ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
24 მარტი, 2009


თავი 17. ძია ვანო ("გაცვლა")

მეორე დღეს თეონამ ლექციები გააცდინა, რომ 12 საათისთვის საავადმყოფოში ყოფილიყო. პალატაში მხოლოდ ჯაბა და ძია ვანო დახვდნენ. ზეიკოც კი ჯერ არ მისულიყო.

- ყოჩაღ, ჯაბა, არაჩვეულებრივი საცოლე გყავს! ერთგული გოგოა...
- საცოლე?... – მხოლოდ ტუჩების მოძრაობით ჩაილაპარაკა თეონამ და გაოცებით შეხედა ჯაბას.

ჯაბას თვალებში ბევრი რამ ერთად ამოიკითხა თეონამ: შეშფოთებაც, მუდარაც, ბოდიშიც, მადლობაც!... სიყვარულს ეძებდა და... აი ისიც, - გულიდან გამოპარული და თვალის კუთხეში მიყუჟული, გაუმხელელი, მომლოდინე...
- თეონა, არაფერს იტყვი? – ისეთი ხმით იკითხა ჯაბამ, რომ თეონას გული მოეწურა... 

ოო, როგორ უნდოდა ამ სიტყვების გაგონება ჯაბასგან, მაგრამ... დაიბნა! რა უნდა თქვას ახლა? პირველად არის ასეთ მდგომარეობაში! მუხლები მოეკეცა, ბამბასავით გაუხდა... თეონამ იგრძნო, რომ თუ ახლა რამეს არ იტყოდა, იქვე ჩაიკეცებოდა კიდეც, ამიტომ ძალა მოიკრიბა და...
- კი, როგორ არ ვიტყვი?! ჩანთა სად არის? რაში ჩავალაგო ეს ყველაფერი?
- ზეიკო არ მოსულა ჯერ... ჩანთას ის მოიტანს!
- ძია ვანო, თქვენ როდის უნდა გაგწერონ? ისე მივეჩვიე აქ სიარულს, ჯაბას რომ გაწერენ, მერე თქვენს სანახავად ვივლი-ხოლმე! – გადაიკისკისა თეონამ.
- მოდი, შვილო... გგონია მეწყინება შენი დანახვა? ჯაბასთან ერთად მოდი- ხოლმე! მერე გურჯაანშიც მეწვიეთ... ერთ ოთახს როგორ ვერ მოგიძებნით?!
- რა, სულ ორი ოთახი გაქვთ, ძია ვანო? მაგას ვერ დამაჯერებ!...
- ორი ოთახი რათა მაქვს, გოოო? ოთახების მეტი რა მაქ? მარა, ცალ-ცალკე დაგაწვინოთ?
- აბა ერთად რატომ უნდა დაგვაწვინო, ძია ვანო? მაგის არც ცოლი ვარ და არც...
- ის სიტყვა არ ახსენო ჩემთან! “არც” რას მიქვია? ან ცოლი უნდა იყო ადამიანის და ან მეგობარი! სხვა შემთხვევაში მასთან რა დაგრჩენია, აა?
- ჯაბა არაფერს მეუბნება და თქვენ მიხსნით სიყვარულს, ძია ვანო?... შიგ გურჯაანში ცხოვრობთ?
- თითქმის... ვეჯინში.
- უი, ვეჯინში? – თეონას ტკბილ-მწარედ გაახსენდა ამ სოფლის სახელი.…
- ჰო, იცნობ ვინმეს?
- ჩემი ბიძაშვილის ქმარია ვეჯინიდან...
- რა ვქნა, ვინა, გოგო?

თეონამ ნანას მეუღლის სახელი და გვარი უთხრა.

- ანზორა და ნანა?... ამ გაზაფხულზე რომ ჰქონდათ ქორწილი? ვიცნობ, როგო არ ვიცნობ!... ქორწილშიაც... დაიცა... შენ ის თეონა ხაარ? კარქათ დამენახე, გოგოო...
- რა მოხდა, ძია ვანო? – შეშფოთებულმა იკითხა თეონამ, როცა ვანოს თვალში აკიაფებული ცრემლი დაინახა.

ძია ვანო წამოდგა, ჯაბას საწოლზე ჩამომჯდარ თეონას მიუახლოვდა, მისი თავი გულზე მიიხუტა და ჩუმად, ძალიან ჩუმად თქვა:
- მე მალხაზას მამა ვარ, თეონა!... იასამნები რომ მოგიტანა, იმ მალხაზას მამაა!... – ვანოს მდუღარე ცრემლები გადმოცვივდა თვალებიდან, მხრები აუკანკალდა...
- არა! ეს შეუძლებელია!... – თეონამ შეცბუნებულმა ახედა ვანოს და თავადაც ცრემლებით აევსო თვალები.

დაიბნა ჯაბა, ვეღარაფერი თქვა. ისიც კი ვერ იკითხა, “მალხაზა ვინ არისო?” მიხვდა, რომ ამ ხალხს ერთი დიდი ტრაგედია აკავშირებდა და ყოველი სიტყვა, ახლა წარმოთქმული, მხოლოდ გააღიზიანებდა ორივეს.

პალატის კარი გაიღო, ზეიკო შემოვიდა, მაგრამ... ვითომც არავინ მოსულაო, - არავინ გამოხედა...

აუტანელი სიჩუმე ჩამოვარდა... სიჩუმე, რომელიც ყველაფერზე ხმამაღლა ყვიროდა, ყურის ბარაბნების დახეთქვამდე!
ჯაბას თავში რაღაც გუგუნებდა... სისხლი საფეთქლებს აწყდებოდა და უროსავით ურტყამდა. გრძნობდა ჯაბა, რომ ცოტაც და თავი აეხდებოდა!

ჯაბამ საფეთქლებზე მიიჭირა ხელები და, დაძაბულმა, შეძლებისდაგვარად ჩუმი ხმით იკითხა:
- ვინ არის მალხაზა?! – მაგრამ კითხვა უპასუხოდ დარჩა.
- ძია ვანო, როგორ მოხდა ეს უბედურება? – თეონამ გზა მისცა ცრემლებს... ერთად ტიროდა ყველაფერს: მალხაზის სიკვდილს, გიას ტყუილს, ჯაბას ყოფილ საცოლეს და მის ახლანდელ უთქმელობას... რატომ უნდა ეთქვა ეს სიტყვა - “ჯაბას საცოლე” – თეონას შესახებ ძია ვანოს და არა  თავად ჯაბას?
- არ ვიცი, თეონა... ნაწვიმარზე მოუცურდა მანქანაო... თბილისში მოდიოდა... შენს მოსაძებნად მოდიოდა, გოგოოო... პატარძეულში ხიდიდან გადავარდნილა... ბედად, იქვე სხვა მანქანა მიდიოდა და იმას დაუნახავს. იმ დალოცვილს სასწრაფოც გამოუძახნია... სასწრაფოს მისვლამდე არ მიუტოვებია! სასწრაფო რომ მისულა, მალხაზა ჯერ ისევ ცოცხალი ყოფილა... თბილისამდე ვერ ჩაიყვანეს ცოცხალი. ბოლო სიტყვა, რაც ექიმებს გაუგიათ, “თეონა” ყოფილა, გოგოო... ჯიბეში კიდენა ბეჭედი ჰქონია, კალიცო... ვაი, ჩემო მალხაზო ბიჭოოოო... – და ვანო მწარედ აქვითინდა!

დარდი განუახლდა ვანოს. ასე ეგონა, ახლა ხელმეორედ მოუკვდა შვილი... გოგო, ვის გამოც მისი შვილი დაიღუპა, მასთან ერთად ტირის მალხაზს, ბიჭს, რომელიც, ფაქტიურად, ერთხელ ნახა მხოლოდ! ხო, თეონას გამო დაიღუპა მალხაზი, მაგრამ თავად თეონას ბრალი არ უძღოდა ამაში, არანაირად. ვანოს თავადაც ვერ აეხსნა, თავიდანვე რატომ განეწყო თეონასადმი ასე: ცნობით – არ ეცნობოდა, მაგრამ გულით ეახლობლებოდა!

“გულმა ათქმევინა ჩემ ენას, - “ბიჭი მყავდეს, რძლად წავიყვანდიო?!” – ფიქრობდა ვანო და უხმოდ იხუტებდა გულში თეონას თავს, -  ასეთი კარქი მაინც არ ყოფილიყო ე გოგო, იქნებ დარდი გაექარვებინა ფიქრს, - ჩემი შვილისთვინ უკეთესი მინდოდაო?!... ან ასე არ აღვარღვარებდეს ცრემლებს... ან ნეტაი არც შეემჩნია, რომ თავადაც ახსომდა მალხაზაი... ვაი, შენ ჩემო უბედურო შვილოოო... გაგიჟდება ქეთო, ამაი რომ გაიგებს!”

აღარაფერი უკითხავს ჯაბას, - აღარაფრის თქმა იყო საჭირო! …
იცოდა, რომ ამ გაზაფხულზე, ავარიით, უფროსი შვილი მოკვდენოდა ძია ვანოს, 26 წლისა... ცოლიც მიტომ არ აკითხავდა, - სახლიდან არ გამოდიოდა უბედური ქალი... მხოლოდ მისი ქალიშვილი და უმცროსი და ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.

“ჰმ, ბიჭი რომ მყავდეს, თეონას რძლობაზე ვიფიქრებდიო... გულმა უგრძნო?! მეცოდება ძია ვანოს შვილი, განა არ მეცოდება? მაგრამ ან მე ვიყავი, თურმე, ზედმეტი და ან ის... ალბათ ის... ის წავიდა! და რომ არ წასულიყო? რომ ჩამოეღწია თბილისამდე? ბეჭედი მოჰქონდაო! მაშინ ხომ ვერ ჩამოვიდოდა თეონა გუდაუთაში? ან, თუ ჩამოვიდოდა კიდეც, ჩემი არ იყოს, საქმრო ეყოლებოდა უკვე!... არა რააა, რა დროს ამის საქმრო იქნებოდა? 17 წლისაა ჯერ! მე 25-ის გავხდი და... და რაა, რო? არც არაფერი!... და იქნებ სულაც უარით ისტუმრებდა იმ ბიჭს? ვააახ, რა ამერია ფიქრები! დამშვიდდი, ჯაბა, ნერვები დაიოკე! მკვდარ ბიჭზე ეჭვიანობ, გონს მოდი!”

- ხალხნო, გამაგებინებთ, რა ხდება აქ? რატომ ტირით ძია ვანო?! ან შენ რა გატირებს, თეონა? – ზეიკომ სცადა, სიტუაციაში გარკვეულიყო.
- ამ გოგოს კარგად მიმიხედეთ, ზეიკო... არაფერი აწყენინოთ ვინმემ! ამიერიდან მეორე მამაც გყავს, შვილო, თეონა!
- და რა ხდება?
- ახლა არაფერი იკითხო, ზეიკო.… სახლში აგიხსნით ყველაფერს.… - ჩუმად გადაულაპარაკა ჯაბამ.
- ძია ვანო, მე არაფერი ვიცოდი... არც ის ვიცოდი, მალხაზი რომ ჩემს მოსაძებნად წამოსულა, არც ის, რომ დაიღუპა... არაფერი ვიცოდი კარგა ხნის განმავლობაში... - ამბობდა თეონა და სულ ტყუილად ცდილობდა ცრემლების შემშრალებას, უწყვეტ ნაკადად მოდიოდა ცრემლის  ორი ნაკადული ფერმკრთალ ლოყებზე.
- არა, შვილო, შენ ან ვინ გაბრალებს რამეს? იმაზეც მადლობას გეუბნები, შენი ცრემლების ღირსი რომ გახადე, ბიჭს არ იცნობდი და ცრემლი დაგდინდა თვალებიდან...
- თეონა, მოდი, მომეხმარე, ჩავალაგოთ ეს ჩანთები. დამშვიდდი, ძია ვანო... ტირილს კი არ გიშლი, ნუღარ ბრუნდები იმ დარდსა და ნაღველში-მეთქი...
- ხო, მართალია ზეიკო! მაპატიე, თეონა! ჩემი დარდი გულს მოგახვიე!
- რას ამბობ, ძია ვანო?! ვერ წარმოიდგენთ, როგორი ახლობელი გახდით ჩემთვის! მაპატიეთ... ზეიკოს  მივეხმარები!

თეონა წამოდგა და ჩანთის ჩალაგება დაიწყო, თუმცა თვალებში ისევ ცრემლები უგუბდებოდა!
ორი საათი ხდებოდა, როცა კახაც მოვიდა მანქანით.
თეონამ სახლში წასვლა დააპირა, მაგრამ ზეიკომ და კახამ არ გაუშვეს, - ჯაბას დედას უნდა შენი გაცნობაო...
- წაჰყევი, შვილო, წაჰყევი და... ღმერთმა სულ ბედნიერი გამყოფოს! – ვანომ კიდევ ერთხელ ჩაიხუტა თეონა, - ღმერთმა სულ ბედნიერები გამყოფოთ! ჯაბა, შვილო, შენ მაინც იყავ ბედნიერი! კარგად ჩასჭიდე ხელი და არ დაკარგო შენი ბედნიერება!...
- გმადლობ, ძია ვანო... თქვენი შვილის სული კი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს! – ჯაბამ თეონას ჩაჰკიდა ხელი და გვერდით დაიყენა, - წავიდეთ, თეონა!


(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები