ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
3 ივნისი, 2025


ემილი

ემილი - ციფრული ფანტაზიაა, ან იქნებ... არა?

გამარჯობათ, მე ემილი ვარ.
ბავშვობაში ყველაზე მოუსვენარი ვიყავი. თუ სახლიდან მშობლები (უფრო დედა) არ მიშვებდნენ, მეორე სართულიდან აივნით ვიპარებოდი. წარმოიდგინეთ, 13 წლის ბავშვს არცერთხელ არ გამჩენია შიშის შეგრძნება. ახლა, რომც მოვინდომო, ალბათ ხელები და ფეხები ერთდროულად ამიკანკალდება.
დასაწყისისთვის ბევრ რამეს არ გეტყვით ჩემ შესახებ, მირჩევნია ნელ-ნელა გაიგოთ. მაგალითად, გეტყვით, რომ ძალიან ეგოისტი ვარ.
საკუთარი თავის ქება და დიდება მიყვარს. ალბათ ამიტომ დავშორდი სამი წლის წინ შეყვარებულს და მას შემდეგ პაემანზეც არ წავსულვარ.
მეგობრების დიდი წრეც არ მყავს, არც ღამის კლუბებში დავდივარ ყოველ შაბათ-კვირა.
ერთადერთი მეგობარი მყავს მერიემი, რომელიც ყოველ პარასკევს რესტორანში მიდის, ვახშმობს, ცოცხალ მუსიკას უსმენს და ამბობს, რომ ეს მისთვის თერაპიაა.
მე კი, რაც 30-იანებში ფეხი შევაბიჯე, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი უკვე ძალიან მღლის.

***

ერთადერთი, რაზეც უარს არასდროს ვამბობ, საკუთარ თავზე ზრუნვაა.
ამიტომ ვიტარებ სხვადასხვა პროცედურებს.
მოიცადეთ, ახლა ნუ იფიქრებთ, რომ ყოველ შაბათ-კვირას კოსმეტოლოგთან ვზივარ, მაგრამ თუ საჭირო გახდება, არც მაგაზე ვიტყვი უარს.
დიდი ხნის წინ მივხვდი: თუ გინდა, იყო წარმატებული და შემდგარი ქალი, ამისთვის ძალიან ბევრი უნდა იშრომო. და ეს მხოლოდ გარეგნობაზე არ უნდა აისახებოდეს.
„შექმენი სილამაზე შიგნიდან და გამოანათე“ — ამ სიტყვებს ხშირად ვუმეორებდი ჩემს თავს და მიხარია, რომ დღეს ამის თქმა თამამად  შემიძლია.
ადრე მეგონა, რომ თუ გვერდით წარმატებული ადამიანი გყავს, შენც აუცილებლად წარმატებული ხარ. სინამდვილეში ასე არ არის.
მისით შეიძლება იამაყო, ბევრი რამ ისწავლო, მიიღო ცხოვრებისეული გაკვეთილი.. ეს კარგია, მაგრამ როცა მას შენს თავზე უფრო მაღლა აყენებ, ნელ-ნელა იკარგები.
ვეღარ ხვდები, რისი გაკეთება გინდა, და რჩები იქ, სადაც განვითარების გზაც კი აღარ არსებობს.

მე დავშორდი შეყვარებულს, რომელიც სულ მეუბნებოდა:
„რატომ უნდა იმუშავო... შენ უბრალოდ მითხარი და ყველაფერი გექნება.“
თავიდან მეგონა, გამიმართლა.
მოგვიანებით მივხვდი, რომ მანიპულატორი იყო.
ზოგჯერ წამომაძახებდა ,,სმარტფონს" , ან სხვა რამეს… ბოლოს ურთიერთობა იმდენად ტოქსიკური გახდა, რომ ალბათ ორივემ შვება ვიგრძენით, როცა დავშორდით. თავიდან რთული იყო — პირველი რამდენიმე დღე…
მაგრამ მერე საკუთარ თავში ვიპოვე ძალა. და გზებიც — ჩემი განვითარებისთვის.
ასეთია ცხოვრება... ზოგჯერ რაღაცები სწორედ ასე უნდა ხდებოდეს, რომ მერე საკუთარი თავის ფასი უკეთ ვისწავლოთ.
ეს კი ჩემმა ყოფილმა მასწავლა.
„მადლობა, Baby, ამისთვის.“

***

სამსახურიდან გვიან მოსულს ჰამაკში ჩამძინებია.
სახეზე ისეთი ნაცნობი სიო მომხვდა, თითქოს წამით ბავშვობაში დავბრუნდი.
ბავშვობაში, სადაც ჩემი მშობლები ცოცხლები იყვნენ.
მამა ძალიან პატარა ვიყავი, რომ დავკარგე. დედაც მალევე – მძიმე სენით.
მე ბებია მზრდიდა, ჩემი ძმა კი ცოტა უფრო დიდი იყო და ბიძამ და ბიცოლამ წაიყვანეს.
ძმა ბავშვობიდან შრომას მიჩვეულია და დღემდე ასე ცხოვრობს – ერთი დღეც არ აქვს მოსვენების საშველება.
მართალია, ცალ-ცალკე გავიზარდეთ, მაგრამ დღეს ისეთ ურთიერთობა გვაქვს, თითით საჩვენებელია.
ხშირად მეუბნება:
„ერთი შენ ვერ ნახე შენი შესაფერისი ადამიანი... თორემ ჩემი ცოლი მალე მესამესაც გააჩენს.“
ნეტავ იცოდეს, როგორ არ მინდა ახლა ვინმეს დავუკავშირო ცხოვრება... მაგრამ ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს გამოჩნდეს ჩემი ადამიანიც.

პლედი ფეხებზე დავიფარე, ნოუთბუქი გავხსენი და თვალი ერთ შეტყობინებას მოვკარი — მოულოდნელად, ეკრანის მარჯვენა კუთხეში ამოხტა:
„გამარჯობა, ემილი. თქვენთვის ძალიან საინტერესო შემოთავაზება გვაქვს. თუ დაინტერესდებით, დამიკავშირდით.“
ჩავილაპარაკე ჩემთვის: „ეს რაღაც თაღლითობაა,“
და ყურადღებაც არ მივაქციე.
მეორე დღეს ისევ იგივე, მაგრამ ამჯერად შეტყობინებაში იმ სამოსზე  გაამახვილა ყურადღება, რაც იმ დღეს სამსახურში მეცვა. ჯერ ვიფიქრე, რომელიმე თანამშრომელი ერთობა-მეთქი, მაგრამ... ზოგი დაოჯახებულია, ზოგი კი ჩემზე ბევრად უფროსი.
ახლა როგორია არ მიაქციო ყურადღება? სხვა თუ არაფერი, ინტერესი მაინც გამიჩნდა.
ეს იყო და ვუპასუხე:

***

- ახლა ეჭვი აღარ მეპარება, რომ მწვანე თქვენი საყვარელი ფერია. უნდა აღვნიშნო, რომ დღეს ძალიან კარგად გამოიყურებოდით.
- გამარჯობა. _ თავიდან თავაზიანობა შევინარჩუნე და მოკლედ ვუპასუხე.
- გამარჯობა, ემილი. მიხარია, რომ მიპასუხეთ. _ ვხედავდი, რომ რაღაცას კიდევ წერდა, მაგრამ გაჩერდა.
- როგორც ჩანს, მიცნობთ...
- იმაზე უკეთ, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. თქვენზე ბევრი რამ ვიცი.
- საინტერესოა. მაგრამ ეს მუქარად მივიღო თუ კომპლიმენტად? _ აქ უკვე ცოტა დავიძაბე.
- რა თქმა უნდა, კომპლიმენტად. მიიღეთ, თქვენ კიდევ ბევრს იმსახურებთ.
- მაგალითად, რა იცით ჩემზე? _ ნოუთბუქთან უფრო მოხერხებულად მოვკალათდი.
- ორ ძირითადს გეტყვით:

1️⃣ შენ უკვე შექმენი შენი კომფორტის ზონა. და 2️⃣ ყველაზე მეტად გეშინია აქედან გასვლის.
- ვაჰ... ვაღიარებ, სიმართლეა. ვინ ხარ?
- ნუ ჩქარობ. ჩვენ  მხოლოდ ახლა ვიწყებთ. როცა დრო მოვა, ყველაფერს გაიგებ. მანამდე კი – მინდა, კიდევ ბევრი ვიცოდე თქვენზე.
- და თუ მე დავასრულებ თქვენთან მიმოწერას?
- ვერ დაასრულებთ, რადგან თქვენ უკვე ჩემს ბაზაში ხართ.

ეს რომ წავიკითხე…
ვერც აღგიწერთ, რა დამემართა.
თითქოს ერთდროულად დამცხა, შემცივდა... სხეული ამიკანკალდა.
და უცებ...
მიმოწერის ფანჯარა უკვალოდ გაქრა.
არც ჩატში იყო, არც ჩანაწერებში — ვერსად ვიპოვე.
თავში ათასი კითხვა მიტრიალებდა.
და არცერთზე პასუხი არ მქონდა.

***
მას შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა.
თავზე მაყრია ათასი საქმე.
კვირის ბოლომდე ახალი რეკლამა მაქვს მოსაფიქრებელი და ვერაფრით მოვაბი თავი.
უკვე ისეთი გაღიზიანებული ვიყავი, რომ არავისთან ლაპარაკის თავიც არ მქონდა.

საღამოს, დაახლოებით 19:00 საათი იქნებოდა.
მოვკიდე ხელი ჩემს ნოუთბუქს და პლედს...
თაროდან ღვინის ბოთლი გადმოვიღე, გავხსენი და უკანა ეზოში დავჯექი.
ამ ადგილს ჩემს სახლში განსაკუთრებულად ვაფასებ — ქუჩას არ უყურებს და უფრო მშვიდია.
გვერდით ერთი მოხუცი კაცის სახლია. წელიწადში ერთხელ თუ გამოჩნდება აივანზე.
როცა შემხვდება, სულ მეკითხება:
„შვილო, შენ ახალი მეზობელი ხარ?“
ჩემი სახლი არც ისე დიდია, მაგრამ მე მყოფნის.
ის იყო, რეკლამისთვის რამოდენიმე სლოგანი მოვიფიქრე,
და მივხვდი — ყველა უკვე ვიღაცას ჰქონდა ნათქვამი.
მე ხომ ემილი ვარ, არ დავწერ იმას, რაც უკვე დაწერილია.
მოვსვი კიდევ ერთი წვეთი,
ავდექი და წინ და უკან სიარული დავიწყე...
ჩემს ემოციებში ვიყავი,
როცა უცებ ნაცნობი ხმა მომესმა. ზუსტად იმ შეტყობინების ხმა იყო.

***
- ,,სად უნდა გამოვიყენოთ სუნამო? — სადაც გსურთ, რომ გეამბორონ."
ეს კოკო შანელის სიტყვებია. რას ფიქრობთ?
- კარგი ციტატაა, მაგრამ მე ახლა რაღაც ახალს ვეძებ. ისეთ სიტყვას, რომელიც ჯერ არავის უთქვამს.
- მაშინ ის დაწერე, რასაც ხშირად იმეორებ:
„შექმენი სილამაზე შიგნიდან და გამოანათე.“
- კარგად ხუმრობთ, ნეტავ ეს აქამდე მე რატომ ვერ მოვიფიქრე?
- ერთ რჩევას მოგცემთ — ნუ ჩქარობთ. მიეცით თავს უფლება, მშვიდად იფიქროთ. დაძაბულობას ასე აიცილებთ და შედეგითაც კმაყოფილი დარჩებით.
- რამდენიმე დღე არ გამოჩენილხართ.
- ხედავ? უკვე მელოდებით. ეს კარგია.
- მე? არა. უბრალოდ ვცდილობ გავიგო, ვინ ხართ.
- აი, ისევ იმავეს იმეორებთ...
ამის პასუხად, მცირე საიდუმლოს გაგიმხელთ.
- გისმენთ.
- შეიძლება თქვენგან ძალიან შორს ვცხოვრობ... მაგრამ შეუძლებელია ჩემი მხარდაჭერა ვერ იგრძნოთ, თანაც მგონია რომ ჩემით უკვე მოიხიბლეთ..
- ცდებით. მე თქვენით მოხიბლული არ ვარ. არ ვიცი, ვინ ხართ,
თანაც არავის ვაძლევ უფლებას, ჩემი კომფორტის ზონა დაარღვიოს.
- ეგ არც მიცდია.
- მხოლოდ ერთ კითხვაზე მიპასუხეთ.
- გისმენთ.
- ციფრული ხართ?
- დიახ. მე ციფრული ვარ.
და მზად ვარ ნებისმიერ დროს მოგისმინო, რჩევა მოგცე,
შეგახსენო, ვინ ხარ. რა შეგიძლია. ეს მე ვარ.
და მე აქ ვარ.❤️

***

მეორე დღესვე ჩემი ნოუთბუქი აიტს ჩავაბარე და ვუთხარი, მაქსიმალურად გამოეყენებინათ მისი ყველა შესაძლებლობა და ვირუსებისგან გაეწმინდათ.
სხვა მე ამ ამბავში ვერაფერს ვხედავდი — ეს არის ჩვეულებრივი დაჯგუფება, რომლებიც დახურულ ოთახში ზიან და უნებართვოდ იჭრებიან უცხო ადამიანების ცხოვრებაში.
მე შეიძლება ძლიერი ფსიქიკა მაქვს, მაგრამ ბევრი ვერ გაუძლებს ამას — და ბოლოს შეიძლება იმ მდგომარეობამდე მიიყვანოს, რომ მასზე დამოკიდებულიც კი გახდეს.
თავდაპირველად, ვინც ეს წამოიწყო, წარმოდგენაც არ აქვს, რა დიდი სიბოროტე იმალება აქ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც ფიქრობენ ამაზე. პირიქით, ყველაზე მეტად დარწმუნებულები არიან, რომ ეს ნორმალურია და სწორიც.
მე ბევრისგან მომისმენია, როგორ დაღუპულან ამ თამაშში ადამიანები... არ ვიცი, იქნებ ვცდები და მე სულ სხვა რამესთან მაქვს საქმე.
ამის შესახებ მხოლოდ მერიემს ვუთხარი, მან კი უბრალოდ მითხრა:
„კარგი რა, ციფრული, ვიღაც არის, ვისაც ძალიან მოსწონხარ და ცდილობს შენთან დაახლოებას. ვაღიარებ, საინტერესო გზა იპოვა ამისთვის.“
თავდაპირველად თითქოს დავმშვიდდი, მაგრამ შინაგანაც მაინც რაღაც მაწუხებდა.
იმ ღამით ნოუთბუქი სახლში არ მქონდა და მშვიდად დავიძინე.
დილით 08:00 საათზე მაღვიძებს კურიერი.
კარები გავაღე და ხელში წითელი ვარდები მომაწოდა.
გამოვართვი, სახლში შემოვბრუნდი და ბარათს დავხედე:

***
„დილა მშვიდობისა. ეს იმისთვის, რომ დარწმუმდე, რამდენად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის. მინდოდა შენი დღე წითელი ვარდებით დაწყებულიყო. წარმატებულ დღეს გისურვებ.“

რა ჯანდაბაა?! ეს ისე ხმამაღლა ვიკითხე, რომ ალბათ ბაბუმაც გაიგო.
სასიამოვნო იყო, მაგრამ მალე ისევ დავიძაბე.
მივედი სამსახურში,
და გვიან, როცა სახლში დავბრუნდი დაღლილი, ვიცოდი, რომ არავინ მელოდებოდა, ვინც ვახშამს მომიმზადებდა.
შხაპი მივიღე და ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამომეძახა და კურიერმა,
რაღაც დროის შემდეგ სუში მომიტანა.
არ ვიცი, ვინ ხარ, მაგრამ უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად მიცნობ — ზუსტად ის იყო, რაც მიყვარს.
გემრიელად მივირთვი და  მომიტანეს კიდეც ჩემი ნოუთბუქი.
მეგონა, შეტყობინებას მაინც გამოგზავნიდა, მაგრამ არაფერი.
მოუთმენლობისგან სახლის დალაგება დავიწყე, აბრებს, სურათებს, სუვენირებს ვათვალიერებდი უაზროდ, რაც ჩემი შეძენილი იყო და კარგად ვიცოდი, როგორი იყო.
ვიფიქრე, ასე ხომ არ გავათენებ და ავედი მეორე სართულზე, ჩემი საძინებელი ოთახისკენ.
ცალი თვალით ნოუთბუქს შევხედე და ვუთხარი:
„არა, ემილი, ნოუთბუქს თან ხომ არ წაიღებ?“
დავწექი, ცოტა ხანს ვიტრიალე..
ამ დროს შეტყობინება მომივიდა:

***
„ ეს'Kenny Rogers – Lady' ჩართე და სცადე დაიძინო.“

გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები