ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2009


ხევსურეთს!

ღრუბელნი შენი ცისანი,
ხედავ? ჩემამდე მოდიან,
საოცნებო ხარ ყველაფრით,
მინდვრიან-წყარო-ლოდიან.

სიზმარში მთაში დავდივარ,
თვალს რომ გავახელ - შორია,
ჩემი ოცნების მხარე ხარ,
სულ შენთანა ვარ, მგონია.

ერთხელ იქნება, ამოვალ,
მეც მეღირსება გიხილო,
შენს ველზე ვკრიფო ყვავილი:
დეკა, ია და ღიღილო.

არღუნის ნაპირს ჩამოვჯდე,
ვისმინო მისი დინება,
ვიცი, ახდება ოცნება,
თუკი უფალმაც ინება.

მსურს ფეხით შემოვიარო,
შატილო, შენი მიწა მე,
ჩემი სიტყვები ისმინე,
მისი სიმართლე იწამე.

როცა იქნება, ამოვალ,
ძალიან მინდა გიხილო,
მკერდს მოგაწყვიტო ყვავილნი:
დეკა, ია და ღიღილო...

ლიკა ოხანაშვილი
22.03.2009


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები