ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: იუმორისტული
4 აპრილი, 2009


სამი თითის კომბინაცია

ანიკო გარდაიცვალა, დიდი ოჯახის დიასახლისი...
ქმარი, დედამთილ-მამამთილი, უცოლო მაზლი და  ოთხი შვილი – ანიკოს მოსავლელი იყო ყველა.

ეეჰ, რამდენი შრომა უწევდა!
დილას მეუღლეს და მაზლს სამუშაოზე  გააცილებდა, ბავშვებს სკოლაში გაისტუმრებდა, დედამთილ-მამამთილს დააპურებდა, სახლს მიალაგებდა, სადილს გააკეთებდა და... თვითონაც სამსახურში გარბოდა:  თორმეტ საათზე ეწყებოდა და საღამოს შვიდზე უმთავრდებოდა. შესვენების გარეშე მუშაობდა, რომ დილას ადრე არ წასულიყო სამსახურში და სახლის საქმე მოესწრო!..

ყოველ საღამოს - პროდუქტით სავსე დიდი და მძიმე ჩანთები  მოჰქონდა სახლში, - ამდენ ხალხს ჭამა არ უნდოდა?..  ამ ჩანთების თრევით  მაიმუნივით უგრძელდებოდა ხელები.

- ანიკო, სუფრა გაშალე, ქალო, სტუმრები გვეყოლება დღესა!... ჩიტის რძე არ აკლდეჲ სუფრასა, იცოდე!..

- ანიკო, ბავშვმა ჩაიფსა-მგონია... კი არაფერი ეტყობა გარედანა, მარა... გენახა მაინცა?...
.......
- ანიკო, ბაზარში რომ წახვალ, იქნებ ხუთი-ექვსი კილო კარტოფილი გამამიყოლო ხელსა?... ხო, და კიდევ სამიოდე კილო ხორციც მააყოლე...
.......
- დედა, წიგნი უნდა მიყიდო!... მხოლოდ დიდ მაღაზიაში იყიდებაოოოო…
......
- დედა, ხვალ კრებაა სკოლაში...
.......
- დედა, საღამოს  რესტორანში მივდივართ და… ფული მჭირდება!...
.......
- დედა, ეს ჭიქა ცოტა გასარეცხია... მე რომ წყალი დავლიე, არ გაგირეცხავს მერე? ნაწუნწკლი ეტყობა!...
.......
- ანიკოოო...
.......
- დედაააა...
........
- ანიკოოოო...
.........

ვეღარ გაუძლო საბრალო ანიკოს საბრალო გულმა და...
გაჩერდა!
უხმოდ, უჩუმრად წავიდა...
ტკივილის გარეშე – დიდი ტკივილის ფასად!



* * *
დატრიალდნენ ოჯახის წევრები.
მუხის სასახლეში ჩააწვინეს...
ყვავილებით გაამშვენეს ოთახი...
ისედაც ლამაზი ანიკოს ყველაზე ლამაზი სურათი გაადიდეს და კედელზე ჩამოკიდეს...
ბევრი ცრემლიც დაადინეს, ბევრი ჭორიც მიაყოლეს კუდში...

ანიკო ოთახის კუთხეში მიყუჟულიყო და იქიდან ადევნებდა თვალს თავისი ჭირისუფლისა თუ უამრავი მოსამძიმრის ფუსფუსსა და სევდა-ვარამს.

“რა ვქნა, რა გიყოთ? იქნებ დავბრუნებულიყავი კიდეცა, მაგრამ... მინდა კია?
უი, არააა, ეგოისტი კი არ ვარ, მაგრამ... დავიღალე! გასკდა გული! სიცოცხლეში არავინ მყავდა გულშემატკივარი, არავის ვეცოდებოდი და ვებრალებოდი... ახლა გაიგიჟეს თავები! ნეტა, მართლა ასე ვუყვარდი ამ ხალხს? თუ, უბრალოდ, წესი მოითხოვს ამნაირ გლოვას?...  აი, ჩემი საბრალო ქმარი... სამზარეულოჲკენ მიდის... გავყვები უკან! ნეტა, იგრძნობს ჩემს აქ ყოფნას თუ ვერ მიხვდება ვერაფერს?”

ანიკო ქმარს სამზარეულოში გაჰყვა. ახლოს მივიდა, მის მხარს ჩამოაყრდნო თავი...

“ეეჰ, ანიკო, ანიკო... - მოესმა ანიკოს რაღაც ჩურჩული...  ყურთასმენა დაძაბა, რომ რამე გაეგონა. - ეგ არი შენი სიყვარული? ეგ არი შენი ქალობა?... იმ დღეჲ ხომ გთხოვე, ბაზრობიდან საროჩკა წამამიღე-მეთქი? თანაც შავი მინდოდა... ი ბაზრობაზე რომ არ გამხდარიყავ ცუდათ და გეყიდა, ხო არ გამიხდებოდა საძებარი, ჰაა?...  ან ეს სამზარეულო რაჲ გავს?...  არა, რააა... რა დროჲ სიკვდილი იყო ახლა, ჰა? მაინდომა დასვენება და კაი ცხოვრება!... ვინ დაალაგებს ახლა სახლს? ვინ გააკეთებს საჭმელს?...  მაშ ღირსი არა ხააარ, რომ სულ არ დაგასაფლაოთ და ასე დაგტოვოთ მიწის ზევით, ლენინივითა?...“

გაოგნდა ანიკო... გაშტერდა...  ყურებს არ უჯერებდა!
გაბრაზდა და როგორ გაბრაზდა! აღარ იცოდა, რა მოემოქმედებინა!
ერთი პირობა, იფიქრა, “მოდი ამასაც ხელს გავაყოლებო”, მაგრამ... გაახსენდა, რომ მაშინ ერთად მოხვდებოდნენ ორივენი და მერე იქაც მოსავლელი გაუხდებოდა!!
შეეცოდა თავისი თავი, საიქიოშიც კი რომ არ დაასვენებდნენ სათანადოდ!

გაბრაზებული აფრინდა ანიკო და ისევ ოთახის კუთხეში, ფარდის კარნიზზე ჩამოჯდა.

* * *
მოვიდა დაკრძალვის დღე...…
მოახლოვდა გამოსვენების საათიც...
სასახლე მხარზე გაიდეს და... ის იყო, სახლიდან უნდა გამოესვენებინათ, რომ ქმარმა იყვირა:
- არ გაიყვანოთ! არ გაიყვანოთ ჯერა! დააბრუნეთ!
- რას ამბობ, კაცო? სირცხვილია! კაცი ხარ და მოთმინება გმართებს!
- მე იმაჲ კი არ ვამბობ, სულ არ გაასვენოთ-მეთქი? ჯერ სამზარეულოში შაასვენეთ! ნახოჲ, ერთი, რომ მიდის და ტოვებს აქაურობაჲ, ვის ხელში ტოვებს?! ნახოჲ, რად მოაქციეს მაგიჲ დალაგებული სახლი! და თუ სინდისი აქ, - მერე წავიდეჲ! რომ მამინდომა გაგულავება და კაი ცხოვრება, ჩვენ, რა, ხალხი არა ვააართ?... მე რა მეშველება, მაშ არ უნდა ეფიქრააა?...
- შენა, შვილო, შაშინებული ხომ არა ხარ?! სირცხვილია!
- სირცხვილი! მაშ ის არ არი სირცხვილი, ასე რომ დაგვყარა ტიალ-უპატრონოდ? მააბრუნეთ და ოთახში შაასვენეთ-მეთქი!...
მიხომ იმხელა ხმაზე დაიწყო ყვირილი, დაბლა ჩასულმა სხვა ჭირისუფლებმა იფიქრეს, “დიდი მწუხარების გამო ხმამაღლა ატირდ-აყვირდაო” და თავადაც ცრემლებად აღვარღვარდნენ.

- სირცხვილია-მეთქი, მიხო! გზიდან ჩამოგვეცალე!
- არა-მეთქი, არა!...

და უცებ კაცებს სამზარეულოდან წყლის ხმაური შემოესმათ. თავიდან იფიქრეს, “ეს ხმა ეზოდან მოდისო”... მაგრამ წყალი აშკარად სამზარეულოში მოთქრიალებდა.
- მილი გასკდა თუ რა მოხდა ნეტაი, ჰაა? მიხო, სამზარეულოში წყალია მოშვებული.
- ჰოდა იყოჲ! მე არ დავიძვრები ამ ადგილიდანა!
- ვაააახ, კაცოოო, არსად მიგვყავ ანიკოი! სამზარეულოი გახედე-თქო, მიხო!

მიხომ ნელა გადადგა ფეხი სამზარეულოსკენ, იმის შიშით, ანიკოს ცხედარი არ გააქცუნონ და მერე როგო-ღა მოვაბრუნებო?!

სამზარეულოში გასული – ადგილს შეეზარდა!
სამზარეულო გულდაგულ დაელაგებინა ვიღაცას, ჭურჭელიც აელაგებინა, ქვაბებიც მიეწყო!... მოკლედ ყველაფერს ეტყობოდა ანიკოს მადლიანი ხელი!

ანიკო კი ჭერს აჰკვროდა შიშით, - “მიხომ კიდევ რამე არ მაიგონოს და აქ არ დამტოვოსო!”
და როდესაც მიხოს ყვირილის ხმა შემოესმა, - “აი, ხო ვამბობდი!... აჰანდე, არ მიალაგ-მაალაგა, განა? არსადაც აღარ მიმყავ! აქ იყოჲ! სახლიჲ დალაგებაჲ ასეც შაუძლია და...” – ანიკო უჯრას ეცა, მინაზე საწერი ფანქარი გამოიღო (რომელსაც ქილების დასანომრ-დასასათაურებლად ხმარობდა-ხოლმე), ოთახში შეფრინდა და თავის სურათს ჯერ მიაწერა:
“დამტოვებ, არაა?”
და მერე სამი თითის კომბინაცია მიახატა ისე ლამაზად, თავადაც გაუკვირდა, - ნეტა, ხატვა როდისღა ვიცოდიო?! 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები