ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2009


* * *

იცი?
მთელი ეს ცხოვრება
საანგარიშო კოჭებივითაა,
გადათვლი, გადმოთვლი, აურ-დაურევ
და საბოლოოდ,
იმავე პოზიციაზე დააყენებ, როგორზეც იყო...
ყველა ფიქრი და ოცნება ნელ-ნელა გვეხატება,
მერე კი უცებ იშლება,
ისე, როგორც ზამთრის დღეებში,
დაორთქლილ ფანჯარაზე გაკეთებული წარწერა...

როცა ქუჩაში ვიღაც ხელს გვიწვდის,
უყურადღებოდ გავივლით ხოლმე,
სინამდვილეში ყველანი ასეთები ვართ,
ჩვენც ვმათხოვრობთ,
ხან რას, ხან რას...
როცა ვინმეს რაიმეს ანგარებით უკეთებ,
ეს უკვე მათხოვრობაა...გაწვდილი ხელით,
ოღონდ არა ქუჩის კუთხეში,
არამედ სხვაგან...

ფერადი მინის მიღმა ვდგავართ და
ისე ვაკვირდებით ცხოვრებას,
შუშა ნელ-ნელა იბზარება, იცრიცება,
ხოლო როცა უკვე დაიმსხვრევა და ჩვენ
ამ ნამტვრევებს ავრეფთ,
მივხვდებით, რომ ყველაფერი არც
ისეთი ლამაზია, როგორიც ჩანდა...

ცხოვრება საანგარიშო კოჭებივითაა,
გადათვლი, გადმოთვლი...
და რა?..

ლიკა ოხანაშვილი
14.04.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები