ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2024


კითხვა -პასუხი

სადღაც  ამ ბნელ  ღამეში  და  ამ  ყიამეთ-ქარაშოტში
ვზივარ  მარტო  სავარძელში და  საქარე მინის  მიღმა
ჩანს  ბავშვობა: ზაფხულები... ქვიშაში  რომ ვთამაშობდით
და მეზობლის  გოგოს  კითხვა: ,,კიდევ როდის  ჩამოდიხარ?“
ტყემლის ყვავილს მოუქარგავს  თეთრად ჩვენი ჭურის თავი,
ნარცისებიც ამოსულან... ვეკითხები – ,,ახლა  ვინ  ვარ?“ –
საკუთარ  თავს... ვიღაცისთვის – გასალეწი  პურის  კალო,
ვიღაცისთვის – უსულგულოდ, უგერგილოდ ნახნავი ვარ!
ვიღაცისთვის –  საფიცარი, ვიღაცისთვის – სასაცილო,
სუსტი კაცი, გაჟღენთილი ირონიის  სუნამოთი.
ვიღაცისთვის  –  მწველი  მზე  ვარ, ღამით ზღვაში  ჩანაძირი,
მზე, რომელიც  იხრჩობა  და  დილით  მაინც  სულ ამოდის
გალუმპული! ...ო,სიზმრებო, გამეცალეთ, დამაძინეთ!
თუ ყვავიან  ჩემს  სოფელში  ნეტავ ახლა  ალუბლები?
მონატრებას  რა  ანელებს, რა დრო კურნავს, რა მანძილი?
ფეხშიშველა მიუყვება  მრევლი გოგნის კარუგდებელს.
მაისია... გიორგობა... დაისია ხემაც მწერი...
ასაკში  ვარ,  ცხელი  გული ამ კორდების  გამო მიცემს.
ვიღაც მარსზე სახლს  იშენებს, მე კი ყვითელ  ხელნაწერებს
ვაგროვებ  და  ვიხვეწები, ვინმემ  წიგნად გამომიცეს.
რა  ვქნა?  სისხლით პოეტი  ვარ  და ყველა იმ  კაცის მიკვირს,
ვინც  არ იცის, რაა მუზის  სულზე  შემოღიტინება.
ვინც კი  დღემდე  ირონიით  მახსენებს  და  მაქილიკებს,
ვინც ზემოდან  იყურება  და  ხარივით  ირქინება,
დამითმია მათთვის გზები... კოშკები  და სასახლენიც...
სასაცილო არის  ჩემთვის ეს ამაო  წიაღსვლები.
ჭამონ, რაც  სურთ, რაც  გადარჩათ დასაღრღნელი, დასახრელი,
მე მსხლის ძირში ვიჯდები და ხმელა ლექსით  ვიარსებებ.
ხნულს გავავლებ, უყებს მოვხნავ, სულს ვუხსენებ ბაბუაჩემს,
ისე  წავალ, არ ვიკითხავ, ჩემი მოსვლა რატომ ღირდა.
დავზრდი  შვილებს, როგორც ყველა, განა  რამე  გამომარჩევს,
მერე  წავალ პირნათელი სააქაო  კატორღიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები