ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2024


რაღა მოვთხოვო ადამიანებს?...

საათი ,ალბათ, ღამის ორია.
ფიქრისთვის  დრო მაქვს :
როგორ დამცინა 
ცხოვრებამ - ვებრძვი ამ ირონიას,
რომ ,ძველებურად, მარტო კაცი  ვარ! 
სიტყვას, რომელიც  გამისროლია, 
ვეღარ  ვაბრუნებ,ვერა... ახია!
ალბათ,  შევძლებდი უკან დახევას,
მაგრამ არავის უკარნახია
მიმართულება  არც  ტაძრისაკენ,
არც  ღმერთისაკენ;  არც  სხვა  სიამეს
არ  გადავყრივარ  ეკალ- ბარდიან
გზებზე  და  გულგრილ ადამიანებს
ვხვდებოდი  ყველგან ...
ჩემს  გოლგოთებსაც
ვუმკლადებოდი . თავად ვიძრობდი
ეკლებს  ხორციდან და  კვლავ ჯიუტად
მჯეროდა იმის  ,რაც არ ვიცოდი!
ო,ღმერთო  ჩემო, რა სიწყნარეა...
მთვარეც არა  ჩანს  და ლამპიონის
შუქის  იმედად  სადღაც ვაგდივარ-
შეციებული  გალაკტიონი .
ღამის  მანქანებს  ადევნებული
ქუჩის  ძაღლები  ყეფით  გარბიან .
ვზივარ, უეცრად დაბერებული
და  ტკივილს,როგორც ეპიტაფიას
ვაწერ  გულს.
გულმაც გაუძლოს რამდენს ?-
გზად რომ ამდენი  დარდი ავკიდე.
ხომ შეიძლება, მეც  ვიღაც მყავდეს ,
გამომათრიოს  სარკოფაგიდან .
ბოლოსდაბოლოს,
ავდგები ერთელ ,
გავიხდი სამოსს- სველსა და მძიმეს .
და მარტოობის  ბოროტი  ღმერთი
თვალცრემლიანი  გამომაცილებს  .
მაგრამ მხედავენ ? თვალებს  ვაფეთებ ,
რაღაცა  მკითხონ  , იქნებ თავიდან .
ხომ მორჩა  წარღვნა, ჩემო  იაფეტ,
მითხარი,  ახლა  საით წავიდე  ?
მეც ბევრი ვინმე  მოვიგდე  ფერხთით,
აქეთაც  ბევრჯერ გადამიარეს.
ღმერთიც კი შეცდა,სამყაროს შექმნით ,
რაღა მოვთხოვო ადამიანებს?...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები