შენ  თუ  აღარ  ... შენ თუ აღარ  მეყოლები .
თუ არასდროს  გამიღიმებ  და მზე  შენი კბილებიდან
არ ამოვა, სხვანაირი  გათენების არც კი მჯერა .
მე ვერავინ ამაშენებს , შენ  თუ აღარ  ინებე და
სულ მექნება განცდა, ციხის დანგრეული კარიბჭე  ვარ.
კარი მრჩება, ანდა განგებ,ვტოვებ ხოლმე  ღიას ღამით ,
ღვივის გულში იმედები,საით  აღარ  დაგეძებ და
ვფიქრობ,იქნებ,  შენც შემოჰყვე სიოს-  ვარდით ,  იასამნით ,
სანამ  თვალებს  ავახელდე,იჯდე  ჩემს  ცივ სარეცელთან .
ეს ამხელა ,უსაშველო ღამეები  იყო რა დროს ?
თუ მე ...მხოლოდ მე  მგონია ,თითქოს, განგებ აგვიანებს
გათენებას ,რომ ნერვები დამაწყდეს  და გამომფატროს
გული ღამის  გამყინავმა ხმებმა ...შენი  დარდიანი
სახე სულს წვავს ,გულს მიჩქარებს, ფოტოები,სურათები ...
და სტროფებიც  აღარ  გვანან ლექსებს , უფრო  თეზისებად
იქცევიან. პოეტებიც ,ალბათ,  დამამუნათებენ -
რომ მთის  ჰაერს  შევურიე ნავთისა და თევზის  სუნი ,
რომ გავკერპდი ,ბაგეთაგან ელვა  აღარ  მერეკლება ,
რომ დავბერდი  და კაეშანს ვაბრიალებ ცეცხლის ალზე .
თითქოს , კრწანისგამოვლილი ბერი მეფე ერეკლე ვარ
და ხელი მაქვს  ჩაქნეული  ჩემს დარჩენილ  ცხოვრებაზე .
მე  ვიზრდები ,როგორც  ფესვი, ყველა ჩემი მიწიერი
შეცდომიდან და მომავალს ვასაზრდოვებ ტკივილებით ;
გაზაფხულის  რომელიმე თვეში  გამოვიძინებდი ,
დღეგამთბარი შენითა  და შენი  კაბის  გვირილებით .
გამომყევი ! გთხოვ , გამომყე, გამო... გული მიდუღს, მეწვის.
სადმე, მინდა  ,შენთან  ერთად ზღვაზე თუ მთის  რომელიმე
ყრუ სოფელში,რომ იმედათ ვიყოთ თეთრი  ღრუბლის ზეწრის ,
მოდი ,თუნდაც  ჯერ სიზმარში ,მერე ცხადშიც  მომევლინე  !
არც კი ვუსმენ ,რას  აცხადებს , რანაირია ამინდია,
ხვალის პროგნოზს; მაგ  შენს  ხმაში იკვეთება დარიცა და
ავდრის მოსვლაც. ეს ხეებიც დგანან ჩუმად ,გარინდებით ,
შენ სად მიხვალ ,რომელ მხარეს ? ნუ გარბიხარ ,დამიცადე!
დამიცადე,დამი....ცამდე ,დამელოდე ...ჯერ ხომ  დგომა
შემიძლია ...დავიფერთხო მტვერი ჩემი  ხაკისფერი
სამოსიდან .კარს მომდგარა შენი  ტკბილი შემოდგომა ,
ყველა  ჩემი სიყვარულით  სავსე ლექსი  გაიხსენე !
ვსვამ ამ აბებს  უძილობის და  გადაშლილ  კარაბადინს
ვფურცვლავ , ცხვრებიც  დავითვალე ყველა მთის და იალაღის .
ვერ მაშინებს  ქეყანაზე  კაცი  ,ღმრთისგან დანაბადი ,,
მეშინია მხოლოდ შენი უსაშველო  სიამაყის.
ასე ვზივარ,ღვინით ხელში, ჩემ სოროში მიმალული,
არ  ვპასუხობ ზარებს ! ლექსს ვწერ,მაგრამ ლექსი არ გამოდის :
დაე, ლექსის ნაცვლად იყოს  ,,გალობანი  სინანულის,,
და სხეული ეგდოს  სხვენზე  ,როგორც მშრალი  კალაპოტი-
ამოცლილი  სისხლისგან და  დაწრეტილი  ცრემლისაგან.
ვერ  შევიძელ ფეხზე დგომა სიშლეგით  და  სიალალით .
ნუთუ  ლექსებს  უნდა  შერჩეს სიყვარულის მთელი  საგა
და ერთი  გზაც აღარ დარჩეს მომავლისკენ მიმავალი .
თუ  არ მოხვალ , მე  მომიხმე , სინათლისკენ მომახედე,
რაშს  შევკაზმავ , მოვგელდები. შენი თმების  კელაპტრებით
ავენთები ...რა დამიჭერს ? ვხურვარ  ჩემი  ორნახადი
ლექსებით და უსაშველოდ , სიკვდდილივით  მენატრები !
ვერ  მომქანცავს  ხევსურეთის  გზა  წვრილი  თუ საცალეფეხო ,
ვერც გველივით  გაწოლილი სიგრძე კორდილიერების .
არ დავუშვებ  ისე სიკვდილს, ერთხელ მაინც რომ არ ვნახო ,
ჩემი  ბედნიერი  სახე შენი მოთვინიერებით .
და  ყოველდღე სადღაც დავალ ,ვეძებ ნიშებს სალოცავად .
ყველა სიზმარს ფლოქვის  ხმა  აქვს  ჩემი თეთრი  არაბულის .
მეტყვის ხშირად  ღვთისმშობელი :
,,ეს  ცხოვრება  გამოცდაა,,
,,თქვენ ერთნი  ხართ,,..
,,დაიტანჯე,, ..
,,დაელოდე,, ...
,,დაგაბრუნებს ,, !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები