ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
15 მარტი, 2009


თავი 15. სიყვარულის დაბადება ("გაცვლა")

თეონა მთელი ფაკულტეტის “შვილობილი” თუ უმცროსი მეგობარი იყო.
ყველა უყვარდა და ყველას უყვარდა, დიდებსაც და პატარებსაც, გოგონებსაც და ვაჟებსაც, სტუდენტებსაც და მასწავლებლებსაც.
სადაც არ იყო თეონა, იქ არ იყო მხიარულებაც!
ყველა ლამაზი ღონისძიების წამომწყები და სულისჩამდგმელი იყო!
ყველა ექსკურსიის ორგანიზატორი...
ყველა სტუდენტური შეხვედრისა თუ საღამოს ავტორი თუ წამყვანი!

ოქტომბრის ბოლოს ერთ-ერთი ასეთი სტუდენტური საღამო ჩაატარა, - შეხვედრა იოსებ ნონეშვილთან და ჭაბუა ამირეჯიბთან.

საღამოს წამყვანები თეონა და V კურსელი მარი იყვნენ.
ის იყო, სიტყვა ბ-ნ იოსებს მისცეს, რომ...
თეონას ერთ-ერთმა სტუდენტმა წერილი გადასცა.
- თეონა, ვიღაც ბიჭმა დამიტოვა შენთვის გადმოსაცემად, “ახლავე წაიკითხოსო”...
- ჩვენი ფაკულტეტიდან იყო?
- არა მგონია... ამ კორპუსშიც კი არასოდეს დამინახავს!
- კარგი... – თეონამ წერილი გახსნა.


“შენგან მარჯვნივ, სულ ბოლო კუთხის მაგიდასთან ზის ჯაბას საცოლე, გამხდარი, ხუჭუჭა გოგონა!... მის უბედურებაზე გინდა შენი ბედნიერების აშენება? ღმერთი არ გაპატიებს!...
                           
                    შენი თაყვანისმცემელი...............”


წერილი დაკეცა და ჯიბეში შეინახა.

- თეონა, რა მოხდა?
- არაფერი...
- ადამიანის ფერი არ გადევს!
- მარი, შენ წაიყვანე, რა, საღამო? ცუდად ვარ!
- კი, თეონა, არ არის პრობლემა... რით დაგეხმარო?
- შენ ვერაფრით დამეხმარები, მარი...

თეონა სკამზე ჩამოჯდა, წყალი მოსვა. ცუდად გრძნობდა თავს, ძალიან ცუდად...

“ეს თემურის წერილი იქნება! მაგრამ, იქნებ არც არის მისი გამოგზავნილი?! რა იცოდა თემურმა, სად ზის ჯაბას საცოლე?! თემური აქ არ დამინახავს!
მაშინ – ვინ?”

ფიქრები აერია თავში. ცდილობდა, გაეხსენებინა, ვინ იყო დღეს მოსული აქ, საღამოზე... ვინ იცოდა თეონას გრძნობები ჯაბასადმი... ვის უნდოდა თეონას ასე გამწარება.

“მაგრამ, რატომ ბრაზდები, თეონა?! რა გაკავშირებს ჯაბასთან? როდის რას დაგპირდა? როდის გითხრა “მიყვარხარო”? როდის შემოგთავაზა, თუნდაც, უბრალოდ, გასეირნება?! მაშინ რას ითხოვ მისგან? რისი უფლება გაქვს?!
ღმერთო, რამდენი კითხვა დავსვი და ვერცერთზე გავეცი პასუხი!”

თეონამ თავი გაიქნია, თითქოს აბეზარი ფიქრები მოიშორა თავიდანო...
მთელი შინაგანი ძალების მობილიზაცია მოახდინა და... მარის ამოუდგა გვერდში.

სტუდენტებმა მისი საკუთარი ლექსები წაუკითხეს საყვარელ პოეტს.

“შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა...
დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა....”

დაიწყო კითხვა თეონამ და გაიტრუნა დარბაზი. საოცარი იყო, როგორ ატყვევებდა ეს პატარა გოგონა ამდენ ხალხს... რა ანდამატი ჰქონდა ასეთი?!..
ბ-ნმა იოსებმა ბ-ნ ჭაბუას ჩუმად რაღაც გადაულაპარაკა და გაოცებულმა მოავლო თვალი დარბაზს: ამხელა დარბაზში მხოლოდ თეონას ხმა ისმოდა... კითხულობდა მიკროფონის გარეშე და ყველას გარკვევით ესმოდა ყველა სიტყვა! დანარჩენმა სტუდენტებმა სუნთქვაც კი შეწყვიტეს თითქოს, - “თეონას ლექსის კითხვაში არ შევუშალოთ ხელიო”...

“ერთი შეხედვით ვაჟკაცების გულებს დაჰკოდდი
და მზის თინათინს დაჩრდილავდი თვალთა ციალით....”

------

“....და ვით დიდებას  აწ გარდასულ საუკუნეთა,
სულ ერთი არის, მე შენ მაინც შეგიყვარებდი!
.... შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა...”

და იქუხა ტაშმა დარბაზში...
ბ-ნი იოსები თვალცრემლიანი წამოდგა ფეხზე, თეონასთან მივიდა, გულში ჩაიკრა და უთხრა:
-  ამ ლექსს რომ ვწერდი, შენნაირი გოგონა მყავდა წარმოდგენილი... და დაწერილი რომ არ მქონოდა, ალბათ ახლა დავწერდი ამ ლექსს, შენი ნახვის შემდეგ!

“ჩემს ქუჩაზე ერთი ქერა
ქალიშვილი დადის,
ქალია თუ ბედისწერა,
თუ ოცნება ცხადი?...”

რა გქვია?
- თეონა...
- გაიხარე, თეონა! დიდი მადლობა!

საღამო გაგრძელდა...
მარი ბ-ნი ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედებაზე ალაპარაკდა.
შემდეგ ბ-ნ ჭაბუას გადასცეს სიტყვა.
მაშინ ახალი გამოცემული იყო მისი რომანი “დათა თუთაშხია”. უამრავი შეკითხვა დაუსვეს ბ-ნ ჭაბუას ამ რომანის გარშემო.
- ბ-ნ ჭაბუა, რაღა გუდუნას, მის სისხლსა და ხორცს მოაკვლევინეთ დათა? – იკითხა ქ-ნმა თინამ, თეონას დედამ, - ნუთუ არ შეიძლებოდა, რომ ამხელა ცოდვა, საკუთარი მამის მკვლელობა არ აგეკიდად მძიმე და მოუშორებელ ტვირთად 15 წლის ბიჭისთვის?
- იცით, ამ შემთხვევაში მე არაფერ შუაში ვარ... დათა თუთაშხიას პროტოტიპი, რომელიც რეალურად არსებობდა, მისი შვილის ხელით დაიღუპა. ასე რომ...

საღამო გვიან დამთავრდა.
თეონა თან ძალიან ბედნიერი იყო და თან... არა, ვერც უბედურს არქმევდა საკუთარ თავს... უფრო – დათრგუნული, ვიდრე უბედური!


* * *

- თეონაა, ხვალ რაგბის თამაშზე წამოხვალ? – დაურეკა რეზიკომ თეონას, - რა თამაში იქნება იცი?
- მაინც, რა თამაში, რეზიკო?
- გოგო, საქართველოს ნაკრები ეთამაშება შვეციის ნაკრებს.
- რეზიიი, არაფერი მესმის რაგბის! ტყუილად უნდა ვიჯდე იქ!
- ტყუილად რატომ, თეონა? იქ არ ვიქნები? ყველაფერს აგიხსნი... ბოლოს და ბოლოს, არ გინდა იცოდე, რას ვთამაშობთ მე, ჯაბა, თამაზი, ზურა, მამუკა?!.,..
- თქვენ რომ არ თამაშობთ?
- ჩვენ – არა, მაგრამ მეორე მამუკაა ნაკრების წევრი! იმან გამოგვიგზავნა კონტრამარკები. წამო, წამო... ციალაც მიგვყავს... ლია და დალიც იქნებიან...
- კიდე ვინ იქნებიან?
- მე რომ ჩემი კონტრამარკებით შენ და ციალა მიმყავხართ, - ვიცი... თამაზს – ლია და დალი მოყავს... ზურაც იქნება, ალბათ – მამუკაც...
- ჯაბა?
- ჯაბა – არ ვიცი, თეონა!...

მეორე დღეს რეზიკო ციალასთან და თეონასთან ერთად შევიდა ლოკომოტივის სტადიონზე და ტრიბუნაზე დაიკავა ადგილი. თამაზმა ლია და დალი მოიყვანა და ზუსტად მათ უკან განთავსდნენ, - “ასე უფრო შეკრულად ვისხდებით, სკამის სიგრძეზე არ ჩავმწკრივდებითო”....
თამაში დაიწყო... თამაზი და რეზიკო მონდომებით უხსნიდნენ გოგონებს რაგბის თამაშის წესებს.
მართალია, თამაშის წესებისა ბევრი ვერაფერი გაიგეს გოგონებმა, მაგრამ... ანგარიში რომ ჭკუისდასანთხევი იყო, ფაქტია!

უცებ თეონამ ჯაბას მოჰკრა თვალი. მაშინვე იცნო...
თეონასკენ ზურგით იჯდა ჯაბა, რამდენიმე რიგით დაბლა, მათივე ტრიბუნაზე... ვიღაც გამხდარ, ხუჭუჭთმიან გოგონასთან ერთად....
ეს გოგონაც მაშინვე იცნო, რადგან ფაქტიურად, მხოლოდ ზურგით ჰყავდა ნანახი. მაშინ, იმ საღამოზე ახლოს ვერ მივიდა თეონა... შეეშინდა, “ცუდად გავხდები და ჩემს თავს გავცემო”...

პირველი ტაიმი ჯერ არ დამთავრებულიყო...
- თეონა, ნახე, საიდან გაიტანეს ჩვენებმა ბურთი? – ჰკითხა თამაშით აღფრთოვანებულმა რეზიკომ და... სახეზე შეეყინა ღიმილი,  თეონას მზერას გააყოლა თვალი და ჯაბა დაინახა.
- კი, რეზიკო დავინახე...
- ვინ, თეონა?
- გატანილი ბურთი და... ჯაბა დავინახე, რეზიკო.
- მე? მე მხედავ სადმე, შენს სიახლოვეს? – რეზიკომ თეონას ხელი დაიჭირა და მისი თითების წვალება დაიწყო.
- რეზიკო, მე... – თეონამ თვალებში შეხედა და დაიბნა, იმხელა სიყვარული ჩანდა რეზიკოს თვალებში.

მაღალი ბიჭი იყო რეზიკო, ნამდვილი სპორტული აღნაგობით, - განიერი ბეჭებით, წვრილი წელით...
სულ უცინოდა სახე.
გვერდზე გადაყრილი მუქი ყავისფერი, თითქმის შავი თმებითა და მუქი ყავისფერი თვალებით, სწორი თლილი ცხვირითა და ულამაზესი, სულ მომღიმარი ტუჩებით, საიდანაც თეთრი, ჩაწიკწიკებული კბილები მოჩანდა, გოგონათა გულთამპყრობელი შეეძლო გამხდარიყო.

გაახსენდა თეონას გუდაუთაში გატარებული დღეები... მათი გაცნობის სცენა... მათი ურთიერთობის ეპოზოდები...
სადაც იყო თეონა, იქ უნდა გეძებნათ რეზიკოც, თუ სავარჯიშოდ არ იყვნენ წასულები.

ფიჭვნარში რომ გადიოდნენ, მიწაზე გასაფენად ზოგი ბანაკის თხელი ადიალით სარგებლობდა, ზოგი – საკუთარი პირსახოცით კმაყოფილდებოდა...
თეონას დიიიდი, კვადრატული გასაბერი საფენი ჰქონდა, პლაჟზე გასაფენად. გაბერილ მდგომარეობაშივე შეგეძლო მისი რულონად დახვევა და სპეციალური შესაკრავით დაფიქსირება.

იმ დღეს, როცა რეზიკო გაიცნო, საფენი ფიჭვნარში გაშალა და... დაჩუტული დახვდა, - საცობი ამოვარდნილიყო.
თეონამ პირით გადაწყვიტა მისი გაბერვა, მაგრამ... დიდი იყო საფენი და დაიღალა.
ვიღაც მაღალი, ლამაზი ბიჭი მიუახლოვდა და დახმარება შესთავაზა. თეონას თავპატიჟი არ დაუწყია, მაშინვე მიაწოდა საფენი.
კარგა ხანს ბერავდა ამ საფენს და როცა საცობიც მოარგო, აღმოჩნდა, რომ ყველა წამოწვა თავთავის საფენებზე, ამ ბიჭის გარდა.

- რეზიკო, რატომ დგახარ?
- დასაფენი არ მაქვს.... ისე კი – დავისვრები.
- მოდი, აქ წამოწექი, - უთხრა თამაზმა და თავის საფენზე ადგილი გაუთავისუფლა.
- რეზიკო, ჩემს საფენზე წამოწექი, ნახე, რამსიგანეა... თანაც შენი წვლილიც გაქვს შეტანილი მის გაბერვაში, - შესთავაზა ახლა თეონამ და გვერდზე გაიწია. მაშინ გაიგო თეონამ, რომ ამ ლამაზ ბიჭს რეზიკო ერქვა.

რეზიკომ მეორედ აღარ ათქმევინა, მაშინვე საფენზე წამოწვა...
საფენი მართლაც იმსიგანე იყო, რომ, გაჭირების შემთხვევაში, კიდევ ორი ადამიანი წამოწვებოდა.
მოკლედ, ის დღე იყო და ის დღე, რეზიკოს თეონას საფენზე ჰქონდა დაბევებული ადგილი....

შემდეგ მათი დამშვიდობების სცენა გაახსენდა, გაპარვა რომ შესთავაზა რეზიკომ...
და აი ახლა, ლოკომოტივის სტადიონის ტრიბუნაზე, რეზიკოს  გვერდით ზის და თეონა ყოველი უჯრედით გრძნობს რეზიკოსგან წამოსულ სიყვარულს...

“რამ გამიქვავა ასე გული? რა მინდა კიდევ? ანგელოზივით ბიჭია... გინდა გარეგნობით, გინდა შინაარსით, გინდა ოჯახიშვილობით... თან როგორი ნიჭიერია?! ფიზიკოსი... არა, ჭკვიანი ფიზიკოსი... უუუფ, დაფიქრდი, თეონა!... მაგრამ... გულს რა მოვუხერხო, გულს?! არ მემორჩილება, მთელი დღე და მთელი ღამე მხოლოდ ერთ სახელს იმეორებს: ჯა-ბა, ჯა-ბა, ჯა-ბა, ჯა-ბა!...”
- ჯაბა! – თავისთვისვე მოულოდნელად, ხმამაღლა იყვირა თეონამ და...  გაჩუმდა!
- ჯაბა!... – ჩურჩულით გაიმეორა რეზიკომ და თავი დაღუნა...
- ჯაბა? აბა, სად არის? – გაუხარდა ციალას და თვალების ცეცებას მოჰყვა.

ჯაბამ მაშინვე გაიგონა თეონას ძახილი და ხმის მიმართულებით მიაბრუნა თავი.
მათი არდანახვა შეუძლებელი იყო, ერთად შეკრებილი ექვსი ადამიანიდან ხუთი  მონდომებით იქნევდა ხელებს, ერთი კი – თავჩაღუნული იჯდა.

- ნანა, ახლავე მოვალ, - გადაულაპარაკა ჯაბამ გოგონას და მათკენ წამოვიდა. შემდეგ ყველა გადაკოცნა და რეზიკოს ტალღისებური თმა სიყვარულით აუწეწა.
- ჯაბა, ეს არის შენი საცოლე? – ჰკითხა თამაზმა და ნანას გაჰხედა.
- საცოლე გყავს? – თვალები გაუბრწყინდა რეზიკოს და ჯაბას შესცინა, - მერე, არ უნდა გაგვაცნო?
- ახლავე მოვალ... – ჯაბა უკან დაბრუნდა და ის გოგონა წამოიყვანა მათკენ.
- გაიცანით, ნანა... – წარუდგინა ჯაბამ მეგობრებს.

თეონამაც გაუცინა ნანას, მაგრამ მისი თვალების სიბრწყინვალემ გასცა, - ცრემლი ჩაუდგა თვალებში...

მეორე ტაიმს – რვავემ ერთად უყურა.
ანგარიში გამაოგნებელი იყო, - 78 : 0, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ!


* * *

გავიდა რამდენიმე დღე.
სტუდენტები საშვიდნოემბრო აღლუმისთვის ემზადებოდნენ.
1 ნოემბრიდან იწყებოდა მარშირებები...

აღლუმზე სტუდენტთა გაყვანა – შერჩევით ხდებოდა. მწყობრში სიარული ვისაც არ შეეძლო, ისინი არ გამოჰყავდათ აღლუმზე და... ე.ი. ვერ გააცდენდნენ ლექციებს მარშირებების გამო, რომლებიც თსუ სტუდენტთათვის ლოკომოტივის სტადიონზე ტარდებოდა.

თეონა მიმმართველად იდგა...

იცით, რა არის მიმმართველი?
ეს არის სულ პირველ რიგში, ტრიბუნების მხარეს პირველ მწკრივში მდგომი პიროვნება, რომელზეც ხდება ორმაგი სწორება: რიგიც მასზე სწორდება და მწკრივიც.
- მიმმართველო, სწორდი! სმენა! ნაბიჯიიიით იარ!

...და მიმმართველი რა ბრძანებასაც ასრულებდა, იმ ბრძანებას ასრულებდა მთელი კოლონა. მის გარეშე მთელი კოლონა ირეოდა.
და დადიოდნენ სტუდენტები ლოკომოტივის სტადიონის სარბენ ბილიკებზე... სათვალავი ერეოდათ, მერამდენე წრე დაარტყეს სტადიონს... 

იმ დილას 12 საათისთვის უნდა მისულიყო ლოკომოტივის სტადიონზე. მანამდე – უნივერსიტეტში ავალო, - იფიქრა.
ლიფტიდან გამოვიდა თუ არა, ციალას ჯგუფელი, V კურსელი შორენა მიუახლოვდა თეონას.
- თეონა, საშვიდნოემბროდ წამომყვები მახარაძეში? ჩემთან ჩავალთ... 5-ში წავიდეთ... მაინც “მარშიროვკებზე” ხარ, ლექციების გაცდენისთვის არაფერს გეტყვიან.... ოთხდღიანი დასვენება გვიწევს...  10 ნოემბერს – იქიდან წამოვალთ... კარგ დროს გავატარებთ...
- არ ვიცი, შორენა... თუ გამომიშვეს, დიდი სიამოვნებით!
- მე ვთხოვ ქ-ნ თინას...
- დედაჩემი რა შუაშია? თენგიზმა თუ გამომიშვა... მიმმართველად ვდგავარ, გესმის?!...
- კარგი, მაშინ ერთად ვთხოვოთ თენგიზს... ოოო, ავად რომ გახდე უცებ, რა, ჩაშლიან საშვიდნოემბრო აღლუმს? წავიდეთ სტადიონზე.

ლოკომოტივის სტადიონზე თეონამ და შორენამ თენგიზი მონახეს და გათავისუფლება სთხოვეს.
თენგიზმა სასტიკი უარი უთხრა.
- თენგიზ მასწ, უცებ რომ ავად გახდეს თეონა, ჩვენს ფაკულტეტს რა ეშველება?
- ავად რატო უნდა გახდეს?! მარა, მაშინ ვინმე სხვას დავაყენებთ...
- ხოდა, დააყენეთ ის სხვა! თეონა ჩემთან მოდის, მახარაძეში...
- ჩათვლას არ მივცემ ფიზკულტურაში...
- ხოდა, არც თეონა გამოვა სროლაში შეჯიბრზე... სადაა სამართალი? იატაკის ტილოსავით, სულ ტირშია იატაკზე გაწოლილი, თოფით ხელში... რამდენი შეჯიბრი მოიგო და... ჩათვლაც აღარ ეკუთვნის?
- ვააახ, ამას თვითონ ენა არ აქვს? თეონა, არ გინდა აღლუმზე გამოსვლა? – მიუბრუნდა თენგიზი თეონას.
- მინდა, მაგრამ... შორენასთან ერთად წასვლა მირჩევნია, რა, თენგიზ მასწ?!... რამდენი ხანია, მახარაძეში არ ვყოფილვარ!
- კარგი, მაგრამ მაშინ აქ, ლოკომოტივზე აღარ გამოჩნდე... ვიტყვი, ავად გამხდარა-მეთქი.... ხო, მართლა, 20 ნოემბერს შეჯიბრია... 25 და 50 მეტრზე სროლაში. შენი იმედი გვაქვს... არ მოიგებ, - ჩათვალას არ მოგცემ!
- აი, ამიტომ გვიყვარხარ ასე... ყველას! – შორენა მიაფრინდა და ლოყაზე აკოცა თენგიზს.
- ჰააა, მეორე კოცნასაც ველოდები, - გაეცინა თენგიზს.
- კი ბატონო... – და თეონამ მეორე ლოყაზე აკოცა საყვარელ მასწავლებელს.


5 ნოემბერს თეონა შორენასთან ერთად მახარაძეში გაემგზავრა.
საკუთარი შვილივით მიიღეს თეონა შორენას მშობლებმა. არაჩვეულებრივი მასპინძლობა გაუწიეს.
შორენამ და თეონამ მთელი მახარაძის რაიონი მოიარეს. ვაკიჯვარშიც ავიდნენ, დედისა და ბებიის ნათლულებთან. ღამეც იქ დარჩნენ...

საღამოს სუფრა გაშალეს.
თეონას ბავშვობის მეგობრები მოიწვიეს...
მათ შორის იყო ნოდარაც, რომელსაც დიდი ხანია, თეონა უყვარდა.
მის სიყვარულს სერიოზულად ვერასოდეს აღიქვამდა თეონა... სულ ეცინებოდა ნოდარას საუბარზე... 
იმ დღესაც ბევრი იხალისა თეონამ, როცა ნოდარას უსმენდა, როგორ თავგამოდებით უხსნიდა სიყვარულს სახალხოდ, იქვე, სუფრაზე... არა, კი არ დასცინოდა მის გრძნობებს, უბრალოდ, სერიოზულად ვერ აღიქვამდა... ნოდარა ხომ ასე ელაპარაკებოდა მას მეოთხე კლასის შემდეგ?!... და ეს საუბრები ყოველთვის საერთო მხიარულებაში გადადიოდა-ხოლმე. 
- რა გაცინებს, გოგო... მიყვარხარ-თქვა, რომ გეუბნები? ამფერი აფერი გამიგია მე...
- რა ვქნა, აბა, ნოდარა?
- რა უნდა ქნა და დარჩე უნდა აქანა, ჩემთან...
- და რა გავაკეთო მერე? ჩაი ვკრიფო?
- სულ ნუ მოკრეფ ჩას... ბაღანა გაზარდე და არ მინდა შენი ჩა!
- ვისი ბაღანა, ნოდარა? – ხმამაღლა გადაიკისკისა თეონამ.
- გადამრევს აი გოგო მე... რავა, ცოლად რომ გამომყობი, არ გაჩნდება ბაღანა? ხოდა, იი ბაღანა გამიზარდე შენ! სხვას აფერს გთხოვ მე...
- უი, შენ არ მეისპე, ნოდარია! რავა გვაცინე ხალხი... – ჩაერია მათ საუბარში ეთერი ბებია.

და უცებ გაჩუმდა ნოდარა.
თეონამ შეხედა და... ცრემლი ჩამოუგორდა თვალიდან ნოდარას.
- რა გატირებს, ნოდარა? – სიცილი მოისხიპა თეონამ სახიდან.
- შენ იცინი და მე მართლა მიყვარხარ, თეონა... მარა იიც კარგად ვიცი, არასოდეს გამომყობი ცოლად.
- ნოდარა, მე ყოველთვის ისე გიყურებდი, როგორც ჩემს ძმას... ჩემს გურულ ძამიკოს! ცოლად კი... მაპატიე, ცოლად ვერ გამოგყვები. მოდი, დარჩეს ყველაფერი ისე, როგორც არის. კარგი, ნოდარა?
- ვერა, თეონა... ძველებურად ვეღარ იქნება... იყო ჩემს გვერდით და არ იყო ჩემთან, - ამას მე ვერ გოვუძლებ... მაპატიე, მე წავალ...
- შენ მაპატიე, ნოდარა... – თქვა თეონამ და თვალები ცრემლებით აევსო.

ნოდარა ადგა, თეონასთან მივიდა, ფეხზე წამოაყენა...
- რა ლამაზი ხარ, თეონა!... – ლოყებზე ჩამოდენილი ცრემლები ხელით მოწმინდა, ორივე ლოყაზე აკოცა და...  - მშვიდობით!

ნოდარამ სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი და კიბეზე ჩაირბინა.

მთელი ღამე არ დაეძინა თეონას.
თავადაც ვერ ხსნიდა, რატომ ნერვიულობდა ასე.
დილას ეთერი ბებიამ თავისი სანაქებო ხაჭაპური გამოუცხო თეონას და შორენას. ვიდრე გოგონები საუზმობდნენ – არაფერი უთქვამს, მერე კი...
- თეონა, დღეს დილას ჯარში წასულა ნოდარიე... გათენებული არ იყო, ისე წევიდაო... კი შემეცოდა, მარა... შენ რო დათანხმებულიყავი კიდეც, მე არ მოგცემდი მაგის უფლებას. არ ხართ შესაფერისები. თუმცა თავად ნოდარიე – ოქრო ბაღანაა, მაინც მეტი გეკუთნის... გეყურება, თეონა?
- კი, ეთერი ბებია... გისმენ!
- ხოდა, შენ აფერში დეიდანაშაულო თავი, ნენა... ნოდარაზე უკეთესი ბიჭი გეკუთნის შენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები