 | ავტორი: დებორა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 19 სექტემბერი, 2026 |
#ზარდახშა
ნდს
თეთრი ვერსალი
მახსოვს, ვამბობდი, თან არაერთგზის, რომ ევროპული კულტურა, თავისი აწმყოთი და ისტორიით, იყო მითოსური სივრცე ცისფერყანწელებისთვის. ზოგადად ქართველი სიმბოლისტებისათვის-მეთქი. მათს ლექსებსა თუ ზოგადად ნაწერებში ისმოდა გამითებული უცხოური, ძირითადად ევროპული ანთროპონიმები, ტოპონიმები, ამბები და აშ., რომელსაც თვითონვე წიგნებიდან ან სხვათა გადმოცემებიდან იცნობდნენ. ავიღოთ ვერსალი! მაგალითად, გალაკტიონს შეიძლება ეთქვა, რომ თითოეული ღრუბელი ცაზე ვერსალსა ჰგავს და ეს უნდა გაგვეგო, როგორც მსგავსებითი შედარება, აგებული ამ ორი საგნის ეპითეტებზე: ბრწყინვალე, ამაღლებული, მიუწვდომელი, საოცნებო, ოქროვანი.. ვალერიან გაფრინდაშვილს შეიძლება ეთქვა, ვარ მოწყენილი ვით “შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალიო” და პოეზიის ენაზე ეს ყველაფერი - დამაჯერებლად ჟღერდა… თუმცა ეს შედარება მკითხველისათვის უცნობის კიდევ უფრო უცნობით ახსნის, გაგებინების შემთხვევა იყო, მას სჯეროდა, იგულისხმებოდა, რომ ვერსალიც მანაც ისევე წარმოსახვით იცოდა, როგორც პოეტმა… გვერდზე გადავდოთ გარემოება, რომ ვერსალში ძნელად იპოვით საკუთრივ თეთრ ფერს. გარედან იგი ადგილობრივი კირქვითაა მოპირკეთებული, მოყვითალოთი და აგურისფერი ჩანართები აქვს, ოთახები - ფერადი მხატვრობით და ოქროსფერითაა გაფორმებული … მაგრამ რაკი ვერსალი მშვენიერების მწვერვალად იყო მიჩნეული და არის კიდეც, პოეტური ნათქვამი უნდა გაგვეგო, - მშვენიერი, ამაღლებული, ციურად ცივი და მისთ. სევდა დამეუფლაო. შემოდგომის ღამეებში ვერსალი - არა! და მის გარეთ, ბაღნარები ზამთრისთვის ემზადებოდა და ემზადება. შადრევნები იკეტებოდა, მცენარეები იფუთებოდა, რომ ზამთრის ყინვისთვის გაეძლო. შემოდგომობით დღეები კი მოკლდება, მაგრამ ვერსალის დარბაზებში არ არის მოწყენილობა, ადრეული ხომ მხიარულებითაა სავსე, თვით გვიან შემოდგომას კი შობის დღესასწაულები მოსდევს, ბალები და თავყრილობები. არისტოკრატიას ხომ მოსაწყენად ნამდვილად არ ეცალა, სასახლის მომვლელებსაც - გაათმაგებული ჯაფა ადგათ, ყველაფერთან ერთად დარბაზების გათბობასა და ბუხრების მოვლაშიც რომ გამოიხატებოდა. თუმცა რამდენადაც არ უნდა ბაძავდეს პოეზია ჩვენი ცხოვრების რეალობას, მას მაინც თავისი ლოგიკა, დამაჯერებლობა აქვს. რეალობას შეიძლება ენდო და არც ენდო, მაგრამ მკითხველი პოეზიის გალილეაზე ვერ გაივლი, ფეხზეც ვერც დადგები, თუ ავტორს არ ენდობი, მისი თუ არ გწამს. დღეს თითქმის ყველასთვის ევროპისაკენ გზა - ხსნილია! ინფორმაცია - ყველასათვის ხელმისაწვდომი, ინტერნეტით მაინც. საკუთარ ვერსალურ ფოტოებს დავდებ, დროს რომ ვნახავ, მანამდე კი ფორმიან - შინაარსიანად ამ შედევრით იამეთ.
ვალერიან გფრინდაშვილი
ვარ მოწყენილი
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა, ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი, შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა. ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა. ვტიროდი ხარბად მარტოობით ნაალერსალი. ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა, ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.
#ლექსები ნინო დარბაისელი
ვერსალი (ვტიროდი ხარბად, მარტოობით ნაალერსალი - ვ. გაფრინდაშვილი)
ჭალები და ჭაობი?! არსად ჩაგვირჩა ობი! არ მოედოს მცველს ალი, მცველს მოითხოვს ვერსალი.
ენის- კმა - სარსალია! ჯერ კლდე დავდგათ სალია, იმდენი ვასალია, ნამდვილი ვერსალია!
კარისკაცთა ნაღები! ერთმანეთზე საღები, შიშით არა - ლაღები, ყველგან - იარაღები, არსად არ წასაღები. ბრძოლა - განაჩაღები, დამჩნეული დაღები, ჩანან პირდანაღები მაღალი პარმაღები. ფანჯრები- გასაღები, ფანჯრებიდან - თაღები, გვირილათა ბაღები.
სასახლეში, მარია იმდენი სტუმარია, ვინც მუდამ მდუმარია, დღეს რაღაცამ არია, დარდი აქ - საკმარია! გარეთ - ნაწვიმარია. საიდუმლო კარია? ხელი რატომ ჰკარია! ზოგჯერ სიბრძნე, მარია ძნელად მოსახმარია!
გარეთ გახვალ?! - ვაია, შიგნით შეხვალ?!- უია! მესა მიდის, ლუია, ისმის ალილუია! ბოლო მესის ჯერია? ძნელი დასაჯერია!
კარი - ვინ კამოკეტა, თავს - ვინ- გადაამეტა?! ვინ გაიმეტა, ნეტა? ასე ანტუანეტა.
იწვის, იწვის ვერსალი. მოედოო - მთელს - ალი, ჩემს დროს ვერსალი - - ლუის ნალერსალი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|