ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2009


9 აპრილი, 1989 წელი... & თბილისის ომი

9 აპრილი, 1989 წელი...

მშვიდობიან მიტინგს ”დაშლა დაუპირეს”,
თქვენ გგონიათ, მართლა პოლიგონია?...
ვაი, ტანკქვეშ გათელილო საქართველო,
ეს რამდენი ყვავილები გქონია!!!

ტანკებს უკან ჯარი მოჰყვა დაგეშილი,
თქვენ კი ისევ თქვენს სიმღერებს მღეროდით!!!
”დამსხდართ ხელს არ გვახლებენო” - თუ იფიქრეთ,
შეწყალებას ჯალათისგან ელოდით?!!!

”ქალი ვარ და ჩემზე ხელს ვერ აღმართავსო!
ქალთან ბრძოლა ვაჟკაცს არ ეკადრება!”.......
... და თბილისის არტერიულ მაგისტრალზე
სისხლის სუნი იგრძნეს ბერმა ჭადრებმა!...

ვერ დაგიცვათ, დაგიფარათ ვერც ქალობამ
და ვერც თქვენმა თოვლისფერმა ხალათმა...
ქართველობა დაგდოთ ბრალად  უგუნურმა,
ნამუსზე ხელჩაქნეულმა ჯალათმა!!!

სისხლისმსმელებს, პირსისხლიან არაკაცებს
ქართველთ სისხლი, იქნებ, შერჩათ, - ჰგონიათ?!...
ვაი, ნიჩბით დაჩეხილო საქართველო,
ეს რამდენი ყვავილები გქონია!!!

უმანკოთა სისხლით მორწყულ ქართულ მიწას
ქლორიანი წყლით მორეცხავთ გგონიათ?
მაშინ, თურმე, არ გცნობიათ ქართველები,
ქართულ ჯიშზე არც რა გაგიგონიათ!!!

მალე მუშტად შეიკვრება ქართველობა,
გააღვიძებს სულში მძინარ გოლიათს...
დღეს კი... ცრემლებშეუმშრალო  საქართველო,
ეს რამდენი ყვავილები გქონია!!!

                                                  1989, აპრილი




თბილისის  ომი


1992 წლის მარტი...
ახალი დამთავრებულია ”თბილისის ომი”!...

ჩემი დის მეგობარი ნანა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, რამდენიმე დღით დედასთან სტუმრად ჩამოვიდა თბილისში 7 წლის შვილთან ერთად.

გამიხარდა მისი ჩამოსვლა. სახლში მოვიპატიჟე.
ნანა შვილთან ერთად მეწვია. ჩემი დაც ახლდათ.
საღამოს ყველანი ქალაქის ცენტრში გავედით, - ნანამ გვთხოვა ”თბილისის ნახვა მინდა  და წამომყევითო...”

დიდხანს ვიარეთ თბილისის დანგრეულ, ნატყვიარ და გადამწვარ ქუჩებში.
პატარა ნიკა პირდაღებული ათვალიერებდა ოდესღაც ულამაზესი ქალაქის ცენტრში შენობათა ნანგრევებს.

ქაშუეთს რომ მივუახლოვდით, ნიკა შეჩერდა და დიდხანს შეჰყურებდა ეკლესიის ნატყვიარ კედლებს. შემდეგ უცებ მოგვიბრუნდა და ცრემლიანი თვალებით იკითხა:

-  დედა, რატომ მოკლეს თბილისი?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები