ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: საბავშვო
29 მარტი, 2009


ერთი სევდიანი ამბავი

  ცივი ზამთარია. თოვლითაა დაფარული ირგვლივ ყველაფერი. ადამიანის ჭაჭანებაც კი არსადაა. მხოლოდ ერთი ბავშვი მიიჩქარის სადღაც. საწყალი, გახუნებულ და გაცრეცილ მოსაცმელში გახვეულა, დროდადრო გაყინულ ხელებს იორთქლავს, გათოშილ სახეს კი თბილი ცრემლები უთბობს. "ცხოვრება უსამართლოაო", -  გაუგონია. ხანდახანო - ამბობს, მაგრამ უკმაყოფილო მაინც არასდროსაა. ბევრი ტკივილი ნახა, მაგრამ საყვედური არასდროს უთქვამს. გრძნობებს მხოლოდ ცრემლებით გამოხატავს, იმ ცრემლებით, რომლებიც პატარა, ცისფერი თვალებიდან მოსდის ხოლმე. ხანდახან უოცნებია თავისი თანატოლების ადგილას ყოფილიყო. მათ ხომ ყველაფერი ჰქონდათ. პირველ რიგში კი - ოჯახი. ეხლა ალბათ სახლში, თბილ ბუხართან სხედან. მათ არ უნახავთ არც შიმშილით, არც სიცივით და არც ობლობით გამოწვეული ტკივილი. "ბავშვობა უდარდელიაო" -ყველაზე ნაკლებად ამ ბიჭუნაზე ითქმოდა. თუმცა ის მაინც არ წუწუნებდა, მაინც ჰქონდა იმედი, მაინც ოცნებობდა. ის ხომ ბავშვი იყო, პატარა, უსუსური, მშობლიურ ალერსს მოკლებული ბავშვი.
    ეხლა დედასთან მიდის. უნდა რომ ესაუბროს, იმ მიწას მოეალერსოს, რომელიც ამ ზამთარში საბნად გადაფარებია და ათბობს დედას.
  საფლავი ძლივს იპოვა. თოვლს თითქმის დაუფარავს. თეთრ თოვლს, ისეთივე თეთრს, როგორიც დედა იყო...
  აი, მისი სურათიც. გაყინული ხელებით თოვლი მოაშორა და ცივ  ქვაზე დახატულ დედის სურათს აკოცა.
    "ალბათ გცივა არა? მე გაგათბობ, მართალია გაყინული ხელები მაქვს, მაგრამ მაინც გაგათბობ. ჯერ თოვლს მოგაშორებ. დედიკო, როგორ მომენატრე. ნეტა ჩემთან იყო, მაშინ ხომ ასე არ ვიქნებოდი. მაგრამ ჩემს ოცნებებში მაინც ყოველდღე გხედავ. რატომ წახვედი უჩემოდ? ხომ იცოდი რომ მომენატრებოდი... ყოველდღე გელოდები, ფეხის ხმას რომ გავიგებ, მგონია რომ შენ ხარ. გახსოვს რომ მიმღეროდი? რა იქნება ისეც მიმღერო, თუნდაც ერთხელ, თუნდაც უკანასკნელად, მაგრამ მიმღერო. ძალიან მიყვარხარ დედა..."
  ისევ თოვს, ყველაფერი თეთრადაა დაფარული. მშვიდად სძინავს სასაფლაოს. სიჩუმეს მხოლოდ ცხოვრებისგან განწირული პატარა ბავშვის ქვითინი არღვევს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები