 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 16 ოქტომბერი, 2026 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ისევ მარია ანტუანეტა
უყვარდა ანტუანეტას ფერები აკვარელური და არც ეგონა, ქვეყნად თუ იყო ამდენი - ველური.
იასამნისფერს ირჩევდა გაცრეცილს, რძეში გარეულს. აქ სულ შვილს შვილზე აჩენდა და დაემსგავსა მთვარეულს.
თეთრ სახეს ატმის ყვავილი ღაწვებად როგორ შვენოდა! სამეფოდ იყო შობილი, აღზრდილი - არ საჩვენოდა.
ბაცი ცისფერიც უყვარდა და მწვანეც რაღაცნაირი, ნელსაცხებელთა სურნელით გაჯერებული აირი.
გობელენები - ჭერამდე, ძოწის ხავერდი - მრავალი. ვინ გაიმეტა, მინისტრმა? მისი დაედო რა ვალი?
უწვრილე წელზე - აი ეს - თასმებიანი კორსეტი. დღეს - თავს იწონებს პარიზი ათასნაირი დ’ორსეთი.
ფრანგებს? - არ უყვართ მარია, სიმბოლოდ თვლიან მეფობის, ხან ქვის ფილებზე დავდივარ, ხან - ხალიჩებში ვეფლობი. დავეხეტები ვერსალში, ნანახმა გადაამეტა, რაც გამეგონა. შენს სუნთქვას ვგრძნობ ცოცხლად - ანტუანეტა!
თქვეს, ბრბოში, თურმე, აქა-იქ მეფისკარელიც ერია, “მტერი, მოყვრულად მოსული” მტერზედაც უფრო მტერია!
ვერსალში გვიან გაიგეს არეულობა გარეთა და ცარიელი წასულა თურმე საშენო კარეტა.
თქვეს, არისტოკრატს არაერთს წინასწარ დანაც უცია. რად სასტიკდება ბრბო ასე, როცაა რევოლუცია!
აქ - ბაღი მარადმწვანეა, არსად ვარდნი და იანი, მხოლოდ ეს ველი - გვირილის, შევცქერი თვალცრემლიანი…
შენც თეთრი კაბა ჩაგაცვეს, თმაშეჭრილს გილიოტინა მზად დაგხვდა თურმე, ჯალათმაც ბევრი არ დაგალოდინა
და ფეხზე - ფეხი დაგედგა, მოუბოდიშე, წესია! მტკივნეულია ყოველი! არცოდნა - უკეთესია!
გვეყოფა ტრაგედიები, შენ, ცრემლო ჩემო, ღვარულო! რამდენი არის პარიზში გასართობ - სასიხარულო!
#ლექსები
ნინო დარბაისელი
არფოტო აფიშის ფონზე (სონეტი)
გაღიმებით მე უცნობი მიცქერს ვაჟი. შენ - ფონს არჩევ, გადაიღო ფოტო, ესეც ჩვენი საბოლო ვოიაჟი! მიდის სენა - სუფთა, უნაფოტო.
არ მინდოდა პოზირებით ხიდზე დგომა. როიალით, ვიოლინო-არფით. დე, თვალს შევრჩე პარიზული შემოდგომით, ქარს მიჰქონდეს ბერეტი და შარფი.
დაიხსომე, დამახვია რეტი ალმა - ეიფელმა, აზიდული რომ ჩანს. რომ დამღალა აღმა-დაღმა ხეტიალმა, დღის ბოლოა და ეს ტურნეც მორჩა.
პარიზია და ამდენი არის ჩადრი! მთვარე- ბადრი, თვალისათვის - კადრი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|