ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
10 მაისი, 2008


თავი 12. ნათია & თავი 13. დაბრუნება ("მაგდა")

თავი 12.  ნათია

მაგდამ რომ გამოცდიდან დაიგვიანა, ნინოს არ შეშინებია, იფიქრა, "ნათიასთან გაივლიდაო". რომ მოსაღამოვდა, სულ საათს დაჰყურებდა, "ამდენ ხანს სად არისო", ხოლო როცა ღამის 10 საათისთვის თავად ნათიამ დარეკა და მაგდა იკითხა, ნინო შიშით ჩაიკეცა.
- როგორ, ნათია, განა მაგდა შენთან არ არის? გამოცდაზე ხომ ერთად იყავით?!
- არა, დეიდა ნინო, მე ხვალ გავდივარ გამოცდაზე და დღეს სახლიდან ფეხი არ გამიდგამს, ვმეცადინეობდი... მაგდა, რა, სახლში არ მოსულა?... კი, მაგრამ… სად უნდა წასულიყო?!
- არაფერი ვიცი... მე ის შენთან მეგონა...
- დეიდა ნინო, 15 წუთში დავრეკავ, შეიძლება გავიგო რამე... - ნათიამ ყურმილი დაკიდა და მერაბთან მიიჭრა.
- მერაბ, ნოდართან დარეკე... გამიგე, სახლშია თუ არა!
- რა მოხდა, ნათი, რა გინდა ნოდართან?!
- მე? მე რა მინდა? მე – არაფერი!... აი, ნოდარს რა უნდა მაგდასგან? ეს არის საკითხავი!
- მაგდა რა შუაშია? გამაგებინე, რა მოხდა!
- რა და, ის შენი ნოდარი აჩრდილივით დასდევდა მაგდას!... მაგდა კი – გაქრა!
- როგორ თუ "გაქრა"? ვინ გააქრო?! – მერაბი დაბნეულად ლაპარაკობდა. ვერ გაერკვია, რა კავშირი არსებობდა ნოდარსა და მაგდას შორის.
- მერაბ, ნოდარი მაგდას გატაცებით ემუქრებოდა, რადგან მაგდა ნებით არ მიყვებოდა მას ცოლად. დღეს მაგდამ გამოცდა ჩააბარა და მას შემდეგ სახლში აღარ მისულა, დილის 12 საათის შემდეგ აღარავის უნახავს!.. ახლა გაიგე? – ნერვიულობდა ნათია, - ახლავე დარეკე ნოდართან!

მერაბმა ნოდარის ტელეფონის ნომერი აკრიფა. ყურმილი ნოდარის დამ აიღო.
- ნანა, შენა ხარ? მერაბი ვარ... გამარჯობა... ნოდარი სახლშია?... არა?... სად წავიდაო?.. ბიჭები სათევზაოდ წავიდნენ ვახოს სოფელში?... არა, ჩემთვის არაფერი უთქვამთ... ჰო, ალბათ... ნანა, როდის ჩამოვალთო, არ დაუბარებიათ?... ორშაბათს დილითო?... კარგი, ნანა... არა, რაღაც მინდოდა, რომ მეკითხა... კარგად იყავი!

მერაბმა ყურმილი დაკიდა.
- რაო, მერაბ, სად არისო? – მოუთმენლად იკითხა ნათიამ.
- ვერ გაიგე? არ მისმენდი?... ნოდარი ბიჭებთან ერთად გუშინ საღამოს წასულა ვახოს სოფელში, სათევზაოდ!... მაგდა კი დღეს დილით სახლში იყო... ნათია, რაღაც სისულელეს ამბობ!
- მერაბ, დღეს 3 საათზე ვახომ შენთან დარეკა... მე ვუთხარი, "საღამომდე არ იქნება სახლში და საღამოს დაურეკე-მეთქი", - ჩაერია საუბარში ოთახში შემოსული ლია, - მერაბ, ვახო თბილისშია!

ლია ნათიას მიუჯდა გვერდით და ალერსით გადაუსვა თავზე ხელი:
- ნუ გეშინია, ნათი... აი, ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება!

- მერაბ, დარეკე, რა, ვახოსთან? – მუდარით სავსე თვალებითა და შეშინებული ხმით სთხოვა ნათიამ ძმას და ლიას ხელს ჩაებღაუჭა.

მერაბმა ახლა ვახოსთან დარეკა და, რატომღაც, ეგონა, ვახოს დედაც იგივეს ეტყოდა, რაც ორიოდე წუთის წინ უთხრა ნანამ, მაგრამ, მერაბის გასაოცრად, ყურმილი თავად ვახომ აიღო.
- ვახო, შენა?... ხო, ლიამ მითხრა, დაგირეკავს. რამე ხომ არ გინდოდა?... არა, არ ვყოფილვარ, დრო ვერ გამოვნახე...… ვერა, ვერც ხვალ მივალ... იმ კვირაში აუცილებლად შევივლი... ხო, მართლა, ნოდარი ხომ არ იცი, სად არის?... არა, საქმე მქონა... ჩემი მეგობრის დედაა საოპერაციო (იცრუა მერაბმა) და მინდოდა ნოდართან მიმეყვანა... რა, ბიჭო, რას ამბობ?! ვინ გაბედნიერდა, ნოდარი?... როდის? როგორ?!.... დღეს დილით?... აკი, ნანამ, გუშინ წავიდაო?... ხო, შენთან ერთად იყო, თითქოს, წამოსული...… წუხელ შენთან იყო? რატომ?!... სახლში რომ არ სცოდნოდათ?... კი, მაგრამ, იმ გოგოს სახლში იციან?... რა? მაგდა?... ნოდარმა მაგდა წაიყვანა?... არა, მე არაფერი ვიცოდი!... გეფიცები, არ ვიცოდი!... კარგი, ვახო, კარგი!... – მერაბმა ყურმილი დაკიდა და გაოგნებული მიაჩერდა ნათიას, რომელსაც ლიას კალთაში ჩაემალა თავი და ტიროდა.

- კარგი, ხო, ნუ ტირი... იქნებ ყველაფერი კარგად იყოს?... ჯერ ნურაფერს ეტყვი მაგდას დედას!... - მერაბი ბოლთის ცემას მოჰყვა, - ნოდარი ისეთი ბიჭია, მაგის ცოლობაზე ხალხი ოცნებობს! მაგდას ბედი ჰქონია, ბედნიერი გოგო ყოფილა...
- არა, მერაბ, შენ ხომ ყველაფერი არ იცი?! მაგდას სხვა უყვარს!... ის ბიჭი ჯარშია და მაგდა მას ელოდებოდა!... – ქვითინებდა ნათია.

ლიამ წყალი დაალევინა.
ნათია ცოტა დაწყნარდა და ფეხზე წამოდგა, რომ ნინოსთან დაერეკა. ამასობაში ნინომ თავად დარეკა ნათიასთან.
მერაბმა ისეთი სახით შეხედა, რომ ნათიამ ამის თქმა-ღა მოახერხა:
- ვერაფერი გავიგე, დეიდა ნინო, არავინ არაფერი იცის...
- ნათია, ეს რა ჩაიდინე?!... მერაბ!... გაგიჟდით, ხალხო? იქნებ ჯერ კიდევ არ არის გვიანი?! – შეძრწუნებული სახით იყურებოდა ლია, - ნათია, ნათია... მე შენ უფრო მაგარი გოგო მეგონე, რომელსაც უფრო ძლიერი მეგობრობა შეეძლო... შენ კი... ეეჰ!

ამ სიტყვებით ლია საძინებელ ოთახში შევიდა და კარი მოიხურა.

- ნათია... – დაიწყო მერაბმა, მაგრამ ნათიამ მერაბს აღარ მოუსმინა, ადგილს მოსწყდა, თავის ოთახში შევარდა, საწოლზე დაემხო და მწარედ ატირდა. ატირდა იმიტომ, რომ ვერაფრით ეხმარებოდა თავის მეგობარს, თუმცა ახლა მხოლოდ მას შეეძლო მაგდას შველა.

მერაბი ნათიასთან შევიდა, საწოლზე ჩამოჯდა და მისი დამშვიდება სცადა:
- მისმინე, ნათია, შენ მაგდას მეგობარი ხარ და მისთვის კარგი უნდა გინდოდეს, ასე არ არის?... ის ბიჭი, ჯარში რომ არის ახლა, 18-19 წლის იქნება, მეტის ხომ არა?! ალბათ, ჯერ არც სწავლობს სადმე... ნოდარი კი უკვე მუშაობს, ქირურგია, და თანაც – კარგი ქირურგი... ისეთი ხელი აქვს, მკვდარს გააცოცხლებს! ოჯახიც ძალიან კარგი აქვს, მის ოჯახში ყველანი ექიმები არიან... ნათესავებისა და საახლობლო წრე – არაჩვეულებრივი... მაგრამ თავი და თავი – თვითონ ნოდარია. მასეთი ბიჭი მე არ მეგულება, - სანდო, ერთგული, ვაჟკაცური... ახლა შენ თვითონ გააკეთე დასკვნა: რომელი ჯობდა მაგდასთვის, მისი მომავლისთვის, მისი ბედნიერებისათვის,  ნოდარი თუ მისი ჯარისკაცი?... ნეტა ნოდარს შენ შეყვარებოდი და… ჩემი ხელით მიგიყვანდი მასთან, თუნდაც თოკით შეკვრა დამჭირვებოდა შენი...… რას იზამ?! ასეთი ბედი მაგდას ჰქონია და... ღმერთმა აბედნიეროს! და თუ მე ამას გულით არ ვამბობდე, შენს თავს გეფიცები, ჩემო პატარა!... კარგი, ნუღარ სტირი...

მერაბმა ალერსით გადაუსვა თავზე ხელი თავის უმცროს დაიკოს და ოთახიდან გავიდა.

ნათია კი გულამოსკვნით ტიროდა...
ასე, ტირილში ჩაეძინა კიდეც...




თავი 13.  დაბრუნება

საუზმის შემდეგ მაგდამ ნოდარს სუფრა აალაგებინა და სამზარეულოში გაჰყვა.
ეს ისე ბუნებრივად მოხდა, მაგდას ისეთი მშვიდი სახე ჰქონდა, რომ... ნოდარს იმედის სხივი აუციალდა გულში: "იქნებ გული მოუბრუნდა?... ან იქნებ მიხვდა, რომ მისთვის ასე სჯობს?... იქნებ დარჩეს?!"

მაგდამ ჭურჭელი დარეცხა, შემდეგ - ოთახში გავიდა, ჩანთა აიღო და კარებთან გაჩერდა.
- მაგდა, შენ... შენ, რა, მიდიხარ? – ნოდარს მოულოდნელობისაგან ნერწყვი გადასცდა, კინაღამ დაიხრჩო.

მაგდა სწრაფად მიუახლოვდა და ბეჭებში დაარტყა ხელი, შემდეგ კი წყალი მოუტანა სამზარეულოდან:
- დალიე, არ დაიხრჩო...

ნოდარმა წყლიანი ჭიქა ხელიდან გამოსტაცა და გვერდით დადგა, მისი ხელი კი მაგრად დაიჭირა და მაგდა ახლოს მიიზიდა.
- მე წყალი არ მჭირდება, მე შენ მჭირდები... - ნოდარმა წელზე შემოხვია ხელები და ძალიან მაგრად ჩაიკრა გულში, - მე შენ არსად გაგიშვებ! გესმის? არ-სად!
- გამიშვებ... მე აქ არ დავრჩები! არ დავრჩები თუნდაც იმიტომ, რომ... შენ მხდალი ხარ, ნოდარ!…

მაგდასგან ასეთ სიტყვებს არ ელოდა ნოდარი. ამის გაგონებას ერჩია, მაგდას სილა გაერტყა მისთვის. ნოდარს სახეზე სისხლი შემოაწვა, თვალები გაუფართოვდა:
- მე ვარ მხდალი? კი, მაგრამ, რა შემატყვე სიმხდალის?... ეს? - ნოდარმა კიდევ უფრო მიიზიდა მაგდა და კოცნა დაუწყო, -  თუ – ეს? (აკოცა!) ან იქნებ – ეს? (კიდევ აკოცა!)...

მაგდამ ვერაფრით მოახერხა ხელიდან გასხლტომოდა და მხოლოდ თავს იქნევდა, რომ ტუჩები აერიდებინა ნოდარის ტუჩებისთვის. შენიშნა მაგდამ, როგორ აემღვრა თვალები ნოდარს და შეეშინდა, მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა და თქვა ის, რის თქმასაც აპირებდა:
- რა შეგამჩნიე? ვაჟკაცი კაცი გულწასულ ქალზე ძალას არ იხმარს! და მე შენ ამას ვერასოდეს გაპატიებ! გამიშვი ხელი!

ნოდარმა მოწყვეტით ჩამოუშვა ხელები, სახეზე მკვდრის ფერი დაედო...
"აი, თურმე რა ჩამითვალა სიმხდალეში... და მაგდა მართალია!... მაგრამ მაგდამ ხომ ყველაფერი არ იცის?! მე მხდალი არ ვარ! არ ვარ და ამას დავუმტკიცებ მაგდას! დავუმტკიცებ, რადაც არ უნდა დამიჯდეს..."
ფიქრობდა ნოდარი და ხმას ვერ იღებდა... არაფერი ჰქონდა სათქმელი... ვერ მონახა ის არგუმენტი, რომლითაც იგი მაგდას წინაშე თავს იმართლებდა...

- ნოდარ, თუ არ შეწუხდები, ტრასამდე გამიყვანე... მე ხომ არც კი ვიცი, სად ვარ?!

მაგდამ კარი გააღო და კიბეზე დაეშვა.
უცებ ეზოსკენ გაექცა თვალი და ადგილზე გაშეშდა, - ეზო წალკოტს ჰგავდა: მწვანედ მობიბინე ერთი სიმაღლის ბალახი, აყვავებული ვარდის ბუჩქები, - წითელი, ყვითელი, თეთრი, ვარდისფერი, ალისფერი, იასამნისფერი, თითქმის შავი... რა ფერის ვარდი აღარ იყო გადაშლილი!
ეზოს შუაგულში მოზაიკით მოპირკეთებული აუზი იყო გაკეთებული, საიდანაც შადრევანი ამოსჩქეფდა. აუზიდან ეზოს ოთხივე კუთხისკენ მიემართებოდა წვრილი კენჭებით მოკირწყლული ბილიკები. ბილიკების შუაწელზე წრიული, ისეთივე მოკირწყლული, მხოლოდ უფრო ფართო გზა გადიოდა. შადრევნის ორივე მხარეს, სიმეტრიულად, მტირალა ტირიფების ჩრდილში მაგიდა და სკამები იყო ჩადგმული. ჩიტების ჭიკჭიკ-გალობა აყრუებდა არემარეს. დილის მზე კიდევ უფრო ლამაზს ხდიდა ისედაც საოცრად ლამაზ ეზოს.
- ღმერთო, რა სილამაზეა! – აღმოხდა მაგდას.
- ეს ყველაფერი შენია, მაგდა! - ამ ხმამ გამოაფხიზლა მაგდა და ნოდარისკენ აღარც მიუხედავს, ისე ჩაირბინა კიბეზე, ეზო გადაჭრა და ქუჩაში გავიდა.
- მაგდა, მოიცა, ნუ გარბიხარ! ერთ წუთს მაცალე, ახლავე მოვალ... - ნოდარი მეზობელ ჭიშკარში შევიდა და "ზაზა, ზაზაო"- დაიძახა.

ფანჯრიდან ახალგაზრდა ვაჟის ნამძინარევი თავი გამოჩნდა. ნოდარმა რაღაც უთხრა და იმანაც, მაშინვე, გასაღების აცმა გადმოუგდო. ნოდარმა გარაჟის კარი გააღო, წითელი ვაზ-2106 გამოიყვანა და მაგდას წინ გააჩერა.

მაგდა მანქანაში ჩაჯდომას არ აპირებდა.
- ნუ გეშინია, მაგდა, შენს თავს ვფიცავ, პირდაპირ სახლში მიგიყვან…
- ვის სახლში, ნოდარ? რომელ სახლს გულისხმობ, შენსას თუ ჩემსას?
- შენს სახლში წაგიყვან, მაგდა!... დაჯექი...…

მაგდა მანქანაში ჩაჯდა და მანქანა ადგილს მოსწყდა.

მაგდა სახლში ბრუნდებოდა.


* * *

ნინო და მალხაზი სახლში ადგილს ვერ პოულობდნენ, არ იცოდნენ, რა მოემოქმედებინათ, სად ეძებნათ ერთადერთი ქალიშვილი.
მილიციაში დარეკეს და: "თუ სამი დღის განმავლობაში არ გამოჩნდა, აღრიცხვაზე ავიყვანთო"...
საავადმყოფოებში დარეკვისაგან თავი შეიკავეს, გათენებას დაელოდნენ, იმედი ჰქონდათ, დილას აუცილებლად გაირკვეოდა რამე!

გათენებისთანავე დარეკა ნათიამ: "მაგდა ხომ არ გამოჩენილაო?!..."
ნინოს ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა, მოკლედ უპასუხა, "არაო" და ყურმილი დაკიდა, შემდეგ სავარძელში ჩაჯდა და აქვითინდა.
- მაგდა, ჩემო გოგონა! ცოცხალი თუ მაინც ხარ, შვილო!... ოდესმე თუ გნახავ, ნეტა, კიდევ?! ვაი, შენს დედას, შვილო!.....
- მოიცა, ნინო, ნუ გამოიტირებ ასე!... 10 საათამდე დაველოდოთ, შემდეგ კი საავადმყოფოები ჩამოვიაროთ... ნემსი ხომ არ არის, რომ დაიკარგოს? ვაი, შვილო!
- ვინ იცის, სად არის ახლა ჩემი გოგო?! იქნებ რა დღეშია?! ოღონდ ცოცხალი იყოს და არაფერს ვჩივი სხვას.

თითქმის ერთდროულად გაისმა ორი ზარი: ერთი – ტელეფონის, მეორე კი – კარზე.
ნინო კარის გასაღებად წავიდა, გიტარის სიმივით დაჭიმულმა მალხაზმა კი – ყურმილი აიღო.
- ალო! გისმენთ!...
- ალო, თქვენ მაგდას მამა ბრძანდებით? ნუ ინერვიულებთ, გილოცავთ მაგდას გაბედნიერებას!... - სხაპასხუპით მიაყარა ვაჟის ხმამ და ყურმილი დაკიდა.
- ალო!... ალო!... – ჩასძახოდა მალხაზი ყურმილში, მაგრამ...
ტუუუუ... ტუუუუ... ტუუუუ...

მალხაზმა ყურმილი დაკიდა და ოთახში შემოსულ ნინოს მიაჩერდა.
ნინოს უკან ნათია დაინახა მალხაზმა.
- რამ დაგამუნჯა, კაცო, ამოიღე ხმა!... ვინ იყო, მაგდამ დარეკა?... რაო?... გასკდა გული, თქვი რამე!...
- ნინო, მაგდა გათხოვილა! – ისეთი ხმითა და სახით თქვა მალხაზმა, თითქოს მაგდას გათხოვების კი არა, გარდაცვალების ამბავი შეატყობინესო ამ წუთას.
- როგორ თუ "გათხოვდა"?! ვინ გათხოვდა?!...
- ვინ... ვინ... ვინ გათხოვდა და მაგდა!...
- ეს შეუძლებელია, მალხაზ!... თავისი ნებით მაგდა არ გათხოვდებოდა! ალბათ, ვერ გაიგე რაღაც...
- დეიდა ნინო, ვაი, თუ მოიტაცეს მაგდა, მაშინ? – ჩუმად ჩაილაპარაკა ნათიამ.

ცოლ-ქმარს მხოლოდ ახლა გაახსენდათ ნათიას იქ ყოფნა.
- ნათია, შვილო, რამე იცი, დედიკო? – ნინო მოლოდინით სავსე თვალებით შეჰყურებდა გოგონას და პასუხს ელოდა.
- არა, მე რა უნდა ვიცოდე? მე ხომ სახლში ვიყავი?! იქნებ არც მოუტაციათ?!...
ეს ისე ვთქვი, შეიძლება-მეთქი...


10 საათი სრულდებოდა, როდესაც სახლის წინ მუხრუჭების ჭრიალით გაჩერდა მანქანა. ნათია და ნინო ფანჯარას მისცვივდნენ, მალხაზმა კი ფეხზე წამოდგომა ვერ მოახერხა, ისეთი დარტყმა მიიღო მან ნახევარი საათის წინ.…

მანქანიდან ფერდაკარგული მაგდა გადმოვიდა და სადარბაზოსკენ წავიდა. საჭესთან მჯდომმა ვაჟმა რაღაც უთხრა მაგდას, მაგრამ უპასუხოდ დარჩენილმა ჯერ თავი ჩამოაყრდნო საჭეს, შემდეგ კიდევ ერთხელ მოხედა მიმავალ მაგდას და მანქანა მთელი სისწრაფით მოსწყვიტა ადგილიდან.

მაგდა მტკიცე ნაბიჯით მოდიოდა. მალე კარი გაიღო და მაგდა ოთახში შემოვიდა. მაგდას დანახვაზე მალხაზი  ჯერ ფეხზე წამოხტა, მერე ჩუმად წარმოთქვა "მაგდა, შვილოო" და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში.

ქაღალდივით გაფითრებულმა მაგდას სახემ ისე შეაშინა ნინო, რომ თითქოს ფანჯრის წინ იატაკს შეეზარდაო, ფეხის გადადგმა ვეღარ მოახერხა. მაგდასთან მხოლოდ ნათია მიიჭრა და მეგობარი გულში ჩაიკრა.
- მე დავბრუნდი... -ამის თქმა-ღა მოასწრო მაგდამ და გულწასული ნათიას მკლავებში ჩაიკეცა.

თვალი რომ გაახილა, პირველი, რაც დაინახა, ეს იყო ნინოს ცრემლიანი, შეშლილი სახე, მის ფერხთით ჩამომჯდარი, ტირილისგან თვალებდასიებული ნათია და მალხაზის შეშინებული თუ შეძრწუნებული თვალები.

მაგდა დივანზე იწვა.
ერთადერთი, რისი თქმაც მოახერხა, - "დედა, მცივაო..." და მაშინვე ჩაეძინა.
რომ გაიღვიძა, უკვე ღამე იყო. ნათია წასულიყო. ნინომ ლოგინი გაშლილი დაახვედრა.

მაგდა ლოგინში ჩაწვა და კედლის ბრა აანთო. ნინოც მის ოთახში შევიდა და საწოლთან ჩამოჯდა, თან კი შეკითხვით სავსე თვალებით მიაჩერდა მაგდას.
- დედა, გთხოვ, ახლა არაფერი მკითხო… და საერთოდ არ მკითხო არაფერი გუშინდელი დღის შესახებ!... არაფერი, არასოდეს!... – მაგდას ტუჩები აუთრთოლდა და ზღვისფერი თვალები ცრემლის ტბაში ჩაეძირა.

- დედა, ჩემო დედიკო! რა უბედური ვარ, რომ იცოდე, დედა!... – ამოიკვნესა მაგდამ, ბალიშიდან თავი წამოწია და დედის კალთაში ჩამალა ატირებული სახე.
- ვინ, მაგდა, ვინ ჩადგა ჩვენს ცოდვაში ფეხი?!... - ჩუმად ჩურჩულებდა ნინო, მაგდას თმაზე ეფერებოდა და თან ღაპა-ღუპით სდიოდა ცრემლები.
- ნუ, დედა! ნურაფერს მკითხავ!... ახლა მაინც... გთხოვ!... – მაგდა ბალიშებზე გადაწვა და ცრემლიანი თვალები შეანათა ნინოს, - მე ახლა ვერაფერს გეტყვი...
უეცრად მაგდა წამოჯდა და განწირული ხმით წამოიძახა;
- დედა, გთხოვ, ხვალვე წავიდეთ სადმე!... სულერთია სად, ოღონდ თბილისს მოვცილდე, ცოტა ხნით მაინც!... დედა!...
- კარგი, მაგდა, დაწყნარდი! ხვალვე წაგიყვან სოფელში... შენ მოგიკვდა შენი დედა, შვილო!... ბებიასაც გაუხარდება შენი ჩასვლა... მაგრამ... მაგრამ, მაგდა, იქნებ მაინც გეთქვა, სად იყა...
- დედა, გთხოვ! ნუღარაფერს მეკითხები... ნურაფერს!... – ისტერიული ხმით იყვირა მაგდან და ისევ გული წაუვიდა.
ნინომ მაშინვე მალხაზი იხმო და, როგორც იქნა, მაგდა გონს მოიყვანეს.

გულისწასვლა ბავშვობიდან ახასიათებდა მაგდას. სულ ვერ უძლებდა ვერც ტკივილს, ვერც ნერვიულ დაძაბულობას... ძლიერი შიშის დროს კი – შოკში ვარდებოდა. ამიტომ ნინოს ყოველთვის ხელთ ჰქონდა ნიშადურის სპირტი და მრავალი სხვა საგულე საშუალება.

ამის შემდეგ ნინოს აღარაფერი უკითხავს, მხოლოდ შუბლზე აკოცა მაგდას, სინათლე ჩაუქრო და ოთახიდან გამოვიდა.


(გაგრძელება იქნება)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები