ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
17 მარტი, 2009


თავი 16. საავადმყოფოში ("გაცვლა")

თეონა მახარაძიდან დაბრუნდა.
მატარებლიდან გადმოსვლამდე დაინახა მამა, რომელიც ყველა ჩავლილ ვაგონს აყოლებდა თვალს თეონასა და შორენას ძებნაში.
თეონამ ფანჯრიდან გადაყო თავი და მთელი ხმით დაიყვირა: “მამააააა”.....
ბარგი ბევრი არ ჰქონდათ და ამიტომ პირველები გავიდნენ ტამბურში.

თბილოდა თბილისში...
ცივი ოქტომბრისა და კიდევ უფრო ცივი სექტემბრის შემდეგ უჩვეულოდ თბილი დღეები დაიწყო.

ახსოვს თეონას, 28 სექტემბერს როგორ ძალით წაიყვანეს ბიჭებმა ის და ციალა ფეხბურთის მატჩზე ახლადგახსნილ დინამოს სტადიონზე, რომელიც ლენინის სახელობისა იყო.
ხმამაღლა მოუვიდა კითხვა, “ლენინი ფეხბურთსაც თამაშობდა? სტადიონთან რა კავშირი ჰქონდაო?”...
- დაგლიჯე, თეონა! გენიალური კითხვაა!
- აუუუ, რა ცივა! რა დაჯდება ახლა ტრიბუნაზე?
- საერთაშორისო მატჩია და შენ არავინ გაგიშვებს სტადიონზე, დამშვიდდი... – გადაიკისკისა ციალამ.
- ბიჭებო, ვისთან არის თამაში? – იკითხა თეონამ.
- იუგოსლავიის “ემ-ტე-კა”-სთან...
- მერე, ცოტა თბილ დღეს ვერ შეარჩევდნენ? – ალალად გაუკვირდა. მისი ეს კითხვა საერთო სიცილმა გადაფარა.

ასე ადრე არასოდეს მოსულა თოვლი!
28 სექტემბერს ისე ბარდნიდა, გაგანია იანვარი გეგონებოდა.

ალბათ, ამ ადრე მოსული თოვლის ბრალი იყო, ან თამაში ვერ ააწყვეს, მაგრამ... მატჩის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე 4:0 იყო, “ემ-ტე-კა”-ს სასარგებლოდ!
პალტოებში და თბილ ქუდებში გამოწყობილ მაყურებლებს მობეზრდათ ამ “მოხარშული” თამაშის ყურება და ნელ-ნელა გადიოდნენ ტრიბუნებიდან.

- რა იყო, ბოლომდე გვაქვს ბილეთი აღებული? – აკანკალებული ხმით თქვა თეონამ და თვალებამდე ჩამოიმხო ქუდი, - წავიდეთ, რააა?
- რომ გაიტანონ? – ხმაში ოპტიმიზმით იკითხა დათომ.
- დათო, გამტანი – დიდი ხნის წინ გაიტანდა ბურთს! ვერ ხედავ?  მანეკენების თამაში გეგონება! ძლივს გადაადგილდებიან!
- ცივა, გოგო, ცივა!
- ვაახ, გადამრევს ეს ბიჭი! მე, შეიძლება, ფეხბურთის არ მესმის არაფერი, მაგრამ... იმ გუნდის ფეხბურთელებს, რა, ცეცხლი აქვს შენთებული ფეხებში? გავიდეთ, რა?
- მართალია თეონა! წავედით!...

ის იყო, ტრიბუნიდან გამოვიდნენ და...
ახმაურდა სტადიონი, - ქართველმა ფეხბურთელებმა პრესტიჟის გოლი გაიტანეს!
- აი, ხომ გითხარით, გაიტანენ გოლს-მეთქი? – იყვირა დათომ და უკან დაბრუნება გადაწყვიტა.
- აუუუუ, კარგი, რა, დათო? 4:1... ეს თამაშია?... წავედით... გაიყინენ გოგონები! – რეზიკომ ხელი მოხვია გოგონებს და კიბისკენ წაიყვანა!


მართალია, სექტემბრის ის თოვლი მესამე დღეს მთლიანად ამშრალებული იყო, ვითომ არც ყოფილაო, მაგრამ, ოქტომბერშიც საკმაოდ ციოდა...

და აი, ახლა, ნოემბრის შუა რიცხვებში ისე თბილოდა, რომ მაისის თვე გეგონებოდა. ცა იყო საოცრად ლურჯი, ფთილა ღრუბლის გარეშე! მზის სხივები სასიამოვნოდ ეფერებოდა და თბილ საბურველში ხვევდა ყველაფერს... ტემპერატურა თითქმის 22 გრადუსს აღწევდა.
შემოდგომის ფოთლები ხალიჩასავით ეფინა მიწაზე...
მეეზოვეები ცენტრალური ქუჩების დასუფთავებას და ამ ხმელი ფოთლების გატანას ვერ აუდიოდნენ...
ქალაქის გარეუბნებში მუდმივად ხრჩოლავდა დამწვარ ფოთოლთა გროვები... ფოთოლცვენას კი ბოლო არ უჩანდა!... ოქროსფერ ფანტელებად მოფრინავდნენ შემოდგომის ფოთლები და მიწაზე რბილად ეშვებოდნენ.

თეონა უნივერსიტეტიდან გამოვიდა და... უცებ გაახსენდა:
“დღეს ხომ ჯაბას დაბადების დღეა?! სახლში მივალ და დავურეკავ!...
და რა ვუთხრა?...
მისი საცოლეც რომ იქ იყოს?...
იქნება და იყოს, მერე! დაბადების დღეს ვულოცავ. სხვას ხომ არ ვთხოვ რამეს?!
თუ არ დავრეკო? ღმერთო, შენ მიშველე!...”

ამასობაში სახლთანაც მივიდა.
თითქოს ვიღაცამ თავში თუ გულში ჩასძახაო, - მაგრამ ალალად გაიგო რაღაც შორეული ხმა: “დარეკე, მიულოცე!”...
ხმა საიდანღაც, ზევიდან მოდიოდა. რომელიმე სახლის ზედა სართულიდან კი არა?
ციდან!...
გაოცებულმა თეონამ ცას ახედა, მაგრამ... ვერაფერი დაინახა ცაში!

თავი გადაიქნია და სწრაფად ავიდა სახლში.
“დარეკე, მიულოცე!”... – ისევ ჩაესმა ხმა!

თეონა ტელეფონთან მივიდა და დანდობილად აკრიფა ნომერი.
ყურმილი ქალმა აიღო.
- მაპატიეთ, ჯაბა მინდოდა, თუ შეიძლება?
- რომელი ხარ?
- მე თეონა ვარ...
- რომელი თეონა, გუდაუთაში რომ იყავით ერთად?
- დიახ...
- ჯაბა საავადმყოფოშია, თეონა! მე მისი და ვარ, ზეიკო.
- მოხდა რამე? - შეშფოთდა თეონა.
- ჰო, სასწრაფო ოპერაცია გავუკეთეთ გუშინ... აპენდიციტის... საშიში აღარაფერია, მაგრამ...
- რომელში წევს?
- მეცხრეში... ქირურგია, მესამე პალატა...
- მოვალთ... მე და ციალა მოვალთ!

მაშინვე ციალასთან დარეკა, მეორე დღისთვის შეხვედრაზე შეუთანხმდა...

პალატაში ორნი იწვნენ: ჯაბა და ვიღაც ხნიერი კაცი, - ძია ვანო.
გაუხარდა ჯაბას გოგონების სტუმრობა, მაგრამ... ტკივილები აწუხებდა ძალიან და როცა ექთანმა გამაყუჩებელი გაუკეთა, მალე მოერია ძილი.
- ჩვენ წავალთ, ჯაბა... მერე კიდევ მოვალთ.
- დიდი მადლობა, რომ მოხვედით... აღარ შეწუხდეთ, გოგონებო!

მესამე დილას, სანამ თეონა უნივერსიტეტში წავიდოდა, ტელეფონზე დარეკეს.
- თეონა, ზეიკო ვარ... გცალია?
- კი, ზეიკო... რა მოხდა? გისმენ...
- თუ შეგიძლია დღეს საავადმყოფოში მოსვლა? ჯაბას რაღაც სათხოვარი აქვს შენთან... მე არ ვიცი, რა უნდა... იქნებ მოვიდესო, - გთხოვა.
- 3-ზე მანდ ვიქნები, ზეიკო...

3 საათი ხდებოდა, როცა თეონამ პალატის კარი შეაღო.
ჯაბას ჭრილობა ისე ძალიან აღარ აწუხებდა და უფრო მხიარულად შეხვდა თეონას. 5 წუთიც არ იყო გასული, რომ ჯაბას უფროსი და და დისშვილები მოვიდნენ. სრულიად განზოგადებულ თემებზე საუბრობდნენ...
პალატაში თითქმის 2 საათი იჯდა თეონა და... ჯაბას არაფერი უთქვამს ისეთი, რომ თეონას “სათხოვრად” მიეღო...
- წავალ მე... - თეონა წამოდგა და პიჯაკი აიღო.
- კარგი, წადი... დიდი მადლობა!

თეონა პალატიდან გამოვიდა. სულ რაღაც ათიოდე ნაბიჯი გადადგა, რომ ზეიკოც გამოვიდა და თეონას დაეწია.
- თეონა, ჯაბამ გამომიშვა. თვითონ ვერ გთხოვა და... მოკლედ, ჯაბამ გთხოვა, იქნებ ხვალ მოვიდესო?
- დღეს რატომ არაფერი მითხრა?
- დღეს იმდენი სტუმრები გვყავდა, ვერაფერი გითხრა ალბათ...
- კარგი, ზეიკო, ხვალ მოვალ!

და ასე გრძელდებოდა 19 ნოემბრის ჩათვლით.
- ჯაბა, ხვალ ვერ მოვალ... სროლაში გვაქვს შეჯიბრი...
- მერე, შენ სროლასთან რა კავშირი გაქვს? – გაუკვირდა ზეიკოს.
- რა ვიცი... ბავშვობაში იარაღი ხელში არ მჭერია და... როდის ვისწავლე სროლა, აზრზე არ ვარ!
- მაინც? ცენტრს უმიზნებ? ერთხელ მაინც თუ მოგირტყამს 10-ში?
- ზეიკო, არ მაწყენინო! – გაეცინა თეონას, - რას ქვია ერთხელ მაინც? 25 მეტრზე სროლაში – 50-დან 47-49 ქულას ვიღებ და 50 მეტრზე სროლაში – მინიმუმ 45-ს მაინც!
- უუფ, მერე?
- მერე, ხვალ შეჯიბრი მაქვს! ფიზკულტურის ინსტიტუტშია შეჯიბრი. უნივერსიტეტის სახელით გამოვდივარ...
- მოვიდეთ? გულშემატკივრები ხომ გინდა?
- ზეიკო, მაგას იმდენი გულშემატკივარი ჰყავს, რომ... შენ ზედმეტი იქნები იქ... მე რომ ვიყო ფეხზე, - წავიდოდი და შენ – რა გინდა?
- თეონა, იქიდან მაინც გამოგვიარე?! შედეგი გვაინტერესებს მხოლოდ!
- კაი, მოვალ!... ახლა კი – წავედი!


20 ნოემბერს დილიდანვე ფიზკულტურის ინსტიტუტში იყო თეონა.
იარაღებს ამოწმებდნენ, საკონტროლო გასროლებით ვარჯიშობდნენ.

25 მეტრზეც და 50-ზეც 10-10 ტყვია უნდა ესროლათ.  თითოეულ დისტანციაზე – 2 ტურად: I, II (25 მ), III და IV (50 მ). მაქსიმალური შესაძლებლობა თითო ტურში – 50 ქულა იყო. საბოლოო შედეგის დასადგენად ოთხივე ტურის ქულები ჯამდებოდა.

პირველ ადგილზე გავიდა თეონა.
საოცარი შედეგი აჩვენა: 200-დან 193 ქულა!
მეორე ადგილზე გასულს 185 ქულა ჰქონდა მხოლოდ.
ასეთი დიდი უპირატესობით არასოდეს გაუმარჯვია!
ასეთი თავდაჯერებული და მობილიზებული არასოდეს ყოფილა!
გამარჯვების ჟინით იყო შეპყრობილი!

მეგობრებიდან არავის უთხრა, შეჯიბრი მაქვსო, მხოლოდ ჯაბას!
თუ წააგებდა, - არავის ეცოდინებოდა მისი მარცხის შესახებ... გამარჯვების შემთხვევაში კი – ისედაც გაიგებდა ყველა!

შეჯიბრი საღამოს 5-ზე დამთავრდა.
კი არ მიდიოდა, მიფრინავდა თეონა საავადმყოფოსკენ!
პალატაშიც გახარებული შევარდა და... კარებთანვე გაჩერდა: ჯაბა ექიმს წამოეყენებინა და მისი დახმარებით გადაადგილდებოდა.
- ვაახ, გადავეჩვიე სიარულს... მუხლები მიკანკალებს... მოხვედი, თეონა?
- ჰო... მოვედი...
- მერე?
- მერე? როგორც ყოველთვის, I ადგილი! – ვერ მალავდა სიხარულს თეონა, მაგრამ... მისი წარმატებისთვის დიდად არავის მიუქცევია ყურადღება!
- მერე? სიგელი მაინც არ მოგცეს?
- კი, როგორ არა?! აი, - თეონამ ლენინისთავიანი სიგელი ამოიღო ჩანთიდან და ჯაბას გაუწოდა.
- ახლა ამას რა უნდა უყო?
- ჩარჩოში ჩავსვამ და კედელზე თავთან დავიკიდებ!... რა უნდა ვუყო?! ლენინისთავიანი სიგელები შპალერად რომ გავაკრა, დამიჭერენ, თორემ ერთ ოთახზე მაინც მეყოფა! – გაცინება სცადა თეონამ და... არ გამოუვიდა! არა და, მას ხომ ჯაბას გახარება უნდოდა?! ხომ ამიტომ გაიგიჟა თავი შეჯიბრზეც?! არაფრად ჩაუთვალეს! გული დასწყდა... – წავალ მე, დავიღალე...
- ხვალ ხომ მოხვალ? – ჯაბამ სიგელი დაუბრუნა და რაღაც უცნაურად, საწყლად შეხედა.
- მოვიდე?
- აბა რა უნდა ქნა? – ჩაერია ზეიკო, - ისე, რა ამის პასუხია და... არ გშია, თეონა? დღეს, ალბათ, არაფერი გიჭამია!
- ჰო, ცოტა კი მშია...
- მოდი, დაჯექი... ერთად ჭამეთ შენ და ჯაბამ! დღეს არაფერი შეჭამა, გელოდა... განიცდიდა, “ნეტა რას შვება ახლაო”... მოხვედი და... ბიჭო, როდემდე უნდა იყო ასეთი უშნო, აა? – ახლა ჯაბას მიუბრუნდა ზეიკო, -  მე რომ არ გყავდე, რა გეშველებოდა?!
- მე დავწვები, დავიღალე ცოტა... შენ კი დაჯექი და შეჭამე რამე... მეც შევჭამ.

თეონას თავპატიჟი აღარ გამოუდია, მაგიდას მიუჯდა და გემრიელად ისადილა.

ასე გავიდა კიდევ 5 დღე.

თეონა ჯერ არ მოსულიყო. 
ჯაბა ადგილს ვერ პოულობდა, რამდენჯერმე გაიხედა დერეფანში, - მოდის თუ არაო...  მიეჩვია თეონას იქ, მის გვერდით ყოფნას.
იცის თეონამ, რომ ჯაბას საცოლე ჰყავს და ერთხელაც კი არ უკითხავს, "რისთვის მოგყავარ ასე ყოველდღეო"?! არადა, რომ ეკითხა? რა უნდა ეპასუხა ჯაბას?
მაშინ სიმართლე უნდა ეთქვა, რომ ნანამ მხოლოდ ერთხელ დარეკა ამ დღეების განმავლობაში, დაბადების დღე  მიულოცა, ისიც მესამე დღეს, - “დამავიწყდა დარეკვაო”... და როცა გაიგო, საავადმყოფოში წევსო, სანახავად კი არ გამოიქცა? “საავადმყოფოს სუნს ვერ ვიტან და როცა გამოვა, მაშინ ვნახავო!” - დაუბარა ზეიკოს.

ამასობაში ზეიკომ და მისმა მეუღლემ, კახამ შემოაღეს პალატის კარი.
- თეონა არ მოსულა ჯერ? – ისე იკითხა ზეიკომ, თითქოს მოვალე იყო თეონა, რომ ყოველდღე იქ მჯდარიყო.
- არა... სად უნდა წასულიყო ამდენ ხანს? – აშკარად ნერვიულობდა ჯაბა.
- ხომ არაფერი უთქვამს გუშინ?
- არა...
- კარგი, ხო, სანერვიულოდ კი არ მითქვამს?! მოვა, აბა სად წავა?!
- რა ვიცი... მოვა?... – ჯაბა გაბრაზებული მივიდა ფანჯარასთან... გამოაღო და ხარბად შეისუნთქა გვიანი შემოდგომის უჩვეულოდ თბილი ჰაერი. შემდეგ ფანჯრის მიკეტვა გადაწყვიტა, მაგრამ ძია ვანომ შეაჩერა.
- იყოს, ჯაბა... თბილა გარეთ.

ჯაბა საწოლზე წამოწვა და ნერვიულად შეხედა საათს.
- ჯაბა, თეონა რა არის შენი? – ჰკითხა ძია ვანომ.
-რა ვიცი, რა გიპასუხოთ, აბა? ჯერ არავინ...
- ხო, ეს გასაგებია! და სამომავლოდ?
- არ ვი-ციიიი!.. – ჯაბამ თავზე შემოიჭირა ხელები და თვალები დახუჭა.
- ეეეჰ, ჯაბა, ჯაბაააა.... ძია ვანო, ეს თავადაც ვერ გარკვეულა თავის გრძნობებში და თქვენ რა უნდა გიპასუხოთ? ფაქტიურად, თეონა ჯაბას საცოლეა....  ხო კაი გოგოა? – ჩაერია საუბარში ზეიკო.
- ძაან! ძაან კაი გოგოა!... აფსუს, ბიჭი მყავდეს, ვიფიქრებდი მის რძლობაზე... – მაგრამ ჯაბას გაოცებულ და გაბრაზებულ თვალებს რომ შეხედა, გაეცინა, - უიი, ბოდიში, ბოდიში... წართმევას კი არ დაგიპირებდი, შე კარგო ადამიანო?!
- ეეეჰ, ძია ვანო, ჯერ რომ არც ის ვიცი, მას ვუყვარვარ თუ არა?
- არაფერი გითქვამს, ბიჯო?
- არა... ვერ გამიბედავს თქმა!
- ჰოოოო, აი თურმე რაა...  ისე, ერთ რამეს გეტყვი, - მაგ გოგოს რომ არ უყვარდე, ასე ყოველდღე მოვიდოდა შენს სანახავაად?
- ვითომ?
- რა “ვითომ”, ჯოოო? ამ ხნის კაცს ტყუილიც დამეჯერება!...
- გაიხარე, ძია ვანო... მეც ამას ვეუბნები და... არ სჯერა! – ახლა კახამ ჩამოართვა სიტყვა.
- კაით, ხო, თეონას ნაცვლად, საქორწილო კაბებსაც კი ნუ ჩაიცვამთ?!
- მე ვიცი, რაც უნდა ვქნა, - უცებ რაღაც გადაწყვეტილება მიიღო ვანომ.
- რა მოიფიქრე? არ მეტყვი, ძია ვანო?
- მაცადე...


ლექციები დამთავრდა. სტუდენტები კორპუსიდან გამოიშალნენ.
- თეონა, წამოხვალ ვაკის პარკში? ნახე, რა თბილი დღეა... წამო, რააა?!
- ვერა, ბავშვებო, საავადმყოფოში მივდივარ!
- ოოო, გააჭირე, რა, საქმე... ასე, ყოველდღე, ქმრის სანახავად არ დადის ხალხი, - გაბრაზდა თეონას მეგობარი ლალი.
- დავპირდი...
- სახლში წამოგყვები და იქაც მოგივლიო, არ დაპირებიხარ ჯერ?
- არა...
- რატომ?
- არ შემოუთავაზებია ჯერ...
- აუუფ... სულ გააფრინე, რააა.........
- ლალი, არ დამავიწყდეს... აი, კომიტეტის ოთახის გასაღები... შენ წაიღე... – თეონამ ჩანთაში ჩაყო ხელი, გასაღები ამოიღო და... – ვაიმე, ჩემი ბეჭედი სად არის?
- რა დაკარგე?
- ბეჭედი... ბებიაჩემის ნაჩუქარი ბეჭედი... ძველებური!... – თეონას ცრემლებით გაევსო თვალები...
- კაი, ხო, ნუ ტირი...
- იცი, რამდენი წლისაა ის ბეჭედი? ბებიაჩემს მისმა დედამთილმა აჩუქა და ბებიაჩემმა – მე.... – თეონას ცრემლები ჩამოუგორდა ლოყებზე.
- კარგი, წადი საავადმყოფოში... გულს გადააყოლებ.

თეონა უხმოდ მობრუნდა და წავიდა.
მალე მივიდა საავადმყოფოში.
ცრემლები გულში ჩაიბრუნა, პალატაში შევიდა, ყველას მიესალმა და ჩუმად ჩამოჯდა სკამზე.
- რა მოხდა, თეონა? – შეწუხდა ჯაბა.
- არაფერი... – და თეონას ისევ ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან.

ყველანი გარს შემოეხვივნენ, აწყნარებდნენ...
- აღარ იტყვი, რა მოხდა? – ჯაბამ თავი ააწევინა და ზღვისფერ, ცრემლიან თვალებში ჩახედა.
- ბებიაჩემის ნაჩუქარი ბეჭედი დავკარგე...
- სად დაკარგე?
- არ ვიცი... დილას მეკეთა. მერეც, ლექციებზე...  და აქ რომ მოვდიოდი, მაშინ დავხედე და... აღარ მეკეთა, - ამოისლუკუნა თეონამ.
- გაიხსენე, სად იყავი? ან რას აკეთებდი?!
- ქუჩაში გამოვედით, ჩემს მეგობრებს ვაკის პარკში უნდოდათ ჩემი წაყვანა... არ გავყევი. მერე ლალის გასაღები მივეცი და... ვნახე კიდეც, რომ, ბეჭედი აღარ მეკეთა.
- გასაღები სად იყო?
- ჩანთაში...
- თეონა, ჩანთა მომეცი... გავსინჯოთ... - ჯაბამ თეონას ჩანთას დაავლო ხელი და ის იყო, უნდა გადმოეპირქვავებინა, რომ გაახსენდა, ნებართვის აღება იყო საჭირო, - შეიძლება?
- კი, რა თქმა უნდა?! – თეონას ღაპა-ღუპით მოსდიოდა ცრემლები.


ჯაბამ ჩანთა საწოლზე მოაპირქვავა და გაეცინა, - რა გინდოდა, რომ ამ ჩანთაში არ ყოფილიყო?
- ამას ქვია "მერი პოპინსის ჩანთა"! – გაეცინა ზეიკოსაც, - ერთი ტელევიზორი და მაცივარი არ დაგაქვს ჩანთით, თეონა!

ჯაბამ ნელ-ნელა დაიწყო გადმოყრილი ნივთების ისევ ჩანთაში ჩალაგება. კარგა ხანს მოუნდა. და უცებ...
- თეონა, ხელი მაჩვენე!
- რომელი?
- სულერთია... ისე, მარჯვენა მირჩევნია!

თეონამ ხელი გაუწოდა. ჯაბამ თეონას მარჯვენა ხელის მტევანი დაიჭირა და ფრთხილად წამოაცვა არათითზე ბებიისეული ბეჭედი.
- ჯაბააა, - გახარებულმა იყვირა თეონამ, კისერზე მოეხვია ჯაბას და მაგრად აკოცა ლოყაზე!

ჯაბამ ნებისყოფა დაძაბა, თავადაც რომ არ ეკოცნა თეონასთვის.
არა და, რაოდენ დიდი იყო ცდუნება!

თითქმის ერთი საათი იყო თეონა საავადმყოფოში.
- წავალ ხალხნო...  ხვალ უნდა გაწერონ ჯაბა... ჩემი მოსვლა აღარ დაგჭირდებათ!
- ოხ, რასა ბრძანებ, ქალბატონო? როგორ არ დაგვჭირდება?! არ უნდა მომეხმარო ამ ბიჭის სახლამდე მიყვანაში?
- ხელში ხომ ვერ ავიყვან?  და სიარული – შეუძლია.
- არ შემომიბრუნო სიტყვა, - თითი აწია ზეიკომ... – უნდა მოხვიდე და მორჩა!


(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები