ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2009


დედაქალაქის შუაგულში




ხმები-ერთმანეთში აბურდული,
ჟანგმოკიდებული,
მაღალი თაღების მოთაყვანე.
დახლებს შორის ხელგაწვდით მიმავალი
ფეხშიშველ გოგონას უმწეო ღიმილი.
მუჯლუგუნების ორღობეში
მოდის ბერიკაცი,მოხანხალებს,
ყავარჯნებს ჰკიდია ჩრდილივით.

აგერ,ჩინოსანიც,
საკუთარი ღიპი ჰყავს მეგზურად,
ნიანგებივით ხახადაფჩენილი კალათებით
ხორცისკენ გაიწია,
ადამიანების მორევში შესცურა.

ბაზარი-ადგილი სიცრუის,
ტრაბახის,ლირიკული მათხოვრობის
და პირში ფერობისა.
დრო-ფულის თაღებქვეშ ჩავლილი.
გაგაჩნდა სიხარული შემოსვლისას?-
აქ გაგეფანტება კვამლივით.

წყვილების სიხარული,
მბრწყინავი  ვაშლებიან დახლივით.
კმაყოფილი სახეები
ბიზნესში თავშერგულ ქურდების.
ღაჟღაჟა ხელისგულზე
ფერმკრთალი თითებით დაყრილი
ჯიბის ფსკერს მოწყვეტილი ხურდები.

ალბათ,ვერ მორიგდნენ,
ალბათ,გამყიდველმა
ფასი პირვანდელი გადათქვა,
გაბრაზებული დედაკაცის
წივილი მახათია.
გოჭი ორი ფეხით მიწას კაწრავს,
დაეძებს სამართალს,
ხოლო ორი ფეხი უკანკალებს
მყიდველის ხელში,
ბებუთი და გველი რომ ახატია.

მსუქანმა ქალმა შეისყიდა
მსუქანი დედლები-
ბევრისთვის სიმსუქნეა
ყველგან და ყველაფერში მთავარი.
მარტო დარჩა და ნისკარტი ჩამოუშვა,
ბიბილო მოუდუნდა,
სანჩო-პანსასავით დაღონდა მამალი.

ბაზარი-
ცის და დედამიწის მშვენება
და ამ მშვენებაში აქა-იქ
ჭრელაჭრულა,მღვრიე ნაოჭები.
მადლი შემოდგომის-
ანთებული გემოდ და ფერებად,
ქაოსი-მეფე ქაოსების.

ამ წმინდა კუნძულზეა,
რაც მე მინდა:
სურნელი ბაღების,ბოსტნების,ზვრების.
ბადურას ძაფის ჩარჩოიან,
ვიწრო სარკმლებიდან
გადმოუკიდიათ ტაროებს თმები.

შენი ჩანთა/სპორტული ჯიშისა/
დღესაც მსუბუქი და ტკბილია,
მასში,წიგნისა და  გაზეთის მეზობლად,
მხოლოდ მწვანილი და ხილია.

სახლში დაბრუნებულს
ფიქრიდან აღარ მოგშორდება
დახლებს შორის ხელგაწვდით მომავალი
ფეხშიშველ გოგონას უმწეო ღიმილი
და კიდევ ეს სურათი:
მუჯლუგუნების ორღობეში
მოდის ბერიკაცი,მოხანხალებს,
ყავარჯნებს ჰკიდია  ჩრდილივით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  natinat ვულოცავთ დაბადების დღეს