ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
11 აპრილი, 2009


თავი 19. შერიგება ("გაცვლა")

ახალი წელი ახლოვდებოდა.

უჩვეულოდ თბილი ნოემბრის შემდეგ სრაფად აცივდა.
დეკემბრის დასაწყისში თოვლი მოვიდა და აღარც აუღია.
მზემ თავი დაიფასა, - იშვიათად ჩნდებოდა ცის კაბადონზე. ცა, ძირითადად, მოღრუბლული იყო და ხშირად თოვდა, ხან წვრილად, ხან – მსხვილი ფანტელებით. ახალი თოვლის ფენა – ძველს ეფინებოდა. თოვლის სიმაღლე – მუხლამდე იყო უკვე.
თითქმის 20 დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსზე ზევით არ ასულა. მშრალი თოვლი, ქუჩების ნათურების შუქზე, ცივი სიბრწყინვალით ქათქათებდა... 
დღის განმავლობაში თოვლი ჩუმად და უხმაუროდ იდო...
დაღამდებოდა თუ არა, ჭრრრ...  ჭრრრ...  ჭრრრ... – აჭრაჭუნდებოდა გამვლელთა ფეხქვეშ და ღამის სიმყუდროვეს არღვევდა.

სტუდენტები საახალწლო კარნავალისთვის ემზადებოდნენ. მისი ორგანიზება, როგორც ყოველთვის, თეონას დაევალა.
მარჯანიშვილის თეატრიდან და ოპერიდან გამოიტანეს ძველი, მოხსნილი სპექტაკლების რეკვიზიტები, - ტანსაცმელი, პარიკები, მარაოები, ლორნეტები...

ტანსაცმელი საოცრად დამტვერილიყო უქმად კიდებისგან.
თეონამ და მისმა მეგობრებმა ამ რეკვიზიტების მოწესრიგება ითავეს: ზოგს ფერთხავდნენ, ზოგს რეცხავდნენ, აუთოვებდნენ, აპრიალებდნენ...
საახალწლო მზადება “სიჩქარეს” იკრებდა.

რამდენჯერმე შეხვდა ჯაბა თეონას, - ხან უნივერსიტეტის დერეფანში, ხან – ავტობუსის გაჩერებასთან, მაგრამ მხოლოდ შორიდან მისალმება გაბედა. თეონაც მხოლოდ თავის დაქნევით ესალმებოდა და სწრაფი ნაბიჯით შორდებოდა-ხოლმე!..
რამდენჯერმე დარეკვაც გადაწყვიტა ჯაბამ, მაგრამ... რომ ახსენდებოდა, რა თვალებით შემოხედა თეონამ ტაქსიში ჩაჯდომის წინ, - ვეღარ ბედავდა.

ჯაბა უნივერსიტეტის კიბეზე ეშვებოდა და ფიქრებს ებრძოდა:
“ეს რა გამიკეთე, ზეიკო, რა გამიკეთე?!... ან ამ პატარა გოგოს რა ძალა აქვს ასეთი, ახლოს მისვლა რომ ვერ გამიბედავს?! დედაჩემი ყოველდღე მეკითხება, “თეონა თუ შემოირიგეო?...” ვერაფერს ვეუბნები... როდემდე ვატყუო, - “არ მინახავს, არ შემხვედრია-მეთქი”?!... ოხ, თეონა, თეონა!... არ მინდა ვიფიქრო, მაგრამ... ეს ჩემს ძალებს აღემატება!“

- ჯაბა!... – შემოესმა ნაცნობი ხმა და თავი ასწია.

მის წინ ნანა იდგა.
- გამარჯობა! სად დამეკარგე? – ნანა მივიდა და ჯაბა გადაკოცნა.
- გაგიმარჯოს... ისე, მეგონა, რომ შენ დაიკარგე.
- ხო, ალბათ, მეც დავიკარგე!... არაფერს მეტყვი?
- და რა გინდა, რომ გითხრა? მადლობა გადაგიხადო საავადმყოფოში რეგულარული სიარულისთვის? თუ სახლში გამოწერის მერე – თავის შეწუხებისთვის? თუ აქ მნახე და ბოდიში მაინც მომიხადე, - ვერ მოვედიო?...
- კარგი, ხო, ნუ გამომიყვანე უგულო ტიკინა!
- არა, მე არ გამომყავხარ...
- ვიცი, დამნაშავე ვარ... მაგრამ უნდა გამიგო! ჩვენ ჯერ მხოლოდ არაოფიციალურად ვიყავით საცოლე და საქმრო... ოფიციალური ნიშნობა რომ გვქონოდა, კიდევ ხო... მაგრამ...
- რისი თქმა გინდა ამით?! – გაუკვირდა ჯაბას.
- მაპატიე, ჯაბა... მე სხვა შემიყვარდა! შენ არაფრით ხარ მასზე ნაკლები, მაგრამ... არც მეტი ხარ რამით!
- ვერ გავიგე...
- რა ვერ გაიგე? ნაღდი სვანი ხარ!
- მე ყოველთვის სვანი ვიყავი... და ყოველთვის სვანი ვიქნები!
- ჰო, იყავი და ხარ...იქნები კიდეც... მე კი – ქართლელი ვარ! და ვერ შევეწყობით ერთმანეთს, ჯაბა! ორი განსხვავებულად მძიმე ხასიათი – ძალიან ძნელი შესაწყობია! მე კი არ მინდა, რომ ჩვენი ხასიათების შეუთავსებლობის გამო დავცილდეთ!
- და ამიტომ ვცილდებით?!... მდააა, საინტერესოა! ისიც ქართლელია, ვინც შეიყვარე?
- არა... იმერელია!
- ნანა, მერე არ დაგწყდეს გული!...
- იცი რა? თუ ვნახავ, რომ ვერც იმას შევეწყობი, მაშინ – შენ დაგიბრუნდები...
- თუ ნახავ? – ჯაბამ ხმამაღლა გადაიხარხარა. მაგრამ ეს არ იყო მხიარული სიცილ-ხარხარი! ეს ისტერიკაში მყოფი ადამიანის ხარხარი იყო! – არა, ნანა... არ დაცილდე იმ შენს იმერელს! მეც სხვა შემიყვარდა! ის, ვინც სრულიად მშვიდად ხვდება ჩემს სვანობას!... ის, ვინც ყოველდღე მაკითხავდა საავადმყოფოში ისე, რომ არ იცოდა, რას ვგრძნობდი მის მიმართ!... ის, ვინც შენს გამო კინაღამ დავკარგე და მე მადლობელი ვარ შენი, რომ მის პოვნაში დამეხმარე!!
- ესე იგი, მართალი ყოფილა... – ჩუმად ჩაილაპარაკა ნანამ და გვერდზე გაიხედა, რათა ცრემლიანი თვალები დაემალა. შემდეგ უცებ გაიღიმა და ჯაბას ლოყაზე აკოცა, - მშვიდობით, ჯაბა! იმედია, მასთან მაინც იქნები ბედნიერი... – და სწრაფად აირბინა კიბეზე.

ჯაბამ კიბეზე ჩაირბინა და გარეთ გავიდა.
ისევ თოვდა.
“უუფ, გააჭირა ამ თოვამ საქმე! შეიძლება ასე? 20 დღეა თოვს! კიდევ კარგი, არ ყინავს კიდეც, თორემ რა ივლიდა ამ კიბეებზე?!... დღეს განცხადება გააკრეს, “28-შია კარნავალიო”... იქნებ მივიდე და იქ, კარნავალზე შევირიგო თეონა? ბოლოს და ბოლოს, რა დავაშავე?!... მე რა დავაშავე, თორემ ზეიკო – საცემია იმისთვის, რაც გააკეთა!...”

- თეონა, ახლა სად მიდიხარ? – გაიგო ჯაბამ ვიღაც ბიჭის ხმა და სმენა დაძაბა, თან ნელა წავიდა თეონას მიმართულებით.
- ახლა – სახლში...…ხვალ დილას - პირველ კორპუსში, ომარ! დარბაზის შესახებ უნდა შევუთანხმდე პროფკომში და... ფაქტიურად, მხოლოდ პრიზები დაგვრჩება საყიდელი. ხვალ არა და ზეგ წავიდეთ... უნივერმაღში ყველაფერს ვიყიდით.
- კარგი, წავედი... აბა, ხვალამდე! – ომარი შებრუნდა და მეორე მხარეს წავიდა.
- მოიცა, ომარ, - დაადევნა ხმა თეონამ და გვერდზე მიიხედა. უცებ ფეხი აუსრიალდა და... პირდაპირ ჯაბას მკლავებში აღმოჩნდა.
- ჯაბა, შენ? აქ საიდან გაჩნდი? – გაუკვირდა თეონას და ჯაბას ხელებიდან განთავისუფლება სცადა.
- ციდან ჩამოვვარდი! – გაეცინა ჯაბას, - აქ რომ არ ვმდგარიყავი, კიბეზე მოადენდი ზღართანს. მოიცა, ჩაგიყვან... – ჯაბამ ისე მაგრად მიიხუტა თეონა, რომ ლამის მიწას მოსწყვიტა და ხელში აყვანილი გადაიყვანა გზამდე.
- ჯაბა, დამსვი, სირცხვილია...
- მაშინ - გამიცინე და მითხარი, რომ არ მემდური!
- შენ? შენ არ გემდური... ზეიკოზე ვარ გაბრაზებული! შენ რას იზამდი ჩემს ადგილას?
- ალბათ იგივეს!
- ხოდა, მეც მანდ ვარ!... მაყვალა დეიდა როგორ არის? ვერც კი დავემშვიდობე იმ დღეს...
- სულ გკითხულობს, “სად დამიკარგეთ ის გოგოო”, ლამის დაგვხოცოს სამივე...
- ვინ სამივე?
- მე, ზეიკო და მეგი... არა და, არც მეგიმ იცოდა რამე!…ზეიკოს ძალიან უყვარხარ, თეონა! ამიტომ მოიფიქრა ასეთი რამ!
- ვიცი, ჯაბა! კარგი, წავედი... დამსვი ახლა... მოხვალ კარნავალზე?
- გინდა, რომ მოვიდე?
- მინდა... და შენ არ გინდა მოსვლა?
- თუ შენ გინდა, - მეც მინდა!... და ესე იგი, მოვდივარ!
- კოსტიუმი გააქვს?
- შარვალ-კოსტუმი?
- არა, საკარნავალო კოსტუმი... თუ არა გაქვს, წამო ჩემთან, აგარჩევინებ!

ჯაბა უხმოდ ჩაჯდა ავტობუსში თეონასთან ერთად და თან გაჰყვა. თან იმას ფიქრობდა, “სად ცხოვრობს, იმას ხომ მაინც გავიგებო?”

სახლში ბებია დახვდათ, საოცრად კეთილი და სათნო მოხუცი.
ბებია თეონას პირველი და მთავარი მესაიდუმლე იყო. თეონა ჯერ ბებიას უყვებოდა ყველაფერს, შემდეგ – მამას და მერე დედას... ამ დროს ნინუცა – მხოლოდ დედასთან პოულობდა საერთოს და მას უმხელდა-ხოლმე გულის ხვაშიადს.

ახლაც, სახლში შესულმა, სრულიად ჩვეულებრივად წარმოთქვა:
- ბებო, ესაა ჯაბა, ჩემი მეგობარი...
- მობრძანდეს ბატონო... კეთილი იყოს შენი ფეხი, ჯაბა...
- დიდი მადლობა, ბებო... – ჯაბამ ხელი ჩამოართვა ნინო ბებიას.

ამ უბრალო პასუხითაც ჩანდა, რომ ნინო ბებიამ ყველაფერი იცოდა ჯაბას შესახებ. არ უკითხავს, “ვინაა ჯაბა, სად გაიცანიო?...”

- ბეე, ვინმეს ხომ არ დაურეკავს? კოსტუმები არ მოუკითხიათ?
- კი, თეონა, დარეკეს... საღამოს 6-სთვის მოვალთო. შენც კოსტუმი გინდა, შვილო?
- კი, ბებო... ჯერ – მხოლოდ კოსტუმი.
- მაშინ მისი აქსესუარებიც ბარემ ეხლა წაიღე, თორემ... მერე შეიძლება აღარც დაგხვდეს...
- რომელი აქსესუარები?
- რა ვიცი, ახლა არ თქვი, “ჯერ მხოლოდ კოსტუმი მინდაო”? ხოდა, ბარემ აქსესუარებიც-მეთქი...
- ხოოო... დიახ, რა თქმა უნდა... – გაეცინა ჯაბას, თან კი ფიქრობდა, “იმ “აქსესუარს”, რომელიც მე მჭირდება, “თეონა” ქვია და არა მგონია, ასე მარტივად გამატანო, კეთილო ბებია!”
- ჯაბა, აქეთ შემოდი... – დაუძახა თეონამ და ერთ-ერთ ოთახში გაიყვანა, სადაც 15-20 საკიდზე იყო გამზადებული მამაკაცის ტანსაცმელი.
- მხოლოდ მამაკაცის ფორმები გაქვს მოტანილი?
- არა, ქალის ტანსაცმელი – მეორე ოთახშია. ერთად ვერ დაეტეოდა და ასე გადავანაწილე... დაგტოვებ და მოიზომე, რომელიც მოგეწონება.
- მოიცა, არ წახვიდე... ჩემით ვერ შევარჩევ. შენ რას იცვამ თავად?
- მე? მარიამ სტიუარტის კაბას... ვერიკო ანჯაფარიძის ნაქონია.
- მაშინ მეც მაგ ეპოქისა შემირჩიე რამე!
- კარგი, თუკი მოგერგო...

მალე შეარჩიეს ფრანგი შევალიეს კოსტუმი. ისე კარგად მოერგო, გეგონებოდა ჯაბას ტანზე შეუკერიათო.
- შენც ჩაიცვი, აბა?
- ახლა? არა, მერე აღარ დაგაინტერესებს!...
- მაინც დამაინტერესებს...
- არააააა! არ ჩავიცვამ! ისე დაგანახებ, თუ გინდა.
- კარგი, არც ისე მანახო... სიურპრიზად იყოს!


* * *

სწრაფად გაირბინა დარჩენილმა რამდენიმე დღემ.
28 დეკემბერს მზემ გამოანათა და ისე ააბრჭყვიალა ღამით მონათოვი თოვლი, გეგონებოდა, ზღაპრულ სამყაროში მოხვდიო! ლამის მთელი თბილისი ერთად გამოეფინა მონატრებული მზის სანახავად.

თეონა დილიდანვე გაიქცა დარბაზის მოსაწესრიგებლად.
მის გარეშე – არაფერი კეთდებოდა: 
თეონას უნდა ეთქვა, სად დაიდგმებოდა ნაძვის ხე და  სად განთავსდებოდა  ფაკულტეტის ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის ინსტრუმენტები...
სად და რა წყობით უნდა დადგმულიყო მაგიდები, რომ წამყვანებს ხელი არ შეშლოდათ მაგიდებს შორის გადაადგილებაზე...
სად უნდა დაეკიდათ გირლანდები თუ ბუშტები...

- ხალხნო, მე რატომ მელოდებით-ხოლმე? თქვენც მიიღეთ მონაწილეობა ამ ორგანიზებაში, რაა?
- თეონა, შენ სხვა ხედვა გაქვს... შენნაირად ვერ გავაკეთებთ, ხომ იცი, არა? გვიხელმძღვანელე და შევასრულებთ!...
- კაი, ბატონო, მაშინ... – და იწყებოდა საერთო ფუსფუსი თეონას გაცემული ბრძანებების შესასრულებლად.

თეონას ერთ-ერთი სტუდენტი, გელა მიუახლოვდა და გაბერილი ბუშტები მიაწოდა.
- მე რად მინდა ეს ბუშტები? მოდი, გირლანდებთან დავკიდოთ.
- იმ სიმაღლეზე? ვერ მივწვდებით.
- მაღალი ბიჭია საჭირო.…
- თეონა, 1.90 – ვარ და ტკაჩენკო – აქ არ ჩამოვა ამ გირლანდებისთვის...
- ვინ ტკაჩენკო?
- კალათბურთელი... 2.14-ია სიმაღლით!
- კაი, არ მინდა ტკაჩენკო. შენი სიმაღლეც მეყოფა...

ჯერ 4 მაგიდა მიადგეს ერთმანეთს, მას კიდევ 2 მაგიდა დაადგეს, შემდეგ 2 სკამი, იმაზე – კიდევ სკამი და გელა ნელა შეუყვა ამ თვითნაკეთ “კომუნიზმის პიკს”.

- თეონააა, თეეე, ამ მწვერვალის დაპყრობაში მეკუთვნის რამე?
- კი, რომ ჩამოხვალ, “დათუნია” კამფეტს გაჭმევ...
- მაშინ ჯერ ავალ და მერე ვიფიქრებ ჩამოსვლაზე...

ამასობაში გელა ბოლო სკამზე ავიდა და იქიდან გადმოხედა დარბაზს.
- თეონაა, ეს მაგიდები ცოტა მარჯვნივ გადაწიეთ, არ არის სიმეტრიულად.…
- კიდევ?
- კიდევ – ინსტრუმენტები მიწიეთ ცენტრისკენ... მიკროფონებიანად...
- კარგი... სხვა, გელა?
- სულ ბოლო რიგიც ცოტა კედელს მოაცილეთ, სკამები ვერ გასწორდება. აუუ, მაგარია. ხელისგულივით ჩანს მთელი დარბაზი. ახლა შენ მითხარი, სად მივაბა ეს ბუშტები?
- გირლანდების ცენტრში დაკიდე, გელა...
- კარგი... თეეე, აქედან რომ გადმოვვარდე, რას იზამ?
- კაი ენის იყავი... რას ვიზამ და ეგრევე გაგაქანებ სასწრაფოთი.
- არ დამიჭერ?
- მე როგორ უნდა დაგიჭირო, გაგიჟდი? – ამის თქმა ვერ მიასწრო თეონამ, რომ გელას სკამი აუცურდა და ტყვიასავით წამოვიდა მაღლიდან.

სულ ერთ წამში თეონამ მთელი ენერგიის მობილიზება მოახდინა, ხელი ჰკრა და 6 მაგიდა და 3 სკამი – წინ გაწია. სამაგიეროდ თავად ვეღარ მოასწრო გამოსვლა, - გელამ მთელი ძალით დაჰკრა მხრებზე ხელები და ჯერ თეონა წააქცია და მერე თავად დაეცა ზევიდან.
თეონას ყვირილი დარბაზში მყოფთა კივილმა გადაფარა.

გელამ ძლივს ასწია სხეული და წამოდგა. აი, თეონა კი, კარგა ხანს, ვერც კი გაინძრა.
გამოძახებული სასწრაფოს ექიმებმა – მოტეხილობა ვერ აღმოაჩინეს, თუმცა კი ურჩიეს 2-3 დღე არ ამდგარიყო ფეხზე.
თეონასთვის დიდი ტახტი მოიტანეს და ამ ტახტზე წამოაწვინეს. მთელი საათი ამ ტახტზე წამოწოლილი თეონა ხელმძღვანელობდა დარბაზის საბოლოო მოწესრიგებას.

გელა ადგილს ვერ პოულობდა. მერამდენედ ჰკითხა, - როგორ ხარო?
- თეე, შენ რომ რამე დაგმართოდა, თავს არ ვიცოცხლებდი, იცოდე...
- კაი, ნუ სულელობ...
- არ ვსულელობ... მართლა გეუბნები. იმიტომ რომ... იმიტომ... რომ...
- თეონა, მოდი, მანქანა მოვიდა, სახლში წაგიყვანთ. საღამოს ხომ უნდა მოხვიდე, არა? – ომარმა გელას სიტყვა გააწყვეტინა, მერე თეონას წამოდგომაში მიეხმარა და დაბლა ჩაიყვანა.

გელა კიბეზე ჩაჰყვა და სახლამდე გაყოლაც შესთავაზა, მაგრამ თეონამ სთხოვა დარჩენა:
- გელა, შენ რაც ზევიდან დაინახე გასასწორებელი, იმას შენს მეტი ვერავინ მიხედავს. ჩემი ხათრით, დარჩი და მიეხმარე, რა, ამათ?
- კარგი, თეეე, დავრჩები, აბა რას ვიზამ?! კიდევ ძალიან გტკივა?
- ვერ მოგატყუებ, გელა, მტკივა, მაგრამ... გავუძლებ! – გაეღიმა თეონას და მანქანის კარი მოხურა.

საღამოს თეონა მარიამ სტიუარტის კოსტუმით და თმის შესაბამისი ვარცხნილობით წარსდგა კარნავალზე. სტუდენტები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. რამდენიმემ ჩუმადაც ჩაილაპარაკა: “ყველაზე ლამაზი კოსტუმი თავისთვის გადაუდიაო”...

და მართლაც, მუქი ლურჯი და მუქი ზღვისფერი ხავერდი ვერცხლისფერ ფარჩასთან კომბინირებდა. დეკოლტედან თეთრად ანათებდა თეონას გადატკეცილი გულ-მკერდი, რომელსაც წვრილ ოქროს ძეწკვზე დაკიდებული “სოლიტერი” ანუ ერთადერთი დიდი “ბრილიანტი” ამშვენებდა... (მართალია, ბრილიანტის მაგივრობას მთის ბროლი სწევდა, მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა.) ასეთივე “სოლიტერები” ეკეთა ყურებზეც და თითზეც...
კაბის ფეხზე მდგარი, მუქი ზღვისფერი ხავერდის საყელო საოცარ ფონს უქმნიდა თეონას ზღვისფერ თვალებს და ზევით აკეცილ და შემდეგ – უკან ჩამოშლილ ოქროსფერ თმას.
შუბლს - დიადემა უმშვენებდა.

- თეეე, ნამდვილი დედოფალი ხარ! ძალიან გიხდება! – პატარა ბავშვივით ცმუკავდა გელა. – ჩემს მაგიდასთან ხომ დაჯდები?
- ვერა, გელა, ვერცერთ მაგიდასთან ვერ დავჯდები. მე ხომ წამყვანი ვარ? ჰოდა ცალკე მაგიდასთან ვისხდებით მე და ომარი.
- ზოგს რა ბედი აქვს? – სახე მოეჯღანა გელას.
- კარგი, გული არ გაიტეხო, ცოტ-ცოტა ხნით – ბევრგან დავჯდები... თქვენთანაც. …

საკარნავალო კოსტუმებში გამოწყობილი სტუდენტები თანდათან ავსებდნენ დარბაზს. ყველა ერთმანეთზე ლამაზი და მომხიბლავი იყო. მაგრამ თეონა თავის სადედოფლო კაბით – კარნავალის ერთპიროვნული ლიდერი იყო.
თეონას ომარი მიუახლოვდა და სთხოვა, “ცალკე მაგიდასთან ჯდომას, სხვადასხვა მხარეს დავსხდეთ და ჯვარედინად წავიყვანოთ საღამოო”. თეონას ჭკუაში დაუჯდა ომარის წინადადება და სიამოვნებით დათანხმდა.

მალე დარბაზში ჯაბა და მისი სამი მეგობარი ვაჟი შემოვიდა. პირდაპირ თეონასთან მივიდნენ.
- ვაა, თეონა, რა ლამაზი ხარ, გოგო?!
- მხოლოდ დღეს, ზურა?
- თეონა, ჩვენ სად გვსვამ? სადმე “სკუჩნი” ადგილი მოგვინახე, რა?
- აი, ძალიან ცენტრში რომ არ ვიყოთ, მაგრამ არც ძალიან ბოლოში...
- და თან შენთან ახლოსაც რომ ვიყოთ!
- ხალხნო, ცოტა იოლი რამე რომ მთხოვოთ? სამმა ადამიანმა სამი სრულიად სხვადასხვა მოთხოვნა წამომიყენეთ და თან ერთ მაგიდასთან გინდათ დაჯდომა?!... – გაეცინა თეონას. – ჯაბა, შენ სად გინდა?
- ჩემთვის სულერთია, მთავარია, კარგად ჩანდე...
- მე?
- ნუ, შენც და დარბაზის სცენაც... ხომ უნდა დავინახოთ რამე?
- კარგი, მაშინ აი, ამ მაგიდასთან დასხედით... მაგიდა № 7... ან იქით მხარეს, № 3-თან...
- შენ სად ჯდები? ჩვენთან, ხო? სკამს შეგინახავთ. და კიდევ ერთი ადგილი დარჩება...
- მაშინ გელაც თქვენთან დასვით და მეექვსე სკამი – მე შემინახეთ... – თეონა წავიდა, დარბაზის ცენტრში დადგა და სხვა “სტუმრების” მაგიდებთან განაწილებას შეუდგა.
- აუუუ, მაგარი გოგოა! ხომ ხედავ, სამივემ ჩვენ-ჩვენი თხოვნა ვუთხარით და შენი სურვილი გაითვალისწინა მხოლოდ... – თქვა გიგამ და მაგიდასთან დაჯდა.
- მართლაც... ბედი მაქვსო, შენ უნდა თქვა...  ეს რომ ხელიდან გაუშვა, ჩემთან გექნება საქმე! – და ზურამ ცენტრალური ადგილი დაიკავა მაგიდასთან.

ვალერიმ და გელამაც მონახეს თავ-თავისი ადგილი. თეონას – დარბაზისკენ ზურგით დაუტოვეს ადგილი, - თავად ისურვა ასე. მაგიდის განაპირას, თეონას გვერდით ორივე მხრიდან ისხდნენ გელა და ჯაბა.

ძალიან ლამაზი საღამო იყო...
თეონა – წამყვანი იყო.
კონკურსების მოგონების დიდოსტატი იყო და სტუდენტებიც და პროფესორ-
მასწავლებლებიც სიცილით იხოცებოდნენ ყოველი კონკურსის მიმდინარეობისას.

ძალიან ბევრი იცეკვეს, ბევრი – იმღერეს, ლექსები წაიკითხეს...
თეონასთან ცეკვა – ყველას უნდოდა...
ყველაზე მეტი ჯაბასთან და გელასთან იცეკვა.
გელამ რამდენჯერმე წამოიწყო თეონასთან სიყვარულზე ლაპარაკი, მაგრამ თეონამ ყოველთვის სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი. თან იმაზე ფიქრობდა, “გელას ადგილას რომ ჯაბა ყოფილიყო, მაშინაც შევაწყვეტინებდი თუ არა საუბარსო?”
ჯაბასთანაც ბევრი იცეკვა, მაგრამ მას არაფერი წამოცდენია ისეთი, თეონას რომ უნდოდა გაეგო.…

საღამოს ბოლოს – საკარნავალო კოსტიუმების კონკურსი ჩატარდა. იმასაც ყურადღება ექცეოდა, ვინ როგორ მოიხდენდა ამ ტანსაცმელს.
შეარჩიეს საუკეთესო “პრინცესა”, “ციგნის ქალი”, “მუშკეტერი”, “ზორო”, “პაჟი”... “ყველაზე ლამაზი კოსტიუმი”, “ყველაზე სასაცილო კოსტიუმი”, “ყველაზე სიმპათიური წყვილი”...
და აი, მოვიდა ბოლო კონკურსის დროც, - კარნავალის მეფისა და დედოფლის არჩევა.
ჟიურიმ (სპეციალურ მაგიდასთან მსხდარმა პროფესორ-მასწავლებლებმა) დედოფლის შესარჩევი კონკურსის გამართვაზე კატეგორიულად თქვეს უარი იმ მიზეზით, რომ კარნავალს სულ თავიდანვე ჰყავდა დედოფალი, - შეუდარებელი თეონა...
აი მეფის გამოსავლენად კი 12 ვაჟი ჩამწკრივდა. ჯაბა და გელა სულ ძალით დააყენა თეონამ ამ მწკრივში.
კიდევ კარგი, გასაკეთებელი არაფერი ჰქონდათ, მხოლოდ საკარნავალო კოსტიუმების კონკურსი იყო!

ჟიურის ხმები გაიყო. ნაწილმა ჯაბას მიანიჭა უპირატესობა, ნაწილმა კი – გელას.
და როდესაც დარბაზს მიანდეს საბოლოოდ შერჩევა და თეონა ჩადგა შესარჩევთა შორის, დარბაზმა ერთხმად იყვირა ჯაბას სახელი, რადგან საოცრად უხდებოდნენ ერთმანეთს... მარიამ სტიუარტი და ფრანგი შევალიე!...

თეონამ პრიზი გადასცა გამარჯვებულებს.
როცა პრიზი ჯაბას მიაწოდა, ჯაბამ პრიზი უკან დაუბრუნა და ჩუმად უთხრა:
- შენთან შემინახე!


(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები