ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
13 აპრილი, 2009


თავი 20. ახალი წელი ("გაცვლა")

31 დეკემბერია.
მთელი ოჯახი საახალწლო სამზადისშია ჩართული.

ბებია მის სანაქებო გოზინაყს აკეთებს და სხვა ვერაფრისთვის იცლის... ხუმრობა ხომ არ არის? – ორი კვირაა ხელით ამოჰყავს თაფლი. “მიქსერით გაკეთებული გოზინაყი სუფრასთან როგორ უნდა მიიტანოო”? – უკვირს. უგემრიელესი გოზინაყი იცის ბებომ.

მამამ გოჭის შეწვა და თევზის მოხარშვა ითავა.. მარტო თეონას ოჯახში კი არა, მთელ სანათესაოში გიზო და მისი ბიძაშვილი გენადი ითვლებიან თევზის ხარშვის დიდოსტატებად.

დედა აკეთებს ყველაფერს: საცივი იქნება, კუჭმაჭი,  ნიგვზიანი ფხალი და ისპანახი თუ სალათები, ქათმის შეწვა თუ ძროხის ხორცის “ჩახოხბილი”, თეონა რომ ხუმრობით “ჩაძროხილს” ეძახის...

ტკბილი სუფრა თავის ხაჭაპურებიანად – თეონას გასამზადებელია.
ნინუცას – ყველაზე საპატიო მოვალეობა აქვს, - სახლის დალაგება-დაკრიალება, რაშიც ბებიაც ეხმარება-ხოლმე, გოზინაყისთვის თაფლის მოთქვეფის შუალედებში.

ტელეფონის ზარი გაისმა. თეონამ ყურმილი აიღო.
- ალოო... – და ზეიკოს ხმა გაიგო.
- თეონა, მაპატიებ? ახალი წელი დგება... მოდი, ვითომ არ ყოფილა ის ერთი დღე... ნუ ხარ ჩუმად! რაც გინდა მითხარი, ოღონდ თქვი რამე...
- რა გითხრა, ზეიკო?
- არ ვიცი... მართლა არ ვიცი! მითხარი, რომ მაპატიე... – ხანგრძლივი პაუზა ჩამოვარდა, - ცუდი  მიზანი არ მქონია, მერწმუნე.
- მიზანი, შეიძლება, კარგი გქონდა, მაგრამ... შესრულება იყო საშინელი...
- ანუ, არა?
- ანუ, კი... გაპატიე, ზეიკო, დიდი ხანია გაპატიე... მხოლოდ ერთი პირობით, - ეს აღარასოდეს მოხდება!
- ხოდა, მაშინ, შერიგების მიზნით, ჩემთან ჩამოცუნცულდი... ხომ იცი, სადაც ვცხოვრობ? პავლოვის ქუჩის დასაწყისში... 15 წუთში – ჩემთან იქნები!
- ახლა? ახლა ვერ ჩამოვალ... ხვალ მოვალ, ბარემ ახალ წელსაც მოგილოცავ.
- კარგი, ბატონო... ხვალ იყოს!... გელოდები!


ტრადიციულად, ოჯახის მეკვლე – თეონა იყო.
ბავშვობაში – მამა ხელში აიყვანდა-ხოლმე და ოჯახში შემოსული მეკვლეები, გიზო და თეონა ერთად ლოცავდნენ ოჯახს: გიზო – ღვინით და თეონა – კამფეტებითა და გოზინაყით!
თეონა გაიზარდა და ტრადიცია კი – უცვლელად დარჩა, - ისევ მამა-შვილია ოჯახის უცვლელი მეკვლე!

ღამის 12 საათზე შემოაბიჯეს მეკვლეებმა ოჯახში.
გიზო სათამადოდ მიუჯდა მაგიდას, ოჯახის წევრებიც გარშემო შემოსხა და ახალი წელი დალოცა!
თეონამ ტელეფონი მიიჩოჩა მაგიდასთან. ყურმილი, ფაქტიურად, არ დაკიდულა, - თეონა ან რეკავდა და ან შემოსულ ზარებს პასუხობდა.
ვინ აღარ დარეკა, ნათესავებმა, მეგობრებმა თუ მეზობლებმა... მაგრამ ის ზარი, რომელსაც ასე ელოდა თეონა, არ დარეკილა.

ღამის პირველ საათზე თეონას მეგობრებმა გამოუარეს და “გაიტაცეს”, -  ესეც ტრადიცია იყო. ვაჟა-ფშაველას გამზირის სულ ბოლო კორპუსში მცხოვრები გია ღამის 00.30-ზე ნუკრისთან ჩავიდოდა, ორივენი – გოგასთან, სამივენი – ზურასთან, შემდეგ – დათოსთან, მერე თეონას სტუმრობდნენ, თეონაც მიყავდათ და ქეთისთან ჩავიდოდნენ და ბოლოს გელას და კახას აკითხავდნენ. ეს 9 ადამიანი საბოლოოდ რომელიმე ერთ-ერთის ოჯახს “ესხმოდა თავს” და დილამდე იქ ქეიფობდნენ. იმ წელს – გოგას სტუმრობდნენ.
გათენების ხანს დაბრუნდა სახლში და მაშინვე დაეძინა.

ახალი წელიც გათენდა.
დილის 10 საათიდან ისევ ფეხზე იყო თეონა.
აქაო და “კარგი ფეხი გაქვთო”, თეონას და ნინუცას, ნათესავებში, ოფიციალურად ჰქონდათ შეწერილი მეკვლის სტატუსი. მათ შორის 2-3 ოჯახი კარსაც არავის გაუღებდა, თუ კარს უკან თეონა და ნინუცა არ ეგულებოდათ.

დღის პირველ საათზე დაბრუნდა თეონა “სამეკვლეო ვოიაჟიდან”.
- ბეეე, არავის დაურეკავს ჩემთან?
- არა, თეონა, არავის... ვის უნდა დაერეკა?!
- ისე ვიკითხე, უბრალოდ! წამოვწვები, რა? თვალები მეხუჭება. გივი ბიძია როდის მოვა?
- 3-სთვისო... მამიდაშენიც მაგ დროისთვის გამოვა... 2 საათი გაქვს, წაუძინე, თუ გინდა!

თეონამ ლოყაზე აკოცა საყვარელ ბებიას და გულზე მიეხუტა, - იქ ყოველთვის სითბო და სიმყუდროვე, სიმშვიდე და სიყვარული ხვდებოდა.
- დარეკავს? – ჩუმად ჩაილაპარაკა...
- აუცილებლად დარეკავს, თეონა!
- გამაღვიძე... თუ დარეკავს!
- კარგი, წადი, დაიძინე!

საწოლამდეც არ იყო მისული, რომ ტელეფონმა დარეკა.
თეონამ ყურმილს დასტაცა ხელი.
- ალოო...
- თეონა, ჯაბა ვარ. ახალ წელს გილოცავ, პატარა!
- დიდი მადლობა, ჯაბა. მეც გილოცავ, მრავალს დაესწარი!
- რას აკეთებ?
- არაფერს...
- სულ-სულ არაფერს?
- არა, რატომ მეკითხები?
- თუ გცალია, ზეიკოსთან ჩამოდი...
- რატომ, კიდევ “გადანახულება” მაქვს?
- არა, არაა!... მე და დედა მოვალთ და მეგი და ბავშვები... მხოლოდ ჩვენ ვიქნებით... მოდი, გთხოვ!
- ოჯახური იდილია დაგირღვიოთ? მხოლოდ ოჯახის წევრები იკრიბებით და...
- გელოდები, ნუღარ მალაპარაკებ! რამდენ ხანში იქნები იქ?
- ჩაცმული ვარ და პირდაპირ წამოვალ... ნახევარ საათში – მანდ ვარ!

ბებიამ კონიაკი “ვარციხე” და ბონბონერკის კოლოფი გამოიღო კარადიდან და ჩანთაში ჩაუდო თეონას.
- ოჯახში ხელცარიელი ხომ ვერ შეხვალ?
- მალე მოვალ, ბეეე...
- არ იჩქარო, ესენი დიდხანს იქნებიან აქ, ასე რომ... თავისუფლად შეგიძლია დარჩე, რამდენ ხანსაც გინდა. თუ არა და, უშენოდ მივხედავთ ამათ!
- რა ბებო მყავხარ, შენ თავადაც არ იცი!...
- მთავარია, შენ იცოდე, თეონა! – ბებიამ გულში ჩაიკრა თეონა, აკოცა და გააცილა.


ზეიკო ისეთი აღფრთოვანებული შეხვდა თეონას, თითქოს ამაზე მეტი სასიხარულო არაფერი აქვსო. ჯერ არავინ მოსულიყო.
- რა გოგო ხარ, თეეეე! როგორ გამახარე! – მერამდენედ იმეორებდა ზეიკო და თან სუფრას შლიდა.
- მოგეხმარები... – შესთავაზა დახმარება თეონამ, რათა უხერხულობა გაეფანტა, თუმცა კი ამ უხერხულობას მის მეტი ვერავინ გრძნობდა.
- მომეხმარე... – სიხარულით მიიღო ეს შეთავაზება ზეიკომ, მე თეფშებზე დავაწყობ საჭმელს და შენ სუფრასთან მოიტანე.

ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა. ზეიკომ კარი გააღო. მეგი იდგა ბავშვებთან ერთად. ოთახში პირველი ნიკუშა შევიდა და თეონას დანახვაზე იმხელა ხმაზე იყვირა, მეგი შეშინებული შევარდა ოთახში.
- რა მოხდა, ნიკა?!
- დეეე, თეონა დაბრუნდაააა! – ნიკა თეონასთან მიიჭრა და ფეხებზე შემოეხვია.

ნიკას – თათია მიჰყვა კუდში და თეონაზე დაიწყო აბობღება. თეონამ ხელში აიყვანა თათია და ჩაიხუტა.
- მე ვერ გწვდებიიი, - წამოიკრუსუნა ნიკუშამ.
- მოდი, ორივე კალთაში ჩამისხედით, - თქვა თეონამ და სავარძელში ჩაჯდა.
- თეონააა, მე ყველაზე ძალიან მიყვარხარ... – უთხრა ნიკუშამ და კისერზე მოხვია ხელები.
- არა, მე უფრო... – და თათიაც კისერზე შემოეხვია.
- მე კი – ორივე, - თქვა თეონამ და ორივე ბავშვი გულზე მიიხუტა.
- ნეტა ამის ნახევარს ის ამბობდეს, ვინც უნდა თქვას, - ბავშვების ნათქვამზე გულიანად გაიცინა ზეიკომ და სუფრის გაშლა განაგრძო, - შენ იჯექი, თეე, მეგი მომეხმარება!

მალე მოვიდნენ ჯაბა და მაყვალაც.
ჯაბამ თეონა გადაკოცნა და დედას დაუთმო გზა. მაყვალამ გულში ჩაიხუტა და იმდენი ეფერა თეონას, ლამის დაახრჩო.
- კარგი, დედა, დამშვიდდი... ნუ დაახრჩვე ეს გოგო, - ზეიკომ თეონას ხელი დაავლო და სამზარეულოში გაიყვანა.
- თეეე, ეს ჩემგან და ბავშვებისგან, - უთხრა მეგიმ და ულამაზესი თმის სამაგრი აჩუქა.
- ეს კი – ჩემგან, - დას არც ზეიკო ჩამორჩა და ლამაზი ვერცხლის ბეჭედი წამოაცვა თითზე.
- რას შვებით, ხალხო?! რად მინდა ეს საჩუქრები? დამნიშნეთ?- გაოგნება და სიცილი შეერია თეონას ხმაში.
- არა, ბატონო! ვერცხლით და ბიჟუტერიით დანიშვნა არ გამიგია მე... მაგის დრო თუ მოვიდა, ოქროთი დაგნიშნავთ... ეს კი – მცირედი საჩუქარია მხოლოდ...
- გოგო, ასეთი რა გაუკეთე ამ ბავშვებს? დღე ერთია და შენი ხსენება – ათასი!
- დღე შენით დილდება და შენით ღამდება, თეონა!... – ჩერია საუბარში ნიკუშა.
- რაო, ნიკუშ, რას შვება დღეო? გაიმეორე, რა თქვი? – ჩაეკითხა თეონა.
- შენით დილდება და შენით ღამდება-მეთქი, ვაა!
- აუუ, რა მაგარი სიტყვაა?! “დილდება”... მაგარი ხარ, ნიკუშ! – თეონა მაგრად მოეხვია ნიკას და ხელში აიყვანა, - უუფ, რა მძიმე ყოფილხარ... მე მეგონა, თათიასავით უწონო იყავი!
- ეეე, თათია – პატარაა და მე დიდი კაცი ვარ უკვე...
- მაშინ ჩაგსვამ, კარგი? მძიმე  ხარ ძალიან!...

გვიან საღამომდე დარჩა თეონა ზეიკოსთან.
მის იქ ყოფნას არ დაურღვევია ოჯახური იდილია, - მათი ოჯახის წევრად გრძნობდა თავს და ჯაბას ოჯახიც თავის წევრად თვლიდა. ეს ისე თავისთავად იგულისხმებოდა, რომ ზედმეტი სიტყვის თქმა არ გამხდარა საჭირო...
არა და, როგორ უნდოდა თეონას, რომ ჯაბას ერთხელ მაინც ეთქვა ის ჯადოსნური სიტყვა, რომელსაც ჰქვია  “მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ”!

- დედა, შენ აქ დარჩი, მე სახლამდე ავიყვან თეონას და დავბრუნდები.
- კარგი, ჯაბა... ძალიან ნუ დააგვიანებ ოღონდ!

თეონა და ჯაბა სახლიდან გავიდნენ, მაყვალა კი ოთახში შებრუნდა და ისევ მაგიდასთან დაჯდა.

- მეგი, რას იტყვი, ხომ კარგი გოგოა?
- რას ამბობ, დედა? კარგი კი არა, არაჩვეულებრივია! ნეტა ყველაფერი ისე იქნებოდეს, როგორც ეს ჩვენ გვინდა!
- დამშვიდდი, მაყვალ? ხომ გითხარი, შემოვირიგებ-მეთქი? – ზურგის მხრიდან მოეხვია ზეიკო დედას.
- ეს ჩემი შვილი რამ დაამუნჯა ასე?! ხომ ვიცი, რომ უყვარს? შეიძლება ვერც უთხრას ვერაფერი! მაგიჟებს ჯაბა!
- მერე რა, დედა, დიდ სიყვარულს – ლაპარაკი არ სჭირდება...
- თქვა, რააა! და ვიდრე ის გოგო გაიგებს, რომ დიდი სიყვარულით უყვარს ჯაბას, როგორ მიხვდეს თვითონ?... არა, ბატონო... ზუსტადაც უნდა უთხრას, რომ უყვარს!...
- მეც მასე მგონია, დედა, რომ ჯაბამ აუცილებლად უნდა უთხრას მისი სათქმელი, - თქვა მეგიმ და სუფრის ალაგებას შეუდგა.

ამ დროს თეონა და ჯაბა ნელა მიუყვებოდნენ ქუჩას თეონას სახლის მიმართულებით. საუბრობდნენ ყველაფერზე, სიყვარულის გარდა!
- (ძალიან ლამაზი ხარ, თეონა) რა ლამაზი საღამო ჩაატარე...
- მოგეწონა? (მე ვერ მოგაწონე თავი...)
- (იცი, როგორ მინდა, მოგეხვიო და გაკოცო?) რაო, გელა რაზე გეუბნებოდა, “გტკივაო”?
- აი, რომ ჩამოვარდა და ზედ დამეცა... (მეტი სალაპარაკო არაფერი გვაქვს განა?)
- (მიყვარხარ, თეონა!) ვინ ჩამოვარდა, გელა?
- ჰო, გელა... ჩემი ბრალი იყო, მე ავუშვი ზევით... (ჯაბა, შენზე მითხარი რამე... რად მინდა გელა?!)
- (მიყვარხარ კი არა, ძალიან მიყვარხარ!) არაფერი ემჩნეოდა და... ძალიან მაღლიდან ჩამოვარდა?
- საკმაოდ... მაგიდებზე მაგიდები იდგა, იმათზე – სკამები და მერე კიდევ სკამი (გელა აღარ მიხსენო, გეხვეწები!...)
- (მიყვარხარ! როგორ გითხრა, როგორ?!...) და შენ დაგეცა, გოგო?
- ხო... ძლივს ავდექით ფეხზე. სასწრაფოც კი გამომიძახეს... (გელა რომ არ ჩამოვარდნილიყო, ნეტა რაზე ილაპარაკებდი?)
- (არა, ვეღარ გავუძლებ და წამომცდება რამე!) თეონა, მოდი, ტაქსი გავაჩეროთ...
- კარგი (მეგონა გსიამოვნებდა ჩემთან ერთად სეირნობა)....
- (უუფ, ახლა რომ მქონდეს უფლება, დილამდე არ გაგიშვებდი სახლში!) რა თბილი ღამეა, არა?
- თბილი კი არა, გავიყინე... (რა ჯანდაბა მაკანკალებს? არა და, მართლა არ ცივა!)
- (ან სულაც აღარ გაგიშვებდი სახლში და პირდაპირ ჩემთან წაგიყვანდი!) აი, ტაქსიც მოდის...
- შენც წამოხვალ? არ მინდა (არ მინდა გაცილება, ჯაბა! ამაღამ აღარ დამეძინება!)
- (წაგიყვანდი და აღარც გამოგიშვებდი!) გაგიჟდი? აბა მარტოს გაგიშვებ?
- შენი შეწუხება არ მინდოდა! (ან სულ ნუ გამიშვებ სახლში!...)
- არ ვწუხდები, თეონა!
- კაი, ბატონო!...

სულ რაღაც 5 წუთში – თეონას სახლთან იყვნენ.
თეონამ ჯაბა გადაკოცნა და სახლში აირბინა, ჯაბა კი იმავე ტაქსით დაბრუნდა ზეიკოსთან.

სახლში შესული არ იყო, რომ ოთხივე, - მაყვალა, მეგი, ზეიკო და მისი მეუღლე კახა ერთად “დაესხნენ თავს” შეკითხვებით:
- რა ქენი, უთხარი, ბიჭო?
- ხომ ვიცი, არაფერს ეტყოდა...
- ჩემი ხელით მოგკლავ... ნუ ხარ გაჩუმებული, თქვი რამე!
- ჯაბა, შენს სათქმელს სხვა ვერავინ ეტყვის!...
- რა გინდათ ჩემგან?! არ დამანებებთ თავს? – იყვირა უეცრად ჯაბამ... - ჩემი გაჭირება მყოფნის!
- რა გაჭირენა, გადაირიე? – ზეიკოს თვალები გაუფართოვდა.
- ოოო, ზეიკო, სად წაიყვანე მატარებელი!
- აბა რა გაჭირება?
- არ ვიცი... რამდენიც დავაღე პირი რამის სათქმელად, იმდენი გავჩუმდი! არ ვიცი, რა მემართება!
- რა გემართება და დაბდურა ხარ!
- არა, სულაც არ ვარ დაბდურა! რამდენადაც ახლობელი და უბრალოა ეს გოგო, იმდენად შორეული და უცხოა!
- შორეული კი არა...
- ხო, შორეული კი არა, მიუწვდომელია... გესმით? მი-უ-წვდო-მე-ლიიი!!!
- ვერაფერი გავიგე, ჯაბა! – მხრები აიჩეჩა კახამ, - რას ქვია “მიუწვდომელი”?
- კახა მართალია, - მხარი აუბა მეგიმ, - სულ არ არის ეს გოგო უკარება.
- ვაახ, თქვენ მგონი, სიტყვების მნიშვნელობა არ გესმით ბოლომდე. “უკარება” ვახსენე საერთოდ?
- აბა “მიუწვდომელი” რას ნიშნავს? ქართულად თქვი, ადამიანო!
- არ ვიცი, თავადაც ვერ გამირკვევია, რა ხდება... აი, როგორც ვარსკვლავია, ცაში, ისევე შორეულია თეონა!...
- აუუუ, ამან სულ გაუბერა! მოკლედ, ვარსკვლავბიჭუნა, მოკიდე ხელი შენს ვარსკვლავგოგონას და მოიყვანე სახლში! – ისეთი ტონით თქვა ზეიკომ, თითქოს ამბობდა: “ვთქვი და დავამთავრე თქვენთან საუბარიო”.
- როდის, დღესვე თუ ხვალამდე მოვიცადო? – ჯაბამ ხელი ჩაიქნია, - არ ღირს თქვენთან ლაპარაკი... მაინც ვერ გაიგებთ ვერაფერს!


თეონა სახლში შევიდა და მაშინვე თავის ოთახს მიაშურა.
- რატომ დაგაგვიანდა, მამიკო? – გზაში დაეწია მამის შეკითხვა.
- ადრე არ გამომიშვეს... არ არის გვიანი, მამა, ათის ნახევარია მხოლოდ... მე ხომ კონკია ვარ? – გაეღიმა, -  ზუსტად 12 საათამდე არ მაქვს დრო?
- ხო, მაგრამ... მეგონა 6-სთვის მოხვიდოდი და... იძინებ?
- ხო, მამა... წუხელ სულ არ მძინებია... მხოლოდ დილას მეძინა 2 საათი.
- ჩემი ლამაზი შვილი, - გიზომ ხელი მოხვია, აკოცა და გაუშვა.

დაწოლით კი დაწვა, მაგრამ ძალიან დიდხანს ვერ დაიძინა თეონამ. შემდეგ იგრძნო, როგორ აევსო თვალები ცრემლებით. ამ ცრემლებმა ერთი კი გამოარღვიეს საგუბარი და... უწყვეტ ნაკადად წამოვიდნენ ბალიშისკენ.
ჩუმად, უხმოდ ტიროდა თეონა.
გეკითხათ, - რატომ ტირიო? – ვერ გიპასუხებდათ...
ასე, ცრემლიანს ჩაეძინა კიდეც.

სიზმარში ნახა, თითქოს ყიფლიბანდის არეში “საცობი” ამოაცალეს და ისე ამოიღვარა სხეულიდან, როგორც ოდნავ შემთბარი შამპანური ბოთლიდან, - შხუილით, სწრაფად, მოულოდნელად... და თეონა გაოგნებული თვალებით უყურებდა ლოგინზე დაგდებულ საკუთარ დაკრუნჩხულ სხეულს...
ეს ისეთი საშინელი სანახავი იყო, რომ დაიძაბა თეონა, შეიკუმშა და... ისევ სხეულში შეძვრა! 

შეშინებულს გამოეღვიძა.



(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები