ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნირვანალილუ
ჟანრი: პროზა
27 მარტი, 2024


ბოგირი

​​ძალიან ნელა, უხმაუროდ მივიწევდი ბოგირისაკენ, ძია ვანოს ყანის გავლით. სიმინდები თავიანთ ბუსუსებიან ფოთლებს მორიგეობით გადამატარებდნენ ხოლმე ტიტველ ზედა ტანზე და ფეხის თითებს შორის ვგრძნობდი, როგორ იფშვნებოდა მზისგან გამომშრალი, გაუხეშებული მიწის ბელტები...

ჩვენი სოფლის ახალგაზრდობა ორ ფენად იყოფოდა - დიდების ბანდად, ისინი, ვინც ბოგირს იქით აბირჟავებდნენ, კარტს თამაშობდნენ, ბევრს იცინოდნენ, იპურჭყებოდნენ და ყველა დანარჩენს დამცინავი ღიმილით თუ ტონით მიმართავდნენ ხოლმე, და ღლაპებად, რომლებიც ხშირად ხდებოდნენ დაცინვის ობიექტები და მხოლოდ წრეში ბურთის, ფეხბურთის, ორდროშობანას და სხვ. ბავშვური თამაშებით ირთობდნენ თავს. ასევე, ღლაპებს ერთი სურვილი გვაერთიანებდა - როგორმე გადაგველახა ბოგირი და დიდების ბანდაში გავწევრიანებულიყავით. ეს კი არც თუ ისე მარტივი ამბავი იყო, რადგან მხოლოდ ასაკის მატება არ კმაროდა, თორემ, ეგრე ტატო უკვე თხუთმეტი წლის იყო და დიდების ბანდის წევრ ლაზარეზე ორი წლით უფროსი.

მეც ამ საიდუმლოს ამოხსნა მქონდა განზრახული და ასე მონდომებით სწორედ ამისკენ მივიწევდი. სულ რაღაც ასიოდე ფრთხილი ნაბიჯის გადადგმა დამჭირდა, რათა ძია ვანოს ყანა დიაგონალურად გადამეკვეთა და ნაკვეთის კუთხეში აღმოვჩენილიყავი, საიდანაც გარკვევით ჩანდა ბოგირი და ბოგირზე მიმდინარე მოვლენებიც.

იმ დღეს, კიტა და ტატო უნდა წარმდგარიყვნენ ბოგირის საბჭოს წინაშე, სადაც საბჭოს წევრებს ერთხმად უნდა გადაეწყვიტათ გადაკვეთდნენ ბიჭები ბოგირს, თუ ისევ ღლაპებად დარჩებოდნენ და ისინიც ორით მეტ დაცინვის ობიექტს შეინარჩუნებდნენ.


ბოგირის საბჭოს ხუთი წევრი ბეტონის მოაჯირზე შემომსხდარიყო. ორ მათგანს პირში ბალახის ღერო გაერჭო, ერთს, მათეს კი წითელფილტრიანი სიგარეტი, რომელიც პირში მარცხენა მხარეს ჩაედო და შესაბამისად, მარცხენა თვალიც მოჭუტული ჰქონდა. მათე სიგარეტს ძალიან ნელა ეწეოდა, ალბათ უნდოდა დიდხანს შეენარჩუნებინა სიგარეტით შეძენილი დამცინავი და მკაცრი გამომეტყველება.

-  ჰა, აბა რამდენი წლის ხართ? კითხა მათემ ბოგირის საბჭოს წინაშე წარმდგარ კიტას და ტატოს.
-  ტყუილების გარეშე. დაამატა ლაზარემ
-  თხუთმეტის. გაუბედავად თუმცა ბოხი ხმით თქვა ტატომ, რომელიც იქ მყოფთაგან ყველაზე მაღალი იყო და ეს გაუბედაობაც განსაკუთრებულად არ უხდებოდა.
-  თოთხმეტის. ბევრად გაბედულად თქვა კიტამ.
მსაჯულებმა ერთმანეთს გადახედეს და გაიცინეს. რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ისევ მათემ იკითხა:
-  გოგოსთვის რომელს გიკოცნიათ? თან სიგარეტი პირიდან გამოიღო და გვერდით მჯდომს გადააწოდა.
-  მე. ნიშნის მოგებით თქვა კიტამ.
-  მე არა. ისევ გაუბედავად ამოილუღლუღა ტატომ.
-  არა უშავს, ჩვენი ლაზარეც მაგ დღეშია. პირის გაუღებლად, მუცლით გაიცინა მათემ და ლაზარეს თავზე ხელი გადაუსვა. ლაზარემ შუბლი შეკრა და შუა თითი აჩვენა. მათემ თავში მსუბუქად წამოარტყა.
-  აბა ზედები გაიხადეთ და ერთი კარგად დატრიალდით. ჰო რა იყო, რა გეწყინა? დაამატა მათემ, როცა დაინახა სიბრაზისგან კოპშეყრილი ტატოს სახე.
ბიჭებმა ტანზე გაიხადეს. ლაზარე უცებ მოაჯირზე წამოდგა, შეკრული მუშტი ჰორიზონტალურად წინ გამოსწია და ცერი გამართა. მეტი დრამატულობისთვის რამდენიმე წამი დაიცადა და ცერი დაბლა დასწია.
-  ღლაპო, დაახვიე და წრეში ბურთი ითამაშე. კისკისით უთხრა კიტას.
-  შენ ხელები მაჩვენე. უთხრა მათემ ტატოს. მანაც აჩვენა ხელები. ისევ დრამატული 3-4 წამი და ცერი დაბლა დაეშვა.
-  შენც ღლაპი ხარ. დროს ნუ გვაკარგვინებთ. შემდეგ წლამდე აქ არ დაგინახოთ.
ბიჭებმა მაისურები, რომელსაც ამდენი ხანი ხან ხელებში უხერხულად ათამაშებდნენ, ხან კი იღლიაში ამოიდებდნენ, მხარზე გადაიკიდეს და უკან გამობრუნდნენ.
-  თუ გინდათ იტირეთ, ღლაპები არა ხართ? ოღონდ ჰო იცი, დედიკოსთან ბოგირის ამბების მოყოლა, ღლაპობა კი არა, ბოზობაა. იტირეთ, ოღონდ არ გაბოზდეთ ბიჭებო. მიაძახა ლაზარემ. დანარჩენები ახარხარდნენ და მსუბუქი ჭიდაობით გადავიდნენ ბოგირს იქით.

ნეტა რა ჯანდაბა უნდათმეთქი გავიფიქრე და ძია ვანოს ყანა სირბილით უკან გადმოვკვეთე. კიტას და ტატოს ავედევნე, წამოვეწიე. თან არ შევიმჩნე, რომ ვიცოდი რა სირცხვილიც ჭამეს. ვუკირკიტებდი, თითქოს მაინტერესებდა, რამ გაუფუჭათ ხასიათი.
გუშინდელივით, უბნის ბოლოში, მდელოზე მდგარ შავი ბჟოლის უზარმაზარი ხისკენ მივაშურეთ, რომელიც ჩვენი თავშეყრის ძირითადი ადგილი იყო ხოლმე. მე და ტატომ ბჟოლის ჭამა დავიწყეთ. კიტა იქვე ჩრდილში წამოწვა და სახეზე მაისური გადაიფარა.
-  საღამოს ფეხბურთი ვითამაშოთ? ვკითხე ბიჭებს.
-  არა, მეზარება. თქვა ტატომ და იასამნისფერი თითები გაილოკა. - თან გარეთ მაინც არასდროს მათამაშებთ, რადგან მაღალი ვარ სულ კარში უნდა ვიდგე?!
-  მაგის გამო არა, თამაში უნდა ისწავლო. გავეხუმრე და დავინახე როგორ გაილოკა თუთისგან დასვრილი ხელები მეორედ. მერე კიტას დავხედე, რომელიც თუთის ძირში წამოწოლილიყო და ყველაფერს მივხვდი. თითქოს იმ მომენტში ფილტვებით ჩასუნთქულმა ჟანგბადმა გონებამდე დიდი ნაკადით მიაღწია და შიგნით რაღაც განათდა.
-  მე ვითამაშებ. გაღმა უბნის ბიჭები გამოვლენ? მკითხა კიტამ თუმცა ამაზე პასუხი აღარ გამიცია. საღამოს შეგხვდებით მეთქი მივაძახე გზიდან, თან ჩქარი ნაბიჯით წავედი ბოგირისკენ.
-  მათე! მათე! იქით შაბათს ბოგირის საბჭოს წინაშე გამოვალ! აბა შენ იციო ხმამაღლა ჩაილაპარაკა.

კმაყოფილი გავიქეცი სახლისკენ. დარწმუნებული ვიყავი იქეთ შაბათს ბოგირს იქით აღმოვჩნდებოდი და მეც იმ ცინიკოსი, დიდი, მაგარი ბიჭების ღირსეული წევრი გავხდებოდი, სოფლის დანარჩენ ბიჭებს ზემოდან რომ უყურებდნენ.

ის ერთი კვირა მოუსვენრად გავატარე. ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა შაბათი, რა დღესაც გადაწყდებოდა ზაფხულის დარჩენილ დღეებს დიდების ბანდაში გავატარებდი თუ არა. ხელებს დღეში ათჯერ მაინც, ხოლო ტანს მინიმუმ ერთხელ საპნით კარგად ვიხეხავდი.

შაბათ საღამოს აბაზანაში შევედი, ტანზე სულ გავიხადე და სარკეში ისე ჩავიხედე. Მერე ჩავიცვი და მტკიცე ნაბიჯებით გავემართე ბოგირისაკენ. გზად ტატო და კიტა შემომხვდნენ. ვუთხარი ბოგირის საბჭო იკრიბება, ჩემი კანდიდატურა უნდა განიხილონმეთქი. ამედევნნენ და ბოგირთან ოც-ოცდაათი მეტრის მოშორებით გაჩერდნენ.

საბჭოს წევრები ზუსტად იგივე თანმიმდევრობით ისხდნენ ბოგირის მოაჯირზე.
-  რამდენის ხარ? მკითხა მათემ, რომელსაც სიგარეტის მაგივრად, ასანთის ღერი ჰქონდა პირში გაჩრილი.
-  ცამეტის. ისე ვუთხარი ხმა არ შემტოკებია.
-  რომელ თვეში ხარ დაბადებული? განსაკუთრებული ინტერესით მკითხა ლაზარემ.
-  ოქტომბერში.
-  უი პატარავ. გადაიკისკისა ლაზარემ, რომელსაც მათემ თავში ხელი წამოარტყა.
-  რა? მე ზეგ თოთხმეტის ვხდები.
-  კარგი ჰო. ტანზე გაიხადე!
მეც გავიძვრე ტანზე და დავტრიალდი.
-  ხელები მაჩვენე.
მეც დავემორჩილე.
-  ვა... ბუნებრივად აღმოხდა მათეს.
ლაზარე მოაჯირზე შემოდგა, მუშტი ჰორიზონტალურად გამოსწია, ცერი
გამართა, რამდენიმე წამი დაიცადა და ცერი მაღლა ასწია.

მერე მეგობრული ჭიდაობით დამაჯილდოვეს და ერთი ორჯერ ნეკნებშიც მომარტყეს. ასეთი ტრადიციაა ჩვენს ბანდაში. უკან, კიტასა და ტატოსკენ გავაპარე თვალი, რომლებსაც გაოცებისგან თვალები გაფართოებოდათ. Მე უკვე დიდების ბანდაში ვიყავი და არ ვაპირებდი მათთვის მეთქვა, რომ ბავშვობა მხოლოდ მაშინ მთავრდება, როცა თუთით ხელები აღარ გესვრება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები